დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.06.2026
საქმის ნომერი
ას-316-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-316-2026 29 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „ა.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს.შ–ძემ შპს „ა.ს–ის“ წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის - 6 750 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით / დასაბეგრი) გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის - 6750 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით/დასაბეგრი) გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. 2024 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ს.შ–ძე დასაქმდა მოპასუხე საწარმოში, სადაც მის მოვალეობებს სასტუმრო „Novotel Tbilisi“-ს „ხარჯების კონტროლიორის ფუნქციების“ შესრულება წარმოადგენდა; 11.10.2024წ. ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით, 2025 წლის 11 იანვრამდე. 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით, ს.შ–ძის ფუნქცია მოვალეობებს დაემატა დებიტორული/შემოსავლის აუდიტორის ფუნქციის შესრულება და ამ ფუნქციის გათვალისწინებით ხელფასი განისაზღვრა 3 375 ლარით. შპს „ა.ს–ის“ 2024 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით, ს.შ–ძესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2024 წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის განმარტებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, მან ბაზარზე ოპერირება დაიწყო 18.04.2024წ.. გახსნიდან მალევე ქვეყანაში შეიქმნა დამსაქმებლის მოლოდინებისაგან განსხვავებული ვითარება, დაიწყო საპროტესტო აქციები გამჭირვალობის კანონის მიღების წინააღმდეგ. ოქტომბრის ბოლოდან ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ მკვეთრად დაწია გაყიდვები, დაჯავშნილი ნომრები გაუქმდა, რამაც გაუსაძლისი გახადა სასტუმროს ფუნქციონირება, არარსებული მოგების გამო შეუძლებელი იყო საქმიანობის გაგრძელება. ხელმძღვანელობის მხრიდან 15.04.2024წ. მიღებულ იქნა ბრძანება ყველა ვადიანი ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულიყო 3 თვით.

5.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, გათავისუფლების ბრძანების შინაარსში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალა დასაქმებულთან ფაქტობრივად შესრულებული და შესაძლო შვებულების თანხებით უზრუნველყოფა, თუმცა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი გადახდის ქვითარი, რაც დაადასტურებდა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ფაქტის 1 დღით ადრე შეტყობინების გამო დასაქმებულს 2 თვის ხელფასის ტოლფასი თანხა უნდა აუნაზღაურდეს.

5.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისთვის, ეს ფაქტი რეორგანიზაციის შესახებ შეტყობინებას უთანაბრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შეტყობინების ვალდებულებას გააჩნია თავისი საკანონმდებლო მიზანი, როდესაც წინასწარ იცის დასაქმებულმა მოსალოდნელი სიძნელეებისა და შტატების შესაძლო შემცირების შესახებ, იგი სათანადოდ ემზადება ან იწყებს ახალი სამსახურის ძებნას შრომის ბაზარზე. მაშინ, როდესაც ამ ვალდებულებას დამსაქმებელი არ ასრულებს, ურთიერთობაში სუსტი მხარე მწარე რეალობის წინაშე დგება მოუმზადებელი. ამიტომაც აქვს კანონმდებელს შემოღებული სანქცია პროცედურული წესების დარღვევისთვის. ამასთან, მოსარჩელისათვის სხვა გზებით იმის ცოდნა, რომ მოსალოდნელია მასთან შრომითი ხელშეკრულების შეყვეტა, არ ათავისუფლებს დამსაქმებელს სათანადო წესით წარმართოს შესაბამისი პროცედურები, შეატყობინოს ყველა დასაქმებულს, განსაზღვროს სათანადო კრიტერიუმები შესანარჩუნებელი და გასაუქმებელი პოზიციებისთვის და შერჩევა მოახდინოს ობიექტური კრიტერიუმებით.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

13. შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. შრომის კოდექსით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, რადგან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

14. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1391-1312-2012).

15. სამოქალაქო პროცესი აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მათთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის („Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, არაჰორიზონტალურ დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარეებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა (იხ. ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება არაა შედავებული, თუმცა შედავებულია გათავისუფლების პროცედურა, რომელიც დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას ემსახურება.

18. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

19. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დაწესება დასაქმებულთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. წინასწარი შეტყობინების დანიშნულება დასაქმებულთა ახალ სოციალურ რეალობაში უმტკივნეულო გადაყვანასა და სამსახურის დაკარგვით გამოწვეული ცვლილებების მიმართ ადაპტირების პროცესის გამარტივებას ემსახურება. ეს საჭიროება კი მაშინ დგება, როდესაც დასაქმებული სამსახურს იმის გამო კი არ კარგავს, რომ ხელშეკრულების ვადა გავიდა, ან მან, ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რაიმე დაარღვია, არამედ მაშინ, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მისი (დასაქმებულის) ნებისა თუ ქმედებისაგან დამოუკიდებელი საფუძვლით ხდება, როგორიცაა, რეორგანიზაცია, ხანგრძლივი შრომისუუნარობა, სხვა ობიექტური გარემოება და ა.შ. ეს ის შემთხვევებია, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის ნებაზე ან ქმედებაზე დამოკიდებული არ არის, ამიტომაც სჭირდება მას დახმარება, დროის მიცემისა და კომპენსაციის ანაზღაურების სახით, რათა ახალი სამსახური ნახოს, ახალ სოციალურ რეალობას შეეგუოს და სხვა. სშკ-ის 38-ე (მოქმედი 48-ე) მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება შეესაბამება ევროპის სოციალური ქარტიითა და შსო-ის No158-ე კონვენციით გათვალისწინებულ დანაწესს, რომელიც დამსაქმებელს ხელშეკრულების მოშლის შესახებ გონივრული ვადით ადრე დასაქმებულისათვის შეტყობინების ვალდებულებას აკისრებს. მოწესრიგების მიზანია უმთავრესად დასაქმებულის სოციალური ინტერესების უზრუნველყოფა, კერძოდ, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს სხვა ალტერნატიული სამსახურის მოძიების ან სხვა ადეკვატური ზომების მიღების რეალური შესაძლებლობა. შრომის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის მართლზომიერად წარმართვისათვის, აუცილებელია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდეს დასაქმებულის წინასწარი შეტყობინება, რაც წერილობითი ფორმით უნდა განხორციელდეს. დასაქმებული, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა წყდება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გონივრული ვადის ხანგრძლივობის გაფრთხილების ან/და სანაცვლო კომპენსაციის მიღების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებულის მიერ ჩადენილია მძიმე გადაცდომა, კერძოდ, ისეთი ხასიათის გადაცდომა, რა დროსაც მიზანშეწონილი არ არის, რომ დასაქმებულმა სამუშაოს შესრულება გაფრთხილების მოქმედების განმავლობაში, კერძოდ, გაფრთხილებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში, კვლავ გააგრძელოს. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულის გონივრული ვადით ადრე შეტყობინების ვალდებულება გამოწვეულია იმით, რომ დასაქმებული დაუყოვნებლივ, გაუფრთხილებლად და მოუმზადებლად არ იქნეს სამუშაოსაგან ჩამოცილებული (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი, 2023 წელი, ასევე იხ. №ას-1523-2023 26 იანვარი, 2024 წელი).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2024 წლის 14 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს ერთი დღით ადრე, 2024 წლის 13 დეკემბერს შეატყობინეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებით განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებითა და საქმის მასალების გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში, შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე შეტყობინების მართლზომიერება, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ კანონით დადგენილო ოდენობით მისაცემი კომპენსაციის გადახდაზე უარი არამართლზომიერია.

23. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებისას ვერ დაეყრდნობა დასაქმებულის მდგომარეობას, კერძოდ: მართალია, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გათვალისწინებით, კომპანიის ფინანსური სირთულეები მისთვის, სავარაუდოდ იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი კომპენსაციის გაცემას დასაქმებულისათვის გათავისუფლების გადაწყვეტილების და არა ამგვარი საფუძვლის შესახებ ინფორმირების თარიღს უკავშირებს, ამასთან, არ დასტურდება, რომ ს.შ–ძეს 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება გასაცნობად გადაეცა. ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანება უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა.ს–ის“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 337.5 ლარის (საგადახდო დავალება N730, გადახდის თარიღი 14.04.2026) 70% – 236.25 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია