დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.06.2026
საქმის ნომერი
ას-1524-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1524-2025

10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ა-მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

არასრულწლოვანი ბავში – კ. მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველი სარჩელით) ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე ი. მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მ.ა-მ–ძის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1.1. ი. მ–ძე ცნობილი იქნეს უძრავი ნივთის, მდებარე: მცხეთა, საგურამო, საკადასტრო კოდი - ........., ფართი 568 კვ.მეტრი - ½ ნაწილის მესაკუთრედ; 1.2. ი. მ–ძეს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან, კ. მ–ძესთან ურთიერთობის წესი, შემდეგი სახით: ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათ, 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. პარასკევს, 17:00 საათიდან, შაბათს - 20:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის, ღამით დარჩენისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ზაფხულის პერიოდში - ყოველი თვის პირველი 5 დღე, ბავშვის წაყვანის, ღამით დარჩენისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

2. მ.ა-მ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა მოთხოვნას, რომ ი. მ–ძე ცნობილ იქნეს მცხეთაში, .........., მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი - ..........) 1/3 წილის მესაკუთრედ, ვინაიდან მ.ა-მ–ძესთან ერთად ცხოვრობს მცირეწლოვანი შვილი, ამავდროულად, ქონება შეძენილია მოპასუხის მამის გამოგზავნილი თანხით.

- მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ, მან თანხმობა გამოხატა ი. მ–ძეს ნება დაერთოს, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან კ. მ–ძესთან ყოველკვირეულად ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს დღის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან დედის - მ.ა-მ–ძის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე მამის მისამართზე სახლში წაყვანის (ღამისთევის) გარეშე. მოპასუხის პოზიციით, ი. მ–ძეს შვილი მიჰყავს სახლში, სადაც უსაფრთხოება ბოლომდე არ არის დაცული, კერძოდ, სახლის აივანი ქმნის საშიშროებას და მოითხოვს მეტ ყურადღებას. გასათვალისწინებელია ასევე ბავშვის წაყვანისას სატრანსპორტო საშუალებაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა (შესაბამის ადგილას და სავარძელში ჯდომით). მოპასუხე ადასტურებს, რომ ურთიერთობის წესთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად დალაგდა მხარეთა შორის კომუნიკაცია, კარგად მუშაობს დროებითი განკარგულებით განსაზღვრული პირობები. მხარე არ ეწინააღმდეგება მამა-შვილის ურთიერთობას, მაგრამ სურს ეს საკითხი იყოს მოგვარებული და შეთანხმებული, მშობლებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს მხარეთა კომუნიკაციის ვალდებულება სატელეფონო კავშირის საშუალებით. რაც შეეხება არდადეგების საკითხს, მხარეს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, რამდენიმე დღის განმავლობაში ღამით, დედისაგან მოშორებით დატოვება, ამ ეტაპზე არ შეესაბამება არასრულწლოვნის ინტერესებს.

3. შეგებებული სარჩელი

მ.ა-მ–ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების თაობაზე და მოითხოვა ი. მ–ძისათვის მ.ა-მ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე 2000 ლარის დაკისრება.

4. შეგებებული სარჩელით მოპასუხე ი. მ–ძემ, ალიმენტის დაკისრების შესახებ, მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

საქმეში ჩაბმული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის 2023 წლის 19 თებერვლის დასკვნის (N1000318 6 23 00180227) თანახმად, კ. მ–ძე პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვია. ის რეგისტრირებულია სამედიცინო ცენტრ ,,მედი მედიში“, სადაც გახსნილია მისი ჯანმრთელობის ისტორია და ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები. მ.ა-მ–ძესთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ის აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. დედას ბავშვი დაზღვეული ჰყავს შპს „ა–ში“, სადაც საჭიროების შემთხვევაში კ. მ–ძე მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პაკეტს. შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნის ზოგადი განვითარება ასაკობრივი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. არის დამოუკიდებელი, თვითონ მიირთმევს საკვებს (ასაკის შესაბამისად). დედის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და სოციალური მუშაკის დაკვირვებით, კ. მ–ძე არის პრინციპული ხასიათის ბავშვი. დედის თქმით, მას უნდა აუხსნა და დაარწმუნო რომელი საქციელია სწორი და რა არ შეიძლება და ა.შ. ის არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე როგორც დედის, ასევე მამის მიმართ. ბავშვი ემოციებს გამოხატავს ვერბალურად და არავერბარულად. ის ცდილობს ისაუბროს ორ ენაზე, როგორც რუსულად, ასევე ქართულად, რადგან მას ესაუბრებიან ორივე ენაზე. ბავშვი დედის მიმართ გამოხატავს სიყვარულს, დღის განმავლობაში კ. მ–ძეზე ზრუნავს ძიძა, ასევე ბებია, რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში. ი. მ–ძესთან ვიზიტისას, მან აღნიშნა, რომ თანაცხოვრებისას ბავშვზე ზრუნვას ის უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე მისი ყოფილი მეუღლე. მისივე ინფორმაციით, კ. მ–ძე შეხვედრისას გამოხატავს სიყვარულს მის მიმართ. შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ კ. თამაშობს ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. აქვს ძალიან ბევრი სათამაშო, წიგნები; დედა აქტიურად არის ჩართული ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესში, ის შემეცნებით სათამაშოებსა და წიგნებს ანიჭებს უპირატესობას. კ. მ–ძის სათამაშოებს და გასართობ სივრცეს დათმობილი აქვს საცხოვრებლის ერთი ოთახი; კ. მ–ძე არის სოციალურად აქტიური ბავშვი, მას არ უჭირს საერთო ენის გამონახვა თანატოლებთან და უფროსებთან. შემთხვევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ბავშვი ორივე მშობელთან ყოფნისას მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს. ბავშვი არის 197-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი. ამ ეტაპზე კ. მ–ძე ეჩვევა საბავშვო ბაღის გარემოს და შესაბამისად, დღის პირველ მონაკვეთს (10:00 საათიდან 13:00 საათამდე) ატარებს ბაღში. შემთხვევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ოჯახში, სადაც ბავშვი ამჟამად ცხოვრობს, მ.ა-მ–ძის მამის - ვ.ა–ის საკუთრებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იმყოფება საქართველოში და მის კერძო საკუთრებაზე მინდობილობა აქვს მის შვილს. მოპასუხე ამ ბინაში ცხოვრობს შვილთან და დედასთან - გ.ა–თან ერთად. მ.ა-მ–ძე არის დასაქმებული და მას ბავშვზე ზრუნვაში ეხმარება ძიძა. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ასაკის შესაბამისი სრულფასოვანი კვება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, ასაკის შესაბამისი სათამაშოები, დაცულია როგორც ბავშვის პირადი ჰიგიენა, ისე - საცხოვრებელი გარემოს სანიტარული ნორმები. არასრულწლოვნის მამასთან ვიზიტისას გაირკვა, რომ მოსარჩელე მეუღლესთან თანაცხოვრებისას, აქტიურად იყო ჩართული ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვაში, მას აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები. ბავშვზე ზრუნვაში ჩართული იყვნენ ასევე მოსარჩელის მშობლები, განსაკუთრებით, არასრულწლოვნის ბებია. მოსარჩელესა და მის ოჯახის წევრებს სურთ იზრუნონ კ. მ–ძეზე. ი. მ–ძის გადმოცემით, მას გააჩნია ყველა რესურსი, იზრუნოს შვილზე ყოველდღიურად. მოსარჩელის ინფორმაციით, ყოველი თვის დასაწყისში (ხელფასის ჩარიცხვისას) მისი ყოფილი მეუღლის ანგარიშზე ბავშვის საჭიროებებისთვის რიცხავს 400 ლარს. ასევე მოსარჩელეს ბავშვი დაზღვეული ჰყავს შპს „ა–ში“, სადაც საჭიროების შემთხვევაში კ. მ–ძე მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურ პაკეტს. მოსარჩელის ინფორმაციით, მისი ყოფილი მეუღლე უკავშირდება ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით. დედის მოთხოვნით, ი. მ–ძემ შვილისათვის შეიძინა 400 ლარის ღირებულების ქურთუკი, საჭიროების შემთხვევაში იძენს ბავშვისთვის მედიკამენტებს, მოსარჩელე ცდილობს შვილს შეუქმნას „სრულად ქართული გარემო“, ამ მიზნით ბავშვი ხშირად დაჰყავს ქართულენოვან წარმოდგენებზე თოჯინების თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ა.შ. ასევე, ი. მ–ძეს დაგეგმილი აქვს შვილის ცურვასა და ხელოვნების სხვადასხვა წრეზე ტარება. შემთხვევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ოჯახის ყველა წევრი ბავშვს დიდი სითბოთი და სიყვარულით ექცევა. დედა დილითა და საღამოს აუცილებლად არის ბავშვთან და თავად უზრუნველყოფს აღნიშნულ რუტინას. ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს, შესამჩნევი იყო ბავშვის მიჯაჭვულობა დედის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა და მოპასუხემაც დაადასტურა, რომ კ. მ–ძეს ძალიან უყვარს მამა და სიხარულით ხვდება მას. შემთხვევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ოჯახში, სადაც ბავშვი ამჟამად ცხოვრობს, დაცულია მისი უსაფრთხოება, ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, არ აღენიშნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ბინაში უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟებულია კამერები და დედა დღის განმავლობაში აკვირდება ძიძისა და ბავშვის ურთიერთობას. ბავშვს სათანადო ყურადღებას აქცევს მამა, როდესაც ბავშვი არის მასთან ერთად. მ.ა-მ–ძის გადმოცემით, ის მუდმივად იქნება შვილის მხარდამჭერი, მათ შორის, ის მხარს დაუჭერს შვილს, მამასთან ურთიერთობაში, რადგან ბავშვს უნდა დედაც და მამაც. მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს მშობლების კუთვნილ სახლში: ქ. თბილისში, ......... ამ მისამართზე ვიზიტისას, ი. მ–ძემ დიდი გულისტკივილი გამოხატა ოჯახის დანგრევის გამო, რადგან როგორც აღნიშნა, მოპასუხესთან მას აკავშირებდა დიდი სიყვარული. ბავშვის დედის გადმოცემით, მას კარგი ურთიერთობა აქვს დასთან, რომელიც ცხოვრობს კიევში, ასევე - მეგობრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მას აქვს მშობლების დახმარების იმედი. ი. მ–ძის ინფორმაციით, ოჯახის წევრებთან (დედა, მამა, ძმა, რძალი) კარგი ურთიერთობა აქვს; ისინი პატივს სცემენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს, შეხედულებებს, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებენ, ყოველთვის აქვთ ერთმანეთის იმედი, კარგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან. დედის საცხოვრებელ გარემოში შექმნილია ბავშვისათვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება, პირადი ჰიგიენა და გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მამის საცხოვრებელში ასევე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახლის ფართი არ ქმნის იმის საშუალებას, რომ კ. მ–ძეს ჰქონდეს საკუთარი ოთახი, მაგრამ აღნიშნული გარემო არ არის არასრულწლოვნისთვის უცხო, რადგან ამ გარემოში ბავშვი რჩებოდა მის მშობლებთან და მასთან ერთად. მ.ა-მ–ძე დასაქმებულია სამშენებლო კომპანია „გ.ჯ–ის“ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს. მას ასევე მატერიალურად უზრუნველყოფენ მშობლები. ი. მ–ძე მუშაობს შპს „მ.კ–ის“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 4900 ლარს. მოსარჩელის თქმით, საბანკო ვალდებულებებისთვის ყოველთვიურად იხდის 1207 ლარს.

6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით: მიზანშეწონილია, მშობლებმა გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესი. მამას - ი. მ–ძეს მიეცეს საშუალება, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს შვილთან, განაგრძოს მასზე ზრუნვა და მომავალში ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მისი სურვილის გათვალისწინებით, შეძლოს შვილის წაყვანა საცხოვრებელ მისამართზე ღამისთევით - სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის გათვალისწინება; ამ ეტაპზე ორგანო სრულად უჭერს მხარს მამა-შვილის ურთიერთობის განსაზღვრას დღის განმავლობაში, თუმცა ღამე დარჩენით ბავშვის წაყვანის საკითხს ამჟამად ვერ დაეთანხმებიან. გამოიკვეთა, რომ კ. მ–ძეს უჭირს დაძინება დედის გარეშე, შესაბამისად, 3 წლის ბავშვის წაყვანა ღამე დარჩენით, შესაძლოა იყოს სტრესული გამოცდილება არასრულწლოვნისათვის, მითუმეტეს, რომ ამ დროისათვის ი. მ–ძის საცხოვრებელში არ არის გამოყოფილი ბავშვის პირადი სივრცე-ოთახი. ასაკის მატებასთან ერთად (მაგალითად 5 წლის ასაკი) კი, შესაძლებელი იქნება ამ მდგომარეობის შეცვლა. ბავშვი წამოიზრდება, უფრო მეტად შეეჩვევა მამასთან ურთიერთობის წესს, ი. მ–ძე მოაწესრიგებს შვილისათვის განკუთვნილ სივრცეს და ა.შ. ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დადებითად აფასებს ი. მ–ძის, როგორც მშობლის უნარებს და მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მამამ დღის განმავლობაში წაიყვანოს შვილი და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი. მ–ძის თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. მ–ძე ცნობილ იქნა უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, მდებარე: მცხეთა, ......... ს.კ. .........; ი. მ–ძეს არასრულწლოვან შვილთან 24.03.2020 წელს დაბადებულ - კ. მ–ძესთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ა) ყოველი კვირის სამშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე; ბ) ყოველი კვირის ხუთშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე; გ) ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვნის 24.03.2020 წელს დაბადებული - კ. მ–ძის წაყვანის და უკან, დედის მ.ა-მ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; დადგინდა, რომ არასრულწლოვნის - 24.03.2020 წელს დაბადებულ - კ. მ–ძის 5 წლის ასაკის შესრულების შემდგომ, გარდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით დადგენილი წესისა მამას, ი. მ–ძეს შვილთან ასევე მიეცეს ურთიერთობის შესაძლებლობა ყოველი პარასკევი დღის 17:00 საათიდან იმავე კვირის შაბათი დღის 20:00 საათამდე, არასრულწლოვნის 24.03.2020 წელს დაბადებული კ. მ–ძის წაყვანის და უკან, დედის მ.ა-მ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; დადგინდა, რომ არასრულწლოვნის 24.03.2020 წელს დაბადებული კ. მ–ძის 7 წლის ასაკის შესრულებისას, გარდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით და 2.2. პუნქტით დადგენილი წესისა, ი. მ–ძეს არასრულწლოვან შვილთან 24.03.2020 წელს დაბადებულ - კ. მ–ძესთან ურთიერთობა განესაზღვროს ზაფხულის არდადეგებზე (იგულისხმება ივლისი-აგვისტოს თვე) თვის დასაწყისიდან იმავე თვის 7 რიცხვამდე და ზამთრის არდადეგებზე 7 იანვრიდან 14 იანვრამდე - არასრულწლოვნის წაყვანის და უკან, დედასთან მ.ა-მ–ძესთან დაბრუნების ვალდებულებით; დადგინდა, რომ ზემო აღნიშნული ურთიერთობის წესი განისაზღვროს არასრულწლოვნის 24.03.2020 წელს დაბადებული კ. მ–ძის ნების გათვალისწინებით; დადგენილი ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობლების (ი. მ–ძის და მ.ა-მ–ძის) ურთიერთშეთანხმებით; განისაზღვრა, რომ მამა-შვილის (ი. მ–ძის და კ. მ–ძის) ურთიერთობისას (იხილეთ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. და 2.2. პუნქტებით დადგენილი წესი) ი. მ–ძეს ჩართული ჰქონდეს ტელეფონი დედის, მ.ა-მ–ძის მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით; დადგინდა, რომ მოცემულ №2/28455-22 საქმეზე 20.04.2023 წელს მიღებული დროებითი განკარგულება გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. მ.ა-მ–ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. მ–ძეს არასრულწლოვანი შვილის 24.03.2020 წელს დაბადებული კ. მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 19.10.2022 წლიდან 2023 წლის 01 ოქტომბრამდე - 500 ლარი, ხოლო 2023 წლის 01 ოქტომბრიდან - 1000 ლარი ბავშვის სრულწლოვანებამდე. მ.ა-მ–ძეს, ი. მ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 405 ლარის ოდენობით; ი. მ–ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 241 ლარი; ი. მ–ძეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3000 ლარიდან (გადახდილი 10/09/2022 წელს, გადამხდელი გ.ფ–ი (პ/ნ .........), ს.ს. „თ.ბ–ი“, საგადასახადო დავალება #1662830488) გადახდილად ჩაეთვალა მასზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის სახით ასახული თანხა - 241 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დანარჩენი თანხა - 2354 ლარი დაუბრუნდა, როგორც ზედმეტად გადახდილი.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ა-მ–ძემ და ი. მ–ძემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განჩინებით, მ.ა-მ–ძისა და ი. მ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. მ.ა-მ–ძე და ი. მ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2019 წლის 30 აპრილიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი - 2020 წლის 24 მარტს დაბადებული კ. მ–ძე.

10.2. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა, ი. მ–ძე და მ.ა-მ–ძე დაშორდნენ ერთმანეთს, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი კ. მ–ძე ცხოვრობს დედასთან - მ.ა- მ–ძესთან.

10.3. სოციალური მუშაკის მხრიდან დადებითად შეფასდა ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო, არასრულწლოვნის განვითარებისათვის შექმნილია ადეკვატური საცხოვრებელი პირობები. ორივე მშობელი ზრუნავს შვილის კეთილდღეობაზე, ითვალისწინებენ არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს, შესაბამისად, კ. მ–ძე დადებითადაა განწყობილი (უყვარს ორივე მშობელი) მ.ა-მ–ძისა და ი. მ–ძის მიმართ. ასაკის გათვალისწინებით, ბავშვს ამ ეტაპზე განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აღენიშნება დედის მიმართ. მხარეები თანხმდებიან არასრულწლოვანთან მამის ურთიერთობის პირობებზე დღის განმავლობაში, შეუთანხმებელი დარჩა მხოლოდ ი. მ–ძესთან ბავშვის ღამის განმავლობაში დარჩენის/წაყვანის საკითხი.

10.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით (საქმე N2/28455-22), შეწყდა ი. მ–ძესა და მ.ა-მ–ძეს შორის 2019 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება. განქორწინების საკითხზე მხარეები ერთობლივად შეთანხმდნენ დამატებით, მას შემდეგ, რაც წარმოიშვა ტექნიკური სახის დაბრკოლება განქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

10.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით (საქმე N2/28455-22), მიღებულ იქნა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დროებითი განკარგულება - ი. მ–ძეს, არასრულწლოვან შვილთან, 2020 წლის 24 მარტს დაბადებულ კ. მ–ძესთან, ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: პირველი ორი კვირა: ა) ყოველი კვირის სამშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე; ხუთშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე; შაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე. ბ) ზემოაღნიშნული ურთიერთობის (იხ. ამ დროებითი განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) ორი კვირის შემდგომ ი. მ–ძის და კ. მ–ძის ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის სამშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე; ხუთშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე; შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე.

10.6. მ.ა-მ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: მცხეთა, საგურამო, ფართობი: 568.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - 2021 წლის 15 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

10.7. მ.ა-მ–ძის სახელზე ფიქსირდება ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან პერიოდულობით - 02.05.2020 – 500 აშშ დოლარი, 22.07.2020 – 500 აშშ დოლარი, 30.11.2020 – 200 აშშ დოლარი, 07.02.2021 – 2300 აშშ დოლარი, 07.02.2021 – 2300 აშშ დოლარი, 08.02.2021 – 3950 აშშ დოლარი, 08.02.2021 – 5000 აშშ დოლარი, 29.03.2021 – 300 აშშ დოლარი, 19.04.2021 – 2000 აშშ დოლარი, 21.05.2021 – 300 აშშ დოლარი, 27.10.2021 – 400 აშშ დოლარი, 30.12.2021 – 300 აშშ დოლარი, 05.02.2022 – 1100 აშშ დოლარი, 11.03.2022 – 900 აშშ დოლარი. მსგავსად გრძელდება მომდევნო წლებშიც.

10.8. ი. მ–ძე დასაქმებულია შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) დირექტორად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 4900 ლარს. მ.ა-მ–ძე დასაქმებულია სამშენებლო კომპანია „გ.ჯ–ის“ პროექტების მენეჯერად და მისი ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (21.12.2022 წლის მდგომარეობით), 2021 წლის ოქტომბრიდან მ.ა-მ–ძეს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. ი. მ–ძეს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა 2021 წლის ოქტომბრის თვიდან - 2022 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ამ პერიოდის გათვალისწინებით საშუალოდ ყოველთვიურად მიღებული (დარიცხული) შემოსავალი შეადგენდა - 6861.81 ლარს.

10.9. ფიქსირდება, რომ ი. მ–ძე 2022 წლის აპრილის თვიდან 2023 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად იხდიდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ საშუალოდ 445 ლარს. იმავდროულად, ი. მ–ძე იხდის სს „ა–ს“ დაზღვევის საფასურს, 24.01.2023 წელს გადაიხადა – 176 ლარი, 22.02.2023 – 88 ლარი.

10.10. არასრულწლოვანი კ. მ–ძე, დედამ - მ.ა-მ–ძემ სასწავლებლად შეიყვანა შპს „ე.ს–ის“ საბავშვო ბაღში. ბაღის წლიური საფასურის ნახევარი 6373.13 ლარი (2250 ევრო) გადახდილია მ.ა-მ–ძის მიერ.

10.11. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

10.11.1. მხარეთა შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მ.ა-მ–ძე ადეკვატურად ზრუნავს არასრულწლოვანი შვილის განვითარებაზე, მის რჩენა-აღზრდაზე. არ გამოკვეთილა მშობლის მხრიდან არასრულწლოვნის უფლებების უგულებელყოფა ან/და მშობლის უფლება-მოვალეობების არ შესრულება. ცალსახად და უპირობოდ გამოიკვეთა, რომ კ. მ–ძე ცხოვრობს მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, მას პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვს დედის მიმართ. იმავდროულად, ი. მ–ძე ჩართულია შვილის რჩენა-აღზრდის პროცესებში, გამოხატავს მზრუნველობას შვილის მიმართ და მზად არის, მეტად ჩაერთოს ბავშვის აღზრდის პროცესში, აქვს მშობლის სათანადო უნარ-ჩვევები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი დადებით დამოკიდებულებასა და სიყვარულს გამოხატავს ორივე მშობლის მიმართ, აღნიშნული ორივე მშობლის სწორ დამოკიდებულებაზე მიუთითებს - არასრულწლოვნის ინტერესების/უფლებების გათვალისწინების თვალსაზრისით.

10.11.2. სადავო უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: მცხეთა, ........., ფართობი: 568.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........), შეძენილი იყო მ.ა- მ–ძისა და ი. მ–ძის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მასზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.

10.11.3. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. მ–ძეს გააჩნია იმ ოდენობის შემოსავლები ან/და შესაძლებლობა - მიიღოს შემოსავალი, რომ დაეხმაროს თავის არასრულწლოვან შვილს იმაზე მეტად, ვიდრე ამას თავად უთითებს და მინიმალურად შეუქმნას შვილს ისეთივე პირობები, რაც შეიძლება ჰქონოდა მშობლების ერთად ცხოვრების შემთხვევაში. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს ვერცერთი მხარის მითითებას ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე - არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

10.11.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან და მათ არ გააჩნიათ დამატებითი ხარჯები ავადმყოფობის ან სხვა გარემოების სახით, ხოლო საბანკო ვალდებულებებს, ან პირად ხარჯებს, რომელიც შესაძლოა ორივე მხარეს გააჩნდეს, უპირატესი მნიშვნელობა, ბავშვის საჭიროებებთან შედარებით, ვერ მიენიჭება.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.ა-მ–ძემ სადავოდ გახადა სამართლებრივი, ხოლო აპელანტმა ი. მ–ძემ - ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტმა მ.ა-მ–ძემ სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ შვილთან ურთიერთობისთვის განსაზღვრული წესი და მოითხოვა ი. მ–ძეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვროს მის მიერ მოთხოვნილი წესის შესაბამისად, კერძოდ, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის 2.1. და 2.2. ქვეპუნქტები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ი. მ–ძეს არასრულწლოვანი კ. მ–ძის დედასთან დაბრუნების ვალდებულება სამშაბათ და ხუთშაბათ დღეებში ექნება 20:00 საათზე, აპელანტმა ასევე მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის 2.6. ქვეპუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვითაც, მამა-შვილის ურთიერთობისას ი. მ–ძეს ჩართული ექნება ტელეფონი, დედის, მ.ა-მ–ძის, მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით, რისთვისაც ი. მ–ძე ვალდებულია, დედის - მ.ა-მ–ძის მოთხოვნიდან, არაუგვიანეს თხუთმეტ წუთში, უპასუხოს მას, გაუგზავნოს შვილის ფოტო ან/და ვიდეო მოთხოვნისამებრ ან/და გაასაუბროს ბავშვს. აპელანტმა სადავო გახადა ი. მ–ძისათვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოითხოვა ი. მ–ძისათვის, ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 2000 ლარის დაკისრება (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის აუდიოჩანაწერი, 14:25:41-14:26:32 სთ). ი. მ–ძის სააპელაციო პრეტენზია ემყარებოდა იმ არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ბავშვის საჭიროებებთან შეუსაბამოდ მაღალია.

12. სააპელაციო პალატამ თავდაპირველად იმსჯელა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერებაზე. მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ შესაბამის მუხლებზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალურ ხასიათი და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.

13. პალატამ განმარტა, რომ იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ განიმარტოს, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა.

14. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ ი. მ–ძე დასაქმებულია შპს „მ–ის“ (ს/ნ .........) დირექტორად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 4900 ლარს. მ.ა-მ–ძე დასაქმებულია სამშენებლო კომპანია „გ.ჯ–ის“ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. მ–ძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ი. მ–ძის ანაზღაურება ყოველთვიურად 5000 ლარს შეადგენს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის აუდიოჩანაწერი, 14:03:43-14:06:55 სთ.). მცირეწლოვანი კ. მ–ძე ცხოვრობს დედასთან - მ.ა-მ–ძესთან ერთად.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანს ყოველთვიურად საკვები პროდუქტების გარდა, ასევე, ესაჭიროება ტანსაცმელი, გადაადგილება, ხოლო ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით - სხვადასხვა სახის სპორტულ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი თანხა. მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში არასრულწლოვანი იღებს თუ არა მონაწილეობას მსგავსი სახის აქტივობაში, მისი ეს უფლება, როგორც ბავშვის უფლება, რომელიც გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითა თუ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს. შესაბამისად, ალიმენტის განსაზღვრა იმ ოდენობით არის მიზანშეწონილი, რომ ამისათვის სათანადო პირობები შეიქმნას.

16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის რეალური საჭირობებიდან გამომდინარე, 1000 ლარზე ნაკლები ოდენობით ალიმენტის განსაზღვრა ვერ შეფასდებოდა გონივრულ ოდენობად, ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის ერთი მშობლის მხრიდან გასაწევი ხარჯი, თვეში მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდა. ხოლო, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დღითიდღე იზრდება მოზარდის ყოველდღიური საჭიროებები, რასაც მხოლოდ დედის რესურსი ვერ გაწვდება, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

17. სააპელაციო პალატამ ი. მ–ძისათვის ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენის მართებულობის საკითხზე მსჯელობისას, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ შეისწავლა და შეაფასა ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობები, ორივე მშობლის უნარები არასრულწლოვანთან ურთიერთობისას (რაც უკვე აისახა დასკვნაში). ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო არის დამაკმაყოფილებელი და ორივე მშობელთან ბავშვი ფაქტობრივად იღებს ადეკვატურ მზრუნველობას. უპირობოდაა გამოკვეთილი კ. მ–ძის სურვილიც - თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან და მამასთან (მას უყვარს ორივე მშობელი). რაც შეეხება მშობლებს შორის შეუთანხმებელ გარემოებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ურთიერთობის წესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ასაკი და დედის მიმართ არსებული მიჯაჭვულობა, ხოლო, როდესაც ბავშვი მიაღწევს იმ ასაკს (დასახელებულ იქნა 5-6 წელი), რომ შეეძლება დედის გარეშე მამასთან მარტო ღამით დარჩენა, ამასთან, უკვე შეგუებული იქნება მამასთან ურთიერთობას, შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პირობების დადგენაც.

18. სასამართლოს მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ბავშვის ასაკზე, მის მიჯაჭვულობაზე დედასთან, აღინიშნა, რომ ღამის პერიოდში ბავშვის დედის გარეშე დარჩენა, თუნდაც მამასთან, არ უნდა იყოს პრინციპული საკითხი, არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაფრთხილების თვალსაზრისით. სასამართლომ მიუთითა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზეც, როგორიცაა მშობელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის არსებობა ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნის მშობლებთან ურთიერთობის პრაქტიკული დეტალები, წინასწარ ყველა საკითხი ყოველთვის ვერ იქნება მოწესრიგებული და მსგავს დავებში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა ორივე მშობლის თანაბარ პასუხისმგებლობაა.

19. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ არ არის დასაბუთებული არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რა ზიანს აყენებს ბავშვს მამასთან ურთიერთობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან ბავშვის აღზრდის მეთოდებში და აღნიშნული ბავშვის დედის და მამის შემთხვევაში განსხვავებულია, თავიანთი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, გავლენას ვერ მოახდენს მამისათვის ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობის განსაზღვრაზე. ზოგადად, დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) ბავშვთან დაახლოებით ორსაათიანი ურთიერთობა, საკმარისი არ არის მისი სრულფსოვანი სოციალური განვითარებისათვის, არც დედასთან და არც მამასთან ბავშვის ურთიერთობის მაგალითზე.

20. პალატამ მიუთითა მცირეწლოვნის წარმომადგენლის, ანა ლიპარტელიანის, განმარტებაზე, რომელმაც რაციონალურად არ მიიჩნია მამისა და ბავშვის ურთიერთობის კიდევ უფრო შემჭიდროვება, იმის გათვალისწინებით, რომ განქორწინება ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი მშობლის როლს ისედაც ამჭიდროვებს.

21. ამდენად, სააპელაციო პალატამ, მ.ა-მ–ძის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების, მისი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არ გამოკვეთილა ი. მ–ძის ბავშვთან ურთიერთობის წესის შეცვლის საჭიროება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესი, ი. მ–ძის ბავშვთან ურთიერთობასთან მიმართებით, იყო მართლზომიერი და არ არსებობდა მ.ა-მ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

22. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მ.ა-მ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

23. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23.1. კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არღვევს ბავშვის საუკეთესო ინეტერესის დაცვის სავალდებულო პრინციპს, რაც ბავშვთან დაკავშირებული დავების განხილვის უპირველესი პრინციპია. გადაწყვეტილების დასაბუთებაში არის გარემოებები, რომელთა სრულად უგულებელყოფა ხდება გადაწყვეტილების საბოლოო ნაწილში, რაც იწვევს როგორც აპელანტის, ისე - ბავშვის უფლებების და ინტერესების შეზღუდვას. სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ სოციალური სამსახურის ფორმალურ დასკვნას, თუმცა არ იკვლევს, თუ რა აღზრდის მეთოდებს იყენებს მამა შვილთან ურთიერთობაში, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება არაჯანსაღ კვებით, დიდი დოზით ტელეფონის ან ტელევიზორის ყურებით, ძირითადად დახურულ სივრცეში, მანქანაში ან სახლში ყოფნით და არც ერთი ფორმით ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მოქმედებებით. ამასთან, ალიმენტის ნაწილში წარდგენილ იქნა დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუ რა საჭიროებები აქვს კ. მ–ძეს და რა ფინანსური შესაძლებლობები ი. მ–ძე, თუმცა, არც ეს გარემოებები იქნა შეფასებული და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მტკიცებულებათა და წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებათა დეტალური გამოკვლევის გარეშე. სასამართლო თავად უთითებს მ.ა-მ–ძის აქცენტებზე მშობლების კომუნიკაციასთან არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მიღებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მამას, ი. მ–ძეს, მხოლოდ ჩართულ მდგომარეობაში არსებული ტელეფონის ქონის ვალდებულება დაუწესა, ბავშვთან ყოფნის დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონის ჩართვა თავისთავად არ გულისხმობს პირთან კომუნიკაციის დამყარებასა და კავშირზე გასვლას, მ.ა-მ–ძე საკმაოდ დიდი დაბრკოლების წინაშე ჩნდება, რაც მას სერიოზულ ფსიქო-ემოციურ ზიანს აყენებს. მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არსებულ რეჟიმს, რომელიც მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს. როდესაც საკითხი შეეხება ძილის გრაფიკს, ეს სცდება ჰარმონიული აღზრდის სტანდარტებს და პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობასა და სათანადო განვითარებას. მცირეწლოვან ბავშვს 21:00 საათზე უნდა ეძინოს, რათა არ შეფერხდეს მისი ზრდისა და სათანადო განვითარების ეტაპები. ვინაიდან მამას, დედასთან დასაბრუნებლად სასამართლოს მიერ განესაზღვრა 21:00 საათი, კ. მ–ძე ფაქტობრივად ვერ ახერხებს დაძინებას 22:00 საათამდე.

23.2. კასატორის მითითებით, ი. მ–ძის მოცემულობა შეიცვალა, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილისა და პირობების ცვლილებას. ამგვარ არასტაბილურ გარემოში, განსაკუთრებით სხვა, უცხო პირთან არასრულწლოვნის ღამე დატოვება არ არის მართებული. ბავშვს ნორმალური აღზრდისათვის ესაჭიროება სტაბილური გარემო და რეჟიმი, რომლის არცერთი კომპონენტი არ არის დაცული ი. მ–ძესთან. ი. მ–ძის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს 6861.81 ლარს, მაშინ როდესაც მ.ა-მ–ძეს შემოსავალი არ უფიქსირდება და ის სრულად ფინანსდება მისი ოჯახის მიერ. ბავშვს ჰყავს ძიძა, დადის პრესქულში და სხვა დამატებით აქტივობებზე, ი. მ–ძეს არ ჰყავს სხვა შვილი და არც ვინმეს არჩენს, მას უწევს იმ თანხის გაღება, რომელიც საკმარისი არ არის პრესქულის საფასურის დასაფარადაც კი.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, მ.ა-მ–ძის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

31. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესზე, იმ დასაბუთებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია თუ რა აღზრდის მეთოდებს იყენებს მამა შვილთან ურთიერთობაში, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება არაჯანსაღ კვებაში, დიდი დოზით ტელეფონის ან ტელევიზორის ყურებაში, ძირითადად დახურულ სივრცეში ყოფნაში და არც ერთი ფორმით, ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მოქმედებებში.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

33. სსკ-ის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

34. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისთვისა და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.

35. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ (შემდეგში კონვენცია) შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

36. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად, რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.).

38. ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

39. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholzv.Germany,#25735/94,31.07.2000, პარ.52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ N ას-967-916-2915, 25.02.2016წ.

40. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (იხ.ას-1076-2022,23.12.2022წ; N ას-1139-2021, 29.11.2022წ; N ას-716-2021, 23.06.2022წ; N ას-43402921, 30.07.2021წ.).

41. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად მიიჩნევა და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეად. სუსგ-ას N ას-434-2021, 30.07.2021წ.).

42. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ).

43. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები, საიდანაც დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში - არასრულწლოვნისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. მისი საჭიროებები, სურვილები და ინტერესები დაკმაყოფილებულია. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არ არის გამოვლენილი მამასთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რამაც შესაძლოა, ცუდი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე, მათ შორის, ღამისთევით დარჩენის შემთხვევაშიც.

44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარ დავებზე შეძლებისდაგვარად უნდა გათვალისწინდეს სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ მამასა და შვილს შორის არის პოზიტიური ურთიერთობა, ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს დადებით ემოციას.

45. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის თანახმად, მამას - ი. მ–ძეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს შვილთან, განაგრძოს მასზე ზრუნვა და მომავალში ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მისი სურვილის გათვალისწინებით, შეძლოს შვილის წაყვანა საცხოვრებელ მისამართზე ღამისთევით - სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო აფიქსირებს, რომ ურთიერთობის წესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ასაკი და დედის მიმართ არსებული მიჯაჭვულობა. ხოლო, როდესაც ბავშვი მიაღწევს იმ ასაკს (დასახელებული იქნა 5-6 წელი), რომ შეეძლება დედის გარეშე მამასთან მარტო ღამით დარჩენა, ამასთან უკვე შეგუებული იქნება მამასთან ურთიერთობის პირობებს, შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პირობების დადგენაც.

46. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ დასაბუთებული არ არის არგუმენტი, იმის თაობაზე, თუ რა ზიანს აყენებს ბავშვს მამასთან ურთიერთობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან ბავშვის აღზრდის მეთოდებზე და აღნიშნული ბავშვის დედის და მამის შემთხვევაში განსხვავებულია, თავიანთი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, გავლენას ვერ მოახდენს მამისათვის ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობის განსაზღვრაზე. დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის გარდა) ბავშვთან დაახლოებით ორსაათიანი ურთიერთობა საკმარისი არ არის მისი სრულფასოვანი სოციალური განვითარებისათვის, არც დედასა და არც მამასთან ბავშვის ურთიერთობის მაგალითზე.

47. კასატორი, საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ სოციალური სამსახურის ფორმალურ დასკვნას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. პალატა მიიჩნევს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ დაკისრებული მოვალეობები შეასრულა, ეფექტიანად გაწია სათანადო სამუშაო დასახული მიზნის მიღწევისათვის.

48. წინამდებარე საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა არასრულწლოვნის მამის საცხოვრებელ ადგილას დარჩენა იმ საფუძველით, რომ იქ ბავშვს მესამე პირთან მოუხდება ურთიერთობა.

49. აღნიშნულ პრეტენზიაზე საკასციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა მოიცავს ამა თუ იმ საკითხზე არასრულწლოვანის სურვილის გათვალისწინებას. შესაბამისად, მამასთან შეხვედრა, მის საცხოვრებელ ადგილას წასვლა, მათ შორის, ღამით დარჩენა, მხოლოდ ბავშვების თანხმობითაა შესაძლებელი. ცხადია, ბავშვის მესამე პირთან ურთიერთობის სურვილის არქონის შემთხვევაში, მის მიმართ რაიმე სახის ძალდატანება ვერ განხორციელდება. ამდენად, კასატორმა ამ მხრივაც ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც დადგენილი წესით მამისა და შვილის ურთიერთობის ხელშემშლელი გახდებოდა.

50. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ გამოიკვეთა ი. მ–ძის შვილთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის. ორივე მშობლის სახლში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბავშვის მშვიდ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში აღზრდას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ დასკვნებს, სპეციალისტების და მცირეწლოვნის წარმომადგენლის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული განჩინება. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს სრულად შეესაბამება და არ წარმოადგენს მისთვის საზიანო გარემოებას. პირიქით, არასრულწლოვანი შვილის მჭიდრო ურთიერთობა მამასთან აუცილებელია ბავშვის ნორმალური ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობის ფორმა, უზრუნველყოფს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივ, თანმიმდევრულ და ემოციურად დამზოგავი ფორმით აღდგენას, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

51. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მშობელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაცია ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე არის უმნიშვნელოვანესი, მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება არასრულწლოვნის მშობლებთან ურთიერთობის პრაქტიკულ დეტალებს, მაგ: მშობლების მხრიდან შვილის მოკითხვა, გაუთვალისწინებელი შემთხვევების შეტყობინება და ა.შ. უფროსებმა უნდა გააცნობიერონ არაჯანსაღი ურთიერთობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, რომელიც უშუალოდ ბავშვისთვის იქნება საზიანო და იმოქმედებს როგორც ბავშვის განვითარებაზე, ასევე - თითოეულ მშობელთან მის ურთიერთობაზე.

52. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ასევე გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებული არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).

54. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27.06.2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-495-469-2015, 01.07.2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04.02.2013 წ).

55. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10. 2017 წ.). სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

56. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

57. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვასა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).

59. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე მართებულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის ცვლილების საფუძველი. კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-განვითარება მამისაგან მეტ მატერიალურ მხარდაჭერას საჭირობდა.

60. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

63. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

65. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა-მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.ა-მ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადასახადო დავალება N1766993743, გადახდის თარიღი 29/12/2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე