დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-1057-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1057-2025

6 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ „შ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვმ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

ვმ.ქ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ „შ.ს–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხის 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანების და მასში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ 2022 წლის 17 მაისის N01/42 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოქმედებით საქართველოს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე აღდგენა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის 2022 წლის 20 მაისიდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 1700 ლარის ანაზღაურება, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2019-2021 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 5 695 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ვმ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შ.ს–ოს 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანება ვმ.ქ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მასში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ 2022 წლის 17 მაისის N01/42 ბრძანება; სსიპ შ.ს–ოს ვმ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის 2000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება; სსიპ შ.ს–ოს ვმ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 20 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 1700 ლარის (დარიცხული) ოდენობით, მიღებული 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გამოკლებით; სარჩელი სამსახურში აღდგენის და შვებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

5.2.1. ვმ.ქ–ძე 2018 წლის 1 თებერვლიდან დასაქმებული იყო სსიპ შემოქმედებით საქართველოში - შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებებით გრძელდებოდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სსიპ „შ.ს–ოს“ ბოლო, 2021 წლის 31 დეკემბრის N01/129 ბრძანებით მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივდა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების საფუძველზე მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1700 ლარს (დარიცხული).

5.2.2. უდავოა, რომ 2022 წლის მაისის თვეში, დამსაქმებლის თანხმობით, მოსარჩელე სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულებით. სსიპ „შ.ს–ოს“ 2022 წლის 11 მაისის N01/40 ბრძანებით იგი გამოძახებულ იქნა შვებულებიდან 11 მაისიდან.

5.2.3. სსიპ „შ.ს–ოს“ 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში: სშკ-ი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის N05/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შ.ს–ოს დებულებისა და სსიპ „შ.ს–ოს” 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სსიპ „შ.ს–ოს“ შტატგარეშე მოსამსახურეს ვმ.ქ–ძეს (შესყიდვების მენეჯერი) 2022 წლის 20 მაისიდან.

5.2.4. მოპასუხის 2022 წლის 17 მაისის N01/42 ბრძანებით, 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და 2022 წლის 17 მაისის N01/42 ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით; ,,ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, ............).

5.2.5. მოპასუხის 2022 წლის 16 მაისის N05/89/01/22 წლის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სსიპ „შ.ს–ოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანების თანახმად, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის N05/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის შ.ს–ოს დებულებისა და სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტის საფუძველზე, 2022 წლის 20 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

5.2.6. სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ ესაჭიროება შესყიდვების მენეჯერი, რომელიც ორგანიზაციაში შინაგანაწესით განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში განახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოვალეობებს ადგილზე, ასევე, მას შესაძლებელია დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწიოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. მის ორგანიზაციას მიმდინარე რეჟიმშიც აქვს რამდენიმე ათასიანი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოსაცხადებელი/გამოცხადებული, რაც ასევე თანამშრომლის ინტენსიურ დატვირთვას ითვალისწინებს. ხოლო მოსარჩელე დასაქმებულია შესაბამისი დატვირთვით სხვა ორგანიზაციაში, იღებს შესაბამის შრომის ანაზღაურებას, უწევს მივლინებებში წასვლა სამუშაო ვიზიტით, რაც აფერხებს/ შეაფერხა/შეაფერხებს სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ მუშაობას შესყიდვების განხორციელების მიმართულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური გარემოება.

5.2.7. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელეს აუნაზღაურდა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

5.3. განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი გულისხმობს იმგვარი გარემოების არსებობას, რომელიც სშკ-ის 47.1 მუხლის „ა-ნ“ ქვეპუნქტებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. თუ რა ჩაითვლება იმგვარ ობიექტურ და ამავე მუხლის წინა ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ გარემოებად, რაც ამართლებს მუშაკის გათავისუფლებას, კანონით განსაზღვრული არ არის და მისი შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ თვალსაზრისით, რამდენად წარმოადგენს იგი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებელ წინაპირობას.

5.5. სსიპ „შ.ს–ოს“ დირექტორს 2022 წლის 16 მაისის N04/77/-1/22 მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ „შ.ს–ოს“ იურისტმა, სადაც აღნიშნა შემდეგი: სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად (რომლის გაცნობაც წერილობით დადასტურებული აქვს ვმ.ქ–ძეს), სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“ დასაქმებულთა ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრა დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აქედან, შესვენების დროდ განისაზღვრება 1 საათი, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე. ვმ.ქ–ძე პარალელურად დასაქმებულია ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც მას რამდენიმე თვის მანძილზე ერიცხება შესაბამისი შრომის ანაზღაურება. ხოლო სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ ესაჭიროება შესყიდვების მენეჯერი, რომელიც ორგანიზაციაში იქნება ადგილზე, შინაგანაწესით განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში, ასევე, მას შესაძლებელია დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწიოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. ხოლო ორგანიზაციას მიმდინარე რეჟიმშიც აქვს რამდენიმეათასიანი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებული/გამოსაცხადებელი, რაც ასევე თანამშრომლის ინტენსიურ დატვირთვას ითვალისწინებს.

5.6. ორგანიზაციისთვის არსებითია შესყიდვების მენეჯერი ჰყავდეს დასაქმებული სრული სამუშაო განაკვეთით და მოცემულ შემთხვევაში, საგამონაკლისო საფუძველი არ იკვეთება.

5.7. სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N3/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციის დირექტორთან შეთანხმებით, დასაქმებულს შეიძლება მიეცეს განსაზღვრული ვადით სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული სამუშაო საათები (ინდივიდუალური გრაფიკი). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული არ განხორციელებულა, რადგან ეს ორგანიზაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოპასუხის მითითებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ვმ.ქ–ძე, სამუშაო საათებში, როცა უფლება-მოვალეობას უნდა ახორციელებდეს სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“, მუშაობს სხვა ორგანიზაციაში.

5.8. სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტისა და სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილია ვმ.ქ–ძესთან არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (იხ. მოხსენებითი ბარათი ს.ფ.86).

5.9. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის (რაც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთებისა და მოპასუხის შესაგებლის შინაარსი მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა ობიექტურ გარემოებად დამსაქმებელმა მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იმავდროულად საქმიანობას ახორციელებდა სხვა დაწესებულებაში, ხოლო მას ესაჭიროებოდა შესყიდვების მენეჯერი, რომელიც სრული დატვირთვით იმუშავებდა.

5.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამგვარი აკრძალვის არსებობაზე არ მიუთითებს მოპასუხე, უფრო მეტიც, დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის პარალელურად დასაქმების ფაქტი. ასევე, უდავოა, რომ 2022 წლის მაისში მოსარჩელე შვებულების უფლებით სარგებლობდა დამსაქმებლის თანხმობით, ამასთან, იგი ინფორმირებული იყო, რომ შვებულების პერიოდში მოსარჩელე სხვა ორგანიზაციიდან მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

5.11. მხარეებმა მიუთითეს მოპასუხის 2022 წლის 11 მაისის ბრძანებაზე, რომელიც მოსარჩელეს ელექტრონულ ფოსტაზე გადაეგზავნა და ეცნობა, რომ შვებულებიდან გამოძახებული იყო 2022 წლის 11 მაისიდან. შეტყობინების პასუხად, დასაქმებულმა განმარტა, რომ წასვლამდე დამსაქმებელი ინფორმირებული იყო მისი საზღვარგარეთ ყოფნისა და კომპიუტერთან წვდომის არ ქონის თაობაზე. თუმცა მოსარჩელე დაეხმარა და თანამშრომელს აუხსნა, სად იყო პროგრამულად, ჯერ კიდევ მარტის თვეში გამზადებული ტენდერის პროექტი. იმავდროულად, მოსარჩელემ დამსაქმებელს აცნობა, რომ დაბრუნება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და თუ იგი დამსაქმებლის მიერ ანაზღაურდებოდა, მზად იყო, დაბრუნებულიყო (ს.ფ. 20).

5.12. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო არა ვალდებულების დარღვევა ან ნაკისრი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, არამედ მოსარჩელის სხვა ორგანიზაციაში საქმიანობა. ვინაიდან, არსებობდა სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ მუშაობის შეფერხები რისკი, შესყიდვების განხორციელების მიმართულებით. თუმცა, დასაქმებულს იმის თაობაზე, რომ მისი შეთავსებით საქმიანობა ხელს უშლიდა მოვალეობების შესრულებას, არც გაფრთხილება და/ან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცემია.

5.13. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის გათვალისწინებით, ასევე არ ამართლებს სადავო ბრძანებას მოპასუხის არგუმენტი, რომ შვებულებაში გასვლამდე, მოსარჩელემ ხელმძღვანელობას მიაწოდა არასრული დოკუმენტაცია. დამსაქმებლის განმარტებით, ტენდერის გამოცხადების დროს მოსარჩელე იმყოფებოდა მივლინებაში სხვა დამსაქმებელი ორგანიზაციიდან და არსებობდა რისკი, რომ აღნიშნული კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განმეორდებოდა. უპირველეს ყოვლისა, მივლინებაში, მოსარჩელე იმყოფებოდა მოპასუხე ორგანიზაციის თანხმობით შვებულებით სარგებლობის პერიოდში, გარდა ამისა, მისი ქმედების შედეგად მოპასუხის საქმიანობის შეფერხება, საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, თუ მოსარჩელე არაჯეროვნად შეასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობებს, ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელს ექნებოდა შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული, დარღვევის ადეკვატური ღონისძიება გამოეყენებინა.

5.14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი ინფორმირებული იყო მოსარჩელის სხვა საქმიანობის შესახებ (რაც აკრძალული არ ჰქონდა), თუ ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ რეჟიმით მუშაობა მიზანშეუწონელი იქნებოდა, მოპასუხეს დაუყოვნებლივ კი არ უნდა შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, არამედ, დასაქმებულს უნდა მისცემოდა არჩევანის შესაძლებლობა, თავად მიეღო გადაწყვეტილება, კონკრეტულად რომელ დამსაქმებელთან შეინარჩუნებდა და გააგრძელებდა შრომით ურთიერთობას.

5.15. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ შეთავსებით სამუშაოს შესრულების თაობაზე ინფორმირებული იყო დამსაქმებელი, ამასთან, ამგვარი საქმიანობა აკრძალული არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესიც ითვალისწინებდა დასაქმებულისათვის განსაზღვრული ვადით სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებულ სამუშაო საათებს (ინდივიდუალურ გრაფიკს) (შინაგანაწესის 6.3. პუნქტი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შრომითი ურთიერთობის პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან სხვა მოტივით, რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება, გამოყენებული არ ყოფილა, რაც ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ იგი სათანადოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და აღნიშნულთან დაკავშირებით დამსაქმებელს მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. მოპასუხისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ შვებულებით სარგებლობის პერიოდში მოსარჩელე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, დამსაქმებლის მივლინებით.

5.16. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, დამსაქმებელს, თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრიორიტეტულობის მიზნებით, მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენებამდე - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, რაიმე სახის გამაფრთხილებელი ღონისძიება, არ გამოუყენებია, დასაქმებულისათვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ მიუცია. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, თანახმად სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) მუხლისა.

5.17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 48.8, 58-ე მუხლებზე, ასევე სსკ-ის 394-ე, 408-ე და 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რისი სამართლებრივი შედეგიც არის დასაქმებულისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა კომპენსაციის დაკისრებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაცია 2000 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

5.18. მოპასუხეს ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 20 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 1700 ლარის (დარიცხული) ოდენობით, მიღებული 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გამოკლებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ სხვა სამსახურში მიღებული შემოსავალი. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს, რომ ვინაიდან მოსარჩელე შეთავსებით სამუშაოს ასრულებდა მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების პერიოდშიც, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის მივლინებაში ყოფნის თაობაზე, ინფორმირებული არ ყოფილა, ღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით სოციალური ქსელიდან და თანამშრომლებისგან. აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის.

6.3. დამსაქმებლის განმარტებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დროს კასატორისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ერთი სამსახურის შესახებ - ა(ა)იპ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით დადგინდა, რომ დასაქმებული დამატებით 2 სამსახურში მუშაობდა და პარალელურად სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობდა.

6.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ დასაქმებულს მიეცა არჩევანის საშუალება, მას საუბარი ჰქონდა ორგანიზაციის იმ დროს მოქმედ დირექტორთან პარალელური სამსახურის შესახებ და განემარტა, რომ პარალელურ რეჟიმში მისი საქმიანობა დამსაქმებელს აზიანებდა და აფერხებდა რიგ პროცესებს. დასაქმებულმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა, თუმცა ვინაიდან პროცესი შეფერხდა, ხოლო დასაქმებულის მუშაობის ხარისხმა დამსაქმებელი დააზიანა, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან.

6.5. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია თანამდებობრივი სარგოს სახით მიღებული შემოსავლის ოდენობა, გათავისუფლების დღიდან. დამსაქმებლის 2023 წლის 22 დეკემბრის ცნობით, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის N21-11/32302 ცნობით დასტურდება, რომ გათავისუფლების დღიდან 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით დასაქმებულს მიღებული აქვს ხელფასი 109 140,21 ლარი. მოსარჩელე იძულებით მოცდენაში არასდროს ყოფილა რადგან მუშაობას აგრძელებდა 3 ორგანიზაციაში და კასატორის განმარტებით, იძულებითი განაცდურის თანხა არ უნდა წარმოადგენდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული თანმდევი შედეგები.

18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შესაფასებელი იყო სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.) საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის ზემოხსენებული ნორმით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

15. საქმის მასალების თანახმად, დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორს 2022 წლის 16 მაისის N04/77/-1/22 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე დაწესებულების იურისტმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად (რომლის გაცნობაც წერილობით დადასტურებული აქვს ვმ.ქ–ძეს), სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“ დასაქმებულთა ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრა დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აქედან, შესვენების დროდ განისაზღვრება 1 საათი, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე. ვმ.ქ–ძე პარალელურად დასაქმებულია ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც მას რამდენიმე თვის მანძილზე ერიცხება შესაბამისი შრომის ანაზღაურება. ხოლო სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ ესაჭიროება შესყიდვების მენეჯერი, რომელიც ორგანიზაციაში იქნება ადგილზე, შინაგანაწესით განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში, ასევე, მას შესაძლებელია დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწიოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. ხოლო ორგანიზაციას მიმდინარე რეჟიმშიც აქვს რამდენიმეათასიანი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებული/გამოსაცხადებელი, რაც ასევე თანამშრომლის ინტენსიურ დატვირთვას ითვალისწინებს. ორგანიზაციისთვის არსებითია შესყიდვების მენეჯერი ჰყავდეს დასაქმებული სრული სამუშაო განაკვეთით და მოცემულ შემთხვევაში, საგამონაკლისო საფუძველი არ იკვეთება. სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N3/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციის დირექტორთან შეთანხმებით, დასაქმებულს შეიძლება მიეცეს განსაზღვრული ვადით სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული სამუშაო საათები (ინდივიდუალური გრაფიკი). თუმცა, განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულისთვის არ განსაზღვრულა ინდივიდუალური გრაფიკი, რადგან ეს ორგანიზაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოპასუხის მითითებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ვმ.ქ–ძე, სამუშაო საათებში, როცა უფლება-მოვალეობას უნდა ახორციელებდეს სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“, მუშაობს სხვა ორგანიზაციაში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ „შ.ს–ოს“ 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილია ვმ.ქ–ძესთან არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (იხ. მოხსენებითი ბარათი ს.ფ.86).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოხსენებითი ბარათის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთებისა და შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველად მითითებული გარემოება (საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას), მოიაზრებდა მოსარჩელის პარალელურ საქმიანობას სხვა დაწესებულებაში, მაშინ როდესაც კასატორს ესაჭიროებოდა შესყიდვების მენეჯერი, რომელიც სრული დატვირთვით იმუშავებდა.

17. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჩამონათვალს, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება. თუმცა, შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლების აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან შრომის კოდექსის 47(1) „ო“ ქვეპუნქტი იძლევა ზოგად მითითებას და ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს „სხვა ობიექტური გარემოება“, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს მითითებული დანაწესის მოქმედების სფეროში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაამართლოს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას.

17.1.1. საქმეში წარმოდგენილია დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი, რომლის მე-6 მუხლის 6.3 პუნქტში მითითებულია, რომ ორგანიზაციის დირექტორთან შეთანხმებით, დასაქმებულს შეიძლება მიეცეს განსაზღვრული ვადით სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული საათები (ინდივიდუალური გრაფიკი). იხ(ტ.1, ს/ფ 94). ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს, დასაქმებულისთვის სხვა დაწესებულებაში შეთავსებითი საქმიანობის აკრძალვას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პარალელურად სხვა დაწესებულებაში მუშაობის აკრძალვის არსებობაზე დამსაქმებელს არ მიუთითებია, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო დასაქმებულის პარალელურად დასაქმების ფაქტი. 2022 წლის მაისში (10 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით) მოსარჩელე შვებულების უფლებით სარგებლობდა დამსაქმებლის თანხმობით, სსიპ „შ.ს–ოს“ 2022 წლის 11 მაისის N01/40 ბრძანებით იგი გამოძახებულ იქნა შვებულებიდან 11 მაისიდან.

17.1.2. სსიპ „შ.ს–ოს“ 2022 წლის 16 მაისის N01/41 ბრძანებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში: სშკ-ი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის N05/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შ.ს–ოს დებულებისა და სსიპ „შ.ს–ოს” 2020 წლის 12 ნოემბრის N03/113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის 13.1.14 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სსიპ „შ.ს–ოს“ შტატგარეშე მოსამსახურეს ვმ.ქ–ძეს (შესყიდვების მენეჯერი) 2022 წლის 20 მაისიდან.

18. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია, რომ დასაქმებულს მიეცა არჩევანის საშუალება, მას საუბარი ჰქონდა ორგანიზაციის იმ დროს მოქმედ დირექტორთან პარალელური სამსახურის შესახებ და განემარტა, რომ პარალელურ რეჟიმში მისი საქმიანობა დამსაქმებელს აზიანებდა და აფერხებდა რიგ პროცესებს. დასაქმებულმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა, თუმცა ვინაიდან პროცესი შეფერხდა ხოლო დასაქმებულის მუშაობის ხარისხმა დამსაქმებელი დააზიანა, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. ამასთან, მიუთითებს, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ერთი სამსახურის თაობაზე, თუმცა შემდეგ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით (იხ.ტ 1, ს/ფ 205-208) დადგინდა დასაქმებულის დამატებით 2 სამსახურში შეთავსებით მუშაობის ფაქტი.

19. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს დაადასტურებდა. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულს ხელშეკრულებით სხვა დაწესებულებაში პარალელური შეთავსებითი საქმიანობა აკრძალული არ ჰქონდა, ასევე, ოფიციალური გაფრთხილება დამსაქმებლისგან იმის თაობაზე, რომ მისი პარალელური საქმიანობა აზიანებდა დამსაქმებელს და მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა, არ მიუღია, დაუსაბუთებელს ხდის კასატორის შედავებას. ამასთან, კასატორის მითითება, რომ მისთვის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის ცნობილი იყო მისი მხოლოდ ერთი პარალელური სამსახურის შესახებ, ხოლო დამატებით ორ სამსახურში შეთავსებით მუშაობის ფაქტი, კასატორისთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის მომართვით გახდა ცნობილი, დამსაქმებლის პოზიციის გასამყარებლად, ვარგის არგუმენტად ვერ მიიჩნევა.

20. დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა ობიექტურ გარემოებაზე, კერძოდ სხვა ორგანიზაციაში საქმიანობაზე, იმ მიზეზით, რომ არსებობდა მოსარჩელეზე დაკისრებული მოვალეობების, კერძოდ, შესყიდვების შეფერხების რისკი. თუმცა, ამ ხელისშემშლელი გარემოების თაობაზე, მოსარჩელეს რაიმე გაფრთხილება არ მიუღია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას, ზემოთ მითითებული საფუძვლით, მოსარჩელის გათავისუფლებისა, არ ამართლებს ის გარემოება, რომ შვებულებაში გასვლამდე მოსარჩელემ ხელმძღვანელობას არასრული დოკუმენტაცია მიაწოდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაკისრებული ვალდებულებების დამსაქმებელს შეეძლო გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული, დისციპლინური გადაცდომის ადეკვატური ღონისძიება.

21. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესით, დასაქმებულთათვის გათვალისწინებული იყო შესაძლებლობა, სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული სამუშაო საათების განსაზღვრის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის პარალელური საქმიანობის შესახებ და შეიქმნა/გამოიკვეთა ვითარება, რომ დასაქმებულის შეთავსებით რეჟიმში მუშაობა აზიანებდა ორგანიზაციის ინტერესებს, მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, მას უნდა გაეფრთხილებინა დასაქმებული. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ დასაქმებულის მიმართ შრომითი ურთიერთობის პერიოდში მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, გამოყენებული იყო რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება, შესაბამისად, ეს გარემოება სასამართლოს უქმნის ვარაუდს, რომ დასაქმებული სათანადოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება არათანაზომიერი იყო.

22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებლის ქმედება, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, არამართლზომიერია.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი). ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

25. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არის იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო სასამართლომ განმარტა: „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ # ას-1329-2018, 22.02.2019წ. N ას-1627-2019, 07.02.2020წ; N ას-1172-2020, 12.03.2021წ).

26. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

27. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიის თანახმად, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან დასაქმებული პარალელურად რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა, შესაბამისად ის იძულებით მოცდენაში არ ყოფილა.

28. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისეთი ვითარებაში, როდესაც გათავისუფლებული პირი სასარჩელო წესით იცავს თავის უფლებას, თან იმავდროულად სხვაგან იწყებს მუშაობას, იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ მას იძულებითი განაცდური სრული მოცულობით მიეკუთვნოს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდში მის მიერ სხვა დამსაქმებელთან შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მოცულობა ისეთი არის ან იყო, რომ მისი შეთავსება ძირითად სამუშაოსთან შესაძლებელი იქნებოდა და არ დააბრკოლებდა იმ სამსახურში მოვალეობების შესრულებას, საიდანაც უკანონო გათავისუფლების გამო მოესპო კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა (იხ., სუსგ №ას-736-2022, 21.10.2022 წ., ას-926-2025, 04.02.202წ.; №ას-926-2025 04.02.2026წ; საქმე №ას-1373-2025, 26.02.2026წ.;).

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე მოპასუხესთან იყო დასაქმებული, შეთავსებითი სამუშაო მას არ ეკრძალებოდა. საკასაციო პალატა, იძულებითი განაცდურის პერიოდთან მიმართებით, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს - იქიდან გამომდინარე, რომ უდავოდ დგინდება მოსარჩელის შეთავსებით მუშაობის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კერძოდ, დადგენილია, რომ დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დარიცხულ 1700 ლარს. 2022 წლის 16 მაისის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 20 მაისიდან. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 20 მაისიდან, ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ხელფასის 1700 ლარის ანაზღაურება, მიღებული ორი თვის კომპენსაციის გამოკლებით.

30. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ).

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „შ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ „შ.ს–ოს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 8 აგვისტოს, საგადახდო მოთხოვნა N01439 გადახდილი 1120 ლარის და 2025 წლის 13 აგვისტოს საგადახდო მოთხოვნა N01507 გადახდილი 2040 ლარის ჯამში - 3160 ლარის 70 % - 2212 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი