დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1464-2025
1 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - შპს „Q.“, შპს „S. i. c.“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს.(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქოტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან, წილის ღირებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ.ს–მა მოპასუხეების შპს „Q.“-ის, შპს „S. i. c.“-ს მიმართ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის, წილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
- სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2012 წლის 3 დეკემბერს დააფუძნა შპს „Q.“-ი. საზოგადოებამ 2013 წლის 31 იანვარს შეიძინა 3 მიწის ნაკვეთი, ბიზნესის მოსაწყობად. ვინაიდან ბიზნესი მოითხოვდა დამატებით ინვესტიციებს, მოსარჩელემ მისი კუთვნილი წილიდან, 70% 2013 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით, საკუთრებაში გადასცა შპს „S. i.c.“-ს, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი პარტნიორიც არის რ.ფ–ი. გარდა ამისა, შპს „Q.“-ის 2013 წლის 20 მაისის კრების ოქმის საფუძველზე კომპანიის მეორე დირექტორად დაინიშნა რ.ფ–ი. შპს „Q.“-მა 2013 წელს დამატებით შეიძინა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი. 2014 წლის 16 მაისს, რ.ფ–მა ერთპიროვნულად, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, ისე, რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება კანონით დადგენილი წესით, მიიღო დირექტორის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება და შპს „Q.“-ის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა მ.ს–ი.
- მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, მიეწოდებინა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია , რაზეც პასუხი არ მიუღია. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მოსარჩელემ რამდენიმეჯერ სცადა პარტნიორთა კრების მოწვევა, თუმცა უშედეგოდ. კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელემ 2019 წლის 9 აგვისტოს, 16 სექტემბერსა და 18 ოქტომბერს დაზღვეული წერილებით, მოპასუხეს აცნობა პარტნიორთა კრების ჩატარების დრო და ადგილი, თუმცა მოპასუხე არ გამოცხადდა. ამის შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა საჯარო გავრცელების გზით პარტნიორის მოწვევასაც. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს წინაპირობები, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელდეს საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა მისი წილის ღირებულების ანაზღაურებით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თავად მოსარჩელე ბოლო 6-7 წელია არ იმყოფება საქართველოში, ის გაურბის მოპასუხესთან შეხვედრებს, რათა პარტნიორებს შორის გადაწყდეს წილის საკითხი. მოსარჩელე ცდილობს, მიიღოს ის, რაც არ ეკუთვნის. მოსარჩელეს არასდროს მიუღია მონაწილოება საზოგადოების საქმიანობაში, მას არ შეუტანია თანხა, ყველა ქონების შეძენა რ.ფ–ის სახსრებით განხორციელდა, მოსარჩელემ კი კომპანია, თითქმის გაკოტრების პირას მიიყვანა. მოპასუხეებმა არ გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაც და დამატებით განმარტეს, რომ მოპასუხე თავად არის დაინტერესებული, რომ გავიდეს საზოგადოებიდან მოსარჩელე, თუმცა წილის ღირებულება უნდა განსაზღვროს მათ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად, საზოგადოებაში მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ს–ის განცხადება შპს „Q.“ - იდან გასვლის შესახებ დაკმაყოფილდა; შპს „Q.“-ის დაეკისრა მ.ს–ისათვის 30%-იანი წილის ღირებულების ანაზღაურება 2 092 533 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „Q.“-ის მოსარჩელე მ.ს–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 20925 (ოცი ათას ცხრაასოცდახუთი) ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „Q.“-მა, შპს „S. i. c.“-მ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, შპს „Q.“-ის, შპს „S. i.c.“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ ყუარდღება გაამახვილა შემდეგ დადგენილ გარემოებებზე:
6.1. შპს „Q.“ არის 03.12.2012 წლიდან რეგისტრირებული კომპანია. კომპანიის დარეგისტრირებისას 100% წილის მფლობელ პარტნიორს და დირექტორს წარმოადგენდა მ.ს–ი. იმავე რიცხვში მიღებული შპს „Q.“-ის კრების გადაწყვეტილებით შპს „Q.“- ის მეორე დირექტორად დაინიშნა რ.ფ–ი. შპს „S. i.c.“-ს 100%-იანი მფლობელი პარტნიორი და ამავდროულად, კომპანიის დირექტორი არის რ.ფ–ი.
6.2. დადგენილია, რომ შპს „Q.“-ის პარტნიორის გადაწყვეტილებით, მ.ს–ი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან კომპანიის წარმომადგენლად და დირექტორად დარჩა მხოლოდ რ.ფ–ი. კრებას ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მფლობელი პარტნიორი - რ.ფ–ი.
6.3. შპს „Q.“-ის წესდების 3.7. პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
6.4. შპს „Q.“-იდან 30% წილის მფლობელი პარტნიორის გასვლისა და წილის შესაბამისი კომპენსაციის მიღების თაობაზე დღის წესრიგით მ.ს–ის ინიციატივით რამდენიმეჯერ მოიწვიეს პარტნიორთა საერთო კრება, კერძოდ:
· 06.08.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 23 აგვისტოს;
· 16.09.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 27 სექტემბერს;
· 18.10.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 30 ოქტომბერს;
- არცერთ კრებას შპს „Q.“-ის 70% წილის მფლობელი პარტნიორი შპს „S. i.c.“-ს (მისი კანონიერ წარმომადგენელი რ.ფ–ი) არ დასწრებია. კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების დარეგისტრირებაზე საჯარო რეესტრმა მოსარჩელეს უარი განუცხადა, საფუძვლად მითითებულია სპეციალური კანონის მოთხოვნა, რაც გულისხმობს პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებას.
6.5. 2023 წლის 20 მარტს შპს „Q.“-ის 30% წილის მფლობელი პარტნიორის მ.ს–ის წარმომადგენელმა მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი საზოგადოებიდან გასვლისა და წილის ღირებულების განსაზღვრის მოთხოვნით. ხოლო, 2023 წლის 3 მაისის წერილით, დამატებით ეთხოვა აუდიტის ჩატარებისა და წილის შეფასების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარედგინა გარკვეული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, წერილი გაეგზავნა მოპასუხეთა წარმომადგენელს დიმიტრი ნაცვლიშვილს.
7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 144-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, პარტნიორის განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. პალატამ მიუთითა ამავე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რომელიც ეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების საზოგადოებიდან გასვლას. მიუთითა საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის წესზე და აღნიშნა, რომ შპს „Q.“-ის წესდება არ შეიცავდა შეთანხმებას საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების წესი, გასვლის შედეგად წილის სანაცლო კომპენსაციის ანაზღაურების, დანარჩენ პარტნიორზე/პარტნიორებზე განაწილების საკითხი და სხვა.
8. საზოგადოებიდან მოსარჩელის გასვლასთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის განმარტებაზე (ახსნა-განმარტება, 2023 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 14:03 სთ; რეპლიკა - 14:53 სთ), რომ ფაქტობრივად შპს „Q.“ ფუნქციონირებდა მხოლოდ რ.ფ–ის (შპს „Q.“-ის დირექტორი, ამავდროულად, 70% წილის მფლობელი პარტნიორის - შპს „S. i.c.“-ს 100%-იანი მფლობელი პარტნიორი) სახსრებით და არ იყო წინააღმდეგი, საზოგადოებიდან მოსარჩელის გასვლის. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე იმ ფაქტზე, რომ პარტნიორის გასვლის საწინააღმდეგო პოზიცია არ იყო წარდგენილი სააპელაციო საჩივარშიც, აპელანტი სადავოდ ხდიდა მხოლოდ პარტნიორის წილის ღირებულებას.
9. ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად მიიჩნიოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხის/აპელანტის პოზიციის გათვალისწინებით, პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სხდომაზე მოპასუხე/აპელანტი მხარის წარმომადგენელის შეცვლილი პოზიცია, რომ თანახმა არ იყო მოსარჩელის საზოგადოებიდან გასვლაზე და განმარტა, რომ წარმომადგენლის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა მხარის/წარმომადგენლის მიერ წინა ეტაპზე განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაზე.
11. პარტნიორის წილის ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე. მ.ს–ის დაკვეთით აუდიტორულმა ფირმამ შპს „თ.ა–მა“ 2016 წლის 6 ივლისს მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „Q.“-ში მ.ს–ის კუთვნილი 30% წილის ღირებულება განისაზღვრა 2 092 533 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარით. მოპასუხე შპს „Q.“-ის დაკვეთით ი/მ დ.რ–ძემ 2023 წლის 16 ოქტომბერს გასცა აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „Q.“-ში მ.ს–ის კუთვნილი 30% წილის ღირებულება განისაზღვრა 810 230 (რვაასათი ათას ორასოცდაათი) ლარით.
12. დასკვნების ურთიერთწინააღმდეგობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, დაინიშნა ექსპერტიზა. თუმცა ექსპერტიზა დაბრუნდა შეუსრულებელი სახით, მოპასუხე მხარის მიერ ექსპერტიზის ღირებულების გადაუხდელობის გამო.
13. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული დასკვნები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, მეტი სანდოობითა და გამჭვირვალობით გამოირჩეოდა. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის დასკვნაში აღწერილი იყო შეფასების დროისთვის თითოეული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა/არსებული გაუმჯობესებები, ნაკვეთების მდებარეობის, ასევე ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით შეფასდა მათი კომერციული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობები. გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ თავად მოპასუხე/აპელანტი განმარტავდა, რომ ყველა უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, თუმცა უთითებდა, რომ საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე წლების წინ შედგენილ დასკვნით არის დადგენილი. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის დასკვნაში არ იყო მითითებული, რომელი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მომზადდა დასკვნა, არ იყო აღნიშნული, რა უტყუარ მტკიცებულებას ეყრდნობოდა ექსპერტის ის შეფასება, რომ მოსარჩელე მთლიანად ჩამოშორებული იყო საზოგადოების საქმიანობას, ხოლო ყოველგვარი თანხების გაცემა, მათ შორის, ქონების გაუმჯობესება, რ.ფ–ას უხდებოდა.
14. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „Q.“-ს მართებულად დაეკისრა მ.ს–ისათვის 30%-იანი წილის ღირებულების ანაზღაურება 2 092 533 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს „Q.“-მა და შპს „S. i. c.“-მ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება.
16. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
16.1. კასატორების განმარტებით, მოპასუხეს (კასატორს) არსად უცვნია სარჩელი პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებით, სარჩელი არ იყო განსახილველად მისაღები, ვინაიდან მოსარჩელე ვერ უთითებდა და არც წარუდგენია სასამართლოში მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა კანონით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას, პარტნიორის გასვლის უფლების არსებობაზე. მოსარჩელე ეჭიდებოდა ერთადერთ საფუძველს დივიდენდის გაუნაწილებლობაზე, თუმცა არაფერი წარუდგენია სასამართლოში, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს კანონისმიერი დებულებები და ვადები პარტნიორის გასვლის შემთხვევისათვის.
16.2. პირველ ინსტანციაში საქმის წაგების შემდეგ, მოპასუხე მხარემ (კასატორმა) აპელაციაში ახალი წარმომადგენლით ჩაანაცვლა წინა წარმომადგენელი, რასაც მოჰყვა საჩივრის დაზუსტება შინაარსობრივად, გულმოდგინედ იქნა შესწავლილი ორივე დასკვნა და ნათლად იქნა დასაბუთებული, რომ მოსარჩელის აუდიტმა 2016 წელს შეაფასა შპს-ს ქონება და არა მისი წილის ღირებულება, რაც სხვადასხვაა, მას არ უნახავს არც საბუღალტრო დოკუმენტები, ექსპერტმა არ აღწერა დასკვნაში შემოსავალ-გასავალი, ვალდებულებები და სხვა, რაც გავლენას ახდენს პარტნიორის წილის ღირებულებაზე და მიწების ღირებულება წილის ღირებულებაში გააიგივა. სააპელაციო საჩივრის დაზუსტებით, ასევე სხდომაზე ზეპირი მოხსენებით ცალსახად იქნა წარმოჩენილი სასამართლოს მიკერძოებულობის ტოლფასი სუბიექტური შეფასება და მიდგომა ყოვლად გაუმართავი აუდიტორული დასკვნისადმი, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ, რომ ამ კუთხით კარგად გამოეკვლია სადავო საკითხი. მოპასუხის ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯის გადაუხდელობის გამო, საქმე სასამართლოში დაბრუნდა დასკვნის გაუცემლად. აღნიშნული გარემოების მიზეზი იყო ის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის თარიღიდან, საქმის უკან დაბრუნების თარიღამდე, კასატორი სამეწარმეო სუბიექტის დირექტორი რ.ფ–ი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, რაც დასტურდება საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით. ირანსა და საქართველოს შორის ბოლო 10 წელია თანხის გადარიცხვა შეჩერებულია. ასეთ ვითარებაში, საქართველოში მყოფი წარმომადგენელი ვერ ახერხებდა კომუნკაციას მარწმუნებელთან და ვერ უზრუნველყო ექსპერტიზის ხარჯის გადახდა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „Q.“-ის და შპს „S. i. c.“-ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის კვალიფიციურად შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „Q.“ არის 03.12.2012 წლიდან რეგისტრირებული კომპანია. კომპანიის დარეგისტრირებისას 100% წილის მფლობელ პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენდა მ.ს–ი. იმავე რიცხვში მიღებული შპს „Q.“-ის კრების გადაწყვეტილებით შპს „Q.“- ის მეორე დირექტორად დაინიშნა რ.ფ–ი. შპს „S. i.c.“-ს 100%-იანი მფლობელი პარტნიორი და ამავდროულად, კომპანიის დირექტორი არის რ.ფ–ი.
- დადგენილია, რომ შპს „Q.“-ის პარტნიორის გადაწყვეტილებით მ.ს–ი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან კომპანიის წარმომადგენლად და დირექტორად დარჩა მხოლოდ რ.ფ–ი. კრებას ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მფლობელი პარტნიორი - რ.ფ–ი.
- შპს „Q.“-ის წესდების 3.7. პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
- შპს „Q.“-იდან 30% წილის მფლობელი პარტნიორის გასვლისა და წილის შესაბამისი კომპენსაციის მიღების თაობაზე დღის წესრიგით მ.ს–ის ინიციატივით რამდენიმეჯერ მოწვეული იქნა პარტნიორთა საერთო კრება, კერძოდ:
· 06.08.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 23 აგვისტოს;
· 16.09.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 27 სექტემბერს;
· 18.10.2019 წლის წერილის/შეტყობინების საფუძველზე პარტნიორთა საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 30 ოქტომბერს;
- არცერთ კრებას შპს „Q.“-ის 70% წილის მფლობელი პარტნიორი შპს „S. i.c.“-ს (მისი კანონიერ წარმომადგენელი რ.ფ–ი) არ დასწრებია. კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების დარეგისტრირებაზე საჯარო რეესტრმა მოსარჩელეს უარი განუცხადა, საფუძვლად მითითებულია სპეციალური კანონის მოთხოვნა, რაც გულისხმობს პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებას.
- 2023 წლის 20 მარტს შპს „Q.“-ის 30% წილის მფლობელი პარტნიორის მ.ს–ის წარმომადგენელმა მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი საზოგადოებიდან გასვლისა და წილის ღირებულების განსაზღვრის მოთხოვნით, ხოლო 2023 წლის 3 მაისის წერილით, დამატებით ეთხოვა აუდიტის ჩატარებისა და წილის შეფასების მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარედგინა გარკვეული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, წერილი გაეგზავნა მოპასუხეთა წარმომადგენელს დიმიტრი ნაცვლიშვილს.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 19 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „Q.“ ფაქტობრივად ფუნქციონირებს მხოლოდ რ.ფ–ის (შპს „Q.“-ის დირექტორი, ამავდროულად, 70% წილის მფლობელი პარტნიორის - შპს „S. i.c.“-ს 100%-იანი მფლობელი პარტნიორი) სახსრებით და ამდენად, არ იყო წინააღმდეგი, საზოგადოებიდან მოსარჩელის გასვლის (ახსნა-განმარტება, 2023 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 14:03 სთ; რეპლიკა - 14:53 სთ).
25. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის საწინააღმდეგო პოზიცია წარდგენილი არ ყოფილა არც სააპელაციო საჩივარში. აპელანტი სადავოდ ხდიდა მხოლოდ პარტნიორის წილის ღირებულებას.
26. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს (კასატორს) არ უცვნია სარჩელი საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებით და უთითებს სსსკ-ის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
27. აღნიშნული ნორმით მოწესრიგებული აღიარების ინსტიტუტი, საპროცესო სამართლის თეორიაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება უნდა იყოს კონკრეტული და გამოხატავდეს მხარის გაცნობიერებულ ნებას, რომ ის ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ამა თუ იმ ფაქტს და მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს მის არსებობას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-856-800-2017, 20 ოქტომბერი, 2017 წელი).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარება, როგორც მტკიცებულება, სამოქალაქო სამართალწარმოებაში უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევა, რადგან მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამდენად, კანონი ფაქტის აღიარების გაქარწყლების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობის პირობებში, როგორიცაა - შეცდომა, რომელიც აღიარების შემდეგ გახდა ამღიარებლისათვის ცნობილი, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდა, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
29. ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერებითა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არ იყო წინააღმდეგი საზოგადოებიდან მოსარჩელე პარტნიორის გასვლის (იხ. 2023 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 14:03 სთ; რეპლიკა - 14:53 სთ) და აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგო მითითებას არც სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის თანხმობა, საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი საფუძველი იყო. კასატორს კი, სსკ-ის 133-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არც ის გარემოება არ დაუდასტურებია, რომ არსებობდა აღიარების გაქარწყლების კანონით იმპერატიულად დადგენილი წინაპირობები (ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას).
30. რაც შეეხება დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე/აპელანტი მხარის წარმომადგენლის შეცვლილ პოზიციას, რომ არ არის თანახმა მოსარჩელე გავიდეს საზოგადოებიდან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარმომადგენლის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს მხარის/წარმომადგენლის მიერ წინა ეტაპზე განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაზე და უთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 99-ე მუხლით - მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. დასახელებული მუხლის დანაწესი მოქმედებს, როგორც სასამართლო წარმოებისას შესრულებული საპროცესო მოქმედებების, ასევე კერძო სამოქალაქო ურთიერთობაში განხორციელებული მოქმედებების მიმართ (იხ. სუსგ-ები: №ას-1175-2019 31.01.2020წ.; №ას-331-2021 15.02.2022წ.; №ას-359-2022 4.07.2022წ.; №ას-145-2023 28.02.2023წ.; №ას-1181-2023, 11.12.2023წ.).
31. საკასაციო პალატის განმარტებით, წარმომადგენლის შეცვლა ვერ გახდება მის მიერ შეცვლილ პოზიციაზე მსჯელობის საფუძველი, რადგან უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება, სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, ინარჩუნებს სამართლებრივ მნიშვნელობას და წარმომადგენლის ცვლილება ვერ მოახდენს ამაზე გავლენას.
32. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორების მორიგ პრეტენზიას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, მოსარჩელის წარმოდგენილი დასკვნის გაზიარებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეა და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
33. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები, რომელთაგან დამაჯერებლად და დასაბუთებულად მიიჩნიეს მოსარჩელის დაკვეთით მომზადებული დასკვნა.
35. მხარეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეპირისპირებისას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღწერილია შეფასების დროისთვის თითოეული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა/გაუმჯობესება, ნაკვეთების მდებარეობის, ასევე ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, შეფასებულია მათი კომერციული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობები, სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა მოპასუხე/აპელანტის განმარტება, რომ ყველა უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წლების წინ შედგენილი დასკვნით არის დადგენილი.
36. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ი/მ დ.რ–ძის მიერ. დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ დასკვნის მომზადების მიზნით, მოახდინა დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა-ანალიზი და ადგილზე დათვალიერება, თუმცა გაურკვეველია, რომელი დოკუმენტის ანალიზს გულისხმობს. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ მ.ს–ი საერთოდ ჩამოშორდა შპს-ს საქმიანობას და ყოველგვარი თანხების გაცემა, მათ შორის, ქონების გაუმჯობესების ხარჯების გაღება უხდებოდა რ.ფ–ს. თუმცა, დასკვნა არ შეიცავს იმ დოკუმენტების შესახებ მითითებას, რითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა დასკვნის გაცემის დროს, არ ირკვევა რა უტყუარ მტკიცებულებას ეყრდნობა ექსპერტის ეს შეფასება.
37. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხე მხარის (კასატორების) ინიციატივით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: 1) რა საბაზრო ღირებულება გააჩნია შპს „Q.“-ს? 2) რამდენს შეადგენას შპს „Q.“-ში მ.ს.ქ–ის კუთვნილი 30% წილის საბაზრო ღირებულება? 3) შპს „Q.“-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებებიდან, რამდენად შესაძლებელია მ.ს.ქ–ის კუთვნილი 30% წილის ფაქტობრივი გამოყოფა, ისე, რომ უძრავმა ქონებამ არ დაკარგოს დანიშნულება და შედგეს შესაბამისი აზომვითი ნახაზი? განჩინებით ექსპერტიზასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაეკისრა ორივე მხარეს თანაბრად. საგულისხმოა, რომ საქმე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სასამართლოში დაბრუნდა შეუსრულებელი სახით, იმ მოტივით, რომ მოპასუხე მხარემ საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება არ გაფორმა.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სააპელაციო პალატის მიერ არამართლზომიერად შეფასებისა და მოსარჩელის წარმოდგენილი დასკვნის არამართლზომიერად გაზიარების შესახებ, საკასაციო საჩივარი, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. კასატორებმა ამ მხრივაც ვერ წარმოადგინეს კვალიფიციური შედავება, სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად, რაც მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მოპასუხეების საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობას განაპირობებდა. აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
39. რაც შეეხება კასატორების მიერ 2026 წლის 3 თებერვალს წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. სსსკ-ის 407.1. მუხლი [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, პალატა აღნიშნულ დასკვნას, როგორც ახალ მტკიცებულებას, ვერ შეაფასებს.
40. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „Q.“-ის და შპს „S. i. c.“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „Q.“-ის (ს/კ ........) და შპს „S. i. c.“-ს (ს/კ .........) დაუბრუნდეთ თ. ჯ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 გადახდის ქვითარი #111108295, გადახდის თარიღი 31/01/2026);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე