დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.06.2026
საქმის ნომერი
ას-232-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-232-2026

5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.ქ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ტ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჭ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „განმცხადებელი, „კერძო საჩივრის ავტორი“) და გ.ქ–ნის მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, ი.ჭ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა - 10 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან;

5.2. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე რამდენჯერმე, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა;

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ი.ჭ–ძისათვის (პ/ნ ...........) ჩაებარებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინება, შემდეგ მისამართზე: თბილისი, .........., ბინა #5. ტელ: ..........;

5.4. 2025 წლის 9 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველომ. მომართვიდან ირკვევა, რომ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა;

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით აპელანტს საჯარო გამოქვეყნების გზით ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინება საჯაროდ განთავსდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე (www.ecd.court.ge). განემარტა აპელანტს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინება აპელანტს ეცნობა საჯარო პუბლიკაციის წესით. გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 24 ივლისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2025 წლის 4 აგვისტოს. აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრია, ასევე, არ მიუმართავს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რადგანაც სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.

9. კერძო საჩივრის თანახმად, ხარვეზის განჩინება აპელანტს არ ჩაჰბარებია. აპელანტი სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მთელი ამ დროის განმავლობაში და შეუძლებელია ვერ ჩაჰბარებოდა სასამართლოს გზავნილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებ-გვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

17. საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი N 30459/13).

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნა მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. მხარისათვის განჩინების ჩაბარება ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ტერიტორიულმა ერთეულმა შეძლო. შესაბამისად მოპასუხეს ხარვეზის განჩინების შესახებ საბოლოოდ საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება, ხოლო საქმის მასალებიდან არ იკვეთება განჩინების სხვაგვარად ჩაბარების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო მისთვის აღნიშნული განჩინების თაობაზე ეცნობებინა საჯარო შეტყობინების გზით.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა 2025 წლის 24 ივლისს, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებული საპროცესო ვადის ათვლა (10 დღე) დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 25 ივლისიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი). სადავო არ არის, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო საჩივარში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2024 წლის 15 ნოემბერს, ხოლო განჩინება განუხილველად დატოვების შესახებ მიღებულია 2025 წლის 10 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 1 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არ მოუკითხავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება/არ მიღების საკითხი და არ ჰქონია სასამართლოსთან კომუნიკაცია.

22. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-ე-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე