დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
18 თებერვალი 2026 წელი
№ას-703-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - პ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პ.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მიმართ, 208 230.15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად ს.ს. „ბ–ის“ გადახდილი თანხები) და 203 015.93 ლარის (სამეწარმეო საზოგადოების ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი) დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 490.15 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 203 015.93 ლარის გადახდა (მოპასუხის ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი). მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის 106 740 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის 106 740 აშშ დოლარის დაკისრებაზე, კანონიერ ძალაშია შესული.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც თავიდანვე არ არსებობდა ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა.
8.2. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე არის მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოების 10%-ის წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც 2010 წლიდან 2020 წლის ივნისამდე იყო მისი დირექტორიც.
8.3. 2013 წლის 30 მაისს ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა მოპასუხეს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა სამეწარმეო საზოგადოების მიერ კრედიტორთან 24.05.2013 წელს დადებული №24.05/13 კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
8.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2016 წლის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება ბანკსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ბანკისთვის 807 381 აშშ დოლარისა და 78 ცენტის (ძირითადი დავალიანება 704 637 აშშ დოლარი და 57 ცენტი; პროცენტი - 102 744 აშშ დოლარი და 21 ცენტი; პირგასამტეხლო - 6 480 აშშ დოლარი და 17 ცენტი) გადახდის ვალდებულება.
8.5. ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია 208 230.15 აშშ დოლარი და გადახდილია სამეწარმეო საზოგადოების 196 015.93 ლარის კომუნალური გადასახადი. ასევე, მოპასუხის ინტერესებში შესრულებულია გადარიცხვა ბიუჯეტის შემოსულობების ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით - 7000 ლარი.
8.6. სარჩელის საგანია ბანკისთვის გადახდილი თანხის, ასევე, კომუნალური გადასახადებისა და სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად გაღებული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებს საკუთარი ფულადი სახსრებით ასრულებდა. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებს ასრულებდა არა საკუთარი, არამედ მოპასუხის თანხით, რომლის მართებულ აღრიცხვაზეც, როგორც ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, თავად იყო პასუხისმგებელი და რომელსაც პროდუქციის რეალიზაციის შედეგად იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
8.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის იმ გარემოებების შესაბამისად, რომლებზეც ისინი თავიანთ მოთხოვნასა და შესაგებელს აფუძნებენ.
8.8. პალატის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე ანგარიშსწორებას საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ახორციელებდა, ივარაუდებოდა, რომ ანგარიშზე არსებული თანხები მას ეკუთვნოდა, თუმცა აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლებადია და საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს იგი.
8.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შესაგებლითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით კვალიფიციურად შეედავა აღნიშნულ გარემოებას, რის გამოც მოსარჩელეს ეკისრებოდა საპირწონე მტკიცებულებების წარმოდგენა.
8.10. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელი დამყარებულია იმაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც იყო, როგორც მოპასუხის ერთ-ერთი პარტნიორი, ისე დირექტორი, სამეწარმეო საზოგადოების ანგარიშის გვერდის ავლით აწარმოებდა ფინანსურ ოპერაციებს, რა დროსაც მოპასუხის თანხებს განკარგავდა საკუთარი ანგარიშიდან სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვის მიზნით, კერძოდ: საგადასახადო დავალიანებისა და შესაბამისი შეზღუდვების გამო ფულადი სახსრების მოძრაობა ვერ ხერხდებოდა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე; ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მოპასუხეს ჰქონდა შემოსავლები, თუმცა ოპერაციები ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლამდე პროდუქციას აწვდიდა შ.პ.ს. „ჯ.ბ–ს“, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად მიაწოდა 6 981 597.49 ლარის პროდუქცია; 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლამდე მოპასუხემ შ.პ.ს. „ბ–ს“ მიაწოდა 2 234 235.38 ლარის პროდუქცია.
8.11. ვინაიდან მოპასუხე მხარე მოსარჩელეს შეედავა ამ უკანასკნელის ანგარიშზე არსებული თანხის კუთვნილებაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა მის ანგარიშზე არსებული თანხების კუთვნილება და წარმოედგინა საპირწონე მტკიცებულებები.
8.12. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელს ერთვის შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მოძრავ ქონებაზე ყადაღის წარმოშობის შესახებ; 2018 წლის 12 მარტს შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; შედარების აქტი საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ; ასევე, შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ასა“ და შ.პ.ს. „ბ–ის“ ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ას“ შ.პ.ს. „ბ–ისთვის“ 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლის ჩათვლით მიყიდული აქვს 2 234 235,38 ლარის პროდუქცია; შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ და შ.პ.ს. „ჯ–ის“ ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ას“ შ.პ.ს. „ჯ–ისთვის“ 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლის ჩათვლით მიყიდული აქვს 6 981 597,49 ლარის პროდუქცია; წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც შ.პ.ს. „ჯ–ი“ 01.05.2015 წლიდან 12.12.2019 წლამდე შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ამ“ შ.პ.ს. „ჯ.ბ–ს“ მიაწოდა 6 981 597,49 ლარის ღირებულების პროდუქცია და შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მოთხოვნის შესაბამისად, შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მისაღებ თანხებს ნაღდი ანგარიშსწორების ან/და პირად ანგარიშზე შეტანის გზით გადასცემდა შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მმართველ პირებს: პ.მ–ძეს, თ.ბ–ს, გ.ბ–ს; წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც შ.პ.ს. „ბ–მა“ დაადასტურა, რომ 01.01.2019 წლიდან 22.09.2020 წლამდე შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ამ“ შ.პ.ს. „ბ–ს“ მიაწოდა 2 234 235,38 ლარის ღირებულების პროდუქცია. შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მოთხოვნის შესაბამისად, შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მისაღებ თანხებს ნაღდი ანგარიშსწორების ან/და პირად ანგარიშზე თანხის შეტანის გზით გადასცემდა შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ის“ მმართველ პირებს: პ.მ–ძეს, თ.ბ–ს, გ.ბ–ს. საქმეში წარმოდგენილია ანგარიშზე თანხის შეტანის ქვითრებიც.
8.13. შესაბამისად, მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გააქარწყლა პრეზუმფცია, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან გადარიცხული თანხები ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ შ.პ.ს. „ს.ქ.წ–ა“ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, იღებდა შემოსავალს, თუმცა მიღებული თანხები ირიცხებოდა ფიზიკური პირების, მათ შორის, საწარმოს დირექტორის - მოსარჩელე პ.მ–ძის ანგარიშზე. აღნიშნულის საპირწონედ, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ანგარიშზე ასახული თანხა, რომელიც შემდგომ გამოიყენა კომპანიის ვალდებულების შესასრულებლად, მას ეკუთვნოდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ/აპელანტმა აღნიშნა, რომ იგი სხვაგან არ მუშაობდა, თუმცა შემოსავალი ჰქონდა - ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია.
8.14. პალატამ ასევე მიუთითა, რომ გაურკვეველია მოსარჩელის/აპელანტის პოზიცია, რატომ ასრულებდა იგი კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს, როდესაც კომპანია გადახდისუნარიანი იყო.
8.15. აღსანიშნავია, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარი სახსრებიდან ახორციელებდა კომპანიის ვალდებულებების შესრულებას, უნდა აესახა ბუღალტრულად, როგორც კომპანიის ვალდებულება. აღნიშნულის დადასტურება მან ასევე ვერ შეძლო. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კომპანიის ბუღალტრული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც აპელანტი მიუთითებდა, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარე არის კომპანია, აღნიშნული ბუღალტრული მონაცემები მას უნდა წარმოედგინა, რასაც პალატა არ დაეთანხმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაადასტუროს მითითებული გარემოებები, რასაც მისი სარჩელი ემყარება. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე კომპანიის ვალდებულებას ასრულებდა თავისი ხარჯებით, მოსარჩელეზე იყო. შესაბამისად, თუ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის პოზიციას ასახავს და აღნიშნულის წარმოდგენა მოსარჩელეს არ შეუძლია, იგი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოება, რომ მის ანგარიშზე განთავსებული თანხები წარმოადგენდა პირად და არა კომპანიის კუთვნილ ფულად სახსრებს.
8.16. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სახელით 01/01/2014-დან 09/11/2020-მდე შ.პ.ს. “ს.ქ.წ–ის“ კომუნალური გადასახადების ანაზღაურება, რაც, პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა, მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ უზრუნველყო იმის მტკიცება, რომ გადარიცხული თანხები მას ეკუთვნოდა. პალატამ მიიჩნია, რომ ანგარიშზე არსებული თანხები ეკუთვნოდა კომპანიას, რომელსაც კონტრაქტორებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით ან დირექტორის ანგარიშზე გადარიცხვის გზით იღებდა მოსარჩელე. ხოლო შემდეგ, იხდიდა კომპანიის ვალდებულებებს, როგორც საწარმოს დირექტორი, რომელსაც ამის ვალდებულება კანონით ჰქონდა დაკისრებული. მოსარჩელე, როგორც შ.პ.ს. ,,ს.ქ.წ–ის“ დირექტორი და წარმომადგენლობაზე ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებული იყო, კომპანიის სახელით შეესრულებინა ფინანსური ოპერაციები, გადაეხადა საბანკო ვალდებულებები, კომუნალური ხარჯები და კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბაჟი. შესაბამისად, ის, რაც მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, არ შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო, როგორც შეგნებულად ან შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით).
8.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა იმ გარემოებებზე მითითებას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრეობის პრეზუმფციის შინაარსი და მისი საპროცესო მნიშვნელობა, რის შედეგადაც არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა წარმოშობდა აღნიშნული თანხების მისადმი კუთვნილების პრეზუმფციას, რომლის გაქარწყლების ტვირთიც მთლიანად მოპასუხეს ეკისრებოდა, ხოლო სასამართლომ ეს ტვირთი უკანონოდ დააკისრა მოსარჩელეს.
9.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოპასუხემ გააქარწყლა მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი სადავო თანხების მისადმი კუთვნილების პრეზუმფცია. სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები, წერილობითი განმარტებები და სხვა მტკიცებულებები, სათანადოდ არ შეაფასა საბუღალტრო დოკუმენტაცია, არ გააანალიზა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ საზოგადოების ვალდებულებები საკუთარი ფულადი სახსრებით კი არა, საზოგადოების კუთვნილი ფულადი სახსრებით შეასრულა.
9.3. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი, როგორც საზოგადოების ყოფილი დირექტორისა და პარტნიორის სტატუსიდან გამომდინარე, არასწორად დააკისრა დამატებითი მტკიცების ტვირთი. მისი პოზიციით, აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა საფუძველს, მოსარჩელეს დაემტკიცებინა, რატომ იხდიდა საზოგადოების ვალდებულებებს, იცოდნენ თუ არა აღნიშნულის შესახებ საზოგადოების პარტნიორებმა ან საიდან ჰქონდა გადახდილი თანხები, რადგან ასეთი გარემოებები არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის მიხედვით, მისი მტკიცების საგანს არ წარმოადგენდა.
9.4. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლით გათვალისწინებული თავდების რეგრესული მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან იგი საკრედიტო ვალდებულებების ნაწილში მოქმედებდა როგორც თავდები. ამასთან, მისი მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან არ არის განსაზღვრული, მოთხოვნის რომელი ნაწილი მიიჩნია სასამართლომ ხანდაზმულად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. განსახილველ დავაში, მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს მის ნაცვლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ საკუთარი ფულადი სახსრებით შეასრულა სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები, კერძოდ, დაფარა საზოგადოების საბანკო დავალიანების ნაწილი, აგრეთვე, გადაიხადა კომუნალური გადასახადები და სახელმწიფო ბაჟი. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ სადავო გადახდები განხორციელდა არა მოსარჩელის პირადი, არამედ საზოგადოების კუთვნილი ფულადი სახსრებით, რომლებიც საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების სახით, სხვადასხვა გარემოების გამო, მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენებით მოძრაობდა. ამდენად, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს სადავო გადახდების განხორციელებისას გამოყენებული ფულადი სახსრების კუთვნილება, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, შესრულდა თუ არა საზოგადოების ვალდებულებები მოსარჩელის პირადი ფულადი სახსრებით. ამდენად, გადამწყვეტია არა თავად გადახდის ფაქტი, არამედ ის, ეკუთვნოდა თუ არა გადახდილი თანხები მოსარჩელეს.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა) (ს.უ.ს.გ. №ას-334-2021, 05.11.2021წ., პუნ.94; №ას-623-2023, 12.09.2023წ., პუნ.69). 986-ე მუხლის თანახმად, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, რადგან მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაზოგა ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (ს.უ.ს.გ. №ას-891-2019, 30.10.2019წ., პუნ.8). კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (იხ., მ. ახალაძე „უსაფუძვლო გამდიდრება,“ თბილისი, 2018, გვ: 16-17).
15. კასატორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის გამოყენებას და მის საფუძველზე მტკიცების ტვირთის განაწილებას. მისი მოსაზრებით, ვინაიდან სადავო თანხები მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან გადაირიცხა, მოქმედებდა აღნიშნული თანხების მისადმი კუთვნილების პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი სრულად მოპასუხეს ეკისრებოდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მას აღნიშნული თანხების პირად კუთვნილებასთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცება.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის პირადი საბანკო ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა წარმოშობს ვარაუდს, რომ აღნიშნული თანხები ამ პირს ეკუთვნის. პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს (ს.უ.ს.გ. №ას-1062-1022-2016, 19.02.2018წ., პუნ.39). პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ („Prezumptio“ - ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება; რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა). პრეზუმფციების მეშვეობით ნაწილდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი… მაშასადამე, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური თავისებურება ისაა, რომ მისი გაქარწყლება ევალება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ფაქტი. თავის მხრივ, ამ პროცესუალური კომპონენტის სწორად განსაზღვრა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ნაწილს (იხ: ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, თბ., 2020წ., გვ.234, 236, 237; ს.უ.ს.გ. №ას-1059-2023, 14.12.2023წ.). პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება გამოიხატება იმით, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაც არის ის მიმართული (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-615-2022, 23.09.2022წ., პუნ.49; №ას-23-2020, 08.04.2022წ., პუნ.22).
17. მართალია, მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშიდან სადავო თანხების გადარიცხვა ქმნიდა მათი მისადმი კუთვნილების ვარაუდს, თუმცა მოპასუხემ აღნიშნულ გარემოებას კვალიფიციური შედავება დაუპირისპირა. კერძოდ, მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში საზოგადოების დირექტორი იყო, საზოგადოებას საგადასახადო დავალიანების გამო საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, აგრძელებდა სამეწარმეო საქმიანობას და პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხები, ნაღდი ანგარიშსწორებით ან პირად საბანკო ანგარიშებზე შეტანის გზით, საზოგადოების მმართველ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეს გადაეცემოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მათ დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხების გადარიცხვით წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელე ვეღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო გადახდები მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან განხორციელდა და მას ეკისრებოდა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება.
18. აღნიშნული შედავების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ საზოგადოების ქონებაზე ყადაღის დადებისა და საგადასახადო დავალიანების არსებობის ამსახველი დოკუმენტები, მოპასუხის ურთიერთშეთანხმების აქტები შ.პ.ს. „ჯ.ბ–თან“ და შ.პ.ს. „ბ–თან“, აღნიშნული კომპანიების ხელწერილები პროდუქციის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებით ან საზოგადოების მმართველი პირების, მათ შორის, მოსარჩელის პირად საბანკო ანგარიშებზე გადაცემის შესახებ, აგრეთვე, ანგარიშზე თანხის შეტანის ქვითრები. აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლივად საკმარისი იყო მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხების გადარიცხვით წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად.
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი საპირწონე მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საზოგადოების ვალდებულებების პირადი ფულადი სახსრებით შესრულებას. მართებულად იქნა შეფასებული ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფაქტი არ აისახა საზოგადოების საბუღალტრო აღრიცხვაში, როგორც საზოგადოების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ვალდებულებები მართლაც მოსარჩელის პირადი ფულადი სახსრებით შესრულდა, საზოგადოების საბუღალტრო აღრიცხვაში იგი მოსარჩელის მიმართ საზოგადოების ვალდებულებად უნდა ასახულიყო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ საზოგადოების ვალდებულებები მოსარჩელემ საკუთარი ფულადი სახსრებით შეასრულა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
21. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული რეგრესული მოთხოვნის წარმოშობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომ თავდებმა ძირითადი მოვალის ვალდებულება საკუთარი ფულადი სახსრებით შეასრულოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ დადასტურდა.
Top of Form
Bottom of Form
22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით 106 740 აშშ დოლარის მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, ვინაიდან იგი მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ხელახლა განხილვის საგანს აღარ წარმოადგენს და კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. პ.მ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალება № 27280623167, გადახდის თარიღი: 13.05.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი