დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1349-2025
29 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ–მა“ მოპასუხე ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით.
- სარჩელის თანახმად, შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ.“ რეგისტრირებულია თურქეთის რესპუბლიკაში. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები. მოსარჩელემ თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცა სპეციალური მინდობილობა (2009 წლის 20 იანვარს 20 წლის ვადით) მძღოლებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს. მინდობილობით კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს კადირ ზაგიოღლუს, რომელსაც სამართავად გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები - ნახევრად ევაკუატორი/მისაბმელის ევაკუატორი №61 14971 და ნახევრად მისაბმელი №61 14869, რაც დაზღვეული იყო სავალდებულო დაზღვევის ცენტრში (№0056047 და №0056028 პოლისები).
- 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა კ.ზ–უ, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ.გ–ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა მძღოლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
- მოსარჩელემ, მძღოლის მეშვეობით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გადაუხადა 10 000,00 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დაზარალებულს აუნაზღაურა ის თანხა, რაც სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაბამისად, უნდა აენაზღაურებინა მოპასუხეს.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ სარჩელში აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, არც მოსარჩელეს და არც დაზარალებული პირის უფლებამონაცვლეს, შეტყობინების სახით მოპასუხისათვის არ უცნობებია. საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული არავითარი დოკუმენტაცია/სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა არ წარუდგენიათ ცენტრისათვის. მოპასუხემ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიიღო განსახილველი სარჩელის მიღების შემდეგ. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი განცხადების წარუდგენლობის გამო, კანონით გათვალისწინებული წესითა და დადგენილი ვადებით (სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მე-8 მუხლი), მოპასუხე თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან; გარდა ამისა, მძღოლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებისა და მართლწინააღმდეგობის არარსებობა და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის არარსებობა, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ–ის“ სარჩელი ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრს მოსარჩელის შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ“ - ის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000,00 ლარის გადახდა; მოპასუხე ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრს მოსარჩელე შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ“ - ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 894,75 ლარის ოდენობით.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ“ - ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ“ - ს ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1200 ლარის, ანაზღაურება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები - ნახევრად ევაკუატორი/მისაბმელის ევაკუატორი №61 14971 და ნახევრად მისაბმელი №61 14869, რაც დაზღვეული იყო სავალდებულო დაზღვევის ცენტრში, რომელმაც გასცა №0056047 და №0056028 პოლისები.
6.2. 2018 წლის 25 მარტს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ გაცემული სავალდებულო დაზღვევის პოლისების №TPL0056028 და TPL0056047 თანახმად, დამზღვევს წარმოადგენს “G. N. T.T. VE T.”, მზღვეველს - თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე პირები, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრებია: 61K14971 და 61K14869, კატეგორია სატვირთო და ტრაილერი, მარკები და მოდელები - SCANIA/R 440 და TIRSAN/TIRSAN TSN-MAK- 3S-137/93. პოლისებით შეთანხმდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა.
6.3. სადაზღვევო პოლისებით სადაზღვევო ლიმიტები განისაზღვრა შემდეგნაირად: მესამე პირის ჯანმრთელობის, ქმედუნარიანობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის ერთი დაზარალებულისათვის 30 000,00 ლარი, ჯანმრთელობის დაზიანების გამო 15 000,00 ლარი, ერთი სადაზღვევო შემთხევის ჯამური ლიმიტი 300 000 ლარი, მესამე პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის: ერთი დაზარალებულისათვის - 25 000,00 ლარი, ერთი სადაზღვევო შემთხვევის ჯამური ლიმიტი - 50 000,00 ლარი; სადაზღვევო პერიოდების დაწყების თარიღი და დრო: 2018 წლის 25 მარტი 00:00 და დასრულების თარიღი და დრო - 2019 წლის 24 მარტი, 23:59.
6.4. მხარეთა მიერ თითოეულ შემთხვევაში შეთანხმებული სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი პირობების თანახმად, სავალდებულო დაზღვევა გულისხმობს, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებული, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოშობილ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი.
6.5. 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული „სკანიას“ მარკის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციის ნომრით 61K14971, რომელსაც მართავდა თურქეთის მოქალაქე კ.ზ–უ, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ.გ––ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
6.6. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილ ვითარებაში, მძღოლ კ.ზ–უს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ასევე, გამოძიებით დადასტურდა, რომ კ.ზ–უს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. 2019 წლის 18 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
6.7. სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ნ.გ–ის დედის, თ.ფ–ის, 2019 წლის 2 იანვრის განცხადების თანახმად, მან, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით დამხარება მიიღო მძღოლისგან - კ.ზ–უსგან, რომელიც სანაცვლოდ ითხოვდა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას, მძღოლის მიმართ შეღავათები გამოეყენებინათ.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობის ფარგლებში, მზღვეველისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობის საკითხი.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 801-ე, 839-ე, 840-ე მუხლებით, ამასთან მიუთითა სპეციალური კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი. პალატამ მიუთითა სპეციალური კანონის მე-2 მუხლზეც, რომელიც განმარტავს ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისთვის, კერძოდ, „დ) დაზარალებული (მესამე პირი) − პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, აგრეთვე მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე)“; „ვ) სადაზღვევო შემთხვევა – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი“; მოცემული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ანაზღაურებას ექვემდებარება დამზღვევის მიერ განზრახ ან უხეში გაურთხილებლობით მიყენებული ზიანი., რაც დაზარალებული მესამე პირების ინტერესთა დაცვის უპირატესობითაა ნაკარნახები.
9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში პირის პასუხისმგებლობას იწვევს მხოლოდ იმგვარი ზიანი, რომელიც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგს, აქედან ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას მისი ქმედების შედეგისათვის.
10. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიუთითა, რომ სახეზე არ იყო პირის ბრალეული ქმედება, რაც სამოქალაქო ზიანის არსებობისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ბრალეული ქმედების არარსებობა კი ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა მოპასუხის პასუხისმგებლობას დამდგარი შედეგისთვის. სახეზე არ იყო სადაზღვევო შემთხვევა და შესაბამისად, მზღვეველს არ გააჩნდა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულების ვალდებულება.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-8 მუხლზე - სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულებაზე, რომლის თანახმად: 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „...“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა; 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ; 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე; ... 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.
12. პალატის მითითებით, მოსარჩელეს საპირისპირო მტკიცება არ წარმოუდგენია მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ ფაქტზე, რომ სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი განცხადება (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარდგენილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული წესითა და დადგენილი ვადების მიხედვით. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვეული იყო კანონით დადგენილი შეტყობინების ვალდებულება, რაც კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველია.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ–მა“ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
14. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია რეგრესის წესის გამოყენება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელებული არ იყო სადაზღვევო რისკი, არ დამდგარა სადაზღვევო შემთხვევა. მისი მოსაზრებით, ხდომილების სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირებისთვის, სახეზე უნდა იყოს ზიანი, ანუ სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგი. სასამართლომ არ გამოიყენა და არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი და ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხს. სასამართლო, სარჩელის უარყოფის საფუძვლად უთითებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მხრიდან დაირღვა შეტყობინების ვალდებულება, სსკ-ის 814-ე მუხლით დადგენილია დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველს არ შეუძლია, დაეყრდნოს შეთანხებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესი არსებითად არ დაირღვევა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. დამზღვევის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობების ფარგლებში, მზღვეველისთვის დაზარალებულის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.
22. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი (ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 2016, გვ.17; სუსგ №ას-535-2020, 05.10.2021წ.).
23. სსკ-ის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. ამავე კოდექსის 840-ე მუხლით, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი შეიძლება იყოს არა მარტო დამზღვევის ქონება, არამედ დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც. დაზღვევის მოცემული სახის მიზანია, ერთი მხრივ, გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირისათვის (დაზარალებულისათვის) ზიანის მიყენების გამო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს თვით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც დაზარალებულის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს (მ. ცისკაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 161,162).
24. სსკ-ის 801-ე მუხლის მიხედვით, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება მეოცე თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობას. სპეციალური კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდეგში „სავალდებულო დაზღვევა“) დაკავშირებულ ურთიერთობებს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი).
25. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი.
26. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2018 წლის 25 მარტს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ გაცემული სავალდებულო დაზღვევის №TPL0056028 და TPL0056047 პოლისების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები - ნახევრად ევაკუატორი/მისაბმელის ევაკუატორი №61 14971 და ნახევრად მისაბმელი №61 14869, დაზღვეული იყო სავალდებულო დაზღვევის ცენტრში, დამზღვევს წარმოადგენს “GURSOY NAKLIYAT TUR TAAH VE TIC”, მზღვეველს - თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე პირები, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრებია 61K14971 და 61K14869, კატეგორია სატვირთო და ტრაილერი, მარკები და მოდელები - SCANIA/R 440 და TIRSAN/TIRSAN TSN-MAK- 3S-137/93.
27. დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება „სკანია“, რეგისტრაციის ნომრით 61K14971, რომელსაც მართავდა თურქეთის მოქალაქე კ.ზ–უ, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ.გ––ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, გამოძიებით დადასტურდა ასევე, რომ კ.ზ–უს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. 2019 წლის 18 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
28. საქმეში წარმოდგენილია სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ნ.გ–ის დედის, თ.ფ–ის 2019 წლის 2 იანვრის განცხადება, რომლის თანახმად, მან, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით დამხარება მიიღო მძღოლისგან - კ.ზ–უსგან, რომელიც სანაცვლოდ ითხოვდა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას, მის მიმართ შეღავათები გამოეყენებინათ.
29. საკასაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.
30. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (იხ. საქმე №ას-155-145-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
31. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წინაპირობებს, კერძოდ, უნდა ვლინდებოდეს პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
32. ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევი შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი.
33. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მძღოლის კ.ზ–უს მოქმედებაში ადგილი არ ჰქონია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას და 2019 წლის 18 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყვეტილ იქნა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებული არ არის სადაზღვევო შემთხვევა, სახეზე არ არის პირის ბრალეული ქმედება, რაც აუცილებელი წინაპირობაა სამოქალაქო ზიანის არსებობისთვის.
34. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევა ანაზღაურებს დაზღვეულის მიერ განცდილ ზარალს ან იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას რეალურად დაეკისრა.
36. მოცემული დავის ფარგლებში იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს (მის ქონებრივ დანაკლისს) - მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელსაც გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად, რაიმე სახის სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ხოლო, რაც შეეხება თინათინ ფირიაშვილის 2019 წლის 2 იანვრის განცხადებას, რომლითაც დასტურდება, რომ მან, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით დახმარება მიიღო მძღოლისგან - კ.ზ–უსგან, ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
37. სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, მზღვეველის შეტყობინების ვალდებულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ მიმართებით მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
38. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს სსკ-ის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ,,მზღვეველს არ შეუძლია შეთანხმებას დაეყრდნოს, რომლითაც იგი თავისი მოვალეობისაგან თავისუფლდება, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვა“.
39. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა უთითებს სპეციალური კანონის მე-8 მუხლზე - სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომლის თანახმად, 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „..“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა; 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ; 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე; ... 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.
40. გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადაზღვევო შემთხვევის (ავტოსაგზაო შემთხვევის) შესახებ, კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადაში, შეტყობინებისა და დამზღვევის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას არ მიეცა შემთხვევის შესწავლის საშუალება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან, კანონით დადგენილი შეტყობინების ვალდებულების დარღვევა, სპეციალური კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველია.
41. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „გ.ნ.თ–მა ი.თ.ვ.თ–“-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის 70% - 1050 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადასახადო დავალება #4326, გადახდის თარიღი 15/12/2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე