დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-951-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-951-2025 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ე.გ–ი'' (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2024წ. გადაწყვეტილებით - შპს ,,ე.გ–ის" სასარჩელო მოთხოვნა გ.ტ–ას მიმართ არ დაკმაყოფილდა (იხ: ტომი I, გადაწყვეტილება, ს.ფ. 287-300). გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. მოსარჩელემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: ტომი II, განჩინება, ს.ფ. 103-107).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

5. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

6. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 25.03.2025 წლის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა 2025 წლის 16 აპრილს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ტომი II, ს.ფ. 51).

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, სახელდობრ, აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 17 აპრილს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2025 წლის 23 აპრილს ამოიწურა (სსსკ-ის 61.2 მუხლი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით აპელანტის შპს „ე.გ–ის“ წარმომადგენლის ა.გ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტ შპს „ე.გ–ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 07 დღით და დაევალა წარმოედგინა:

ა) 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან წარმოადგინოს მისი მძიმე ქონებრივი (უძრავ-მოძრავი) მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

10. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში. ამასთან, მიუთითებს, რომ სასამართლომ განზრახ გაიყვანა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

11. საკასაციო სასამართლო უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან მისი მძიმე ქონებრივი (უძრავ-მოძრავი) მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედანის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, სასამართლოში წარდგენა. ამდენად, აპელანტი ვალდებული იყო, 7 დღის ვადაში შეევსო სააპელაცი საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მიზნიდან გამომდინარე კი, 2025 წლის 29 აპრილს ანუ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედნის, ელექტრონული ვერსიისა და შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟს გადახდის გადავადების თაობაზე, ვერ მიიჩნევა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულებად და, შესაბამისად, ხარვეზის შევსებად (შდრ. სუსგ. №ას-852-818-2016 12.11.2016წ).

12. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; №ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; №ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ე.გ–ის'' კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2025 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი