დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-258-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-258-2026 30 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - გ.მ–ვი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ა–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

II კასატორი - ი.ა–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ვი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (სარჩელით), ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.მ–ვმა (შემდგომში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ა–ვის (შემდგომში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2021 წლის 18 აგვისტოს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან, ა.მ–თან (შემდგომში - არასრულწლოვანი), ურთიერთობის წესის განსაზღვრა. თავის მხრივ, მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 2024 წლის 28 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისროს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2021 წლის 18 აგვისტოს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა:

2.1 ყოველი კვირის ორშაბათსა და ოთხშაბათს - 16:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათს, 11:00 საათიდან კვირა დღის 11:00 საათამდე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით;

2.2 დამატებით, 2026 წლიდან ყოველი წლის 5 იანვრის 11:00 საათიდან 10 იანვრის 18:00 საათამდე, პირველი ივლისის 11:00 საათიდან 11 ივლისის 18:00 საათამდე და პირველი აგვისტოს, 11:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით;

2.3 შეგებებული სარჩელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.4 მოპასუხეს, 2021 წლის 18 აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, 2024 წლის 28 ივნისიდან დაეკისრა 300 ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 (წინამდებარე განჩინების 2.2 პუნქტი) და 4 პუნქტების (წინამდებარე განჩინების 2.4 პუნქტი) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა: სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ, ყოველი წლის 5 იანვრის 11:00 საათიდან 10 იანვრის 18:00 საათამდე, პირველი ივლისის 11:00 საათიდან 11 ივლისის 18:00 საათამდე და პირველი აგვისტოს 11:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე დრო თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის (და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების) უფლება და ბავშვის დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულება; მოპასუხეს მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2024 წლის 28 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; არ დაკმაყოფილდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 2.1 პუნქტის (წინამდებარე განჩინების 2.1 პუნქტი) გაუქმების ნაწილში და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღნიშნული პუნქტი.

5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

6. პირველი კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში. ალიმენტის დაკისრების ნაწილში კი აღნიშნავს, რომ არ არის დასაქმებული და შემოსავალი არ გააჩნია. მისი მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, მუშაობის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით, იგი სავარაუდოდ დასაქმდება და ანაზღაურებას მიიღებს, დაუსაბუთებელია. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მატერიალური მდგომარეობა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ შეუფასებია.

7. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, არასრულწლოვნის მამასთან განსაზღვრული ურთიერთობის წესი არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მისი განმარტებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის მისი მამასთან ღამით დარჩენა, რადგან მისთვის აღნიშნული გარემო უცხოა და ამან, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ნერვიულ სისტემაზე. ამასთან, დედის ჩვეული გარემოსგან უწყვეტად 10-10 დღით მოწყვეტა და მამის საცხოვრებელში ყოფნა, კასატორის მოსაზრებით, ბავშვისთვის სტრესული იქნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ან დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორი გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

13.1 მოსარჩელე და მოპასუხე 2020 წლის 5 ნოემბრიდან 2023 წლის 7 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2021 წლის 18 აგვისტოს, მათ შეეძინათ შვილი.

13.2 მცირეწლოვანი ამჟამად ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან (დედის დედასთან) ერთად. ორივე მათგანი ყოველდღიურად მონაწილეობს ბავშვის მოვლა-აღზრდის პროცესში. მცირეწლოვანს აქვს კარგი ურთიერთობა როგორც დედასთან, ისე ბებიასთან. ბავშვსა და დედას შორის ჩამოყალიბებულია მყარი და დადებითი ემოციური კავშირი. დედა ითვალისწინებს ბავშვის სურვილებსა და საჭიროებებს, ხელს უწყობს მის განვითარებას და აქტიურად არის ჩართული მისი აღზრდის პროცესში.

13.3 მოპასუხის (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის) საცხოვრებელი გარემო მოწესრიგებულია, აკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და ბავშვისთვის უსაფრთხოა.

13.4 მოპასუხემ სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ოჯახში არსებობდა ძალადობის ისტორია. კერძოდ, მისი განმარტებით, დედამთილი ცოლ-ქმარს არ აძლევდა დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი და მისი შვილი საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში წავიდოდნენ და იქ თავშესაფარს მოითხოვდნენ. აღნიშნულ პირობებზე თანხმობის არქონისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, მოპასუხეს მოუწია ოჯახის დატოვება და შვილთან ერთად დედასთან საცხოვრებლად გადასვლა.

13.5 ამასთან, მოპასუხის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დედამთილი მას უკრძალავდა ტელეფონის გამოყენებასა და მშობლებთან სტუმრობას, ასევე განსაზღვრული ჰქონდა კონკრეტული დღეები, როდესაც რძალს შეეძლო მშობლების მოსანახულებლად სახლიდან გასვლა.

13.6 მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მისი საცხოვრებელი გარემო არის მოწესრიგებული, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოა ბავშვისთვის. მოსარჩელემ და ა.მ–მა (მოსარჩელის მამამ) სოციალურ მუშაკს განუმარტეს, რომ ოჯახში რაიმე სახის ძალადობის ფაქტი გამორიცხული იყო.

13.7 სოციალურ მუშაკს მოსარჩელის მამამ წარუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია მათი ბოლო შეხვედრა ბავშვის ოჯახისგან წაყვანის შემდეგ. ვიდეომასალაში ნათლად იკვეთება პაპასა და შვილიშვილს შორის არსებული დადებითი ურთიერთობა. მცირეწლოვანი ეხვევა პაპას, უღიმის და მის მიმართ ავლენს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას. ვიდეოში არ შეინიშნება რაიმე სახის დაძაბულობა.

13.8 2023 წლის 21 ნოემბრის ვითარებით, ბებიასა და მამას მცირეწლოვანი არ ჰყავდათ ნანახი. პაპისა და შვილიშვილის შეხვედრის შემდეგ მოპასუხემ უარი განაცხადა ბავშვის სანახავად მამისა და სხვა პირთა მიღებაზე.

13.9 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აღენიშნება რაიმე სახის გონებრივი ან ფიზიკური განვითარების შეფერხება. მცირეწლოვანს არ ესაჭიროება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა ან სპეციალური კვება. იგი აცრილია ასაკობრივი კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინით. ბავშვის განვითარება სრულად შეესაბამება მის ასაკს.

13.10 ბავშვს უყვარს მამა, სიხარულით ხვდება მას და სიამოვნებით ატარებს მასთან გარკვეულ დროს, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის დროებითი განკარგულების ფარგლებში განხორციელებული ურთიერთობის ამსახველი ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერებით.

13.11 აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მხარეებიც. კერძოდ, 2024 წლის აგვისტოს დასკვნაში ასახულია სოციალური მუშაკის მიერ მოსარჩელისგან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბავშვი მამასთან შეხვედრისას თავს კომფორტულად გრძნობს, მასთან ურთიერთობის პროცესში რაიმე სახის სირთულე არ გამოვლენილა. შესაბამისად, მოსარჩელე გამოთქვამს სურვილს, შვილთან ურთიერთობისთვის განკუთვნილი დრო გაიზარდოს და ნახვის საათები გახანგრძლივდეს. მამა-შვილს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს მოპასუხეც. მისი განმარტებით, ბავშვის მამის მონახულების შემდეგ არასრულწლოვნის ემოციური მდგომარეობა დადებითია, არ შეინიშნება სტრესის, შფოთვის ან რაიმე სახის საფრთხის ნიშნები.

13.12 მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) მუშაობდა ტელეკომპანია „ობიექტივში“. 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს დეკლარირებული შემოსავალი არ მიუღიათ.

14. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულწლოვან შვილთან მამის ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესი. კერძოდ, ორივე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის რეჟიმი არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მათ განსხვავებული სამართლებრივი პოზიციები და მოთხოვნები აქვთ.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

16. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე იმავე კოდექსის 78.1 მუხლის შესაბამისად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.

17. საკასაციო საჩივრის პრეტენზიათა გათვალისწინებით, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, რამდენად შეესაბამება არასრულწლოვანთან ურთიერთობის (ნახვის) სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესი მის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასებისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის (იხ. სუსგ №ას-96-2022, 21.06.2022წ.; №ას-716-2021, 23.06.2022წ.; №ას-562-2023, 25.07.2023წ.; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.).

18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა, არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა სსკ-ის 1197-ე მუხლით განმტკიცებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ასახულია „ბავშვთა უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას-53-51-2016, 06.07.2016წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.).

19. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი, ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ. სუსგ №ას-70-2022, 16.02.2022წ.; №ას-53-51-2016, 06.07.2016წ.2016წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.).

20. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

21. ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

22. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულად იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, სსკ-ის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თუმცა, იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (იხ. სუსგ №ას-1302-2023, 18.01.2024წ.).

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „რ.ი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, ECHR,18.12.2018წ.“ (R.I. and Others v. Romania) მიუთითა, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით ძირითადად დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება - „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება მე-8 მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს, გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე - მის ეფექტიან აღსრულებას. სასამართლო ამოწმებს იყო თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, იგი დაცვის განსაკუთრებულ ზომას საჭიროებს.

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში -დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (იხ. სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას-1837-2019, 16.06.2020წ.; № ას- 440-2020, 13.04.2021წ.).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება, ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (იხ. სუსგ №ას-434-2021, 30.07.2021წ.).

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ემყარება სოციალური მუშაკის 2023 წლის 21 ნოემბრის დასკვნას, და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

28. ამასთან, მხარეებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მშობელსა და შვილს შორის განსაზღვრული ურთიერთობის წესის შეცვლის აუცილებლობაზე ან მის შეუსაბამობაზე მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესებთან.

29. მეორე კასატორის პრეტენზია, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით ამ ეტაპზე მცირეწლოვნის მამასთან ღამით დარჩენა მიზანშეწონილი არ არის შესაძლო სტრესის განვითარების რისკის გამო, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული პოზიცია ემყარება მხოლოდ ჰიპოთეტურ ვარაუდს მცირეწლოვნის შესაძლო ფსიქო-ემოციური დისკომფორტის ან სტრესის არსებობის შესახებ და არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება ვერ დაეფუძნება ვარაუდებს, სუბიექტურ აღქმას ან სამომავლო რისკების აბსტრაქტულ მითითებას. იგი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათი ობიექტური, სრული და ურთიერთშეჯერებული შეფასების შედეგად. სწორედ ამგვარი შეფასების საფუძველზე უნდა დადგინდეს ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, თითოეულ მშობელთან მისი ემოციური კავშირი, მათთან ურთიერთობის ხარისხი, ადაპტაციის შესაძლებლობა და ის გარემოებები, რომლებიც რეალურად შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

31. პალატა, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნაზე, რომელსაც, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის შესაბამისად (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ცალკე აღებულს არ შეიძლება მიენიჭოს განმსაზღვრელი ან უპირატესი მნიშვნელობა, თუმცა იგი, თავისი ნეიტრალური ხასიათისა და პროფესიული კომპეტენციის გათვალისწინებით, ამგვარი კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვან მტკიცებულებით წყაროს წარმოადგენს.

32. როგორც წესი, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მცირეწლოვნის საცხოვრებელი, სოციალური და ფსიქო-ემოციური გარემოს კომპლექსურ შეფასებას და მიზნად ისახავს ბავშვის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ ასახვას.

33. მოცემულ შემთხვევაში, დასკვნა თავისი შინაარსობრივი კომპონენტებით მრავალმხრივ ასახავს არსებულ ვითარებას და ეფუძნება როგორც საცხოვრებელი პირობების, ისე ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და მშობელთან ურთიერთობის დინამიკის შეფასებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, მას გააჩნია მნიშვნელოვანი მტკიცებითი ღირებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეფასების კონტექსტში ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისათვის.

34. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) საცხოვრებელი გარემო არის მოწესრიგებული, აკმაყოფილებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უსაფრთხოა ბავშვისათვის. ამავე დასკვნით დგინდება, რომ მცირეწლოვანი მამასთან შეხვედრისას ავლენს პოზიტიურ ემოციურ რეაქციას, არის კომუნიკაბელური და არ იკვეთება შფოთვის, შიშის ან რაიმე სახის ფსიქო-ემოციური დისკომფორტის ნიშნები.

35. გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ასევე წარდგენილ ვიზუალურ მტკიცებულებებს (ფოტო და ვიდეოჩანაწერები), დასტურდება არა მხოლოდ მამა-შვილს შორის პოზიტიური და ემოციურად ჯანსაღი ურთიერთობა, არამედ მცირეწლოვნის პოზიტიური ურთიერთობა მამის ოჯახის სხვა წევრთან - პაპასთან.

36. ამასთან, აღნიშნული ვიდეომასალის ერთ-ერთი ნაწილი ასახავს ბავშვის ოჯახიდან წაყვანის პროცესს, მათ შორის ე.წ. დამშვიდობების ბუნებრივ ეპიზოდს, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს დროის ნეიტრალურ მონაკვეთს, სადაც მხარეთა შორის ურთიერთობა ვლინდება არა სპეციალურად ორგანიზებულ ან ფორმალურ გარემოში, არამედ ყოველდღიური, დაუგეგმავი სოციალური ურთიერთქმედების პირობებში. აღნიშნული გარემოება დამატებით ზრდის მტკიცებულების ობიექტურობის ხარისხს და იძლევა მცირეწლოვნის რეაქციების ბუნებრივ გარემოში შეფასების შესაძლებლობას.

37. ვიდეომასალიდან იკვეთება, რომ ბავშვი გამოხატავს სითბოს პაპის მიმართ, ეხვევა მას და უღიმის, ხოლო მათ შორის არ ფიქსირდება რაიმე სახის დაძაბულობა ან ემოციური დისკომფორტი. აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მამის ოჯახური გარემო, მათ შორის ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის კონტექსტშიც, ბავშვის მიერ აღიქმება როგორც ემოციურად უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული სივრცე.

38. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განკარგულების ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების ამსახველი ფოტო და ვიდეოჩანაწერები ასახავს ურთიერთობის სხვა, დამოუკიდებელ დროით მონაკვეთს, რაც კიდევ უფრო ამყარებს დასკვნას ურთიერთობის სტაბილურობის შესახებ. აღნიშნულ მასალებში ბავშვი მამასთან შეხვედრისას ავლენს პოზიტიურ ემოციურ რეაქციას, არის კომუნიკაბელური და არ იკვეთება შფოთვის, შიშის ან რაიმე სახის ფსიქო-ემოციური დისკომფორტის ნიშნები.

39. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, მათი სხვადასხვა დროით პერიოდებზე გადანაწილებისა და ბუნებრივ გარემოში ასახული ურთიერთობების გათვალისწინებით, იძლევა ბავშვსა და მამას შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის მრავალმხრივი შეფასების შესაძლებლობას და, ერთობლიობაში, ადასტურებს მათ შორის ჩამოყალიბებულ სტაბილურ, პოზიტიურ და ემოციურად უსაფრთხო კავშირს.

40. ამასთან, სოციალური მუშაკის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ასევე თავად მოპასუხის პოზიციითაც დასტურდება, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა არის პოზიტიური: ბავშვი მამის მონახულების შემდეგ თავს კარგად გრძნობს, არ შეინიშნება სტრესი, შფოთვა ან რაიმე სახის საფრთხის შემცველი გარემოება. პირიქით, მხარეები მიუთითებენ ბავშვის მხრიდან მამის მიმართ დადებით ემოციურ რეაქციაზე და ურთიერთობის გაგრძელების სურვილზე.

41. პალატა განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად დაადასტურებდა მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში მცირეწლოვნისათვის რეალური ზიანის, განვითარების შეფერხების ან ფსიქო-ემოციური დისბალანსის რისკს. მხოლოდ ზოგადი მითითება ბავშვის ასაკზე და შესაძლო სტრესზე, კონკრეტული ინდივიდუალური შეფასებისა და მტკიცებითი საფუძვლის გარეშე, ვერ ჩაითვლება საკმარის სამართლებრივ არგუმენტად მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვის ან მისი ინტენსივობის შემცირებისათვის.

42. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა წარმოადგენს ფუნდამენტურ ოჯახურ კავშირს, რომელიც ეფუძნება ორივე მშობლის თანაბარ უფლებასა და ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური ან ხანმოკლე შეხვედრებით, არამედ გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის მყარი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას, რაც ბავშვის ჰარმონიული, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, როდესაც საქმეზე არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგო რაიმე ობიექტური გარემოება, მშობელთან ღამისთევით დარჩენა წარმოადგენს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის ბუნებრივ და ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათი ოჯახური კავშირის განმტკიცებას და ბავშვის ორივე მშობელთან სრულფასოვანი ურთიერთობის უფლების რეალიზებას.

43. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მუშაკის დასკვნა, ვიზუალური მასალა და მხარეთა განმარტებები ერთობლივად მიუთითებს, რომ მამა-შვილს შორის ჩამოყალიბებულია სტაბილური, პოზიტიური და ემოციურად უსაფრთხო ურთიერთობა, ხოლო მამის ოჯახური გარემო ბავშვისთვის არის როგორც საცხოვრებელი პირობების, ისე სოციალური და ემოციური კუთხით მისაღები. შესაბამისად, განსაზღვრული ურთიერთობის წესი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის მამასთან პერიოდულად ღამით დარჩენას, წარმოადგენს გონივრულ, პროპორციულ და ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებულ ღონისძიებას.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის წესი ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის სწორ სამართლებრივ შეფასებას და უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს სრულფასოვანი ურთიერთობა ორივე მშობელთან. ამასთან, მეორე კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმადაც მცირეწლოვანს ამ ეტაპზე არ უნდა ჰქონდეს მამასთან ღამისთევით დარჩენის შესაძლებლობა, არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ემყარება მხოლოდ ჰიპოთეტურ ვარაუდს ბავშვის შესაძლო ფსიქო-ემოციური დისკომფორტის შესახებ. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ასეთი შეზღუდვის აუცილებლობას ან მამასთან ღამისთევით დარჩენის უარყოფით გავლენას ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ამგვარი შეზღუდვის დაწესება ვერ იქნება მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარედ და, სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში, გაუმართლებლად შეზღუდავს როგორც მცირეწლოვნის უფლებას, ჰქონდეს სრულფასოვანი ურთიერთობა ორივე მშობელთან, ისე მამის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

45. პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ მიიჩნევს მეორე კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ურთიერთობის წესს შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობელსა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის წესი წარმოადგენს ერთიან და უწყვეტ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის ორივე მშობელთან სტაბილური და სრულფასოვანი ურთიერთობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, არდადეგების პერიოდის განსხვავებული წესით მოწესრიგება ვერ დაეფუძნება მხოლოდ მხარის სურვილს ან მოსაზრებას და აუცილებელია, იგი გამყარებული იყოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც დაადასტურებს, რომ სწორედ ასეთი რეგულირება შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

46. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია არ მიუთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც, სსსკ-ის 407-ე მუხლით დადგენილი საკასაციო შემოწმების ფარგლების გათვალისწინებით, გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ საფუძვლებს, ანდა მიუთითებდა განსაზღვრული ურთიერთობის წესის შეცვლის აუცილებლობაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის თვალსაზრისით.

45. ამდენად, საქმის მასალების გათვალისწინებით, არდადეგების პერიოდების სხვაგვარად მოწესრიგების აუცილებლობა არ არის დასაბუთებული მეორე კასატორის საკასაციო საჩივრით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეჟიმის რეალიზაცია აღნიშნულ ნაწილში ითვალისწინებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6-თვიან გარდამავალ პერიოდს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობის ეტაპობრივ და ბავშვის ინტერესებზე მორგებულ განხორციელებას.

46. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის წესი თავისი ბუნებით არ წარმოადგენს უცვლელ და ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს. ამ კატეგორიის საქმეებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ქმნის სამართლებრივ საფუძველს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის და მიზნად ისახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, აგრეთვე მხარეთა თვითნებური, შეუთანხმებელი ან ბავშვის ინტერესების არასათანადო შეფასებაზე დაფუძნებული მოქმედებების პრევენციას. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს ცხოვრების დეტალურ და უცვლელ განრიგს, არამედ განსაზღვრავს ურთიერთობის იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტული გათვალისწინებით.

47. ამასთან, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ეფუძნება გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მცირეწლოვნის განვითარების კონკრეტულ ეტაპს. ბავშვის ასაკობრივი, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარების პროცესში მისი საჭიროებები ბუნებრივად იცვლება, რის გამოც ურთიერთობის წესის პრაქტიკული განხორციელებაც უნდა ეფუძნებოდეს მოქნილობასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების მუდმივ შეფასებას. შესაბამისად, თუ ურთიერთობის განხორციელების პროცესში გამოიკვეთება ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც არსებით გავლენას მოახდენს მცირეწლოვნის კეთილდღეობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გამორიცხული ურთიერთობის წესის შესაბამისი ცვლილებაც.

48. რაც შეეხება პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიებს შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ შედავებას, რომელიც გამოკვეთდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველს. კასატორი მხოლოდ ზოგადად გამოხატავს უთანხმოებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ურთიერთობის წესთან დაკავშირებით, თუმცა არ უთითებს, გადაწყვეტილების რომელი კონკრეტული ნაწილი, რა ფაქტობრივი გარემოება ან რომელი სამართლებრივი დასკვნა მიაჩნია არასწორად და რის საფუძველზე უნდა იქნეს იგი შეცვლილი.

49. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში პირველი კასატორის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი ვერ გახდება ის საკითხები, რომლებიც სააპელაციო განხილვის ფარგლებს მიღმა დარჩა და რომელთა მიმართაც მხარეს შესაბამის ეტაპზე არ გამოუყენებია გასაჩივრების უფლება.

50. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად სადავოდ იქცა მხოლოდ არდადეგების პერიოდთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტი, რომლითაც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის დაწყება დაუკავშირდა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6-თვიან გარდამავალ პერიოდს.

51. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილების განსხვავება მდგომარეობს არა ბავშვის ნახვისა და წაყვანის პერიოდებში, ვინაიდან ორივე შემთხვევაში განსაზღვრულია ერთი და იგივე თარიღები და საათები, არამედ აღნიშნული უფლების ამოქმედების დროში. კერძოდ, პირველი ჩანაწერის მიხედვით, ბავშვის წაყვანის უფლება იწყება 2026 წლიდან, ხოლო მეორე ჩანაწერის მიხედვით - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ.

52. ამასთანავე, სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი პუნქტი უფრო დეტალურად განსაზღვრავს ბავშვის წაყვანის უფლებასთან დაკავშირებულ პირობებს და დამატებით მიუთითებს ბავშვის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა და ბავშვის დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებაზე. შესაბამისად, პერიოდებისა და საათების ნაწილში განსხვავება არ არსებობს. განსხვავება მხოლოდ აღნიშნული უფლების ამოქმედების ვადასა და მისი განხორციელების დამატებითი პირობების დაზუსტებაში მდგომარეობს, რის მიმართაც პირველი კასატორის პრეტენზია გაუგებარია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში, არსებითი შინაარსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, სადავოდ არ გაუხდია.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის პრეტენზიები არ არის მიმართული სააპელაციო სასამართლოს მიერ რეალურად გასაჩივრებული ნაწილის წინააღმდეგ, ეფუძნება ზოგად და არაკონკრეტულ მითითებებს და არ შეიცავს ისეთ დასაბუთებულ სამართლებრივ შედავებას, რომელიც გააბათილებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. შესაბამისად, აღნიშნული პრეტენზიები არ ქმნის მათი გაზიარების სამართლებრივ საფუძველს.

54. პირველი კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის ნაწილშიც და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი უმუშევარია.

55. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 18 აგვისტოს დაბადებული ა.მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა ყოველთვიურად, 2024 წლის 28 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. ამასთან, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 300 ლარის ოდენობის ალიმენტი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის გაზრდილ ნაწილში 200 ლარის ოდენობით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198-ე მე-2 ნაწილისა (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე მუხლებით (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) დადგენილი სამართლებრივი რეგულირებიდან.

56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა მშობლებს აკისრებს შვილების რჩენის უპირობო ვალდებულებას, რაც რეალიზდება არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის გზით. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს როგორც ოჯახის სამართლებრივი ბუნებიდან, ისე ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის კონსტიტუციური და კანონმდებლობით განმტკიცებული პრინციპიდან.

57. ამასთან, კანონმდებლობა არ ადგენს ალიმენტის ოდენობის მკაცრ ან ზღვრულ ფარგლებს და მის განსაზღვრას არ უკავშირებს წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს ან ერთიან ტარიფს, ვინაიდან მისი ოდენობა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შესაფასებელი გარემოებების ერთობლიობაზე. შესაბამისად, ალიმენტის განსაზღვრა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ვალდებულია შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის არასრულწლოვნის საჭიროებები, მისი ასაკი, ცხოვრების პირობები, სოციალური გარემო, აგრეთვე მშობლის რეალური და პოტენციური მატერიალური შესაძლებლობები და სხვა შესაბამისი გარემოებები. სწორედ ამ გარემოებათა ერთობლივი და ურთიერთშეჯერებული შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს ალიმენტის ისეთი ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის ნორმალურ რჩენა-აღზრდას და ამავდროულად შეესაბამება გონივრულობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.

58. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვისას ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27.06.2011წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017წ.; №ას-1301-2019, 13.03.2020წ.; №ას-878-2021, 27.10.2021წ.; №ას-1262-2023, 08.11.2023წ.; №ას-1328-2023, 07.03.2024წ.; №ას-1606-2023, 10.04.2024წ.).

59. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.). ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23.01.2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია. იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.).

60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ მშობლის მიერ გაწეული საოჯახო შრომა, რომელთანაც არასრულწლოვანი ცხოვრობს, წარმოადგენს ბავშვის რჩენა-აღზრდაში მისი მონაწილეობის მნიშვნელოვან ფორმას. შესაბამისად, მშობლის რჩენის ვალდებულება არ შეიძლება ვიწროდ განიმარტოს და მხოლოდ ფინანსურ მონაწილეობამდე იქნეს დაყვანილი, ვინაიდან იგი მოიცავს როგორც ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფას, ისე მის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობასა და აღზრდაში უშუალო მონაწილეობას.

61. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი ცხოვრობს ერთ-ერთ მშობელთან და მისი ყოველდღიური მოვლისა და აღზრდის ტვირთს სწორედ ეს მშობელი ეწევა, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მისი მშობლის მოვალეობის ფაქტობრივ შესრულებას. თუმცა ეს არ ათავისუფლებს მეორე მშობელს ვალდებულებისაგან, საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფაში. ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო უპირატესად ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებითა და მისი რეალური საჭიროებებით, რაც შრომისუნარიანი მშობლისათვის უნდა წარმოადგენდეს დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების მოტივაციას, რათა მან შეძლოს საკუთარი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების უზრუნველყოფა.

62. ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვნის ასაკს, მის მზარდ საჭიროებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, რაც ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად ზრდის მისი რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების მოცულობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირველი კასატორის მიერ შეთავაზებული ალიმენტის ოდენობა არ არის საკმარისი არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად.

63. ზემოთ უკვე აღინიშნა და აღნიშნული წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 300 ლარის ოდენობის ალიმენტი პირველი კასატორის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის დამატებით 200 ლარით გაზრდის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შეფასება. ამდენად, სადავო არ არის მცირეწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სადავოა მხოლოდ მისი ოდენობის 500 ლარამდე გაზრდის მართლზომიერება.

64. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია არსებითად ემყარება მხოლოდ მის უმუშევრობაზე მითითებას. თუმცა საქმეში არ იკვეთება და არც კასატორის მიერ არის მითითებული ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც მის მატერიალურ შესაძლებლობებს არსებითად შეზღუდავდა. კერძოდ, მას არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებებით დაუდასტურებია, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი, ეკისრება ისეთი საკრედიტო, სასესხო ან სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც არსებით გავლენას მოახდენდა მის გადახდისუნარიანობაზე, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა.

65. პირიქით, საქმეზე დადგენილია, რომ პირველი კასატორი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები და წარსულში სპეციალობითაც იყო დასაქმებული. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ იგი ცხოვრობს მშობელთან ერთად, რაც, სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთობლივად შეფასებისას, არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები დაკავშირებულია ისეთ ობიექტურ ფინანსურ ტვირთთან, რომელიც არსებითად ზღუდავს მცირეწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში მისი მატერიალური მონაწილეობის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ობიექტური მიზეზების გამო იგი მოკლებულია დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ უმუშევრობის ფაქტზე მითითება, სხვა დამადასტურებელი გარემოებების გარეშე, ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებად და ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთან, უმუშევრობის ფაქტი თავისი ბუნებით არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გამორიცხავს შრომისუნარიანი პირის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება არც შრომისუუნარობა და არც სხვა ობიექტური დაბრკოლება, რომელიც დასაქმებას შეუძლებელს გახდიდა.

67. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი კასატორის მიერ შეთავაზებული ალიმენტის ოდენობა არ არის საკმარისი არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად. ბავშვის ასაკის, მისი მზარდი საჭიროებებისა და საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ ალიმენტის 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა შეესაბამება როგორც მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესს, ისე მხარეთა მატერიალური მდგომარეობის სამართლიან შეფასებას.

68. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 500 ლარის ოდენობის ალიმენტი წარმოადგენს გონივრულ, სამართლიან და პროპორციულ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვნის ნორმალურ რჩენა-აღზრდას და შეესაბამება როგორც მისი რეალური საჭიროებების, ისე პირველი კასატორის ფაქტობრივი და პოტენციური მატერიალური შესაძლებლობების შეფასებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

69. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები არ შეიცავს ისეთ დასაბუთებულ შედავებას, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა. კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის წესის, აგრეთვე პირველი კასატორისთვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის კანონიერებასა და დასაბუთებულობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

70. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

71. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

72. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-300-2024, 22.07.2024წ.; №ას-592-2025, 30.09.2025წ.; №ას-1481-2024, 28.02.2025წ.; №ას-571-2025, 02.10.2025წ.).

73. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას და მათ უნდა ეთქვათ უარი განხილვაზე.

74. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ვის და ი.ა–ვის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ.მ–ვს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის (საგადახდო დავალება №46642408830 / გადახდის თარიღი 21.05.2026), 70% - 420 ლარი;

3. ი.ა–ვს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საბუთის ნომერი 45706865657 / გადახდის თარიღი 2026-04-01), 70% - 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია