დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1598-2025
4 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა.ა–ვა, ბ.ა–ვა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ა (მოპასუხე)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
მესამე პირი - ნ. ფ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2023 წლის 08 სექტემბერს, არასრულწლოვნებმა - ა.ა–ვამ და ბ.ა–ვამ, სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე თ.ბ–ას მიმართ და მოითხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად, არასრულწლოვნები ა. და ბ.ა–ვები, არ ეთანხმებიან თავიანთი ბაბუის - თ.ბ–ას მკაცრ მოთხოვნას, რომ მათი ნების წინააღმდეგ იცხოვრონ ბაბუასთან (დედის მამასთან) ქალაქ სამტრედიაში. ბავშვებს სურთ ბებიასთან (მამის დედასთან) ნ. ფ–ძესთან ცხოვრება ბათუმში, ........... და ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში სწავლა. ბაბუა არ ითვალისწინებს მათ აზრს, ხოლო ბებია, ნ. ფ–ძე, მიუხედავად იმისა, რომ თანახმაა ბავშვების თავისთან ცხოვრების, წინააღმდეგობას ვერ უწევს ბაბუას. არასრულწლოვნებს, ა. და ბ.ა–ვებს, სურთ ქალაქ ბათუმში ცხოვრება და არდადეგების ბაბუასთან (ქალაქ სამტრედიაში) გატარება.
2. მოპასუხე თ.ბ–ამ შესაგებელი არ წარადგინა, სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწესრიგებულია ბავშვებთან ბებიის ურთიერთობის საკითხი, მოპასუხე ხელს არ უშლის არასრულწლოვანი მოსარჩელეების ბებიას ნ. ფ–ძეს (არასრულწლოვნების მამის დედას) ბავშვებთან ჰქონდეს სრულყოფილი და შეუზღუდავი ურთიერთობა.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას).
3.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეში წარმოდგენილ დასკვნას და მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემთხვევის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა არასრულწლოვანთა: ბ. და ა.ა–ვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით, მიზანშეწონილია, სასამართლო პროცესზე გათვალისწინებულ იქნეს არასრულწლოვნების სურვილი, ჰქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები, როგორც ბებიასთან, ასევე - ბაბუასთან. გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იქნეს არასრულწლოვნების ასაკი და ფსიქო–ემოციური მდგომარეობა, ბებია და ბაბუა თანაბრად და შესაძლებლობების ფარგლებში ჩართულ იქნენ შვილიშვილების აღზრდა–განვითარების საკითხებში, მხარეებს შორის არსებულმა უთანხმოებამ და დაძაბულმა სიტუაციამ, შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნების აღზრდა–განვითარების საკითხებზე, არც ერთი მხარემ არ უნდა მოახდინოს არასრულწლოვნებით და მათთან დაკავშირებთული საკითხებით მანიპულირება.
4. ა. და ბ.ა–ვების ადვოკატების ნ.ნ–ძის და ა.ბ–ძის პოზიცია (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას).
4.1. ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს ბავშვების მიერ გასაუბრებისას (ადვოკატთან, მოსამართლესა და სოციალურ მუშაკთან) გამოხატული სურვილის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა კონკრეტულად რა სურდა თითოეულ მათგანს, ამას საჯაროდ არ აღნიშანვენ, რადგან ა. და ბ.ა–ვებმა არ ისურვეს მათი საუბრის გასაჯაროება. ამასთან, განმარტეს, რომ საქმის მასალებით არ გამოკვეთილა ა.ა–ვას და ბ.ა–ვას საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საჭიროება. ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას ისინი უზრუნველყოფილი არიან სათანადო სოციალური გარემოთი და შესაბამისი პირობებით.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ა.ა–ვასა და ბ.ა–ვას სარჩელი, საცხოვრებელ ადგილად ბებიის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, არასრულწლოვნების, ა.ა–ვასა და ბ.ა–ვას სახელით, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ადვოკატმა ს.ო–ძემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა საქმის მომზადების სტადიიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ა.ა–ვასა და ბ.ა–ვას (ადვოკატი - ს.ო–ძე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის დროებითი განკარგულება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმებზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას, ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საქმეთა კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია ასევე მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების (მეურვის, მზრუნველის, პაპის, ბებიის) უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი).
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთი სწორი და მისაღები გადაწყვეტილებაა არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
10. პალატის მითითებით, ა. და ბ.ა–ვების დედა გარდაცვლილია, ხოლო მამას შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მეურვეობის ორგანოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების მზრუნველად დანიშნულია მათი ბაბუა (დედის მამა) თ.ბ–ა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილია ქ. სამტრედია, ........... (ბაბუის საცხოვრებელი ადგილი). სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, არასრულწლოვნების - ა. და ბ.ა–ვების ბებიას, ნ. ფ–ძეს, განსაზღვრული აქვს ბავშვების ნახვისა და ურთიერთობის წესი, რომლის შესაბამისად არდადეგებსა და სხვა მათთვის სასურველ თავისუფალ დროს ბავშვები იმყოფებიან ბათუმში ბებიასთან.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მისი კვლევის საგანი იყო, რამდენად არის არასრულწლოვან ა. და ბ.ა–ვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი, ბებიის - ნ. ფ–ძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვების საცხოვრებლის განსაზღვრა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბებიის - ნ. ფ–ძის მიერ 2022 წლის 5 სექტემბერს აღძრული იყო სარჩელი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა ეს სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოში განსახლველად და ძალაში დარჩა, წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით. მოგვიანებით კი, 2023 წლის 8 სექტემბერს თავად არასრულწლოვნებმა, ა. და ბ.ა–ვებმა, აღძრეს სარჩელი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად ბებიის საცხოვრებელი ადგილის (ქ. ბათუმის) განსაზღვრის თაობაზე.
12. პალატის განმარტებით, საქმის განხილვისას, გამოიკვეთა სარჩელის აღძვრის ერთადერთი რეალური და ობიექტური მიზეზი - არასრულწლოვნებთან მიმართებით გამოყენებული აღზრდის სტილი. ბებია (მამის დედა) ბავშვებთან ძირითადად იყენებს ლიბერალურ აღზრდის სტილს. ბავშვებისთვის აღზრდის ასეთი სტილი უნაკლოა, რადგან უფრო თბილი და სიყვარულით სავსის იმიტაცია აქვს. თუმცა, ხანგრძლივმოქმედი ეფექტის გათვალისწინებით, ასეთი აღზრდის მეთოდის გამოყენებისას, არ არსებობს საზღვრები აღმზრდელთან, არ არსებობს ვალდებულებები, დღის რეჟიმი, რაც საბოლოოდ აუცილებლად გამოიწვევს დისციპლინასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლის შედეგიცაა დაბალი აკადემიური მოსწრება, ქცევის სირთულეები. ბაბუასთან (დედის მამასთან) შედარებით მეტი წესები და დისციპლინაა, ასევე, ბაბუასთან თანაცხოვრების დრო სწავლის პერიოდს ემთხვევა, ხოლო ბათუმში ყოფნა გართობასთან, წესებისა და მეცადინეობის არარსებობასთან ასოცირდება და ქ. ბათუმის ვიზუალური სილამაზის, ზაფხულის, ზღვისა და ბებიასთან არსებული თავისუფლების ფაქტორებზე დაყრდნობით, არასრულწლოვნები გამოხატავენ, თუ სად სურთ იცხოვრონ. სადავო საკითხის კვლევისას მნიშვნელოვანია მამასთან ურთიერთობის ფსიქოემოციური ასპექტები და ამით გამოწვეული განცდები.
13. სააპელაციო საჩივრის განხილვისა და არაერთი ფსიქოლოგიური დასკვნის შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბაბუის ოჯახში, რომლის მიხედვითც განსაზღვრულია არასრულწლოვნების, ა.ა–ვას და ბ.ა–ვას, საცხოვრებელი ადგილი, სრულად არის დაცული ბავშვის უფლებათა კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ბავშვები ბაბუასთან (დედის მამა) და დიდ ბებიასთან (ბაბუის დედა) ერთად ცხოვრობენ მშვიდ და სრულფასოვან გარემოში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი დასკვნით, მათ შორის - სააპელაციო სასამართლოს 18.11.2024 წლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნების ადვოკატის ს.ო–ძის მიერ მითითებული ფსიქოლოგის - ნ.ლ–ძის (არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგის) მიერ მომზადებული 23.05.2025 წლის ფსიქოლოგიური კვლევითა და ფსიქოლოგის მიერ სააპელაციო სასამართლოს 1.09.2025 წლის სხდომაზე დამატებით მიცემული განმარტებებით.
14. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ბავშვების უპირველესი და საუკეთესო ინტერესია, ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოების ნორმალურ, ინტეგრირებულ და ადეკვატური ღირებულებების მქონე ადამიანებად. სწორედ ამ მიზნის მიღწევაა, როგორც სასამართლოს, ასევე - არასრულწლოვნების მამის, ბებიისა და ბაბუის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ზრუნვის საგანი და ვალდებულება. ამ მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჩამოთვლილი პირისა თუ ორგანოს ქმედება.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბებიასთან არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში, ბავშვებისთვის იქმნება სრულიად მათ ნება-სურვილზე მორგებული გარემო, რაც გარკვეულწილად მისასალმებელია, თუმცა, პალატის აზრით, მაღალი რისკია იმისა, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ არასათანადო დისციპლინა, თანმდევი შედეგებით, რაც მათი საუკეთესო ინტერესის (ჯანმრთელი მენტალობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, განათლება, განვითარება, (საზოგადოებრივი, ზნეობრივი) და სხვა) საწინააღმდეგო შეიძლება აღმოჩნდეს. გარდა ამისა, პალატის აზრით, ბაბუასთან არსებული ყოფითი პირობები უმჯობესია ბებიასთან არსებულ საცხოვრებელ პირობებთან შედარებით, ვინაიდან დადგენილია, რომ ბებიას არ აქვს სტაბილური გარემო (ქირით ცხოვრობს ბათუმში), მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბავშვებს მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პერიოდული ცვლა, რაც ნეგატიურად აისახება ადაპტაციის პროცესზე. ბებიის ოჯახში, არ არის საკმარისი საცხოვრებელი ფართი, არასრულწლოვნების ყოფითი პირობების სათანადოდ უზრუნველყოფისთვის. ბებიის ოჯახს, შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღება უწევს საცხოვრისის ქირისთვის. აუცილებელია ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მიწოდება ტრავმული გამოცდილების გადამუშავების, ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავების, ფსიქოლოგიური წნეხის უსაფრთხოდ დაძლევისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ადეკვატური ღირებულებების ჩამოყალიბების მიზნით. მნიშვნელოვანია ფაქტი იმის შესახებ, რომ სამტრედიის გარემოში, სახლში მუდმივად იმყოფება დიდი ბებია (ბაბუის დედა დ.გ–ა), რომლის მიმართ ბავშვებს არანაკლები სითბო, სიყვარული, ნდობა და იმედი აქვთ, ვიდრე ბაბუისა (დედის მამის) და ბებიის (მამის დედის) მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ბაბუა ასრულებს ფსიქოლოგის რეკომენდაციებს (მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლებისა და თ.ბ–ას ადვოკატის განმარტებით, არ მოიხსენიებს ბავშვების მამას და მისი ოჯახის წევრებს უარყოფით კონტექსტში, ცდილობს კონფლიქტური სიტუაციის შექმნის გარეშე მიაღწიოს თანხმობას ბავშვებთან მათივე ქცევასთან დაკავშირებით), ბავშვების საცხოვრებელ ადგილად ბაბუის საცხოვრებელი გარემოს განსაზღვრა და ბებიასთან (მამის დედასთან) ურთიერთობის შესაბამისი წესის დადგენა, მათივე საუკეთესო ინტერესის რეალიზებას განგრძობითად შეუწყობს ხელს. ბაბუის საცხოვრებელი გარემოს უპირატესობას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ბავშვების ამჟამინდელი მეურვე (ბაბუა) და მისი დედაც ბავშვების პირდაპირი ხაზის სისხლით ნათესავები არიან. დედის საცხოვრებელი გარემოსგან განხვავებით, სადაც ბებიას თავისი ოჯახი ჰყავს და მისი მეუღლე ბავშვებისთვის პირდაპირი ხაზის ნათესავს არ წარმოადგენს.
16. პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ფსიქოლოგ ნ.ლ–ძის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბავშვების ნ. ფ–ძის საცხოვრებელ გარემოში დარჩენა, მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, შესაძლოა მოემსახუროს ბავშვების მხრიდან ძალადობისადმი შემგუებლურ (გამართლებით) დამოკიდებულებას. ფსიქოლოგის განმარტებით, შეინიშნება კავშირის გაბმა მამასთან და ტრავმული მოვლენის ისეთი გადამუშავება, რომელიც ხელს არ უწყობს ტრავმასთან გამკლავების პროცესს. ისინი ვერ იაზრებენ ემოციურ კონფლიქტს მამის/მშობლის სიყვარულსა და სიძულვილს შორის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, რაც გრძელვადიანად მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება; იკვეთება ბავშვების მხრიდან ძალადობრივ ქცევასთან შემწყნარებლური დამოკიდებულება, რაც ეფუძნება მამის ემოციური კონტროლის ქვეშ ყოფნასა და ფსიქოლოგიურ გავლენას. ასევე, შეინიშნება ბავშვების მხრიდან საკუთარი თავის დადანაშაულება დედის სიკვდილის გამო. ამ გარემოებათა არსებობა კი სასამართლოს იმ შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების საწინდარია, რომ ბავშვები არ უნდა დარჩნენ საცხოვრებლად ასეთ გარემოში და მიუხედავად მათ მიერ წარმოდგენილი სარჩელისა, მათ საცხოვრებლად ბაბუის საცხოვრებელი ადგილი უნდა დარჩეს. საკითხის სწორედ ასეთი გადაწყვეტა შეესაბამება ბავშვების ჭეშმარიტ და საუკეთესო ინტერესებს. საყურადღებოა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, არასრულწლოვნები ფაქტობრივად ქ. სამტრედიაში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ.
17. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობდა არასრულწლოვნების ადვოკატის, ს.ო–ძის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე არასრულწლოვნების ადვოკატმა ს.ო–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
19. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
19.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი, რითიც გარანტირებულია ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემა. სასამართლომ ამოსავალ წერტილად არ მიიჩნია ბავშვი, არ აღიარა მისი უფლებები და არ დაიცვა. უპირატესობა არ მიანიჭა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და დაცულ იქნა მზრუნველად დანიშნული ბაბუის ინტერესები, ბავშვების წინააღმდეგ კი მიღებულ იქნა ძლიერი მატრავმირებელი გადაწყვეტილება. დასკვნა ,,ურთიერთობის არასაკმარისობასთან’’ დაკავშირებით არის ზედაპირული კვლევის შედეგი, სრულად დარღვეულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია უმძიმესი შედეგების მოტანის გარდაუვალი რეალობით, თავად საკასაციო საჩივარი კი - პრეცედენტული, რადგან კასატორები არიან არასრულწლოვნები, რომლებიც მოითხოვენ მოსმენას. უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბავშვებს ინდივიდუალურად გაესაუბრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობა, სადაც ბავშვებმა დააფიქსირეს ურყევი პოზიცია და ეს პოზიცია არ შეუცვლიათ ამ მომენტამდე. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ორი წელია ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ ბათუმში, ბებიასთან ნ. ფ–ძესთან ერთად, ხოლო ყველა სხვა არდადეგების დროს მიდიან ბაბუასთან სამტრედიაში. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ბავშვების პოზიცია მასზე, რომ ბაბუა მუდმივად ახორციელებდა არასათანადო მოპყრობას მათი ნების საწინააღმდეგოდ, ემუქრებოდა სიტყვებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დასაშვებად მიიჩნია, არ დაეკმაყოფილებინა ბავშვების მოთხოვნა და ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ განსაზღვრა მათი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო თავის თავს შეეწინააღმდეგა, როდესაც განმარტა, რომ ერთი მხრივ თ. ბ. სრულად აკმაყოფილებს ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და მეორე მხრივ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ თ.ბ–ას გაეწია ფსიქოლოგიური კონსულტაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფსიქოლოგიური კონსულტაციისა, ბავშვები მაინც უარს აცხადებენ სამტრედიაში საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. სასამართლომ არასწორად აღნიშნა გადაწყვეტილებაში, რომ ბაბუა სწავლის საკითხს აკონტროლებდა. ეს გარემოება არ დგინდება საქმეში არსებული არავითარი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ბაბუა მუშაობს ღამისთევით დაცვის სამსახურში, ბავშვების აკადემიური მოსწრება კი არ იყო კარგი, ბაბუას მის გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებია, გარდა ჩხუბისა, ნ. ფ–ძემ კი, სპეციალისტების დახმარებით მოაგვარა, რაც სოციალურმა სამსახურმა აღნიშნა თავის დასკვნაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვების გარდატეხის ასაკი და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებიან ბავშვები და მისი კანონიერ ძალაში შესვლა გამოიწვევს იძულებით აღსრულებას, რაზეც ვერ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი ვერც პატიმრობაში მყოფ მამაზე და ვერც ბებიის მიმართ, რომელიც არცერთი საშუალებით არ უშლის ხელს ბავშვებს ბაბუასთან ურთერთობაში. ბავშვები თავად არიან მოსარჩელეები და მიუთითებენ, რომ არ წავლენ სამტრედიაში საცხოვრებლად. სასამართლოს საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული მისი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების სავალალო შედეგები. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ფ–ძე დამატებით შეთავსებით სამუშაოზე იყო დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ მაგ დროს ბავშვები მხოლოდ ზაფხულში იმყოფებოდნენ ბებიასთან ბათუმში და არ იმყოფებოდნენ უმეთვალყურეოდ. თუმცა, მას შემდეგ რაც, ბავშვები მასთან საცხოვრებლად გადავიდნენ, დატოვა დამატებითი დასაქმების ადგილი. მუშაობს იმავე საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ და ძირითად დროს ბავშვებთან ერთად არის, ეხმარება მათ ყველა საჭიროების დაკმაყოფილებაში. ბავშვებმა არაერთხელ მიუთითეს სასამართლოს, რომ ემოციური კავშირი და გახსნილი ურთიერთობა აქვთ ნ. ფ–ძესთან, რასაც ვერ ვიტყვით თ. ბ–ზე, თუმცა სასამართლომ შებრუნებულად მიიჩნია დადგენილად, რასაც კასატორები არ ეთანხმებიან. მათი ბებიასთან ცხოვრების სურვილი განაპირობა ბებიის გახსნილობამ და მზაობამ, ყოველთვის მოუსმინოს და ესაუბროს ბავშვებს, გაითვალისწინოს მათი აზრი, დაუჭიროს მხარი, განსხვავებით ბაბუასგან. ამორალურია არასწრულწლოვნების ქირით ცხოვრების ფაქტზე მითითება. მართალია, თ.ბ–ას აქვს საკუთარი სახლი, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე ოთახია გარემონტებული და ბავშვებს საკუთარი კუთხეც კი არ ჰქონდათ, ვიდრე სოციალურმა სამსახურმა არ მიუთითა. თ.ბ–ა ვერ აცნობიერებდა, რომ ბავშვებს სჭირდებოდათ საკუთარი მოწესრიგებული სივრცე. ამავდროულად, თ.ბ–ა რეგისტრირებულია სოციალურად დაცველთა ბაზაში. ამორალურია ნ. ფ–ძის მეუღლეზე მითითება მაშინ, როდესაც ისინი უკვე 18 წელია ქორწინებაში იმყოფებიან და ბავშვები მათ ოჯახში დაიბადნენ და იზრდებოდნენ, გოგონები მას აღიქვამენ როგორც ბაბუას. სასამართლომ არ გაითვალისწინა შეცვლილი გარემოებების შესახებ საოჯახო დავების თავისებურება, არ დააკმაყოფილა ექსპერტის დაკითხვის შემდეგ დაყენებული შუამდგომლობა, არასრულწლოვნებს მიეღოთ საჭირო ფსიქოლოგიური დახმარება და ამის შემდეგ მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ა.ა–ვას და ბ.ა–ვას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არის თუ არა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებში მათ საცხოვრებლად ბებიის ნ. ფ–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებული მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
26. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
27. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
28. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
29. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები: ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით; გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება.
30. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სსკ-ის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
31. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები, გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ. სუსგ №ას-70-2022, 16 თებერვალი, 2022 წ.; №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, ასევე იხ. სუსგ №ას-1302-2023 18 იანვარი, 2024 წელი).
32. ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების (მეურვის, მზრუნველის, პაპის, ბებიის) უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
33. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად პირადული და განგრძობადია. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად (იხ., სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.)
35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვნების 2011 წლის 21 დეკემბერს დაბადებული ა.ა–ვას და 2012 წლის 16 დეკემბერს დაბადებული ბ.ა–ვას მშობლები არიან დედა - ს.ბ–ა და მამა - გ.ა–ვა; მოსარჩელე არასრულწლოვნების - ა. და ბ.ა–ვების მამა - გ.ა–ვა მსჯავრდებულია, არასრულწლოვნების დედის - ს.ბ–ას განზრახ მკვლელობის გამო და ამჟამად სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ.ა–ვას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შვილების: ა.ა–ვასა და ბ.ა–ვას მიმართ; მეურვეობის ორგანოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების მზრუნველად დანიშნულია მათი ბაბუა (დედის მამა) თ.ბ–ა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამტრედია, .......... (ბაბუის საცხოვრებელი ადგილი). სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, არასრულწლოვნების - ა. და ბ.ა–ვების ბებიას ნ. ფ–ძეს, განსაზღვრული აქვს ბავშვების ნახვისა და ურთიერთობის წესი, რომლის შესაბამისად ბავშვები არდადეგებსა და სხვა მათთვის სასურველ თავისუფალ დროს იმყოფებიან ბათუმში ბებიასთან. დადგენილია, რომ 2022 წლის 05 სექტემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ფ–ძემ, მოპასუხე თ.ბ–ას მიმართ, არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა ა.ა–ვასა და ბ.ა–ვას საცხოვრებლად განისაზღვროს ბებიის - ნ. ფ–ძის საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ქ. ბათუმში, .......... და მიეკუთვნოს მასვე აღსაზრდელად. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, კერძოდ, ნ. ფ–ძის წარმომადგენლის ს.ო–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
36. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 4.10.1979წ).
37. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ)''.
38. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს ბავშვების საცხოვრისის უკეთეს შესაძლებლობაზე. სასამართლოს მიერ რეალიზებული იქნა არასრულწლოვნების მოსმენის უფლება და იგი სათანადოდ იქნა შეფასებული. პალატა, ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგის - ნ.ლ–ძის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაზე, რომლის მიხედვით (დასკვნა და რეკომენდაციები): 1) ორივე ბავშვს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ბაბუისა და ბებიის მიმართ, ორივე მათგანთან სურთ ურთიერთობა და არ ისწრაფვიან ურთიერთობის გაწყვეტისკენ. თუმცა იკვეთება, რომ ბავშვებს ემოციური კავშირი აქვთ ბაბუის მიმართ; ისინი თავს კარგად გრძნობენ ბაბუასთან ყოფნით, ოჯახური ცხოვრებითა და ურთიერთობით მიღებული ემოციური სიამოვნება დაკავშირებულია სწორედ ბაბუასთან; 2) ბავშვები მატრავმირებელი მოვლენის მიმართ ავლენენ უკიდურეს შემწყნარებლობას; შეინიშნება კავშირის გაბმა მამასთან და ტრავმული მოვლენის ისეთი გადამუშავება, რომელიც ეფუძნება მამის ემოციურ კონტროლსა და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას. ამის შედეგად, განცდისეულად წინ წამოიწია მშობელთან ურთიერთობის მოთხოვნილების საჭიროებამ; ბავშვები გაურბიან მამის მხრიდან ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებულ ემოციებს და ასე ცდილობენ ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას; ორივე ბავშვი განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხს იმასთან დაკავშირებით, თუ სად სურთ ცხოვრება. იკვეთება გარკვეული ვალდებულების განცდა ორივე მხარის მიმართ, მათ უჭირთ გააკეთონ არჩევანი თავისუფლად; როგორც ბაბუის, ასევე - ბავშვების მხრიდან, ერთმანეთთან ურთიერთობა განცდისეულად აღქმულია არასაკმარისად. ვლინდება მცდელობები, რომ ეს ურთიერთობები დაბრკოლებებით წარიმართოს, რაც ზემოქმედებას ახდენს ბავშვების სურვილზე, იყვნენ ბაბუის გარემოში; 3) გამოიკვეთა ის ძირითადი ასპექტები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც ახდენს გავლენას ბავშვების ცხოვრებაზე და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ესენია: საყურადღებოა ტრავმულ მოვლენაზე ბავშვების ხედვები; შეინიშნება კავშირის გაბმა მამასთან და ტრავმული მოვლენის ისეთი გადამუშავება, რომელიც ხელს არ უწყობს ტრავმასთან გამკლავების პროცესს. ისინი ვერ იაზრებენ ემოციურ კონფლიქტს მამის/მშობლის სიყვარულსა და სიძულვილს შორის, მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, რაც გრძელვადიანად მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება; იკვეთება ბავშვების მხრიდან ძალადობრივ ქცევასთან შემწყნარებლური დამოკიდებულება, რაც ეფუძნება მამის ემოციური კონტროლის ქვეშ ყოფნასა და ფსიქოლოგიურ გავლენას; ბაბუასთან დაშორებამ, როგორც ახლობელ ადამიანთან, რომელთანაც ბავშვებს ჩამოყალიბებული აქვთ ემოციური კავშირი, გამოიწვია მათში ძლიერი მონატრების განცდა. ამას ერთვის მთლიანობაში ბაბუის გარემოსგან მოწყვეტის თანმხლები ნეგატიური ემოციები და სირთულეები. ნ. ფ–ძესთან ბავშვები ცხოვრობენ თითქმის ექვს თვეზე მეტ ხანს, თუმცა ადაპტაციის პროცესი მეტად რთულად მიმდინარეობს, რაც ვლინდება როგორც ბავშვების მიერ გამოხატული ემოციებით (ბაბუის გარემოსგან მოწყვეტით გამოწვეული), ასევე - ბავშვების სოციალური და საგანმანათლებლო სფეროში ფუნქციონირების სირთულეებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბებიას არ აქვს სტაბილური გარემო (ქირით ცხოვრობს ბათუმში), მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბავშვებს მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პერიოდული ცვლა, რაც ნეგატიურად აისახება ადაპტაციის პროცესზე. აუცილებელია ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მიწოდება ტრავმული გამოცდილების გადამუშავების, ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავების, ფსიქოლოგიური წნეხის უსაფრთხოდ დაძლევისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ადეკვატური ღირებულებების ჩამოყალიბების მიზნით.
39. ფსიქოლოგ ნ.ლ–ძის (რომელიც არასრულწლოვნების ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე იყო მოწვეული) მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად, ბავშვებისთვის სადავო საკითხის გადაწყვეტა, ნებისმიერი შედეგით სტრესის გამომწვევია, თუმცა თუკი მათთვის სათანადო წესითა და ინფორმაციის თერაპიული მიწოდებით მოხდება დავის შედეგის გაცნობა, ამ შედეგით გამოწვეული ემოციები მათთვის ნაკლები ზიანით ჩაივლის. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა არასრულწლოვანი ბავშვების შემწყნარებლური დამოკიდებულება ოჯახური ძალადობისადმი (მამის მხრიდან დედის სიცოცხლის მოსპობისადმი, რომლის მიზეზების თაობაზე ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი), ბავშვების ასეთი შეგნებით ფორმირება ქმნის არღვევს მათ იმის საშიშროებას, რომ მომავალში, ა. და ბ. შესაძლოა თავად გახდნენ ძალადობის ობიექტები. უფრო მეტიც, ბავშვი (ა.) საკუთარ თავს თვლის დამნაშავედ დედის სიკვდილში, ვინაიდან მან დედის სიკვდილი ინატრა, რასაც ნანობს და რაც არასათანადო ფსიქოთერაპიისა და სათანადო საცხოვრებელი გარემოს არარსებობის პირობებში, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს. ფსიქოლოგის განმარტებით, მიუხედავად სარჩელის წარდგენისა, ბავშვები იხრებიან ბაბუის საცხოვრებელი გარემოსკენ. მაღალია ალბათობა იმისა, რომ სრულწლოვანების მიღწევისა და მოვლენების გააზრების შემდეგ, ისინი სამტრედიაში დაბრუნდებიან. ბავშვების მხრიდან იკვეთება არა მხოლოდ ემოციური კავშირი, ბაბუასთან მიმართებით, არამედ - ბაბუის, როგორც ემოციურ-სოციალური დასაყრდენის საჭიროება, გარანტი იმისა, რომ მახლობლად ჰყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მათ დაიცავს და ყველა პრობლემას მოუგვარებს. ბავშვების ნამდვილი ნების გამოხატვისთვის მნიშვნელოვანია მათ მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თავისუფალი ნების გამოხატვის შემთხვევაში არავინ დარჩება ნაწყენი.
40. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ ბავშვებს კარგი ურთიერთობა აქვთ ორივე მხარესთან. მითითებული პოზიციის თანახმად, ბებიასთან, რომელიც ქირით ცხოვრობს ბათუმში ოროთახიან ბინაში, არის საწოლისა და ფართის პრობლემა. ყოფითი პირობები უკეთესია ქ. სამტრედიაში, ამასთან ბავშვებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ბაბუასთან, ენატრებათ, ბაბუას სოციალური როლი აქვს და სამტრედიაში ცხოვრებას დადებითად იხსენებენ.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა წარმოადგენს. არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს, იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს (კანონიერ მეურვეს) აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ა. და ბ.ა–ვები ცხოვრობდნენ ბაბუის (თ.ბ–ას) ოჯახში (რომელიც მეურვეობის ორგანოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების მზრუნველად არის დანიშნული), სადაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობდნენ, დადებით ემოციას გამოხატავენ როგორც მის მიმართ, ასევე დიდი ბებიის (ბაბუის დედა დ.გ–ას) მიმართ. არასრულწლოვნები არ საუბრობენ რაიმე სახის სირთულესა და პრობლემაზე ბაბუასთან ურთიერთობაში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ დასკვნებში ასახული ინფორმაციით. არ დგინდება, რომ ბავშვებს, ბაბუასთან ცხოვრების პირობებში, ხელი ეშლებათ განათლების მიღებაში ან არ აქვთ შესაბამისი ყურადღება ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ბაბუის მხრიდან დაკმაყოფილებულია ბავშვების საგანმანათლებლო, სოციალური, სამედიცინო თუ სხვა საჭიროებები. არასრულწლოვნებს, ა. და ბ.ა–ვებს, შეუფერხებლად აქვთ ურთიერთობა ბებიასთან ნ. ფ–ძესთან, განხორციელებული ვიზიტებისა და ჩატარებული ინტერვიუდან დგინდება, რომ ბავშვებზე ბაბუის - თ.ბ–ას მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენა, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ა. და ბ.ა–ვების ბებიასთან ნ. ფ–ძესთან ურთიერთობაზე, არ იკვეთება. არასრულწლოვნებს ურთიერთობა აქვთ ასევე მამასთან. რაც შეეხება ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ყოფით ნიადაგზე არსებულ კონფლიქტებს, როგორც საქმის მასალებიდან (ფსიქოლოგ ს. ჩ–ძის 2025 წლის 3 თებერვლის SCA 8 25 00117708 დასკვნა) დგინდება, არასრულწლოვნების ბაბუას, თ. ბ–ას გაეწია ფსიქოლოგიური კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა შვილიშვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მას განემარტა მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ა. და ბ.ა–ვების ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება გამარტივდება. შემცირდება ბაბუა და შვილიშვილებს შორის კონფლიქტური სიტუაციების რაოდენობა.
42. საკასაციო პალატის განსჯით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მულტიდისციპლინური მიდგომის განხორციელებით (სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ადვოკატებისა და უშუალოდ ბავშვების ერთობლივი მონაწილეობით), არასრულწლოვნების ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის დასადგენად, გამოიკვლიეს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად კი, არ გამოიკვეთა ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის განსაზღვრული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და კასატორების საცხოვრებელ ადგილად ბებიის, ნ. ფ–ძის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, სათანადოდ წარმართა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობისას, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
44. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ვას და ბ.ა–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე