დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.06.2026
საქმის ნომერი
ას-90-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-90-2026 12 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ა“ (მოპასუხე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ფ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (საკასაციო საჩივარი), გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (შეგებებული საკასაციო საჩივარი)

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელი), ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა (შეგებებული სარჩელი)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „I კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ–ას“ (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების, ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2004 წლის 6 ოქტომბერს და 2006 წლის 26 ივლისს შპს „ფ–ასა“ და დუშეთის რაიონის გამგეობას შორის 49 წლის ვადით, იჯარის ორი ხელშეკრულება დაიდო დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. 06.10.2004 წლის ხელშეკრულებით მოპასუხეს 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წლიურად 100 ლარის გადახდის პირობით, ხოლო 26.07.2006 წლის ხელშეკრულებით 2552 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წლიური 250 ლარის გადახდის პირობით გადაეცა.

2.2. სარჩელის თანახმად, სადავო იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების დროს, შპს „ფ–ას“ სარგებლობის უფლებით გადაეცა არა მხოლოდ მიწის ნაკვეთები, არამედ ჰესის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა (გროტი, სადაწნეო მილსადენი და წყლის მუდმივი ნაკადი). 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სადავო იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებამდე გაცილებით ადრე აიგო ჰესის ინფრასტრუქტურა. ამავე მიწის ნაკვეთზე არსებულ კლდეში გამოიჭრა გროტი, რომლის კედლები და თაღი მოპირკეთდა 1მ სისქის მონოლითური რკინა ბეტონით. ასევე, ჰესისთვის აუცილებელი წყლის მიწოდებისათვის ჟინვალის კაშხლიდან სადაწნეო გვირაბზე დაერთდა 1.2 მ. დიამეტრის მილსადენი, რომლის სიგრძე 8 მეტრია, ხოლო აქედან 6 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოთავსდა მონოლითური რკინაბეტონის გარსაცმში. გარდა ამ ინფრასტრუქტურისა, დამონტაჟდა ორი 500-500 კვტ. სიმძლავრის გენერატორი.

2.3. საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის მთავრობასა და „მ.ე.ლ–ს“ შორის 14.05.2008 წელს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „მ.ე.ლ–ს“ საკუთრებაში გადაეცა შპს „თ.წ–ის“ (ამჟამად შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“) 100%-იანი წილი და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის მოპასუხისთვის იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული გარიგების შედეგად, მოსარჩელე ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში და შესაბამისად მეიჯარე შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ გახდა.

2.4. მხარეთა შორის არსებობს 2004 და 2006 წელს დადებული მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც წლიური საიჯარო თანხა 100 და 250 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებების დადებისას მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგენდა და მხოლოდ 2008 წლის შემდგომ - 2017 წელს ჩაენაცვლა იგი სახელმწიფოს როგორც მოიჯარე. ამასთან, ფულის ინფლაციის და გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მიწის იჯარის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის გამოც საჭიროა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებს.

2.5. მოპასუხეს ჰესის ფუნქციონირებისთვის წყალი სჭირდება, რომელიც მოსარჩელის კუთვნილი სადაწნეო მილსადენით მიეწოდება. მოპასუხე 2019 წლის 01 ოქტომბრამდე იხდიდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ საფასურს. მოპასუხე უარს აცხადებს ახალი პირობებით საფასურის გადახდაზე და წყალი ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე მიეწოდება. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ აკონტროლებს ფ–ა ჰესის მიერ წყლის მოხმარებას, რითაც მოსარჩელის ინტერესი ზიანდება.

2.6. წყალსაცავიდან საბუფერო აუზამდე მონაკვეთში, მდინარე არაგვის კალაპოტის გაწყლიანებისთვის საჭიროა ე.წ. „სანიტარული წყლის“ დაღვრა. სანიტარული წყლის დაღვრა ხორციელდება 1.2 მ დიამეტრის მილით, რომლითაც წყალი ჰესს მიეწოდება. მოპასუხე იყენებდა და იყენებს სანიტარულ წყალს იმაზე მეტი ოდენობით (3.0 მ3/წმ-ზე მეტს) ვიდრე საჭიროა მისი ფუნქციონირებისათვის. წყლის ჩამკეტი მექანიზმი მოპასუხის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა და მოსარჩელეს არ აქვს სანიტარული წყლის დაღვრის რეგულირების შესაძლებლობა.

2.7. რეკონსტრუქციამდე ფ–ა ჰესი მოიხმარდა 1.5 მ3/წმ. წყალს, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ 5 მ3/წმ წყალს. ამდენად, შპს „ფ–ას“ მხოლოდ და მხოლოდ მიწის ნაკვეთების საიჯარო ქირის ფასად გადაცემული აქვს ჰესის ინფრასტრუქტურა და მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჰესისთვის აუცილებელი წყალი. შესაბამისად, საიჯარო ქირაში უნდა შევიდეს არა მხოლოდ მიწის ქირა, არამედ ჰესით სარგებლობის ქირა და ამას დამატებული სადაწნეო მილსადენის მომსახურების საფასური.

2.8. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარებდა არა მხოლოდ წყლის მიწოდების საფასურის, არამედ მიწის ნაკვეთების საიჯარო ქირის ცვლილებების მიზნით. ხოლო შეცვლილ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2015 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, შპს „ფ–ას“ მიერ გაიზარდა წყლის მოხმარება და ნაცვლად 1.5 მ3/წმ-ისა, ფ–ა ჰესმა დაიწყო 5 მ3/წმ ოდენობით წყლის მოხმარება. ასევე, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ვალუტის კურსი, ინფლაციის მაჩვენებლები. ელ. ენერგიის მოხმარება და ტარიფები, ასევე სხვა ეკონომიკურ/ფინანსური მაჩვენებლები. ახალ მეიჯარეს ჩანაცვლების შემდეგ წარმოეშვა ლეგიტიმური უფლება მოეთხოვა მიწის იჯარების ცვლილება მხარეთა შორის არსებული საიჯარო და ფაქტობრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება.

2.9. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს არ შეიძლება მოესპოს უფლება სამთვიანი ვადის დაცვით მოშალოს ის ხელშეკრულება, რომელიც 10 წელზე მეტი ვადით იყო დადებული. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას გრძელვადიან ურთიერთობებზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად.

3.მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება, თითქოს მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულება მოიცავდა ასევე ჰესის ინფრასტრუქტურას არ შეესაბამება სიმართლეს და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. მილსადენის მოსარჩელისადმი კუთვნილება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითა, რომ მილსადენი იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების ობიექტი არ ყოფილა და სწორედ ამის გამო არსებობდა ხელშეკრულებები წყლის მიწოდების შესახებ.

3.2. შესაგებლის თანახმად, 2004 და 2006 წლის იჯარის ხელშეკრულებების საგანი მხოლოდ მიწის ნაკვეთებია და სხვა არაფერი. ამასთან, ფ–ას მიერ წყლის მოხმარებას, თუნდაც გაზრდილი ოდენობით, კავშირი არ აქვს იჯარის ხელშეკრულებებთან, ამიტომ სასამართლომ სწორედ მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერებაზე უნდა იმსჯელოს. მხარეთა შორის ნამდვილად ვერ შედგა შეთანხმება ვერც მიწის ნაკვეთების იჯარის ფასზე და ვერც სადაწნეო მილსადენის საშუალებით წყლის მიწოდების მომსახურების ღირებულებაზე, ვინაიდან მოსარჩელემ არაადეკვატური საფასურის გადახდა მოითხოვა.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის ინიციატივით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნით ჯამურად გადასახდელი საფასური წლიურად 242 857 აშშ დოლარით განისაზღვრა, თუმცა კონკრეტულად რისი ფასი განსაზღვრა ექსპერტმა არ დგინდება. ამასთან, დასკვნა, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება დაადასტურა თავად ექსპერტმაც.

3.4. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ შეძლებს მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემას და სხვა კომერციული სახით გამოყენებას, ვინაიდან იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ჟინვალჰესის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც არ დაიშვებიან უცხო პირები და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი. ამდენად, ამ მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასი ვერ იქნებოდა დადგენილი ანალოგიურ იჯარის ხელშეკრულებებთან შედარებით და აქედან გამომდინარე ექსპერტებმაც იჯარის ფასი კაპიტალიზაციის მეთოდით განსაზღვრეს.

3.5. მოპასუხის განმარტებით, უმნიშვნელო ცვლილება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად 49 წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების პირობების შეცვლას, როცა მოსარჩელე იმ ფაქტსაც ვერ ადასტურებს, რომ ზოგადად არსებობდა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველი. ასევე, მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის დავალიანებაც გადახდილია და არც აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიწის ნაკვეთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სარჩელი შპს „ფ–ას“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ფ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 2019 წლის 01 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველწლიურად, დაეკისრა 85 496,4 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შპს „ფ–ამ“ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი და შპს „ფ–ას“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულებების სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან შეწყვეტილად აღიარების შესახებ იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე მუხლები, აგრეთვე ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბების მიზეზს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა წარმოადგენდა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებამდე მოქმედი პირობა არახელსაყრელ სამართლებრივ გარემოს ქმნიდა სხვადასხვა ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამდენად ცვლილების მიზანს სწორედ იმ მეწარმეთა დაცვა წარმოადგენდა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებებს დებდნენ და ინვესტირებას ახდენდნენ, რის საფუძველზეც განმარტა, რომ საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით, ინვესტორი გრძელვადიანი საიჯარო ურთიერთობის დადების დროს საკანონმდებლო დონეზე დაცული იყოს იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისაგან. პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ კანონმდებელს არანაირი საგამონაკლისო დათქმა არ გაუთვალისწინებია ცვლილების ამოქმედების შემდეგ უკვე არსებული საიჯარო ურთიერთობების შესახებ. სააპელაციო პალატის აზრით, შპს „ფ–ას“ მიზანს სახელმწიფოსთან 49 წლის ვადით დაედო იჯარის ხელშეკრულებები, სწორედ სამეწარმეო საქმიანობის განვითარება წარმოადგენდა, რის გამოც, გრძელვადიანი ფინანსური ტვირთიც იკისრა. ამასთან როგორც მოპასუხემ მოსარჩელეს წერილითაც აცნობა და სასამართლო სხდომაზეც არაერთხელ გააჟღერა, შპს „ფ–ა“ ანგარიშვალდებული იყო გერმანული ბანკის KFW-ს წინაშე, რომლის დაფინანსებითაც მოხდა ჰესის მშენებლობა, რის გამოც მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე, სადავო ხელშეკრულებების შეწყვეტა არამართლზომიერად იქნა მიჩნეული.

5.3. გასაჩივრებულ განჩინებით, ასევე საფუძვლიანად შეფასდა მოსარჩელის ის განმარტებაც, რომლის თანახმად, სადავო იჯარის ხელშეკრულებები თავის თავში მოიცავდა მიწის ნაკვეთების იჯარასაც და საიჯარო მიწის ნაკვეთებზე მყარად დაკავშირებული ქონების- გროტისა და მილსადენის იჯარასაც, ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულებების 4.6. პუნქტებით, რომლითაც განსაზღვრული იყო იჯარით გაცემული, მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირის ოდენობა შეუვსებელი დარჩა. ამ მიმართებით პალატამ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე განმარტა ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები, მიხმო მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები და დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული იყო წესი (ტრადიცია), რომლის შესაბამისად, წყლის მილით მიწოდება ცალკე ხელშეკრულებით, ხოლო მიწების იჯარა ცალკე ხელშეკრულებებით იყო მოწესრიგებული. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე პირველი სასარჩელო მოთხოვნით აყენებდა იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხს, მათ შორის საიჯარო ქირის გაზრდის გამო. თუმცა, მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული თანხა მოიცავდა სადაწნეო მილსადენის მომსახურების, მიწების იჯარისა და იჯარის ხელშეკრულების შეუვსებელ 4.6. ქვეპუნქტების (მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირების ოდენობა) თანხებს ერთობლივად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულების ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა იჯარით გაცემულ მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირის ოდენობა (მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებების 4.6 ქვეპუნქტები) მოიაზრებოდა მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფარგლებში. პალატის მტკიცებით, ბუნდოვანი იყო და მოსარჩელესაც არ მიუთითებია, თუ რა თანხით იყო/უნდა ყოფილიყო განსაზღვრული ზემოაღნიშნული იჯარის ქირა. ასევე, არ დგინდებოდა რა შემხებლობაში იყო იჯარის ხელშეკრულებთან 2015 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ შპს „ფ–ას“ მიერ წყლის მოხმარება, თუნდაც გაზრდილი ოდენობით (31.10.2024 წლის ექსპერტიზის დასკვნის მე-8, მე-9, მე-10 კითხვები). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ აღსანიშნავია, რომ ობიექტურად შეცვლილი გარემოება, ზემოქმედებას უნდა ახდენდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობაზე, რაც წარმოდგენილ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 06.10.2004 წლის და 26.07.2006 წლის იჯარის ხელშეკრულებების ფარგლებში საიჯარო ქირის ფასის ცვლილება (ზრდა) არ დგინდებოდა, რაც ასევე, გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

5.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის იმ არგუმენტსაც, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ არსებითად შეიცვალა სხვა ისეთი გარემოებებიც როგორებიცაა, სადავო მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასის ცვლილება (გაზრდა) და „ფ–ა ჰესის“ მიერ წყლის მოხმარებით ზიანის მიყენება. ამ მიმართებით, პალატამ შეისწავლა საქმის მასალებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ასევე, ყურადღება მიაპყრო პირველი ინსტანციის სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნას და დაადგინა, რომ არცერთი მათგანი ადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთების საბაზრო საიჯარო ფასის გაზრდას, და არც იმას თუ რამდენად გაიზარდა ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთების იჯარის გადასახადი, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

5.5. მითითებული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო საგნის უკან დაბრუნების შესახებაც. პალატის მითითებით, მოპასუხე სადავო მიწის ნაკვეთებს ფლობდა 49 წლის ვადით 06.10.2004 წელს დადებული №46 და 26.07.2006 წელს დადებული №14 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სადავო ნივთს მართლზომიერ მფლობელს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

5.6. ზიანის ანაზღაურების სახით შპს „ფ–ასათვის“ 2019 წლის 01 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 242 857 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დასაბუთებულობასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ფ–ა“ წყლის მილით მიწოდების საფასურს ჰესის აგრეგატის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე უხდიდა მოსარჩელეს. ჰესის იჯარის ბოლო ხელშეკრულება 05.01.2016 წელს დაიდო. ხოლო, 02.04.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც შეიცვალა ქირის ოდენობა და მოპასუხემ იკისრა ყოველთვიურად სადაწნეო მილსადენით წყლის მიწოდების მომსახურებისთვის 0.3 თეთრის გადახდა ჰესის მიერ გამომუშავებული 1 კვტ.სთ ენერგიაზე. ასევე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლისა და წყლის მიწოდების ფასზე შეუთანხმებლობის გამო, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყდა 01.10.2019 წლიდან, თუმცა შპს „ფ–ას“ წყალი მისი ინფრასტრუქტურული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით არსებული შეზღუდვის ფარგლებში მიეწოდებოდა. შპს „ფ–ამ“ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გადაურიცხა 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის თვეების იჯარის, სადაწნეო მილსადენით მომსახურების და რეგულირების საფასური ჯამში 28 938.69 ლარის ოდენობით. შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ გადარიცხული თანხიდან შპს „ფ–ას“ დაუბრუნა 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხა- 13 224.39 ლარის ოდენობით და წერილით აცნობა, რომ ვინაიდან ჰესის აგრეგატებზე იჯარის ხელშეკრულება 2019 წლის 01 ოქტომბრიდან შეწყდა, ამიტომ ოქტომბერ-ნოემბრის თვეების გადასახადის მიღების საფუძველი არ არსებობდა. ასევე აცნობა, რომ მილით მომსახურების საფასურზე შეთანხმების მიღწევამდე და შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე შპს „ფ–ას“ არ განეხორციელებინა მილით მომსახურების და რეგულირების საფასურის გადახდა. მოხმობილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, პალატამ დაასკვნა, რომ რადგან დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2019 წლის ოქტომბრიდან წყლის მილით მიწოდების საფასურის გადახდა არ ხდებოდა, ხოლო შპს „ფ–ა“ წყლით სარგებლობდა, სახეზეა იყო მოპასუხე მხარის გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის (№002673121) შესაბამისად, იკვეთებოდა მილით მომსახურების ღირებულების ზრდა ვალუტის კურსის, წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებლებისა და ელექტრო ენერგიის ღირებულების ცვლილების გათვალისწინებით, საწინააღმდეგო გარემოება არ გამოვლენილა სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებშიც (ექსპერტისათვის დასმული მეშვიდე კითხვა), ამიტომ, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ის ფინანსური დანაკარგი, რაც მოსარჩელე მხარეს ადგებოდა, უნდა გამოთვლილიყო ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადახდილი თანხების საშუალო არითმეტიკული. შესაბამისად, შპს „ფ–ას“ მიერ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისათვის“ გადარიცხული 4 თვის (2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეები) იჯარის, სადაწნეო მილსადენით მომსახურების და რეგულირების საფასური ჯამში 28 938.69 ლარს შეადგენდა. ამდენად, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ მართებულად განსაზღვრა წყლის მიწოდების საფასურის წლიური საშუალო თანხა, რამაც შეადგინა 85496,4 ლარი 29 (7388.50+461+6986.66+437.20+6445,79+403,51+6000+375,09):4)). სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მსჯელობით დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო შეგებებული საჩივრის დასაბუთება ზიანის ოდენობის არასწორ დაანგარიშებასთან დაკავშირებით.

5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო წესით, გაასაჩივრა შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შპს „ფ–ამ“ წარადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. I კასატორი - შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და პროცესუალური სამართლებრივი დარღვევებით. კასატორი აცხადებს, რომ მისთვის არსებობდა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების არაერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. პირველი შეცვლილი გარემოება იყო გაზრდილი სანიტარული წყლის დაღვრის საჭიროება, რაც გამოიწვია 2015 წელს ფ–ა ჰესის რეკონსტრუქციამ. საქმის მასალებში წარმოდგენილია სანიტარული წყლის გაზომვის სამი ანგარიში, ერთ-ერთი მათგანი ჩატარდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ, და დადგინდა, რომ ჯამურად დაღვრილმა სანიტარულმა წყალმა საშუალოდ, გაზომვის პერიოდში 6 მ3/წმ-ს შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა გზშ-თი დადგენილ ზღვარს (4,3 მ3/წმ-ში). კასატორი ამტკიცებს, რომ მას არანაირი ვალდებულება აქვს მიაწოდოს მოპასუხეს წყალი, თუმცა ვერ ზღუდავს წყლის მიწოდებას, რამდენადაც იგი განპირობებულია არსებული ინფრასტრუქტურული მოცემულობით. სახელდობრ, ფ–ა ჰესს წყალი მიეწოდება ჟინვალის კაშხლის სადაწნეო გვირაბზე დაერთებული მილსადენით, რომელშიც წყალი მაღალი წნევით უწყვეტად მიედინება, ხოლო წყლის მარეგულირებელი მექანიზმი განთავსებულია მოპასუხის მფლობელობაში არსებულ საიჯარო მიწის ნაკვეთზე და ცხადია, ის თავის თავს წყლის მომარაგებას არ შეუზღუდავს. პირველი კასატორი ასევე, ამტკიცებს, რომ 380,942 აშშ დოლარი არის ის ხარჯი, რომელიც გაღებულ იქნა ელ. ენერგიის შესასყიდად საზღვარგარეთ (იმპორტისთვის) იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეს აქვს შესაძლებლობა მოსარჩელის კონტროლის გარეშე მთლიანად ისარგებლოს სადაწნეო მილსადენით გატარებული წყლით. აღნიშნულის შედეგად ფ–ა ჰესი, გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოდ სარგებლობს წყლით, მის მიერ წყალი ნაკლებად ეფექტურად გამოიყენება (იფლანგება), მაშინ, როდესაც იგივე წყალი გაცილებით ეფექტური იქნებოდა ჟინვალჰესში გამოყენების შემთხვევაში. ამ მიმართებით კასატორი მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 982-ე მუხლებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოსარჩელის სამართლებრივ სიკეთეში ჩარევას, უდავოა, რომ მოპასუხე არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, უარს აცხადებს ხელშეკრულების მისადაგებაზე და უნებართვოდ სარგებლობს მილსადენით გატარებული წყლით.

6.2. I კასატორის აზრით, მეორე მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოება, რომელიც ხელშეკრულების მისადაგების საჭიროებას ქმნიდა, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის ცვლილებაა, რომელმაც კასატორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. უდავოა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, კანონმდებლობაში განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომელიც გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებთან მიმართებაში ატარებს მნიშვნელოვან ხასიათს. კერძოდ, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადების დროს ნებისმიერ პერიოდში შეეძლო სამთვიანი ვადის დაცვით მოეშალა ხელშეკრულება და აღნიშნულის ხელშეკრულებაში გათვალისწინების ვალდებულება, ცვლილებებისგან განსხვავებით, არ არსებობდა. კასატორი დასძენს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში კანონის განმარტებითი ბარათის ტექსტის მოყვანა სრულიად შეუსაბამოა, ვინაიდან მას არ გააჩნია უკუძალა და ვერ იმოქმედებდა მხარეთა შორის მრავალი წლის წინ დადებულ გარიგების შინაარსზე. კასატორი აცხადებს, რომ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას სავაჭრო ტრადიციებით ბოჭვის თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ამგვარი ტრადიციები არ არსებობდა GWP-სა და შპს „ფ–ას“. კასატორი მიიჩნევს, რომ წყლის მილით მიწოდების ცალკე ხელშეკრულებით რეგულაცია არ წარმოადგენს სავაჭრო ტრადიციას, ვინაიდან იგი შეიძლება მხოლოდ ზეპირი ხასიათის იყოს. ამასთან, უდავოა, რომ, მხარეთა შორის 2019 წლიდან წყლის მიწოდების საკითხზე ხელშეკრულება აღარ დადებულა და წყლის მიწოდება ხდება ინფრასტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულების გამო, შესაბამისად, რომც ჩათვლილიყო წყლის მიწოდებაზე ცალკე ხელშეკრულება სავაჭრო ტრადიციად, ფაქტია ამ ტრადიციამაც 2019 წლიდან, მხარეთა შეთანხმებით, შეწყვიტა მოქმედება.

6.3. I კასატორი ამტკიცებს, რომ მესამე მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოება, რაც ხელშეკრულების მისადაგების საჭიროებას წარმოშობდა იყო ვალუტის კურსის ცვლილება, წლიური ინფლაცია და ელექტროენერგიის საფასურის ცვლილება. თავად მოპასუხეს აქვს წარმოდგენილი N002673121 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, 2019 წლიდან 2021 წლამდე სამივე კომპონენტის ზრდამ 17,7% შეადგინა. ზრდა დაანგარიშდა 0,3 თეთრიან 1 კვტ.სთ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, მაშინ როდესაც ეს თარიღი 2010 წლიდან მოქმედებს და ცხადია საშუალო პროცენტული ზრდა გაცილებით მეტი იქნებოდა.

6.4. პირველი კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არც იმ შეფასებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასი და შესაბამისად იჯარის გადასახადის ზრდის ფასი არ დგინდება. კასატორის მტკიცებით, ახალი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფ–ა ჰესის მიერ გამოყენებული ქონების სამართლიანი იჯარის გადასახადის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ეს შეუძლებლობა გამოწვეულია იმით, რომ გამოყენებულ იქნა საბაზრო მეთოდი, ხოლო იჯარით გაცემულ ქონებებს რომ ანალოგი არ გააჩნიათ, ეს ცალსახად დადგენილია და უდავო გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, ექსპერტმა სასამართლოში გამოკითხვის დროს განმარტა, რომ ვინაიდან შემოსავლების მეთოდით ერთხელ უკვე დაიანგარიშა ფ–ა ჰესის მიერ წლიურად გადასახდელი თანხა, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დროს ეს მეთოდი აღარ გამოიყენა და მიმართა მხოლოდ საბაზრო მეთოდს. აღნიშნული განცხადებით ექსპერტმა ძალაში დატოვა მის მიერ 2019 წლის 20 ივნისს გაცემული N004284619 დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „ფ–ას“ მიერ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისთვის“ წლიურად გადასახდელი თანხა საორიენტაციოდ შეადგენს 242 857 აშშ დოლარს. კასატორი განმეორებით მიუთითებს შპს „ფ–ას“ სანიტარული წყლის ჩაღვრის ოდენობასა და მისგან გამოწვეულ ზიანზე, რის შესაბამისადაც განმარტავს, რომ თუ სასამართლოს აზრით, ექსპერტიზა სათანადო მეთოდით ვერ ადგენდა ყველა სიკეთისთვის მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელ თანხის ოდენობას, იმავდროულად თუ სასამართლო არ იზიარებდა სამხარაულის 2019 წლის 20 ივნისის N004284619 დასკვნას, რომლის თანახმადაც შპს „ფ–ას“ მოსარჩელისთვის წლიურად, საორიენტაციოდ, 242 857 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, მაშინ მას 2,8-3 მ3/წმ წყლის ზემოთ მოხმარებულ ყოველ 1მ3/წმ-სთვის უნდა დაეკისრებინა მოპასუხისთვის იმ თანხის გადახდა, რაც თავად სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა.

6.5. I კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მიუხედავად, სასამართლომ თავი აარიდა მოპასუხისთვის გადასახდელი თანხის სამართლიანი ოდენობა განესაზღვრა, რითიც მოსარჩელე აიძულა დარჩენილიყო გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაში არასამართლიანი და წამგებიანი პოზიციით.

6.6. I კასატორი ამტკიცებს, რომ ის თავად არის ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორი, რის გამოც მოპასუხის მიერ გაზრდილი წლის ოდენობით მოხმარება პირდაპირ აისახება, არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მესამე პირების - მოსახლეობის, ეკონომიკურ ინტერესზე, რასაც ადასტურებს კიდეც მოსარჩელის მიერ წარდგენილი Forensic Consulting Bureau-ს დასკვნა. კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებების ცვლილება მხოლოდ შესრულების ფიზიკურ/ობიექტურ გართულებას არ გულისხმობს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ბალანსის პრინციპის დაცვაც. მხარე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ მოვალეს, არამედ კრედიტორსაც, რა დროსაც ხელშეკრულების შესრულების გართულების შემთხვევაში, ორივე მხარეს შეუძლია მისადაგების მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, ვინაიდან სახეზეა მოსარჩელის საზიანოდ, სადავო ურთიერთობაში, ეკონომიკურ ინტერესთა შორის წონასწორობის რღვევა და მხარეთა ურთიერთსანაცვლო შესრულებებს შორის დისპროპორცია, ასევე ხელშეკრულების პროპორციულობისა და გონივრულობის რღვევა, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა უფლება მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში (რაც განსახილველ შემთხვევაში მოხდა 18 თვიანი უშედეგო მოლაპარაკებებით) უპირობოდ შეეწყვიტა ხელშეკრულება.

6.7. პირველი კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასაც და განმარტავს, რომ ეს თანხა სასამართლომ გამოიანგარიშა ფ–ა ჰესის აგრეგატების თაობაზე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაც არასწორია, ვინაიდან მხარეებმა ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2019 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტეს, მისი გამოთვლა უნდა მომხდარიყო სამხარაულის ექსპერტიზის N002673121 დასკვნის მიხედვით.

6.8. კასატორი ასევე სადავოდ ხდის სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებას, რომლის თანახმადაც, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ მიეცა საშუალება, დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნები.

6.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

7.1. შპს „ფ–ა“ ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7.2. სასამართლომ ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებისთვის იხელმძღვანელა შპს „ფ–ას“ და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ შორის 2010-2016 წლებში არსებული იჯარის ხელშეკრულებებით, რომლებითაც მოსარჩელეს იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს „ფ–ას“ საკუთრებაში არსებული ფ–ა ჰესის აგრეგატები. 2016 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებით განისაზღვრა ჟინვალჰესის სადაწნევო მილსადენის მომსახურების საფასური- გამომუშავებული ელექტროენერგიის ყოველ 1 კვტ.სთ-ზე 0,3 თეთრი. სწორედ ამ 2016 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებით გადახდილი თანხები გამოიყენა სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის. სასამართლოს ეს მიდგომა არასწორია იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებით მილით მომსახურების ღირებულების გადახდა ხდებოდა გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის დროს, ძირითადად მილში გადიოდა წყალი სანიტარული ხარჯის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „ფ–ას“ შეეზღუდა გამოსაყენებელი წყლის ოდენობა და 2021 წლიდან შპს „ფ–ა“ 3.0 კუბ/წამზე მეტ წყალს არ იყენებს. თუნდაც ამ ფაქტის გამო არ უნდა მომხდარიყო ზიანის ანაზღაურების გამოთვლა სასამართლოს მიერ შერჩეული პრინციპით, ვინაიდან მილით მომსახურების გადასახადი იყო სრულიად სხვა ვალდებულება და რეგულირების გადასახადი სულ სხვა, რომელიც მოსარჩელესთან არ გადაიხდება. თუ სასამართლო ამ პრინციპს აირჩევდა, უნდა გამოეთვალა მხოლოდ სადაწნევო მილით მომსახურების საფასური და ამ გადასახდელ თანხაში არ უნდა ჩაითვალა რეგულირების გადასახადი, რომელიც სულ სხვა გადასახადია და კავშირში არ არის მილში წყლის გატარების საფასურთან.

7.3. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა შპს „ფ–ასთვის“ რაიმე თანხის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით, ვინაიდან სარჩელით არ ყოფილა ამგვარი მოთხოვნა დაყენებული. მოსარჩელე მხოლოდ სამართლიანად განსაზღვრულ საიჯარო ქირის დაკისრებას ითხოვდა მიუღებელი შემოსავლის სახით და სხვაგვარი ზიანის ანაზღაურება მას არასდროს მოუთხოვია.

7.4. შპს „ფ–ა“ ასევე უთითებს, რომ არასწორია სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდის პერიოდულობაც, ვინაიდან თანხის გადახდის ვალდებულება გადაწყვეტილების აღსრულებამდე დადგინდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა საიჯარო ქონების უკან გამოთხოვასთან დაკავშირებით, ამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ზიანის ანაზღაურებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოსარჩელის ინტერესი.

7.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით, შპს „ფ–ას“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი, არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- დუშეთის რაიონის გამგეობას და შპს „ფ–ას“ შორის დაიდო იჯარის ორი ხელშეკრულება: 06.10.2004 წელს №46 ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს „ფ–ას“ 49 წლის ვადით, წელიწადში 100 ლარის გადახდის პირობით, მფლობელობაში გადაეცა 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №....... 26.07.2006 წელს №14 ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს „ფ–ას“ 49 წლის ვადით, წელიწადში 250 ლარის გადახდის პირობით, მფლობელობაში გადაეცა 2552 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით№........ - იჯარით შპს „ფ–აზე“ გადაცემული ორივე მიწის ნაკვეთი (ს.კ. №......... და №........), უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რეგისტრირებულია ერთ მიწის ნაკვეთად, რომლის მონაცემებია - მისამართი: დუშეთის რაიონი, დაბა ჟინვალი, ფართობი 14 636 175 კვ.მ., საკადასტრო კოდი №.......... მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ი“.- იჯარის ხელშეკრულებების მე-8 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების წესი: 8.1. ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს: ა) მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით; ბ) მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად; 8.2. მეიჯარის მიერ: ა) თუკი საიჯარო მიწის ნაკვეთის გამოყენებით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა; ბ) ნაკვეთის ან მისი ნაწილის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მიწის ნაკვეთის გამოყენებას; გ) მოიჯარის მიერ სამი თვის განმავლობაში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში; 8.3. მეიჯარემ მოიჯარეს წერილობით უნდა შეატყობინოს წინამდებარე საიჯარო ურთიერთობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ და განუსაზღვროს მოიჯარეს შეტყობინებიდან ოცდაათი დღე დარღვევ(ებ)ის გამოსწორებისათვის საიჯარო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის განხორციელებამდე; 8.4. მოიჯარის მიერ: თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, მან ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს მეიჯარე და იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუკი ის თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს მიიღოს იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მაშინ მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. 8.5. ვადამდე ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, საიჯარო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა;

- საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობას და "მ.ე.ლ–ს“ შორის 14.05.2008 წელს დაიდო ხელშეკრულება შპს „რ–ის“ 100% წილის, შპს „მ–ის“ 100% წილის, შპს „საქწყალკანალის“ 100% წილის და შპს „თ.წ–ის“ 100% წილის ნასყიდობის შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქონება, მათ შორის შპს „თ.წ–ის“ ქონება (ჟინვალჰესი) და საკუთრების უფლებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სახელზე აღირიცხა. შესაბამისად, მეიჯარე სახელმწიფო ჩაანაცვლა შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“;

- შპს „ფ–ა ჰესი“ წარმოადგენს ჟინვალ ჰესის კომპლექსური ჰიდროკვანძის შემადგენელ მცირე ჰესს, რომელიც განთავსებულია კლდეში გამოჭრილ გროტში. შპს „ფ–ა ჰესი“ მუშაობს ჟინვალ ჰესის ეკოლოგიურ ხარჯზე;

- მხარეთა შორის 12.02.2010 წლიდან 01.10.2019 წლამდე პერიოდზე დადებული იყო არაერთი ხელშეკრულება ფ–ა ჰესის აგრეგატების იჯარით გადაცემის შესახებ. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ჟინვალის სადაწნეო მილსადენით წყლის მოწოდების მომსახურების საფასურიც. რომელიც ბოლოს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეადგენდა 0.3 თეთრს 1 კვტ.სთ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ხელშეკრულების ვადის გასვლისა და წყლის მიწოდების ფასზე შეუთანხმებლობის გამო, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილია 01.10.2019 წლიდან, თუმცა შპს „ფ–ას“ წყალი მისი ინფრასტრუქტურული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეუფერხებლად (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით არსებული შეზღუდვის ფარგლებში) მიეწოდება;

- შპს „ფ–ამ“ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გადაურიცხა 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის თვეების იჯარის, სადაწნეო მილსადენით მომსახურების და რეგულირების საფასური ჯამში 28 938.69 ლარის ოდენობით. შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ გადარიცხული თანხიდან შპს „ფ–ას“ დაუბრუნა 2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხა- 13 224.39 ლარის ოდენობით და წერილით აცნობა, რომ ვინაიდან ჰესის აგრეგატებზე იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ფ–ა-ჰესს მიეწოდებოდა წყალი ჟინვალის კაშხლის სადაწნეო გვირაბზე მიერთებული მილსადენის მეშვეობით 2019 წლის 01 ოქტომბრიდან შეწყვეტილი იყო, ამიტომ ოქტომბერ-ნოემბრის თვეების გადასახადის მიღების საფუძველი არ არსებობდა. ასევე აცნობა, რომ მილით მომსახურების საფასურზე შეთანხმების მიღწევამდე და შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე შპს „ფ–ას“ არ განეხორციელებინა მილით მომსახურების და რეგულირების საფასურის გადახდა;

- შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ 2020 წლის 26 აგვისტოს წერილით შპს „ფ–ას“ აცნობა, რომ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთების საიჯარო ქირა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ იჯარის გადასახადს და მოსთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, 5 სამუშაო დღის ვადაში მომხდარიყო ხელშეკრულების დადება შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთების იჯარის და წყლის მიწოდების წლიური საფასური 242 857 აშშ დოლარით განისაზღვრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულებები შეწყდებოდა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. თუმცა, მხარეთა შორის ვერ შედგა შეთანხმება ვერც საიჯარო ქირისა და ვერც წყლის მიწოდების საფასურზე;

12. პირველი კასატორის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ არსებობდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე, რის გამოც იჯარის ხელშეკრულებების სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან შეწყვეტილად უნდა აღიარებულიყო. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. კერძოდ, არსებობდა თუ არა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების წინაპირობები და აღნიშნულზე შეუთანხმებლობის პირობებში, წარმოეშვა, თუ არა, მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა; გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა; მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. აღნიშნული პრინციპი მსოფლიოს ყველა მართლწესრიგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე პრინციპია, რომელიც იმპერატიულად ადგენს სახელშეკრულებო პირობების შესრულების სავალდებულოობას სახელშეკრულებო წონასწორობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის. კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda“-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობაში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძო სამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, „pacta sunt servanda-ს“ პრინციპთან ერთად თანაარსებობს „clausula rebus sic standibus“-ის დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები (იხ. სუსგ საქმე Nას-72-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი). შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი შესრულების ნაირსახეობა, რომლითაც აღსრულდება მხარეთა სახელშეკრულებო ნება. ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარემომცველი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად. ხელშეკრულების მისადაგება მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებისადმი არ ცვლის მხარეთა ნებას, არამედ შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა თავდაპირველი განზრახვის, ნამდვილი ნების დადგენის საშუალება ხდება. მხარეთა ნება ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისი აღსრულებაა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაც ხელშეკრულების აღსრულების და, შესაბამისად, მხარეთა ნების განხორციელების წინაპირობაა (იხ. სუსგ საქმე Nას-251-2021, 11 ივნისი, 2021 წელი).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - სსკ-ის 398.1 მუხლი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი – სსკ-ის 398.2 მუხლი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის „პირობის თეორიიდან“, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.) (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-2021, 17 დეკემბერი, 2021 წელი). გარემოებების ცვლილების არსებითობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვალდებულების ხასიათი, გარემოების მნიშვნელობა მხარეთათვის და სხვა ობიექტური გარემოებები. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ შეფასდეს შედეგის უსამართლობის ხარისხი. ანუ, უნდა გაანალიზდეს იწვევს თუ არა ხელშეკრულების უპირობო შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა აშკარად უსამართლო, არათანაზომიერ ანდა კაბალურ შედეგს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებთან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 398-ე მუხლის კომენტარი, გვ. 619-620).

15. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ორმხრივი უფლებებითა და ვალდებულებებით დატვირთულ ურთიერთობებში მხარეები საპასუხო სარგებლის იმედით შედიან და თუ ეს სარგებელი იკარგება, იკარგება ინტერესი ხელშეკრულებაში. ასეთ ხელშეკრულებებში შესრულებისა და საპასუხო შესრულების ეკვივალენტურობა, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველია (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 398-ე მუხლის კომენტარი, გვ. 620-621). შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში, როდესაც არსებობს შეუსაბამობა, დარღვეულია წონასწორობა მხარეთა ურთიერთსანაცვლო შესრულებას შორის, შესაძლებელია, განხორციელდეს სახელშეკრულებო ფასის მოდიფიცირება პირველადი სახელშეკრულებო ვალდებულების სამართლებრივ რეჟიმში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება განახლებული პირობებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინის აღსრულებისათვის მოითხოვს მუდმივ ურთიერთთანამშრომლობას და თანაქმედების (duty to cooperate), გულისხმიერების ვალდებულების განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, როგორც მხარეთა ქცევის სახელმძღვანელო პრინციპი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებას შეცვლილი გარემოებების აღმოცენების უპირობოდ თანამდევ პროცესად მოიაზრებს (იხ. სუსგ საქმე Nას-251-2021, 11 ივნისი, 2021 წელი).

16. წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის 2004 წლის 6 ოქტომბერსა და 2006 წლის 26 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და საიჯარო ფართის მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება. მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა სამ ძირითად გარემოებაზე: 1) საიჯარო ქონება არ წარმოადგენდა მხოლოდ მიწის ნაკვეთებს, რადგან მასზე ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან განთავსებული იყო ჰესის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად იჯარის ხელშეკრულება ასევე, მოიცავდა მის არსებით შემადგენელ ნაწილებსაც, რომელთა რეკონსტრუქციის შედეგად შპს „ფ–ას“ მიერ გაიზარდა წყლის მოხმარება და შესაბამისად სანიტარული წყლის დაღვრის საჭიროებაც, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს, 2) შეიცვალა სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც შეუძლებელს ხდის სამთვიანი ვადის დაცვით მოხდეს გრძელვადიანი საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა თუ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს ხელშეკრულებაში, და ბოლოდ, 3) დროთა განმავლობაში მოხდა ვალუტის კურსის ცვლილება, წლიური ინფლაცია და ელექტროენერგიის საფასურის შეცვლა, რაც მოსარჩელის ხელშეკრულებაში დარჩენას აშკარად უსამართლოდ და წამგებიანად აქცევს.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს, ხოლო, თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხ. სუსგ საქმე Nას-251-2021, 11 ივნისი, 2021 წელი). განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს საიჯარო ქირის გაზრდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მოიჯარემ აღნიშნულზე უარი განაცხადა თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე უარი არ განუცხადებია. მოპასუხე თანახმა იყო გადაეხადა ადეკვატური ფასი და შეთანხმება არ შედგა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე შეუსაბამოდ მაღალ საფასურს ითხოვდა.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება ხელშეკრულების მხარეებისათვის მბოჭავია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბოჭვა, ხელშეკრულების დადების დროს არსებული მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. შესაბამისად, ზოგადად მოქმედი პრინციპია ის, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაიდო ხელშეკრულება, არსებითად არ უნდა იყოს შეცვლილი ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, არსებითია თუ არა ამა თუ იმ გარემოების ცვლილება და რამდენად უქმნის ეს ცვლილება მხარეთა ინტერესების ბალანსს საფრთხეს. გარემოებათა ცვლილება აშკარა და არსებით ცვლილებად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ან ერთ-ერთი მათგანი ამ ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში ხელშეკრულებას არ დადებდა ან სხვა შინაარსით დადებდა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეცვლილი გარემოება უნდა იმყოფებოდეს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა. ასევე, დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეულ შედეგთა რისკის მატარებელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ცვლილება კონტრაჰენტის რისკის ან კონტროლის სფეროს ან რამდენად ითვალისწინებდნენ მხარეები მომხდარ ცვლილებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების მიზანი და ხასიათი. რისკი კი, შეიძლება აღებულ იქნეს როგორც პირდაპირ, ისე შეიძლება საგულისხმოც იყოს. გარემოებები იმდენად მკვეთრად და კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რომ თუკი მხარეები შემდგომში თავდაპირველ შეთანხმებას გაჰყვებიან, ეს გამოიწვევდა სამართლისა და სამართლიანობის ცნებებისადმი აშკარა შეუსაბამობას. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება ის ვითარებაც, როცა წარმოდგენები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლას კი არა აქვს ადგილი, არამედ ცდომილებას.

20. სამოქალაქო კოდექსი 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლეს სამართლებრივ სისტემაში ვალდებულებითი სამართალი აღიარებს და იცავს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ხელშეკრულების ფორმირებისა და მისი აღსრულების ეტაპზე მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით, რომელიც თავისი არსით სამართლიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეცვლილი გარემოებების გავლენით შესრულების გართულების წარმოშობისას, კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს აკისრებს ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ანიჭებს მისი მისადაგების უფლებამოსილებას, რომელიც მოწოდებულია სახელშეკრულებო სამართლიანობისა და წონასწორობის აღდგენისათვის მხარეთა თავდაპირველი მიზანი განმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპის ჭრილში. მოლაპარაკების სავალდებულოობის პრინციპი კონტინენტური სამართლის სისტემის არსობრივი მახასიათებელია, რამეთუ ის განსაკუთრებით ორიენტირებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის დაცვასა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზე.

21. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისას კეთილსინდისიერების პრინციპის თვალთახედვით უნდა შეფასდეს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებათა წონასწორობის რღვევის ხარისხი და მისი შედეგები. ვინაიდან კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის შეფასებისათვის უმთავრესი მექანიზმია, ამიტომ, ხელშეკრულების ადაპტაცია არ იწვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვას, არამედ ბუნებრივი და სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

22. საკასაციო პალატა მოხმობილი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართლებულად იმსჯელეს ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების შეუძლებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შესახებ სარჩელის დაუსაბუთებლობაზე. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტით თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. ამასთან, ამავე მუხლით მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (იხ. სუსგ-ები №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015).

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პირველი არგუმენტი მიემართებოდა საიჯარო ქირის არასამართლიან ფასს, რასაც მხარე უკავშირებდა საიჯარო ქონებაზე ჰესის ინფრასტრუქტურის არსებობასა და ამავე მიწაზე მილის არსებობას, რომლითაც იღვრებოდა სანიტარული წყალი და შესაბამისად საიჯარო ქირის 100 და 250 ლარით განსაზღვრა სრულიად შეუსაბამო იყო. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 06.10.2004 წელს დადებული №46 და 26.07.2006 წელს დადებული №14 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ ხელშეკრულებების საგანი მხოლოდ მიწის ნაკვეთია, მასში მოხსენიებული არ არის ჰესის ინფრასტრუქტურა ან ჰესის აგრეგატები, მოსარჩელე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უთითებდა, რომ სადავო უძრავ ქონებაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან განლაგებული იყო ჰესის ინფრასტრუქტურა, თუმცა ვერცერთი მტკიცებულებით ვერ ამყარებდა მის მოსაზრებას, რაც საკასაციო პალატის აზრით, ვერ განიხილება, როგორც მისი წილი მტკიცების ტვირთის დაძლევად. მეტიც, საქმის მასალებით იქმნება საპირისპიროს მტკიცების ობიექტური სურათი, სახელდობრ, მოსარჩელესთან, რომელიც სადავო სამართალურთიერთობაში სახელმწიფოს 2008 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჩაენაცვლა, 2010-2016 წლებში გაფორმდა მისთვის ჰესის აგრეგატის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება. ჰესის იჯარის ბოლო ხელშეკრულება 05.01.2016 წელს დაიდო. ხელშეკრულებით განისაზღვრა ქირის ოდენობაც. ამასთან, უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, უძრავ ნივთზე განხორციელებული აქვს სულ მცირე 2 500 000 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია. მოხმობილი გარემოების ერთობლივი კვლევით, საკასაციო პალატის აზრით, არათუ არ დასტურდება, არამედ არ იქმნება გონივრული ვარაუდიც იმისა, რომ მოპასუხეს სადავო ხელშეკრულებებით უძრავ ქონებასთან ერთად ჰესის ინფრასტრუქტურა გადაეცა და რომლისთვისაც იგი შეუსაბამოდ დაბალ ფასს იხდიდა.

24. საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან არ დადასტურდა მოპასუხისთვის რაიმე სახის ინფრასტრუქტურის გადაცემის ფაქტი, ამიტომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად განხორციელდა 06.10.2004 წლის და 26.07.2006 წლის იჯარის ხელშეკრულებების ფარგლებში საიჯარო ქირის ფასის ცვლილების შესწავლა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ამ გარემოების სამტკიცებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სახელდობრ: მოსარჩელემ წარმოადგინა, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, რომლის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსპერტმა იხელმძღვანელა შპს „ფ–ას“ საშუალო წლიურ შემოსავლით (600 000 აშშ დოლარი ხარჯების გარეშე) და გაწეული ინვესტიციის ოდენობით (2 500 000 აშშ დოლარი). ექსპერტის აზრით, გაწეული ინვესტიციის უკუგების პერიოდი უნდა განისაზღვროს 7 წლიანი პერიოდით და დამკვეთის მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ინვესტირებული თანხის 7 წლის განმავლობაში (2500000/7=357143) ამოღების და საშუალო შემოსავლის (600 000 აშშ დოლარი) გათვალისწინების შემთხვევაში, სხვაობა შეადგენს 242 857 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს იმ სიკეთეს, რაც მიიღება ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (ტერიტორია, ინფრასტრუქტურა, წყლის არხი, რეზერვუარი და სხვა) და რაც არ საჭიროებდა ინვესტორის მხრიდან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. იქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტისთვის დამკვეთის მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დაშვებების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკვლევი ბიზნესი შეძლებს მომავალში იგივე საქმიანობის განხორციელებას, შპს „ფ–ას“ მიერ საბაზრო პირობების შესაბამისად, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისათვის“ გადასახდელი წლიური თანხის ოდენობა საორიენტაციოდ 242 587 აშშ დოლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 97-103). ექსპერტმა შ.ი–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭრა მის მიერ შედგენილ დასკვნას და განმარტა, რომ იჯარის ფასის განსაზღვრის მიზნებისათვის იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციით, რაც ძირითადად გახდა მოხმობილი მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მიწოდებული ინფორმაციის სუბიექტური ხასიათის გათვალისწინებით, იგი ვერ გახდებოდა სამართლიანი იჯარის ფასის დადგენის საფუძველი.

25. საგულისხმოა, რომ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების სამართლიანი საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, მოპასუხის დაკვეთით ჩატარდა და საქმის მასალებს ერთვის სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნა, რომლითაც მოხდა დაბა ჟინვალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საბაზრო საიჯარო ღირებულების დადგენა. ექსპერტიზის დასკვნის რომლის თანახმად, შპს „ფ–ას“ მიერ იჯარით აღებული 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: .........) ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ქირის ოდენობა 2021 წლის 05 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 240 ლარს. ხოლო, 2552 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: .........) ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2021 წლის 05 აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგეს 765 ლარს (ტომი II, ს.ფ. 74-82). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გაზიარების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან იგი ეყრდნობოდა შემოსავლების კაპიტალიზაციის მეთოდს, იჯარით გაცემულ ქონებას კი, მისი უნიკალური მდებარეობისა და ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, ანალოგი არ გააჩნია. ხოლო, მოპასუხის დაკვეთით მომზადებულ დასკვნაში, საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრულია ანალოგებთან შედარების გზით.

26. მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, თუმცა საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნით უნდა განსაზღვრულიყო, ვინაიდან მისი მოცულობის მიუხედავად, იგი არ შეიცავს იმპერატიულ, მყარ ფაქტებზე დამყარებულ დასკვნას სადავო მიწის ნაკვეთების საბაზრო საიჯარო ფასის შესახებ, ასევე არ დგინდება, რამდენად გაიზარდა ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთების იჯარის გადასახადი, რაც მოხმობილი მტკიცებულების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა იმ სახით, როგორც ეს მოსარჩელეს ჰქონდა მოთხვნილი.

27. გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო პალატა დასძენს, რომ როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჩაენაცვლა სახელმწიფოს სადავო სამართალურთერთობაში რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის საფუძველზე ის მოთხოვნები და უფლებები, რაც სახელმწიფოს გააჩნდა, ახალ პირზე გადავიდა ზუსტად ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე განიმარტა, შეცვლილი გარემოება უნდა იმყოფებოდეს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა. ასევე, დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეულ შედეგთა რისკის მატარებელი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საიჯარო ქონებები იმყოფება მკაცრად შემოსაზღვრულ, უნიკალურ და სპეციალურ დანიშნულების ადგილას, ასევე რადგან უდავოა მოპასუხის მიერ სოლიდური ინვესტიციის განხორციელების ფაქტი და შემდგომ, თავად მოსარჩელის მიერ მოპასუხის ჰესის აგრეგატების დაქირავების ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებების დადების დროს, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჰესის რეკონსტრუქცია/მოწყობას მიზეზშედეგობრივად აუცილებლად მოჰყვებოდა გაზრდილი წყლის მოხმარება, რა რისკიც მატარებელიც სწორედ კასატორი გახდა სამართალურთიერთობის ჩანაცვლებისას. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო შესაგებლის იმ არგუმენტსაც, რომ შეცვლილი წარმოდგენების გამო, ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება სცდება განსახილველ დავის სპეციფიკას, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა თავდაპირველ ხელშემკვრელ მხარეს, მხოლოდ მოგვიანებით შევიდა სამართალურთიერთობაში და შესაბამისად ვერც ხელშეკრულების დადების დღეს არსებულ განწყობებსა და წარმოდგენებს დააყრდნობდა მის პოზიციას.

28. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სამოქალაქო კოდექსის 581-ე და შემდგომი მუხლებით მოწესრიგებული იჯარის ხელშეკრულება სწორედ იმით განსხვავდება ქირავნობის ხელშეკრულებების შინაარსისა და მომწესრიგებელი ნორმებისგან, რომ მისით უზრუნველყოფილია საიჯარო საგნით ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, არც დავის განხილვისას გამხდარა სადავოდ, რომ სადაწნევო მილების სწორედ საიჯარო მიწის საგანზე გადიოდა და მითითებული მიწის ნაკვეთების სხვა დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელი იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა, რომ მილის გამოყენება (მაგალითად სანიტარული წყლის დაღვრა), ნაყოფის მიღების მიზნით, საიჯარო საგნის ობიექტი უნდა ყოფილიყო. ასევე უდავოა, რომ მხარეთა შორის წყლის მილით მიწოდება ცალკე ხელშეკრულებით, ხოლო მიწების იჯარა ცალკე ხელშეკრულებებით იყო მოწესრიგებული, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პირველი კასატორის უშედეგო მცდელობას იჯარის ხელშეკრულებების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების მოტივით გააუქმოს წყლის მიწოდების ხელშეკრულებებიც. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების იმ პათოსს, რომ შპს „ფ–ას“ მიზანს სახელმწიფოსთან 49 წლის ვადით დაედო იჯარის ხელშეკრულებები, სწორედ სამეწარმეო საქმიანობის განვითარება წარმოადგენდა, რის გამოც, გრძელვადიანი ფინანსური ტვირთიც აქვს ნაკისრი. როგორც მოპასუხემ მოსარჩელეს წერილითაც აცნობა და სასამართლო სხდომაზეც არაერთხელ გააჟღერა, შპს „ფ–ა“ ანგარიშვალდებული იყო გერმანული ბანკის KFW-ს წინაშე, რომლის დაფინანსებითაც მოხდა ჰესის მშენებლობა (ი.ხ. ტომი I, ს.ფ. 81-81; ტომი V, ს.ფ. 174), ამიტომ მისი ვადაზე ადრე გაუქმების შესაძლებლობა შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მოტივით უნდა შემოწმდეს მკაცრად და სისტემურად, რათა გამოირიცხოს ბაზარზე უმსხვილესი ეკონომიკური აგენტის (თუ არა დომინანტური პოზიციის მქონე კომპანიის) უფლებების ბოროტად გამოყენება, საკუთარი შემოსავლების გაზრდის მოტივით.

29. პირველი კასატორის შემდგომი არგუმენტი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის ხელშეკრულების დადებას და შედეგად, ხელშეკრულების შეწყვეტის გართულებას მიემართება, პალატის აზრით, სრულებით არარელევანტურია განსახილველი დავის მიმართ, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებით მხარეები სახელდებით არიან შეთანხმებულები თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება, სახელდობრ მითითებულია სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციის 561-ე მუხლით განსაზღვრული წესი, ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე გაუქმდეს: ა) მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით; ბ) მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად. ამრიგად, პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის რედაქციის შეცვლა და გრძელვადიანი ხელშეკრულების სამთვიანი ვადის დაცვით შეწყვეტის პროცედურის შეცვლა გავლენას ვერ მოახდენდა სადავო შემთხვევის გადაწყვეტაზე, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა „სხვაგვარად იყო მოწესრიგებული“ რაც ისედაც გამორიცხავდა ამ გზით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ასე, რომ არც იყოს, პალატის აზრით, მოხმობილი არგუმენტი მაინც უადგილოა, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მიუსადაგებლობის გამო შეწყვეტილად აღიარება და ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება და არა გრძელვადიანი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, სხვა პატივსადები მიზეზით, რაც პირველი კასატორის ამ არგუმენტსაც უსაფუძვლოს ხდის.

30. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ/პირველმა კასატორმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებების ისეთი არსებითი შეცვლა, რომელიც განაპირობებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების შეუძლებლობას, ასევე ვერ დაადასტურა, რომ საიჯარო ხელშეკრულებებში მოიაზრებოდა საიჯარო მიწის ნაკვეთების არსებითი შემადგენელი ნაწილები და ვერც ის, რომ მოხდა სადავო მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასის მკვეთრი ცვლილება (გაზრდა). შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან, ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც პირველი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

31. რაც შეეხება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლიანობას, მისი შინაარსის გათვალისწინებით აღნიშნულის შეფასება შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების კვალდაკვალ მოხდება. შპს „ფ–ა“ შეგებებული საკასაციო საჩივრით აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოთვალა დასაკისრებელი თანხის ოდენობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. შეგებებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია შპს „ფ–ასთვის“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის დაკისრება 2019 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა)- (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794 794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.). უდავოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2019 წლის ოქტომბრიდან, მოპასუხე არ იხდიდა წყლის მილით მიწოდების საფასურს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მას მაინც მიეწოდებოდა შეზღუდული ოდენობის წყალი. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა წლით სარგებლობა, ამიტომ არსებობდა მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ დასაკისრებელი თანხის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო თავად სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი კი მიიჩნევს, რომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არ უნდა გამოთვლილიყო მხარეთა შორის 2010-2016 წლებში არსებული იჯარის ხელშეკრულებებით, რომლებითაც მოსარჩელეს იჯარით ჰქონდა გადაცემული ფ–აჰესის აგრეგატები. 2016 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებით განისაზღვრა ჟინვალჰესის სადაწნევო მილსადენის მომსახურების საფასური - გამომუშავებული ელექტროენერგიის ყოველ 1 კვტ.სთ-ზე 0,3 თეთრი. შპს „ფ–ას“ მტკიცებით, სწორედ ამ 2016 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებით გადახდილი თანხები გამოიყენა სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის, რაც არასწორია იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებით მილით მომსახურების ღირებულების გადახდა ხდებოდა გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის დროს, ძირითადად მილში გადიოდა წყალი სანიტარული ხარჯის ოდენობით, სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „ფ–ას“ შეეზღუდა გამოსაყენებელი წყლის ოდენობა და 2021 წლიდან შპს „ფ–ა“ 3.0 კუბ/წამზე მეტ წყალს არ იყენებს. თუნდაც ამ ფაქტის გამო არ უნდა მომხდარიყო ზიანის ანაზღაურების გამოთვლა სასამართლოს მიერ შერჩეული პრინციპით, ვინაიდან მილით მომსახურების გადასახადი იყო სრულიად სხვა ვალდებულება და რეგულირების გადასახადი სულ სხვა, რომელიც მოსარჩელესთან არ გადაიხდებოდა.

32. საკასაციო პალატა არცერთი მხარის არგუმენტებს არ იზიარებს და ამ მიმართებით ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნას (№002673121), რომლის შესაბამისად, იკვეთება მილით მომსახურების ღირებულების ზრდა ვალუტის კურსის, წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებლებისა და ელექტრო ენერგიის ღირებულების ცვლილების გათვალისწინებით, საწინააღმდეგო გარემოება არ გამოვლენილა სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში (ექსპერტისათვის დასმული მეშვიდე კითხვა). ამიტომ, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ის ფინანსური დანაკარგი, რაც მოსარჩელეს ადგებოდა, უნდა დაკომპენსირებულიყო მხარეთა შორის შეწყვეტილი ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადახდილი თანხების საშუალო არითმეტიკულით. შესაბამისად, ვინაიდან შპს „ფ–ას“ მიერ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისათვის“ გადარიცხული 4 თვის (2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეები) იჯარის, სადაწნეო მილსადენით მომსახურების და რეგულირების საფასური ჯამში 28 938.69 ლარს შეადგენდა. ამდენად, წყლის მიწოდების საფასურის წლიური საშუალო თანხაც, სწორად იქნა გამოთვლილი, რამაც შეადგინა 85 496,4 ლარი (7388.50+461+6986.66+437.20+6445,79+403,51+6000+375,09):4)).

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი კასატორი არსებით განჩინებასთან ერთად, სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებასაც, თუმცა არც ეს არგუმენტია დასაბუთებული. საქმის მასალებში წარმოდგენილი სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, საქმის განხილვის გადადების თაობაზე. მიუხედავად, იმისა, რომ საქმე ამ დროისთვის ხელმეორედ იყო ჩაბრუნებული პირველი ინსტანციის სასამართლოში და ამგვარი მოთხოვნის გამო, სხდომის გადადების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ჯერ გამოცხადდა შესვენება, ხოლო შესვენების შემდგომ მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა, 2025 წლის 24 იანვრის 15:00 საათამდე, სასარჩელო მოთხოვნის, მხოლოდ თანხის ოდენობის ნაწილში, დასაზუსტებლად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის განხილვის ეტაპის გათვალისწინებით ასევე, სარჩელის საფუძვლებსა და დავის საგანს შორის არსებითი სხვაობის გათვალისწინებით, საოქმო განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს პირველი კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევები.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ფ–ას“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 19/02/2026წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. შპს „ფ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 30/03/2026წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი