დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-58-2026 08 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – დ.ყ–ი, მ.ყ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ი, გ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – წილის მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ყ–მა და მ.ყ–მა (შემდეგში: მოსარჩელეები, კასატორები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ.გ–ისა და გ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
მ.ყ–ი ცნობილი იქნეს ზ.გ–ის სახელზე რიცხული შპს „ხ...-ის“ 10% წილიდან 7% წილის მესაკუთრედ. მ.ყ–ი ცნობილი იქნეს გ.კ–ძის სახელზე რიცხული შპს „ხ...-ის“ 15% წილიდან 10.5% წილის მესაკუთრედ.
დ.ყ–ი ცნობილი იქნეს ზ.გ–ის სახელზე რიცხული შპს „ხ...-ის“ 10% წილიდან 1% წილის მესაკუთრედ. დ.ყ–ი ცნობილი იქნეს გ.კ–ძის სახელზე რიცხული შპს „ხ...-ის“ 15% წილიდან 1.5% წილის მესაკუთრედ.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დ.ყ–ისა და მ.ყ–ის სარჩელი წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დ.ყ–ისა და მ.ყ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივნისამდე შპს „ხ...-ის“ 83% წილი ეკუთვნოდა შ.ყ–ს, მოსარჩელეთა მამკვიდრებელს.
6.2. 2012 წლის კრების ოქმის საფუძველზე შპს „ხ...-ის“ 10% წილი გადაეცა ზ.გ–ს, ხოლო ამავე კრების ოქმის საფუძველზე, შპს „ხ...-ის“ 15% წილი გადაეცა გ.კ–ძეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძლის არარსებობის შესახებ და მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო იყო ვალდებულების არსებობა, შესაბამისად, ამ გარემოების დადასტურება მოსარჩელე მხარის (აპელანტის) პროცესუალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. თავად მოსარჩელე ხსენებული ვალდებულების წარმოშობას მხარეთა შორის წილის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას უკავშირებდა, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილ 14.06.2012 წლის კრების ოქმსა და მოპასუხის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო-ჩანაწერზე მიუთითებდა.
6.4. პალატის მითითებით, კრების ოქმი, როგორც სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორების გადაწყვეტილების ამსახველი აქტი, სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, „წერილობით გარიგებათა“ ცნების ქვეშ ცალსახად ექცეოდა. თუმცა, მარტოოდენ მისი „გარიგებად“ მიჩნევა და მის საფუძველზე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების („პარტნიორისა და წილის ცვლილება“) შეტანის ფაქტი, არ იძლეოდა ავტომატურად იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, წილის გადაცემა გარდაუვალად სასყიდლიანად მოხდა, თუნდაც სამეწარმეო („მოგებაზე ორიენტირებული“) საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების ოქმზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო არათუ იმ დასკვნის გამოტანა, რომ ზ.გ–სა და გ.კ–ძეს წილები შ.ყ–საგან გადაეცათ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, არამედ იმ დასკვნისაც, რომ ზოგადად ეს წილის ტრანზაქცია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე შემხვედრი (თუნდაც ფულადი) ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ განხორციელდა.
6.5. აპელანტის იმ მითითებაზე, რომ რამდენადაც ხსენებული კრების ოქმის საფუძველზე მოხდა წილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, უტყუარად დასტურდებოდა, რომ იგი აკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანებითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს, პალატამ უპასუხა, რომ რეესტრის თანამშრომლების პასუხისმგებლობის სფეროში არ ექცევა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის თუ სამართლებრივი ბუნების (მათ შორის, მხარეთა მიერ ამა თუ იმ ტიპის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე შეთანხმების საკითხის) კვლევა. შესაბამისად, ის ფაქტიც, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა შესაბამისი ცვლილება (პარტნიორების და წილების შესახებ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც, სადავო არ არის, რომ ასახავდა შ.ყ–ს ნამდვილ ნებას მოპასუხეთათვის წილის გადაცემის თაობაზე, არანაირად არ იძლევა ამ დოკუმენტის ნასყიდობის ხელშეკრულებად კვალიფიცირების წინაპირობას.
6.6. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წილის სასყიდლიანად გადაცემის ფაქტის „აღიარებად“ ვერ განიხილებოდა მოპასუხე მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში გაკეთებული ის განმარტებაც, რომ მას ნაყიდი აქვს წილები შ.ყ–სგან, რისთვისაც გადაიხადა 150 000 აშშ დოლარი, ბანკის კრედიტით, თანხის ხელზე გადაცემით. პალატის მითითებით, ერთია, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ის სასამართლო განაჩენი, რომლის ფარგლებშიც ეს განმარტება, როგორც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ასე ვთქვათ, განაჩენის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება იქნებოდა დადგენილი. შესაბამისად, არათუ მის პრეიუდიციულ ძალაზე, არამედ საერთოდ განსახილველ დავასთან მიმართებაში მის მტკიცებულებით ძალასა და მნიშვნელოვანებასთან დაკავშირებით მსჯელობაც კი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.
6.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა იკვეთება და არც მის არსებით პირობებზე შეთანხმება. იმის გათვალისწინებით კი, რომ შ.ყ–ს მიერ მოპასუხეთათვის წილის გადაცემის სასყიდლიანობა არ დგინდება, ნების გამოვლენის ნამდვილობა კი სადავო არ არის, ამ წილის დაბრუნების დაშვება არ არსებობს და აზრს მოკლებულია წარმოდგენილი მოთხოვნის თუნდაც სხვა რაიმე სამართლებრივი საფუძვლის ჭრილში შეფასება.
6.8. პალატამ იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის არგუმენტაცია, რომ რამდენადაც შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების განსახორციელებლად, ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისი წერტილის - ვალდებულების წარმოშობის მომენტის დადგენა შეუძლებელია, რის გამოც ეს მოთხოვნა შეუზღუდავად არსებობს ბუნებაში და კრედიტორი მას განახორციელებს, თუნდაც ათეული წლების გასვლის შემთხვევაშიც კი, სასამართლომ არ გაიზიარა. სსკ-ის 477-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე დავის მხარეთა შორის დადგინდებოდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, პრეზუმირებული იქნებოდა, რომ ვალდებულება შესასრულებლად სავალდებულო ძალას ქონების გადაცემისთანავე (14.06.2012 წ.) შეიძენდა, საიდანაც გასულია სახელშეკრულებო (ფულადი) ვალდებულებების მიმართ მოქმედი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადა გასულად იქნა მიჩნეული იმ მომენტიდანაც კი, როცა 19.02.2014 წელს გარდაცვლილი შ.ყ–ს მემკვიდრეებმა შეიტყვეს (ან უნდა შეეტყოთ) ვალდებულების არსებობის შესახებ. თუმცა, პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ წარმოდგენილი სარჩელის პირობებში, მოსარჩელე მხარე მოითხოვდა არა წილის ნასყიდობის საფასურის გადახდევინებას, არამედ წილის მესაკუთრედ ცნობას - წილის დაბრუნებას ხელშეკრულებიდან გასვლის კონტექსტში.
6.9. სასამართლოს მითითებით, დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნას გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები. სააპელაციო პალატამ აპელანტის (მოსარჩელე მხარის) პოზიცია საკუთრივ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნასთან მიმართებაში მიიჩნია ურთიერთგამომრიცხავად. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან, ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, მოთხოვნაც არ წარმოშობილა მანამ, სანამ მან სარჩელის აღძვრის გზით არ განახორციელა იგი. აღნიშნულის გაზიარების პირობებში კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ვალდებულების შესრულება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო სავალდებულო, გაურკვეველი იყო, რაში გამოიხატა მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების იმგვარი დარღვევა, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას წარმოუშობდა მოსარჩელეს.
6.10. რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც აღმჭურველი, პერსონალური ხასიათის უფლების, კრედიტორის მემკვიდრეთა მიერ რეალიზების საკითხს, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულებიდან გასვლის აღმჭურველი უფლება და ქონების (ხელშეკრულების საგნის) ნატურით დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ქონების ნატურით დაბრუნების მოთხოვნის რეალიზება კი მემკვიდრეებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას თავად მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე განკარგავს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ასევე არ შეუფასებია ისინი სამართლებრივად.
8.2. საკასაციო საჩივრის ავტორები არ ეთანმებიან სასამართლოს მსჯელობას წილის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მოპასუხის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ახსნა-განმარტება და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
8.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ახსნა-განმარტება და არ მიიჩნია იგი „ვარგის მტკიცებულებად“, რამაც არასწორი განჩინების გამოტანა განაპირობა. დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან, როდესაც მხარე თავად აცხადებს, რომ გარიგება სასყიდლიანი იყო, სასამართლოს აღნიშნულის საპირისპიროდ არ უნდა მიეჩნია გარიგება უსასყიდლოდ.
8.4. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო. შესაბამისად, არ არსებობს ათვლის წერტილი, რაც გამორიცხავს იმას, რომ მოთხოვნა ხადნაზმული იყოს. ასევე, კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან, დავა ეხება საკუთრების უფლებას, ხანდაზმულობის ვადები არ მოქმედებს, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.
8.5. კასატორები არ იზიარებენ სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ გადადის მემკვიდრეობით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, წილის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
17. ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა.
19. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
23. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა 14.06.2012 წლის, წილის გადაცემის შესახებ კრების ოქმზე მითითებით მოითხოვეს მოპასუხეებისათვის გადაცემული წილების მოსარჩელეების საკუთრებაში დაბრუნება სამკვიდროში მათი წილების პროპორციულად.
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ქონებაზე საკუთრების დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 477.1 მუხლიდან (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, სსკ-ის 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) და სსკ-ის 405.1 და 405.2 „ა“ (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
27. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
28. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში (case by case) გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის კრების ოქმის საფუძველზე შპს „ხ...-ის“ 10% წილი გადაეცა ზ.გ–ს, ხოლო ამავე კრების ოქმის საფუძველზე შპს „ხ...-ის“ 15% წილი გადაეცა გ.კ–ძეს. კრების ოქმით დღის წესრიგს წარმოადგენდა პარტნიორის და წილის ცვლილება. ის გარემოება, წილების გადაცემა სასყიდლიან ხასიათს ატარებდა თუ ადგილი ქონდა წილების უსასყიდლოდ გადაცემას, კრების ოქმით არ დასტურდება.
29. ვინაიდან, მოსარჩელეების მოსაზრებით, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.
30. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
31. სკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ. №ას-643-2024, 6 თებერვალი, 2025 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
32. რაც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების წესს, აღნიშნული წესი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია.
33. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
34. ნასყიდობის ხელშეკრულება ცალსახად უნდა შეიცავდეს, ნასყიდობის საგანსა და ფასზე შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კრების ოქმის დღის წესრიგი იყო პარტნიორისა და წილის ცვლილება, იგი არ შეიცავს მითითებას წილის ნასყიდობის შესახებ, განსაზღვრული არ არის წილის ფასი და მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა. ყოველივე მითითებული კი, ერთობლიობაში არ იძლევა მოსარჩელეების იმ პოზიციის გაზიარების წინაპირობას, რომ ადგილი ჰქონდა წილის სასყიდლიან გადაცემას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მტკიცების ტვირთში შედიოდა, ერთის მხრივ, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიუთითებდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის მტკიცება, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა არათუ ვერ დაამტკიცეს ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ თავად ვალდებულების არსებობაც ვერ დაადასტურეს. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარეები გარიგების ისეთ შინაარსზე შეთანხმდნენ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების ვალდებულების არსებობას დაადასტურებდა.
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოაღნიშნული მსჯელობა საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა, დამატებით აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დადასტურებულად მიჩნევის პირობებშიც, ხელშეკრულებიდან გასვლისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი/ ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, 2004, 39.). ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.
38. პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ №ას1166-2019, 06 აპრილი, 2020).
39. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1565-2018, 30 აპრილი, 2020; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018; №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016).
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა (იხ. დამატებით: დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.). ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამფუძნებელი უფლების განხორციელება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცალკეული მოთხოვნის წარმოშობასა და გაუქმებაზე. მაგალითისათვის, უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-ის 352-ე მუხლით წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, ანუ ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017.პ.34).
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს (შდრ: სუსგ №ას-249-2019, 30.09. 2019; №ას-779-746-2014, 30 აპრილი, 2015).
44. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობების შემოწმების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებიდან გასვლის ის წესი, რომელიც აღიარებულია სსკ 405-ე მუხლით და იმპერატიულ წესად განიხილება სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებელი მხარს უჭერს ვალდებულებითი ურთიერთობის შენარჩუნების და არა მისი რღვევის იდეას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვალდებულების დარღვევასთან ერთად ხელშეკრულებიდან გასვლის ზოგადი წინაპირობაა დამატებითი ვადა - მოვალეს, რომელიც ხელშეკრულებას არღვევს, უნდა მიეცეს დამატებითი შანსი, რათა შეასრულოს ვალდებულება. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დამატებითი ვადის დაწესება შესაძლოა, აზრს იყოს მოკლებული, ანდა მძიმე ტვირთად აწვებოდეს კრედიტორს. მხოლოდ ასეთ გამონაკლის შემთხვევებში თავისუფლდება რეალიზების კრედიტორი დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებისგან (405 II). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს არათუ არ უმტკიცებიათ, არამედ არც კი მიუთითებიათ სსკ 405-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ ისეთ რელევანტურ გარემოებებზე, რომელიც ხელშეკრულების მოშლამდე პირველადი მოთხოვნების წაყენებას დაადასტურებდა ან დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებას გააქარწყლებდა, ამდენად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებას მოსარჩელეები ცდილობენ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაუცველად.
45. მნიშვნელოვანია ასევე სარჩელში მოცემული მსჯელობის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი. კერძოდ, მოსარჩელეები ერთი მხრივ მიუთითებენ, რომ ვინაიდან მხარეთა მიერ განსაზღვრული არ იყო ვალდებულების შესრულების ვადა, სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, სწორედ მოთხოვნის დაყენების მომენტიდან წარმოიშვა წილის ღირებულების გადახდის ვალდებულება - ანუ, რამდენადაც განსაზღვრული არ იყო ვალდებულების შესრულების დრო, არ არსებობდა ათვლის წერტილი, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას. მეორეს მხრივ კი მოთხოვნას აფუძნებენ ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების არსებობაზე. შესაბამისად, პალატისათვის გაურკვეველია, თუ ვალდებულების შესრულების ვადა მოთხოვნის დაყენების (სარჩელის შეტანის) მომენტიდან წარმოიშვა, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების არსებობა აღნიშნულ პერიოდს როგორ უკავშირდება. აღნიშნული მსჯელობით, მოსარჩელეები ფაქტობრივად თავად ადასტურებენ, რომ პირველადი მოთხოვნები მოპასუხეებისათვის არ წარუდგენიათ.
46. რაც შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც პერსონალური ხასიათის უფლების, კრედიტორის მემკვიდრეთა მიერ რეალიზების დაუშვებლობასთან მიმართებით, ამ ნაწილში საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას. თუმცა, ვინაიდან, უკვე იმსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნული საკითხის მეტად განვრცობას.
47. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული სარჩელის ფარგლებში სადავო წილზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნა მართებულად არ დააკმაყოფილა, კასატორებს კი გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
48. საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარეები შუამდგომლობენ კასატორებს მოწინააღმდეგე მხარეების სასარგებლოდ დაეკისროთ პროცესის ხარჯის - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 3000 ლარის გადახდა, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული წარმომადგენლობისათვის, 2700 ლარის გადახდა (სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს მორინააღმდეგე მხარეების სასარგებლოდ დააკისრა 300 ლარის გადახდა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით).
49. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
50. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
51. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016). 52. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების წარმომადგენელმა წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელსაც დაურთო შესაგებლის მომზადებისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობისათვის მოწინააღმდეგე მხარეების მიერ 3000 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
53. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი, რომელზეც შესაგებლის შედგენისათვისაც განმცხადებელი მოითხოვს მისი მარწმუნებლის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, არსებითად არ განხილულა. საკასაციო შესაგებლის წარდგენის ეტაპზე საკასაციო პალატა იხილავდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე.
54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის შედგენა მნიშვნელოვანი დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას არ მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო შესაგებელში მოცემული მსჯელობის ძირითადი ნაწილი იდენტურია სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეების მიერ წარდგენილი სააპელაციო შესაგებლისა, რისი წარდგენის შემდგომაც, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, საკასაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ კასატორებს დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარეების სასარგებლოდ საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
55. რაც შეეხება განმცხადებლების მითითებას, რომ არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმომადგენლის ანაზღაურების 300 ლარის ოდენობით განსაზღვრას. პალატა მხარეებს განუმარტავს, რომ მოპასუხე მხარეებს აღნიშნული საკითხი საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებით, საკასაციო შესაგებლის ფარგლებში კი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მასზე.
56. კასატორებმა სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინეს.
57. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
58. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
60. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
62. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი დ.ყ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მ.ყ–ს კი, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ყ–ისა და მ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. დ.ყ–სა (..........) და მ.ყ–ს (..........) ზ.გ–ისა (..........) და გ.კ–ძის (..........) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.
3. მ.ყ–ს (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალება N31783503020, გადახდის თარიღი 05.02.2026) 70% – 4200 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია