დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.07.2026
საქმის ნომერი
ას-1499-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1499-2025 3 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს „ლ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.კ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2019 წლის 28 მარტს სს „ლ.ბ–სა“ და დ.კ–ძეს შორის გაფორმდა მორიგება, რომლის თანახმადაც დ.კ–ძემ აღიარა, რომ N17922480 სესხიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 1 730.05 ლარს, N18447141 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1 613.62 ლარს, N1168311354 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 5 367.93 ლარს და N16302857 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1 550.83 ლარს (სულ 10 262.43 ლარი).

2.2. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ მორიგების ფარგლებში შემცირებული დავალიანება - 7 726.38 ლარი, გადაეხადა 12 თვის ვადაში, ყოველთვიურად 562 ლარის გადახდით.

2.3. მორიგების აქტით ასევე განისაზღვრა, რომ ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი მიზეზით შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სს „ლ.ბ–ი“ მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა დარღვევის მომენტისათვის არსებულ დავალიანებასთან ერთად მორიგების აქტის პირველ პუნქტში დაფიქსირებულ ჯარიმას - 2 536.05 ლარს, რომელთა ჯამი შეადგენდა 10 262.43 ლარს. მოპასუხე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

3. მოპასუხეთა პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა სხდომაზე მიუთითა, რომ არ ცნობდა არცერთ დავალიანებას, რადგან ბანკის მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობები (დროში განწილვადება) მისთვის მიუღებელი იყო.

3.2. ამავდროულად, სასამართლოს კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულებები ნამდვილად გააფორმა მოსარჩელესთან. მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია შუამდგომლობა პირგასამტეხლოს ან სარგებლის შემცირების თაობაზე, მისი შედავება იყო აგებული იმ გარემოებაზე, რომ არ ჰქონდა გადახდის საშუალება და არ ცნობდა არცერთ დავალიანებას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხე დ.კ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 1. N17922480 სესხიდან გამომდინარე 1 730.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 1 300.05 ლარი, პირგასამტეხლო 430 ლარი; 2. N18447141 სესხიდან გამომდინარე 1 613.62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 1 213.62 ლარი, ჯარიმა 400 ლარი; 3. N1168311354 სესხიდან გამომდინარე 5 367.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 2 733.68 ლარი, პროცენტი 1 807.61 ლარი, ჯარიმა 826.64 ლარი; 4. N16302857 სესხიდან გამომდინარე 1 550.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 671.42 ლარი, ჯარიმა 879.41 ლარი.

4.2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა დ.კ–ძემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.4. და 3 პუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე დ.კ–ძეს სს „ლ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა №16302857 სესხიდან გამომდინარე 964,55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 671.42 ლარი, პირგასამტეხლო - 293,13 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით, დ.კ–ძეს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, დაეკისრა 290,44 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე აპელანტმა ზეპირი ახსნა-განმარტებით ცალსახად და არაორაზროვნად დაადასტურა ოთხი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული ძირი თანხების ოდენობები, შესაბამისად პალატის აზრით, დგინდებოდა, რომ აპელანტმა აღიარა მხარეთა შორის ოთხი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არსებობა, რაც თავის მხრივ, საფუძველს აცლიდა სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას მასზედ, რომ მოსარჩელეს მხოლოდ ორი საკრედიტო ხელშეკრულება ჰქონდა წარმოდგენილი.

5.3. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა მოთხოვნილი ძირი თანხების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე წარმოუდგენია რაიმე ვალიდური მტკიცებულება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, ან პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლის არსებობის თაობაზე. აპელანტი მიუთითებდა მხოლოდ მასზედ, რომ მას ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც პალატის აზრით, ვერ გახდებოდა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი. რაიმე სხვა წონადი არგუმენტი კი აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი.

5.4. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის ოდენობის თაობაზე აპელანტის პრეტენზიას, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანებებიდან საპროცენტო სარგებელი გათვალისწინებული იყო მხოლოდ №1168311354 ხელშეკრულების შემთხვევაში, სადაც დავალიანებული ძირი თანხა შეადგენდა 2 733.68 ლარს, პროცენტი 1 807.61 ლარს და ჯარიმა 826.64 ლარს. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე და განმარტა სადავო საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული იყო ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც კანონით წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად დადგენილი იყო 100%. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის, ექცეოდა კანონით დადგენილ ფარგლებში და არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან მისი შემცირების რაიმე საფუძველი. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე კონკრეტული შედავება ამ კუთხით მოპასუხეს არ განუხორციელებია, იგი მხოლოდ აბსტრაქტულად უთითებდა საპროცენტო სარგებლის მაღალ ოდენობაზე. შესაბამისად დგინდებოდა, რომ არც ამ ნაწილში არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.5. სააპელაციო პალატამ აპელანტის პოზიცია გაიზიარა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: 1. №17922480 სესხიდან გამომდინარე 1 730.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 1 300.05 ლარი, პირგასამტეხლო 430 ლარი; 2. №18447141 სესხიდან გამომდინარე 1 613.62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 1 213.62 ლარი, ჯარიმა 400 ლარი; 3. №1168311354 სესხიდან გამომდინარე 5 367.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 2 733.68 ლარი, პროცენტი 1 807.61 ლარი, ჯარიმა 826.64 ლარი; 4. №16302857 სესხიდან გამომდინარე 1 550.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირია 671.42 ლარი, ჯარიმა 879.41 ლარი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს №16302857, №17922480 და №1168311354 ხელშეკრულებების შემთხვევაში დაფარვის გრაფიკი დარღვეული ჰქონდა 26.02.2018 წლიდან, ხოლო №18447141 ხელშეკრულების შემთხვევაში - 12.03.2018 წლიდან. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სახელშეკრულებო ვალდებულების არსებითი და მძიმე დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას მოვალის პოზიციებს მნიშვნელოვნად ასუსტებდა. აქედან გამომდინარე პალატამ დაასკვნა, რომ №17922480 (ძირი თანხა - 1 300.05 ლარი, პირგასამტეხლო - 430 ლარი), №18447141 (ძირი თანხა - 1 213.62 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი) და №1168311354 (ძირი თანხა - 2 733.68 ლარი, პროცენტი - 1 807.61 ლარი, პირგასამტეხლო - 826.64 ლარი) ხელშეკრულებების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობები დავალიანებულ ძირ თანხასთან და ვალდებულების დარღვევის ხარისხთან მიმართებით შესაბამისი იყო და არ იკვეთებოდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მათი შემცირების წინაპირობები. რაც შეეხება №16302857 საკრედიტო ხელშეკრულებას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ჯამური ოდენობა იყო 1 550.83 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 671.42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 879.41 ლარი. ამ შემთხვევაში, პალატის აზრით, პირგასამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დავალიანებული ძირი თანხის ოდენობას, რაც მას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად აქცევდა ვალდებულების ამ ხარისხით დარღვევის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს ოდენობის 3-ჯერ შემცირება - 293,13 ლარამდე.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.კ–ძემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი უთითებს მისთვის ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავ გარემოებაზე და აცხადებს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია წარდგენილი სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი სესხის N 1168311354 ხელშეკრულება, რის გამოც ამ ნაწილში მას არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული იმ გარემოების საპასუხოდ, რომ თითქოს მან აღიარა მოსარჩელესთან ოთხი ხელშეკრულების არსებობა, განმარტავს, რომ იგი არ არის იურისტი და შესაძლებელია მის მიერ გამოთქმული მოსაზრება არასწორად დაკვალიფიცირდა თანხმობად.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ იგი მხოლოდ N179222480, N18447141, N16302857 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნობდა მოთხოვნას, ხოლო მათზე დარიცხული პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გაუქმებას ითხოვდა სიდუხჭირის მოტივით, რაც უკანონოდ არ გაიზიარა სასამართლომ.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განჩინებით, დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

- დ.კ–ძის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს: №17922480 სესხიდან გამომდინარე 1 730.05 ლარს (ძირი თანხა 1 300.05 ხოლო პირგასამტეხლო 430 ლარი), №18447141 სესხიდან გამომდინარე - შეადგენს 1 613.62 ლარს (ძირი 1 213.62 ლარი, ჯარიმა 400 ლარი), №1168311354 სესხიდან გამომდინარე - 5 367.93 ლარს (ძირი თანხა 2 733.68 ლარი, პროცენტი 1 807.61 ლარი ჯარიმა 826.64 ლარი) და №16302857 სესხიდან გამომდინარე - 1 550.83 ლარს (ძირი 671.42 ლარი, ჯარიმა 879.41 ლარი). სესხების მთლიანი ჯამი შეადგენს 10 262.43 ლარს.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი N 168311354 სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისად, მის საფუძველზე დაკისრებული თანხის მართლზომიერება, ასევე კასატორი დავობს სხვა სესხებზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), ამავე კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლები.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015).

14. სესხი, როგორც რეალური ხელშეკრულება, გულისხმობს ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას, ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, შეუძლებელია სესხზე საუბარი, თუ ფული ან გვაროვნული ნივთი მსესხებელს არ მიუღია. სესხის ხელშეკრულება არარა გარიგებად უნდა ჩაითვალოს, თუ დადასტურდება მისი უფულობა, ანუ, თუ მსესხებელი კისრულობს არარსებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, იმის დაბრუნებას, რაც გამსესხებლისგან არ მიუღია. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.

15. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურებას. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს. სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება გამსესხებლის მოვალეობას წარმოადგენს, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვითაც (იხ. სუსგ საქმეზე #ას-839-890-2011, 08.11.2011; სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი კი, აწევს მსესხებელს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-41-38-2015, 23.03.2015).

16. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.

17. მოვალეს, ცხადია, შეუძლია შეედავოს კრედიტორს და უარი თქვას სესხის დაბრუნებაზე, თუ, რა თქმა უნდა, დაამტკიცებს, რომ სესხის წერილობით ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას არ მიუღია ან ხელშეკრულება არ გაფორმებულა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ გარემოების დამტკიცება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია, ვინაიდან სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოწმის ჩვენებაც დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევა (იხ. სუსგ საქმეზე #ას-872-830-2013, 17.10.2014). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება აზრს დაკარგავდა, თუკი მსესხებელს მიეცემოდა შესაძლებლობა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით გაექარწყლებინა წერილობით ხელშეკრულებაში მითითებული სესხის გადაცემის ფაქტი. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ, ზეპირი ხელშეკრულების დროს, როგორც სესხის გაცემის, ასევე, მისი დაბრუნების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (იხ. სუსგ საქმეზე #ას-872-830-2013, 17.10.2014). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული წესი, მით უფრო, უნდა გავრცელდეს სესხის წერილობითი ხელშეკრულების მიმართ, ვინაიდან ამ დროს მხარეები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ წერილობით ფორმას, შესაბამისად, მტკიცებითი თვალსაზრისით, მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, თუკი გამსესხებელი წერილობითი ფორმით დაამტკიცებდა სესხის გადაცემას, ხოლო მსესხებელი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით გააქარწყლებდა ამ ფაქტს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წერილობითი ხელშეკრულებით დადგენილი სესხის გადაცემის ფაქტის გაქარწყლება, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, შესაძლებელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ერთობლიობაში, მაღალი ალბათობით, დაადასტურებენ სადავო ფაქტს.

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი N 168311354 სესხის ხელშეკრულებას სადავოდ ხდის და აცხადებს, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია წერილობითი ხელშეკრულება, რის გამოც მას ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები არ უნდა დაჰკისრებოდა. ამ მითითებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა ბანკმა მსესხებელს ანგარიშზე 2017 წლის 25 სექტემბერს ჩაურიცხა 3 000 ლარი (იხ. ტომი I, ს/ფ 44), დანიშნულებაში მითითებულია კრედიტის გაცემა და ასევე მითითებულია სესხის ხელშეკრულების ნომერი (N16831354). ამასთან, ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს მოხდა ამ კრედიტის დასაფარად 167,67 ლარისა (პროცენტი) და 64,05 ლარის (ძირი თანხის ნაწილი) გადახდა. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია კასატორისთვის სესხის თანხის გადაცემა, შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორის (მოპასუხის) მითითებას, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, ან და ის რომ სააპელაციო პალატამ ამ სესხის ნამდვილობა მხოლოდ მოვალის ზეპირსიტყვიერ აღიარებას დააფუძნა არამართებულია და გაზიარებული ვერ იქნება.

19. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

20. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს-საბანკო ანგარიშიდან ამონაწერს, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელს სესხის თანხა ანგარიშზე ჩაერიცხა. ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა თავად მოპასუხის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის საქმის მასალებში არსებობის ფაქტიც, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე დ.კ–ძის დავალიანება ბანკის მიმართ N17922480 სესხიდან გამომდინარე შეადგენდა 1 730.05 ლარს (ძირი თანხა 1 300.05 ხოლო პირგასამტეხლო 430 ლარი). ასევე N18447141 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1 613.62 ლარს (ძირი 1 213.62 ლარი, ჯარიმა 400 ლარი), N1168311354 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 5 367.93 ლარს (ძირი თანხა 2 733.68 ლარი, პროცენტი 1 807.61 ლარი ჯარიმა 826.64 ლარი) და N16302857 სესხიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1 550.83 ლარს (ძირი 671.42 ლარი, ჯარიმა 879.41 ლარი). სესხების მთლიანი ჯამში შეადგენდა 10 262.43 ლარს. თვალნათელია, რომ ის სესხის ხელშეკრულება, რომელსაც სადავოდ ხდის მოპასუხე მითითებულია მორიგების აქტში, ასევე ჩაშლილია სესხის ოდენობის შემადგენელი ელემენტები, მორიგების აქტზე მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა კი, არასოდეს გამხდარა სადავო, რაც ცხადყოფს, რომ კასატორმა ვერ შეძლო, ხსენებული წერილობითი მტკიცებულების გაქარწყლება.

22. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას სარჩელში მითითებულ დარჩენილ სამ სასესხო ვალდებულებაზე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების შესახებ, ამ მიმართებითაც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანებებიდან საპროცენტო სარგებელი გათვალისწინებულია მხოლოდ №1168311354 ხელშეკრულების შემთხვევაში, რომლის ნამდვილობაზეც პალატამ უკვე იმსჯელა, რაც შეეხება დაკისრებულ პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს №16302857, №17922480 და №1168311354 ხელშეკრულებების შემთხვევაში დაფარვის გრაფიკი დარღვეული ჰქონდა 26.02.2018 წლიდან, ხოლო №18447141 ხელშეკრულების შემთხვევაში - 12.03.2018 წლიდან არ ჰქონდა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები. პალატა იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სახელშეკრულებო ვალდებულების არსებითი და მძიმე დარღვევა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ №17922480 (ძირი თანხა - 1 300.05 ლარი, პირგასამტეხლო - 430 ლარი), №18447141 (ძირი თანხა - 1 213.62 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი) და №1168311354 (ძირი თანხა - 2 733.68 ლარი, პროცენტი - 1 807.61 ლარი, პირგასამტეხლო - 826.64 ლარი) ხელშეკრულებების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობები დავალიანებულ ძირ თანხასთან და ვალდებულების დარღვევის ხარისხთან მიმართებით შესაბამისი იყო და არ იკვეთებოდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მათი შემცირების წინაპირობები. რაც შეეხება №16302857 საკრედიტო ხელშეკრულებას, სააპელაციო პალატის მიერ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა 879.41 ლარიდან 293,13 ლარამდე, რის გამოც არ არსებობს მისი კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი.

23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 22/01/2026წ. №1769067613 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 324,55 ლარის 70% – 227,185 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი