დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
Nა-5236-შ-112-2025
30 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ლ–ი“ (შპს "პ–ის" უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ტ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის, საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმე NA40-36703/21-29-316
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმე NA40-36703/21-29-316 დაკმაყოფილდა შპს „პ–ის (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 1117746704899, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღი: 07.09.2011, საიდენტიფიკაციო კოდი: .........) სარჩელი. შპს „ა-ტ–ს” (A– T. LLC) (საიდენტიფიკაციო კოდი: ........) მოსარჩელე შპს „პ–ის“ (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 1117746704899) სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: ძირითადი დავალიანება - 1 369381,96 (ერთი მილიონი სამას სამოცდაცხრა ათას სამას ოთხმოცდაერთი რუბლი და 96 კაპიკი); პირგასამტეხლო - 1 097 543,74 (ერთი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდასამი რუბლი და 74 კაპიკი); სახელმწიფო ბაჟი - 35 335 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი რუბლი და 00 კაპიკი); სასამართლო ხარჯები - 3 000 (სამი ათასი რუბლი და 00 კაპიკი).
2. 2025 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მომართა შპს „ლ–მა (შპს „პ–ის“ უფლებამონაცვლე) უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით.
3. შუამდგომლობაზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე NA40-36703/21-29-316, კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 13 მაისს. მოპასუხე, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესით და აღნიშნული გადაწყვეტილება 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, მიიღო განსახილველად. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი ) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მასვე შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. მოწინააღმდეგე მხარემ, საკასაციო სასამართლოში, შპს „ლ–ის“ შუამდგომლობაზე წარმოადგინა მოსაზრება და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2026 წლის 28 აპრილს, 12 საათზე, საქმეზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
8. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
9. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
11. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ. №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13, საქმე№ა-6902-შ-167-2024, 18.09.2025წ.).
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; გ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
13. შპს "ა-ტ–ის" წარმომადგენელი, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხე "აშენდი-ტ–ისათვის" სასამართლო უწყებისა და საპროცესო დოკუმენტების ჯეროვანი წესით გადაცემას.
15. საკასაციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ იგი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ, არასაკმარისი მტკიცებულებაა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება თავისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულების გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია (შდრ. სუსგ. №ა-4687-შ-141-2021, 29.09.2022წ., №ა-3096-შ-83-2025, 09.10.2025წ.).
14. შპს "ა-ტ–ის" წარმომადგენლის განმარტების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს, იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, ............., .......... ქ. N29 გაეგზავნა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება, რომელიც 2023 წლის 07 დეკემბერს, ჩაიბარა მოპასუხის იურისტმა, მ.ხ–ძემ, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით, (იხ. ს.ფ.43). ამავე მისამართზე, 2023 წლის 20 დეკემბერს, კურიერმა მიიტანა შპს „პ–ის“ სასარჩელო განცხადება, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო უწყებასთან ერთად (იხ. ს.ფ.28). მისამართზე კურიერს დახვდა იურისტი მ.ხ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ა-ტ.“ აღარ ფუნქციონირებს. დამატებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობაზე დართული ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით (იხ.ს.ფ.18) ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესით.
16. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს "ა-ტ–ის" წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მოპასუხე არ იყო ჯეროვანი წესით ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ. ასევე, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ მოპასუხეს არ ჩაბარებია საპროცესო დოკუმენტები.(იხ. ს.ფ. 43, 18)
17. რაც შეეხება შპს "ა-ტ–ის" წარმომადგენლის შედავებას, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, ........., .......... ქ. N29 გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტაციის მიღებას ადასტურებს იურისტი მ.ხ–ძე(იხ. ს.ფ.43). აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილიც, რომელიც შედგებოდა შპს „ლ–ის“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალებისაგან, ასევე შპს „ლ–ის“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.09.2025წ. განჩინებისგან (ს.ფ. 56-57), ასევე ჩაიბარა მ.ხ–ძემ. რის შემდეგაც შპს „ა-ტ–ის“ მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოში, 26.12.2025წ. წარმოდგენილი იქნა მოსაზრება შპს „ლ–ის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (ს.ფ. 58); 09.01.2026წ. ასევე, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნით (ს.ფ.64), ხოლო 20.01.2025წ. წარმოდგენილი იქნა დამატებითი პოზიცია, შპს „ლ–ის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (ს.ფ. 65-69). აღნიშნული კი, მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73.8 მუხლით დადგენილი წესით, ორგანიზაციის უფლებამოსილი პირისათვის.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ–ის“ შუამდგომლობა (შპს "პ–ის" უფლებამონაცვლე) დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმე NA40-36703/21-29-316, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „პ–ის (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 1117746704899, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღი: 07.09.2011, საიდენტიფიკაციო კოდი: .........) სარჩელი. შპს „ა-ტ–ს” (A – T.LLC) (საიდენტიფიკაციო კოდი: ........), მოსარჩელე შპს „პ–ის“ (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 1117746704899) სასარგებლოდ, დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: ძირითადი დავალიანება - 1 369381,96 (ერთი მილიონი სამას სამოცდაცხრა ათას სამას ოთხმოცდაერთი რუბლი და 96 კაპიკი); პირგასამტეხლო - 1 097 543,74 (ერთი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდასამი რუბლი და 74 კაპიკი); სახელმწიფო ბაჟი - 35 335 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი რუბლი და 00 კაპიკი); სასამართლო ხარჯები - 3 000 (სამი ათასი რუბლი და 00 კაპიკი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი