გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2026
საქმის ნომერი
ას-140-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

17 ივნისი 2026 წელი

№ას-140-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ს.გ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს. „თ.ბ“-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ს.ს. “თ.ბ“-ს მიერ ს.გ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 18 მაისის N 05.18-560.00 განკარგულების ბათილად ცნობა.

1.2. ს.გ–ძის ს.ს. “თ.ბ–ში“ პირვანდელ - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორის, ჰორეკასა და კომერციული უძრავი ქონების კორპორატიული საოპერაციო ბანკირის თანამდებობაზე აღდგენა.

1.3. ს.ს. “თ.ბ–თვის“ ს.გ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2023 წლის 18 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, დაბეგრილი/ხელზე ასაღები 6670.61 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) ოდენობით.

1.4. ს.გ–ძის სასარგებლოდ ს.ს. “თ.ბ–თვის“ 2023 წელს გამომუშავებული (2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდი) და გადაუხდელი ბონუსის თანხის, 17476.8 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) დაკისრება.

1.5. ს.გ–ძის სასარგებლოდ ს.ს. “თ.ბ–თვის“ 2023 წელს გამომუშავებული (2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდი) და გადაუხდელი ბონუსის თანხის, 17476.8 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის, ყოველდღიურად ანაზღაურება, 2023 წლის 08 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ს.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს.ს. ,,თ.ბ“-ს 2023 წლის 18 მაისის N 05.18-560.00 განკარგულება ს.გ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გაბათილდა. ს.გ–ძის მოთხოვნა, ს.ს. “თ.ბ–ში“ პირვანდელ - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორის, ჰორეკასა და კომერციული უძრავი ქონების კორპორატიული საოპერაციო ბანკირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა და აღდგენის სანაცვლოდ, ს.ს. “თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ს.ს. “თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 18 ივლისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დაბეგრილი/ხელზე ასაღები 2871.79 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) ოდენობით. ს.ს. „თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გამომუშავებული ბონუსის თანხის, დაბეგრილი/ხელზე ასაღები - 11 397.96 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) ანაზღაურება. ს.ს. „თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გამომუშავებული ბონუსის თანხის, დაბეგრილი/ხელზე ასაღები - 11 397.96 ლარის დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის დაბეგრილი/ხელზე ასაღები 11 397.96 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) 0.07%-ის ყოველდღიურად ანაზღაურება, 2023 წლის 08 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბონუსის თანხისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს.ს. „თ.ბ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4, 1.5 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.გ–ძის მოთხოვნა ს.ს. „თ.ბ–თვის“ ს.გ–ძის სასარგებლოდ 2023 წელს გამომუშავებული (2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდი) და გადაუხდელი ბონუსის თანხის, 17476.8 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ს.გ–ძის მოთხოვნა ს.ს. „თ.ბ–თვის“ ს.გ–ძის სასარგებლოდ 2023 წელს გამომუშავებული (2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდი) და გადაუხდელი ბონუსის თანხის, 17476.8 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის, ყოველდღიურად, 2023 წლის 08 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.გ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით:

7.1. ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

7.2. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის N2/ბ-3829-24 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 და 1.5 პუნქტები (ბონუსისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

7.3. ს.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

7.4. ს.ს. ,,თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გამომუშავებული ბონუსის თანხის, დაბეგრილი/ხელზე ასაღები - 11 397.96 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) ანაზღაურება.

7.5. ს.ს. ,,თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გამომუშავებული ბონუსის თანხის, დაბეგრილი/ხელზე ასაღები - 11 397.96 ლარის დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის დაბეგრილი/ხელზე ასაღები 11 397.96 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ) 0.07%-ის ყოველდღიურად ანაზღაურება, 2023 წლის 08 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7.6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7.7. ს.ს. ,,თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

7.8. ს.ს. ,,თ.ბ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2228.65 ლარის (ორიათას ორას ოცდარვა ლარი და სამოცდახუთი თეთრი) გადახდა.

7.9. ს.გ–ძის მიერ სააპელაციო საჩივარსა (150 ლარი) და საკასაციო საჩივარზე (300 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდა.

7.10. ს.ს. ,,თ.ბ“-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 572 ლარი არ ანაზღაურდა.

7.11. ს.ს. ,,თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2150 (ორიათას ასორმოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურება.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 28 მაისს განცხადებით მომართა ს.გ–ძემ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. განმცხადებლის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით მხარეთა განსხვავებული პოზიციები არსებობს, რასაც მნიშვნელობა აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისათვის, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით ს.ს. „თ.ბ–ს“ ს.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2026 წლის 28 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი შუამდგომლობს, განიმარტოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, მათ შორის მისი სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი, კანონიერ ძალაში შევიდა 2026 წლის 28 აპრილს და არა 2024 წლის 31 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

10. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შდრ. ს.უ.ს.გ: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას იმ საფუძვლით, რომ განისაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების, მათ შორის მისი სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტის, კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი, რომელიც, მისი მოსაზრებით, არის 2026 წლის 28 აპრილი და არა 2024 წლის 31 ივლისი.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 და 1.5 პუნქტები ბონუსისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში და ამ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მკაფიოდ არის ასახული, თუ რა ნაწილში შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და რა ნაწილში დარჩა იგი უცვლელი, რაც გამორიცხავს სარეზოლუციო ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანების არსებობას.

14. განმცხადებლის მიერ დასმული საკითხი შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის დადგენას და აღნიშნული გარემოების გავლენას კონკრეტული მოთხოვნის აღსრულებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული რაიმე ბუნდოვანი, არაზუსტი ან ურთიერთგამომრიცხველი დებულება, რომელიც საჭიროებს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიზნებისათვის. ამასთან, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი განმარტება არ გამომდინარეობს უშუალოდ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან და, ფაქტობრივად, მიმართულია ისეთი სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისკენ, რომელიც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით არ გადაუწყვეტია და რომლის შეფასებაც, გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის ფარგლებს სცდება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტი ემსახურება მხოლოდ ბუნდოვანი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის დაზუსტებას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლების გაფართოების, ახალი სამართლებრივი შეფასების მიცემის ან ისეთი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, რომელიც სარეზოლუციო ნაწილში ასახული არ არის. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათელია, არ შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს და განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხი სცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებს, წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი