დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.12.2025
საქმის ნომერი
ას-336-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

19 დეკემბერი 2025 წელი

№ას-336-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.ო–ვი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომით უმკვიდროდ ცნობა, ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.ო–ვმა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. თბილისში, ........... მდებარე თ.შ–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 1973 წლის დასაწყისში თ.შ–მა ისესხა შ.ო–ვის კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა დაებრუნებინა რამდენიმე თვეში, თუმცაღა თანხის დაბრუნება მსესხებელმა ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც თ.შ–მა ვერ დააბრუნა ნასესხები თანხა, მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თ.შ–ი, ნასესხები თანხის დაბრუნების სანაცვლოდ, გარდაცვალების შემდეგ, სამუდამო სარგებლობაში/საკუთრებაში გადასცემდა შ.ო–ვს მის კუთვნილ სახლს, მდებარე ......... ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ.

2.2. თ.შ–ი გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივლისს. თ.შ–ის გარდაცვალების შემდეგ თ.შ–ის სახლი (მდებარე ქ. თბილისი, .........) სამუდამო მფლობელობაში და სარგებლობაში (შეთანხმებისამებრ) მიიღო შ.ო–ვმა, რომელიც, მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, დღემდე ცხოვრობს ზემოხსენებულ სახლში, რეგისტრირებულია კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად და იხდის გადასახადებს.

2.3. თ.შ–ს მემკვიდრეები არ ჰყავდა, რაც საცხოვრებელ სადგომს ხდის უმკვიდროს, ხოლო შ.ო–ვი არის აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით და რომელიც ამ საცხოვრებელ სადგომს ფლობს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი არ პასუხობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

3.2. მოპასუხე დადასტურებულად არ მიიჩნევს სადავო სადგომის უმკვიდროობის ფაქტს და მიუთითებს, რომ არ დგინდება, ხომ არ მიუღია რომელიმე რიგის მემკვიდრეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. მოპასუხე სადავოდ ხდის შ.ო–ვის მოსარგებლეობის ფაქტსაც და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება არათუ სადავო უძრავი ქონების შეძენა, მოსარჩელეს მისი საფასურის შესახებაც კი არ მიუთითებია სარჩელში.

3.3. სარჩელს არ ეთვის სპეციალური კანონის ამოქმედებამდე პერიოდით დათარიღებული კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ასევე ამ პერიოდის ბრუნვის ისტორია და კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3.4. მოპასუხის მოსაზრებით, არ დასტურდება, ერთი მხრივ, ქონების უმკვიდროობა და, მეორე მხრივ, უფლებამოსილი პირის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის შეძენის ფაქტი და მოსარგებლეობა სპეციალური კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

3.5. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა შ.ო–ვის არასრულწლოვანებაზე გარიგების დადებისას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო წესით. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა - დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ........... მდებარე უძრავ ქონებაზე (ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 39.84 კვ.მ.; ლიტერი „ბ“ (ფართი დაანგარიშებული არ არის); ლიტერი „ვც“ (საპირფარეშო) – 1.00 კვ.მ.) აღრიცხულია თ.შ–ის საკუთრების უფლება.

7.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 ივნისის და 2023 წლის 03 ივლისის (№134777; №139097) წერილების მიხედვით, ქ. თბილისში, ............ მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის ასევე იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, თხოვების, ლიზინგის და იპოთეკის უფლება.

7.3. თ.შ–ი გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივლისს.

7.4. ს.ს.ი.პ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის ინფორმაციის თანახმად, 1974 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი თ.შ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, ასევე, არ იძებნება მისი სახელით დამოწმებულ ანდერძზე ინფორმაცია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში.

7.5. ს.ს.გ.ს. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ მოსარჩელე შ.ო–ვი (დაბადებული 13.06.1960წ.) ქ. თბილისში, ......... რეგისტრირებულია 1990 წლის 27 თებერვლიდან.

7.5. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ შ.ო–ვი 1979 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, .............

7.6. ს.ს. „თ“-ს მიერ გაცემული ინფორმაციითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მოსარჩელე შ.ო–ვი სადავო მისამართზე: ........ ქ. №73, აბონენტად რეგისტრირებულია 2002 წლის 06 აგვისტოდან.

7.7. შ.ო–ვის დაბადების თარიღია 13.06.1960წ..

7.8. მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის გარიგების გაფორმების თარიღად მითითებულ 1973 წელს მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი (დაახლოებით 13 წლის).

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შ.ო–ვის შედავება ქ. თბილისში, ....... ქუჩა №73-ში მდებარე თ.შ–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ დგინდებოდა მისი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული „მოსარგებლეობა“.

8.2. პალატამ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-9 მუხლებით, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით, რომლის თანახმად, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელსაც მესაკუთრემ „დაუთმო“ საცხოვრებელი სადგომი. ამასთან, ამგვარი „დათმობა“ უნდა დასტურდებოდეს ან წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით ან ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებს საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე, როგორიც არის: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა, მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ამასთან, რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი ერთად უნდა არსებობდეს, რათა სასამართლომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დაადგინოს.

8.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მის ოჯახს და თ.შ–ს აკავშირებდათ მეგობრული ურთიერთობა და სარგებლობდნენ ერთმანეთის ნდობით. 1973 წლის დასაწყისში, თ.შ–მა ისესხა შ.ო–ვის კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა დაებრუნებინა რამდენიმე თვეში, თუმცა თანხის დაბრუნება ვერ მოახერხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თ.შ–ი ნასესხები თანხის დაბრნების სანაცვლოდ, გარდაცვალების შემდგომ სამუდამო სარგებლობაში დაუთმობდა სახლს შ.ო–ვს. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებით, მხარეებს შორის დაიდო გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. ამ თვალსაზრისით, პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელეს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოუდგენია, ასევე, ვერ დაადასტურა სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებდა და, რომლის თანახმადაც, სესხის თანხის დაბრუნების სანაცვლოდ მოხდა საცხოვრებელ სადგომზე უფლების დათმობა.

8.4. პალატამ შენიშნა, რომ საქმეზე არ წარმოდგენილა, ასევე, სამკვიდრო მოწმობა მშობლების ქონებაზე შ.ო–ვის უფლებამონაცვლეობის შესახებ. რაც შეეხება, აპელირებას, მოსარჩელის, როგორც არასრულწლოვანის, მიერ დადებული გარიგების შესახებ, მხარეს არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია, მხოლოდ ზეპირი მითითება კი, პალატის შეფასებით, ვერ გახდებოდა ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. საქმეში დაცული ს.ს.გ.ს. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ შ.ო–ვი სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 1990 წლის 27 თებერვლიდან, თუმცა ის ფაქტი, რომ კომუნალური გადასახადის გადამხდელად ს.ს. „თ“-ს მონაცემთა ბაზაში მოსარჩელე რეგისტრირებულია 2002 წლის 06 აგვისტოდან, პალატის შეფასებით, გამორიცხავდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობას, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტის არსებობა 1997 წლის მდგომარეობით არ დასტურდებოდა, რომელთა კუმულატიურად არსებობის აუცილებლობას კანონი თავად განსაზღვრავს.

8.5. პალატის შეფასებით, 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია იურიდიული ფაქტი 1979 წლიდან შ.ო–ვის ქ. თბილისში, ........... ცხოვრების შესახებ, ვერ გამოდგებოდა აპელანტის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან სახლის მესაკუთრე თ.შ–ი გარდაცვლილია 1974 წლის 10 ივლისს, ხოლო გარიგება უნდა დადებულიყო (თუ იგი ნამდვილად დაიდებოდა) მესაკუთრის სიცოცხლეში და ფართით სარგებლობის უფლებაც უნდა წარმოშობილი ყოფილიყო 1974 წლამდე, რაც არ მომხდარა. გადაწყვეტილების თანახმად, აპელანტი ფართს დაეუფლა 1979 წლიდან, 5 წლის გასვლის შემდგომ და თან ისე, რომ ამის თაობაზე მესაკუთრის თანხმობის მიღების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობდა. ამ მოცემულობით კი, ვერ დგინდებოდა შემდგომ წლებში აპელანტის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლები.

8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განსჯით, აპელანტ შ.ო–ვის მოთხოვნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მომხდარიყო დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, სააპელაციო პალატამ ჩათვალა დაუსაბუთებლად.

8.7. პალატამ, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე დაყრდნობით, შენიშნა, რომ ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობას ე.ი. აღიარებას ითხოვდა, რისი იურიდიული ინტერესიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში ვლინდებოდა. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის წარმატების წინაპირობას მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა. მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის პირობებში კი, ვინაიდან არ დადასტურდა მოსარჩელის მოსარგებლეობის ფაქტი, პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნასაც.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. შ.ო–ვის არასრულწლოვნება გარიგების დადების მომენტში, სასამართლომ არასწორად მიიჩნია გარიგების არარსებობის დასტურად. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგების დადება შ.ო–ვს არასრულწლოვნებისასაც შეეძლო. გარიგების დადების შესაძლებლობაზე და ამ გარიგების ნამდვილობაზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, ქმედუნარიანობის მოპოვების შემდეგ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი ნების მაშინ გამოვლენის ნამდვილობის შესახებ. აღნიშნული ნორმის გამოუყენებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ შ.ო–ვს წაართვა შესაძლებლობა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ თვითონ გადაეწყვიტა საკითხი მის მიერ არასრულწლოვნებისას დადებული გარიგების ნამდვილობის შესახებ. ფაქტია, შ.ო–ვი თავისი ქმედებებით და განცხადებებით (მათ შორის სარჩელის/საჩივრის შეტანით და შინაარსით) ადასტურებს მის მიერ არასრულწლოვნებისას დადებულ გარიგებას. ამასთან სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან გარიგება არასრულწლოვან შ.ო–ვს ანიჭებდა სარგებელს, მას არ სჭირდებოდა მშობლების თანხმობა.

9.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადასტურებას ითხოვს კონკრეტული მტკიცებულებებით - 1997 წლამდე რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით. კანონის არცერთ ნორმაში არაა მითითებული რომ რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს საცხოვრებელი სადგომის დათმობისას ან გარიგების დადებისას ან უმალვე გარიგების დადების შემდეგ. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის არცერთი ნორმა არ ითხოვს კომუნალური გადასახადების გადახდას 1997 წლამდე. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ნორმა ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადება - საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადების დასადასტურებლად კანონი ითხოვს ან რეგისტრაციას, ან კომუნალური გადასახადების გადახდას. მაგრამ ასეც რომ არ იყოს და აღნიშნული ნორმა კუმულაციურად განიმარტოს, ნორმის მოთხოვნა მაინც შესრულებულია, რამეთუ შ.ო–ვის მიერ წარმოდგენილია როგორც რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (1997 წლამდე), ისე კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, საქმეში დაცულია სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც დადასტურებულია, რომ იგი რეგისტრირებულ მისამართზე ცხოვრობს 1979 წლიდან. კასატორი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ცხოვრობს ამ მისამართზე და მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, შესაბამისად, კანონით მისთვის ბოძებული შესაძლებლობის ვერ გამოყენების შემთხვევაში ის რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში მოვლილი და შენახული სახლის გარეშე.

9.3. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, კერძოდ: მოპასუხე შესაგებელში არსად არ უთითებს იმას, რომ შ.ო–ვი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადებისას იყო არასრულწლოვანი. თავის მხრივ, სასამართლო სწორედ ამ გარემოებაზე დაფუძნებით ამბობს უარს შ.ო–ვის მოსარგებლედ აღიარებაზე და მის მიერ გარიგების დადების ფაქტის ცნობზე.

9.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის - დ.კ–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა თ.შ–სა და შ.ო–ვს შორის გარიგების დადების ფაქტი. სასამართლომ არასწორად შეაფასა და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა შ.ო–ვის …….. ქ. 73-ში რეგისტრაციის ფაქტს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ასევე, კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტს და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ქონების უმკვიდროდ ცნობაზე შ.ო–ვს არ ჰქონდა აღიარების იურიდიული ინტერესი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, სადავო ფართის მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, მოეთხოვა უძრავი ნივთის უმკვიდროდ ცნობა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - საპეციალური კანონი) აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (იხ. სუსგ. №ას-164-2021, 21.09.2021წ.).

17. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი ეს არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე (იხ. სუსგ №ას-1017-2023, 13.10.2023წ.). იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

18. სპეციალური კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობანი ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არამარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ – სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობა დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები – უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლეს სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა იქნეს განკარგული ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე.

19. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით ატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. რადგანაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქ. თბილისში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს შეეძლოთ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პირებთან კანონის გვერდის ავლის მიზნით იდებოდა ამ ტიპის გარიგებები. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), და, ფაქტობრივად, მხარეთა შორის არსებული ნამდვილი ურთიერთობა იფარებოდა, კერძოდ, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეულ თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ყოველთვიურად კი – ბინის ქირას; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარგებლეს ფაქტობრივად გადაეცემოდა „სამუდამოდ“, ანუ ურთიერთობა არ იყო დროებითი (ხანმოკლე); ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალურ კანონს დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით წესრიგდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავს.

20. პალატა მოისხმობს საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის განმარტების შესახებ. აღნიშნული პრაქტიკის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: 1) სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და 2) მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა) (იხ. სუსგ. №ას-347-332-2016, 30.06.2016წ; №ას-772-733-2013 27.01.2014წ.; №ას-691-662-2016 24.11.2017წ.).

21. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების არსებობა შესაძლოა, დადგინდეს 1997 წლის შემდგომ განხორციელებული კომუნალური გადასახადების გადახდითაც. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა კასატორს მიუთითებს, რომ ვინაიდან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მიზანია, ლეგიტიმაცია შესძინოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე ,,de facto", კანონის მიღმა არსებულ სოციალურ ურთიერთობებს, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების არსებობის დადასტურებაც აუცილებელია სწორედ იმ პერიოდში წარმოშობილი იურიდიული ფაქტებით. ამრიგად, როგორც საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, ისე კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი უნდა დამტკიცდეს სწორედ 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე დროის შუალედში. ამგვარ მიდგომას ავითარებს საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში „...კომუნალური გადახდის ქვითრებთან მიმართებით, ს.ს. „თ–დან" ასევე ს.ს. „თ.ე–დან" გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდება ს.კ–ვის დანაშთი ქონების ფლობის ფაქტი 1984 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში ვერც მოსარჩელისა და ვერც მისი მამკვიდრებლის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიმართ არსებული მტკიცების ტვირთის უზრუნველყოფა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ მართლზომიერად გახდა...“. (იხ. სუსგ. №ას-398-2024, 24.07.2024წ.). ამავე საკითხზე სხვა განჩინებაში ასახული მითითების თანახმად, „საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საცხოვრებელილი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია მითითებულ პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობები) მოსარჩელის მიერ სადავო ბინაში რეგისტრაცია ან კომუნალური გადასახადების გადახდა არ დასტურდება“ (იხ. სუსგ. №ას-448-2021, 13.04.2022წ.). სხვა საქმეზე გაკეთებული განმარტების თანახმად, „...რაც შეეხება, აბონენტის ბრუნვის ისტორიას ლ–კი აბონენტად მითითებულია 1999 წლის 18 ოქტომბრიდან, რაც სპეციალური კანონით განსაზღვრული პერიოდის მიღმაა და კანონის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს“ (იხ. სუსგ. №ას-340-2024, 16.05.2024წ.).

22. დადგენილია, რომ შ.ო–ვი სადავო ქონებაში რეგისტრირებულია 1990 წლიდან, თუმცა კომუნალური გადასახადების გადამხდელად ს.ს. „თ–ში“ რეგისტრირებულია 2002 წლის 06 აგვისტოს. საქმეში დაცული არ არის კომუნალური გადასახადების შ.ო–ვის მიერ უფრო ადრე, 1997 წლის 25 ნოემბრამდე გადახდის ფაქტი, ამდენად, სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირველი წინაპირობა - სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა - შესრულებული არ არის, რის გამოც, დასახელებული იურიდიული ფაქტები ვერ გამოდგება საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის დასადგენად.

23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ფართში რეგისტრირებულია 1990 წლის 27 თებერვლიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შ.ო–ვის 1979 წლიდან სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტი ვერ გახდება საფუძველი დასკვნისათვის, რომ კასატორის მიერ საცხოვრებელი ფართის დაუფლებას საფუძველს უმყარებდა ამ მოვლენამდე 5 წლით ადრე გარდაცვლილი მესაკუთრის - თ.შ–ის ნება. ამგვარი მტკიცებულებები საქმეში დაცული არ არის.

25. რაც შეეხება მოწმე დ.კ–ის ჩვენებას, რომელიც კასატორს სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდა თ.შ–სა და შ.ო–ვს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადების დასადასტურებლად, ხსენებულ მტკიცებულებასთან მიმართებით პალატა შენიშნავს, რომ მარტოოდენ მოწმის ჩვენებას არ სძალუძს, გადაწონოს წერილობით მტკიცებულებები, რომლებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი და არ ადასტურებს სპეციალური კანონით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე (კასატორი) სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ შეიძლება იქნეს მიჩნეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში მოთავსებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასება მოსარჩელისათვის მოსარგებლის სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს.

26. საკასაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოში 22.06.2023 წელს გამართული მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობის საფუძველზე შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მოსარჩელის არასრულწლოვნებაზე ზოგადად, ასევე, კონკრეტიზებულად, მის დაბადების თარიღზე, მიუთითა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს (იხ. სხდომის ოქმი 14:37 საათიდან). პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 მუხლს (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა წარმოდგენა, აგრეთვე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მითითება, დასაშვებია არამარტო სარჩელსა და შესაგებელში, არამედ საქმის მომზადების ეტაპზეც, მაშადასამე, კასატორის მიერ აპელირებული სსსკ მე-4 მუხლის დარღვევა საკასაციო პალატას დადგენილად არ მიაჩია.

27.1. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, კასატორის არასრულწლოვნების ფაქტორი ხაზგასმული აქვთ არა დადებული გარიგების ბათილობის არგუმენტის დასასაბუთებლად, არამედ, გარიგების არსებობაზე მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტებების (მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების) ეჭვქვეშ დასაყენებლად.

27.2. სარჩელში ასახული განმარტების თანახმად, ფულადი თანხა, რომელიც თ.შ–მა შ.ო–ვის ოჯახისგან მიიღო, წარმოადგენდა სესხს, რომელიც მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა რამდენიმე თვეში, რაც მსესხებელმა ვერ შეძლო. სწორედ ამ გარემობის გამო მოხდა თ.შ–სა და მოსარჩელეს შორის შეთანხმება, რომ თ.შ–ი, ნასესხები თანხის სანაცვლოდ, გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ უძრავ ნივთს სამუდამო სარგებლობაში/საკუთრებაში უთმობდა შ.ო–ვს.

27.3. ამ განმარტებიდან გამომდინარე, საკვლევ გარემოებას წაროადგენს თ.შ–ისთვის მოსარჩელის მიერ თანხის/სესხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება. უწინარესად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელესა (ან მის მშობლებს) და ქონების მესაკუთრე თ.შ–ს შორის დადებული რაიმე წერილობითი გარიგება (ხელწერილი, ხელშეკრულება), რომლითაც დადასტურდებოდა საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების დათმობა ან თანხის გადაცემა, მაშასადამე, აღნიშნული გარემოებები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენენ.

27.4. საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1080-2021, 29.09.2022წ.). ანალოგიურად, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდაზე მითითებისას, ამ გარემოების დამტკიცების მოვალეობა აწევს მხარეს, რომელიც მიზნად ისახავს მოსარგებლის სტატუსის სასამართლოს წინაშე დადასტურებას.

27.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (იხ. სუსგ. №ას-584-543-2017, 06.06.2017წ.; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

27.6. იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო ქონების მესაკუთრე გარდაცვლილია, ხოლო მოპასუხედ დასახელებული სახელწიფო ორგანო მოსარჩელის მიერ მითითებული სამართალურთიერთობის მხარე არ ყოფილა, მაშასადამე, შეუძლებელია ზეპირსიტყვიერი განმარტებების გადამოწმება და ურთიერთშეპირისპირება, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სადავო გარემოებათა დასადასტურებლად მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მისივე ინიციატივით მოწვეული მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. საქმეში დაცული არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ მოწმობს შ.ო–ვის/მისი მშობლების მიერ თ.შ–ისთვის, როგორც მესაკუთრისათვის, გარკვეული თანხის გადაცემას. მაშასადამე, მოსარჩელის მიერ მითითებული საცხოვრებელი სადგომის დათმობის სანაცვლოდ საფასურის გადაცემის ფაქტი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თანხის გადაცემის მოსარჩელის მიერ დასახელებულ პერიოდში თავად მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო (რაც საეჭვოს ხდის მის მიერ საცხოვრებელი სადგომის საპირწონე ფულადი თანხის ქონის ალბათობას), საკასაციო სასამართლოსაც არასარწმუნოდ მიაჩნია.

27.7. ამრიგად, კასატორის აპელირებას, რომ სრულწლოვანების მიღწევისას მოსარჩელემ მოიწონა თ.შ–თან დადებული გარიგება და ამით ძალმოსილება შესძინა მერყევად ბათილ ნების გამოვლენას, ან ამ გარიგებას, როგორც არასრუწლოვნისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანს, მშობლების ნებართვა არ სჭირდებოდა, საკასაციო პალატა არსებითად არ შეაფასებს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის არასრულწლოვანებას საკასაციო პალატა განიხილავს არა გარიგების მერყევად ბათილობის, არამედ ამგვარი გარიგების არარსებობის განმაპირობებელ ფაქტორად.

28.1. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.

28.2. საბოლოოდ, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელეს სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობის შესახებ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. ქონების უმკვიდროდ ცნობაზე აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის დადასტურების წინაპირობად მოსარგებლის სტატუსის დადგენა საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული (იხ. სუსგ. №ას-340-2024, 16.05.2024წ.; №ას-442-2024, 08.11.2024წ.), ამრიგად, არც დასახელებულ საკასაციო პრეტენზიას არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. კასატორი, კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ო–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი