გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1128-2024
29 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ი–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ს.ი–მა (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, - შპს „ტ–ის“ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, დავალიანების - 330 340 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და და დამატებით მიუთითა, რომ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ შპს ,,ს.ი–ი“ მოპასუხეს აწვდიდა საქონელს, თუმცა შეძენილი საქონლის ანგარიშსწორების ვადა არ დამდგარა. შპს ,,ტ–ის“ მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ დრომდე მხარეები არ მოახდენდნენ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას. მოპასუხის მითითებით, შპს „ს.ი–ს“ საქონლის შეძენის საფუძველზე, თავის მხრივ გააჩნია აღიარებული ფულადი ვალდებულება შპს „ტ–ის“ მიმართ 326 510 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შორის უნდა გაიქვითოს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ს.ი–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ტ–ს“, შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 330 340 ლარის გადახდა.
3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე - შპს „ტ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს.ი–ის“ სარჩელი, შპს „ტ–ისათვის“ 330 340 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ტ–ს“, შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 830 ლარის გადახდა.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 შპს „ს.ი–სა“ და შპს „ტ–ს“ შორის 2019 წლიდან არსებობდა ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთს აწვდიდნენ სხვადასხვა დასახელების პროდუქციას.
4.2.2 2019-2020 წლებში შპს „ს.ი–ს“ შპს „ტ–ისთვის“ მიწოდებული აქვს 330 340 ლარის ღირებულების საქონელი, რისი საფასურიც ამ უკანასკნელს გადახდილი არ აქვს. თავის მხრივ, იმავე პერიოდზე, შპს „ტ–ს“ შპს „ს.ი–ისთვის“ მიწოდებული აქვს 326 510 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც მოსარჩელეს გადახდილი არ აქვს.
4.2.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის №2/12056-19 განჩინების საფუძველზე დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „ს.ი–ის“ მიმართ.
4.3 სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საქონლის ღირებულების გაქვითვის გზით გადახდის თაობაზე. კერძოდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხანგრძლივი კომერციული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთს აწვდიდნენ სხვადასხვა სახეობის საქონელს და მათი ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით. ამასთან, მოპასუხე უთითებდა, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებული ვადა, მოცემულ შემთხვევაში, უკვე დამდგარია,მისი შედავება სარჩელის მიმართ იმ კუთხით, რომ კრედიტორი ითხოვს ვადამოუსვლელი ვალდებულების შესრულებას, აღარ არის რელევანტური. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ხსენებული არგუმენტის დეტალურ კვლევაში აღარ შევა. რაც შეეხება მხარეთა შეთანხმებას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენელმაც განმარტა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რომ არ გახსნილიყო მოსარჩელის მიმართ, მხარეთა შორის ვალდებულებათა შესრულება მოხდებოდა გაქვითვით.
4.4 სააპელაციო პალატის დასკვნით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სწორედ მოთხოვნათა გაქვითვის პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, დადგენილია, რომ 2019 წლიდან საწარმოები პერიოდულად აწვდიდნენ ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქციას, თუმცა მიწოდებული საქონლის ღირებულებების გადახდა ფულადი სახით არ ხდებოდა. საბოლოოდ მოსარჩელეს მოპასუხისთვის მიწოდებული აქვს 330 340 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისთვის - 326 510 ლარის ღირებულების საქონელი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დაგროვებულია საკმაოდ სოლიდური ვალდებულებები, თანხების ოდენობა ფაქტობრივად ტოლია და ამასთან, ვალდებულებათა დაგროვება ხდებოდა 2019-2020 წლის მანძილზე, კერძოდ საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე იმისთვის, რომ კომპანიებს გაყიდული საქონლის ღირებულების ანაზღაურება არ მიეღოთ. ამ მოცემულობის პირობებში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი კომერციული ურთიერთობა საქონლის მიწოდების თაობაზე ემყარებოდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის პრინციპს და ნასყიდობების საფასურის სრულად, ფულადი სახით გადახდა არ შედიოდა მხარეთა ურთიერთობის ინტერესში.
4.5 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის უარი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ 2019 წლის 12 ივნისს, გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეს აკრძალული აქვს მოპასუხესთან არსებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. თავის მხრივ მოპასუხე აცხადებს, რომ კანონში არ მოიძებნება რაიმე ისეთი ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ უკრძალავს მოვალეს მოთხოვნათა გაქვითვას.
4.6 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონში მოცემული ზოგადი ცნებები ხშირად იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ნორმის განმარტების ხერხები ემსახურება ნორმის ერთგვაროვანი შეფარდების მიზანს. სამართლის ნორმის განმარტება (ინტერპრეტაცია) გულისხმობს მისი შინაარსის გარკვევას, ე.ი. იმის დადგენას, თუ რა აზრი ჩააქსოვა მასში კანონმდებელმა. კანონის დანაწესის განმარტების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს მისი ტელეოლოგიური განმარტება (ratio legis), რომელიც არკვევს კანონის ობიექტურ მიზანს და არა კანონმდებლის საწყის ნებას (რამდენადაც კანონი მიღებისთანავე წყვეტს კავშირს კანონმდებელთან). ნორმის მიზნის გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმის შეფარდების პროცესში. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მართლწესრიგი ერთიანია, რამდენადაც მისი შემადგენელი ნორმები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში იმყოფება და ერთიან სისტემას ქმნის. სისტემური განმარტება მოითხოვს, რომ სამართლის ნორმა უნდა წავიკითხოთ სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად. (იხ. „სამართლის თეორია“, გ. ხუბუა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა თავად გადახდისუუნარობის რეჟიმისა და კანონის გაცხადებული მიზანი, კერძოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად დგინდება, რომ გადახდისუუნარობის რეჟიმი მიზნად ისახავს მოვალის აქტივების აკუმულირების პირობებში საწარმოს კრედიტორთა ორგანიზებულ დაკმაყოფილებას, რაც შესაძლოა განხორციელდეს როგორც რეაბილიტაციის, ისე გაკოტრების რეჟიმების ფარგლებში. კანონის მიზნიდან ასევე გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ წარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებები მიმართული უნდა იყოს კრედიტორთა მოთხოვნების გასტუმრებისკენ და თუ შესაძლებელი იქნება მოხდეს მოვალის ფინანსური სირთულეების გადაჭრაც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრედიტორისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერ დაცვას ითვალისწინებს, მისი ორიენტირი მაინც კრედიტორთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავდა ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც, კანონის მიზანი მოვალისა და კრედიტორის თანაბარუფლებიანი დაცვა იყო. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ მოვალეთა და კრედიტორთა თანაბარუფლებიანი დაცვა მთავარი პრინციპი არ არის, ვინაიდან შესაძლებელია, რომ კრედიტორთა ინტერესი, სრულებით ლეგიტიმურად, უპირატესად იქნეს მიჩნეული. ამავე კანონების შესაბამისად, საწარმოს გაკოტრებამდე უნდა გადამოწმებულიყო, შესაძლებელი იყო, თუ არა, მოვალის ფინანსური პრობლემების სხვაგვარად გადაჭრა, ვიდრე მისი ქონების ლიკვიდაციაა. აღნიშნულის შესაბამისად, რეაბილიტაციას, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, გარკვეული უპირატესობა ენიჭებოდა.
4.7 ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ კანონთა მიზანი იყო, შეერთებოდა ვალაუვალობის ახალ კანონებში ასახულ მისწრაფებას სიცოცხლისუნარიანი საწარმოების გადარჩენის თაობაზე. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ კანონის მიზანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა გამოიკვეთოს კანონის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა. ამ მიმართებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა, რაც გამოსწორებულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, ახალი კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ‒ გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.
ამდენად, ახალი კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება უპირატესად რეაბილიტაციის და არა საწარმოს გაკოტრების გზით, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შეუძლებლობა დადასტურდება, გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, გადახდისუუნარობა ნიშნავს მოვალის უუნარობას, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე გულისხმობს მოვალეს, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო. იმავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. ხოლო 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული აქვს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები.
4.8 სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ის შეზღუდვები, რაც მოვალის მიმართ ტარდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტიდან, ემსახურება მოვალის არსებული აქტივების შენარჩუნებას, მიუღებელი აქტივების მოზიდვას და ამ გზით გადახდისუუნარობის მასის დაცვას, რომლითაც უნდა მოხდეს შემდგომში კრედიტორთა დაკმაყოფილების გზის არჩევა. აქედან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ მოვალეს ახალი გარიგებების დადება, ან უკვე არსებული გარიგებების შეწყვეტა ეკრძალება იმ მიზნით, რომ არ მოხდეს გადახდისუუნარობის მასიდან ქონების არაკეთილსინდისიერი, კრედიტორთა საზიანო გადინება. თუმცა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აპრიორი გამორიცხულია, რომ მოვალემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს გაქვითვის გზით. პალატის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, თუ რა მიზანს ემსახურება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა და სახეზე ხომ არ გვაქვს კრედიტორთა საზიანო, არაკეთილსინდისიერი ტრანზაქცია.
4.9 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს მოვალესა და კრედიტორებს შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობას, კერძოდ ახალი კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება აქვს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს უფლება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა. მართალია, ახალი კანონის დანაწესები არ ვრცელდება მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, თუმცა პალატის მოსაზრებით, განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვანია იმ დასაბუთების კუთხით, რომ ვადამოსულ მოთხოვნათა გაქვითვა ნებისმიერ შემთხვევაში არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის მასისა და რეგისტრირებულ კრედიტორთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და შესაძლებელია დასაშვებად და კანონიერად იქნას მიჩნეული, კონკრეტული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4.10 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
4.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც უფლება-მოვალეობების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია და საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
4.12 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობა, რომელიც თავის თავში მოიცავდა გარკვეული პროდუქციის მიმოცვლას, ემყარებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების გაქვითვის გზით შეწყვეტის პრინციპს. შესაბამისად დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმებით, თავად ურთიერთვალდებულებების არსი გულისხმობდა, რომ მათი შესრულება უნდა მომხდარიყო საბოლოო გაქვითვის გზით და ფულადი სახსრების ერთმანეთში მიმოცვლა კონტრაჰენტთა ინტერესში არ შედიოდა. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ბიზნეს ურთიერთობა დაიწყო 2019 წლის იანვრის თვეში, კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნამდე (2019 წლის 12 ივნისი) 6 თვით ადრე და გრძელდებოდა გადახდისუუნარობის რეჟიმის ფარგლებშიც. ამასთან ის გარემოება, რომ მხარეებს ნამდვილად აქვთ მიწოდებული ერთმანეთისთვის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია სადავოდ არ გამხდარა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდანაც დასტურდება.
4.13 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი იმ ეჭვის დასაშვებად, რომ შესაძლოა მხარეთა შორის რაიმე ფარულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი, რომელიც მიზნად ისახავდა გადახდისუუნარობის მასისა და მოსარჩელის კრედიტორთა ინტერესების დაზიანებას.
4.14 გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ქმედებები მოპასუხის მიმართ, არ ჯდება კერძო სამართლის სუბიექტთა კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებში. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მხარეთა შორის არსებული კომერციული ურთიერთობა აწყობილი იყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის პრინციპზე, მოცემულ შემთხვევაში კი, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით მიიღება შედეგი, როდესაც მოსარჩელე გადახდისუუნარობის რეჟიმის გამოყენებით, უარს აცხადებს მოთხოვნათა გაქვითვაზე და მოპასუხეს სთხოვს საკმაოდ სოლიდური ფულადი ვალდებულების შესრულებას, რამაც შესაძლოა თავად მოპასუხე მიიყვანოს გადახდისუუნარობამდე. ამასთან ყურადსაღებია ისიც, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მიღებულ თანხებს გამოიყენებს კრედიტორთა რეესტრით გათვალისწინებული უპირატესი კრედიტორული მოთხოვნების გასასტუმრებლად, ხოლო თავად მოპასუხის ფულადი მოთხოვნა კი აღიარებულია მეშვიდე რიგის მოთხოვნათა სიაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობებს. პალატა ამ კუთხით ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ს.ი–ის“ რეაბილიტაციის გეგმაზე, რომლის მოთხოვნების დაფარვის პირობითი გრაფიკის მიხედვით, მეშვიდე რიგის კრედიტორული მოთხოვნების მიმართ დავალიანების მომსახურება გათვლილია 2032 წლისთვის. შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებით სახეზე გვექნება ის შედეგი, როდესაც მოპასუხეს დაევალება საკმაოდ სოლიდური ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო თავად მოპასუხე მის მოთხოვნას მოსარჩელის მიმართ კიდევ, სულ მცირე, 8 წელი ვერ დაიკმაყოფილებს.
4.15 საბოლოოდ, პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღება ისეთი ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგი, როდესაც მოსარჩელე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში მასზე გავრცელებული შეზღუდვებით არაკეთილსინდისიერად
სარგებლობს, უარს აცხადებს ფაქტობრივად თანაბარმნიშვნელოვანი ურთიერთმოთხოვნების გაქვითვაზე და ამავდროულად, მოპასუხის გადახდისუუნარობის რისკის უგულებელყოფით, ცდილობს მისგან საკმაოდ სოლიდური თანხების მიღებას, საკუთარი ვალდებულებების დასაფარად. პალატის მოსაზრებით, ასეთი სამართლებრივი შედეგი არც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარეობს და არც კეთილსინდისიერების პრინციპს შეესაბამება. უფრო მეტიც, მოსარჩელის ხსენებული ქმედებები სპეციალური კანონის დანაწესების ბოროტად გამოყენებას უფრო ემსგავსება, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაუშვებს.
4.16 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული მოთხოვნები უნდა შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და სარჩელი დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნამეტი თანხის ნაწილში, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 3 830 ლარს (330 340 ლარის - 326 510 ლარი).
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ი–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების აღნიშვნა, რომ 2020 წლის 18 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ და ამავე თარიღიდან ძალაში შევიდა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი. ამ კანონით, ცალსახად დადგენილია კანონის მოქმედების წესი, კერძოდ, 121-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.3 შპს "ს.ი–ი"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 12 ივნისს, რაც საბოლოოდ, 2020 წლის 21 ივლისს დასრულდა რეაბილიტაციის გეგმის დასრულებით და ორგანიზაციაში დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი და დირექტორის უფლებამოსილებები შეიზღუდა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შპს "ტ–ი" წარმოადგენს მე-5 რიგის კრედიტორს, რაც აბათილებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ მხარეებს შორის ვადამოსული ვალდებულება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი და რომ თითქოს მხარეებს შორის არსებული ვალდებულების შესრულების ვადას შეადგენდა 2022 წლის 31 დეკემბერი, რაც წარმოადგენს აბსურდულ მსჯელობას და პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ კომპანიას, ისე ცალსახად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მე-5 რიგის კრედიტორს მასზე წინ მყოფი კრედიტორებთან მიმართებით. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების ვადას შეადგენდა 2022 წლის 31 დეკემბერი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შპს "ს.ი–ი"-ს დირექტორის ლ.კ–ას წერილობით პასუხს აპელანტის მიმართ, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 26 მარტით, დირექტორის, რომელსაც კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, მათ შორის კრებაზე მონაწილეობას იღებდა სს" ტ–იც", ამასთან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმეში, ლ.კ–ას სრულად შეეზღუდა დირექტორის უფლებამოვალეობები და აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტი დამტკიცდა კრედიტორთა კრებაზე, სადაც მონაწილეობდა სს „ტ–ი“, შესაბამისად მხარე ინფორმირებული იყო დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვასთან მიმართებით.
5.4 კასატორის განმარტებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი, შპს "ტ–ი", როგორც მე-5 რიგის კრედიტორი, კანონის თანახმად, ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების ზედამხედველობას, რაზეც საერთოდ არ მსჯელობს სააპელაციო სასამართლო, აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს ნაწილობრივ და ახდენს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას ისე, რომ ის სრულად გასცდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებსა და კანონით იმპერატიულად მოწესრიგებულ ნორმას, რომელიც ცალსახად ადგენს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის აკრძალვას.
5.5 ამასთან, შპს "ს.ი–ი"-ს მიმართ სს ტ–ს დავალიანება წარმოეშვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდგომ, რაზეც საერთოდ არ მსჯელობს სააპელაციო სასამართლო. კანონის თანახმად, ცალსახად დაუშვებელია გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებებს შორის ურთიერთგაქვითვა, ვინაიდან გადახდისუუნარობამდე (შპს "ტ–ი"-ს მიმართ შპს "ს.ი"-ის დავალიანება წარმოიშვა გადახდისუუნარობის საქმის გახსნამდე და შესაბამისად მე-5 რიგის კრედიტორია აპელანტი), ხოლო შპს "ტ"-ს დავალიანება წარმოიშვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდგომ, რაც დადასტურებულია სარჩელზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "ტ–ი" აღმოჩნდა სხვა კრედიტორებთან უპირატეს მდგომარეობაში, რაც წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის 21-ე მუხლის დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის კანონის მიზნებთან.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება(სსსკ-ის 393-ე მუხლი) განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხე - შპს „ტ–ისათვის“ სხვადასხვა პროდუქციის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დავალიანების - 330 340 ლარის, შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაკისრება.
9. შპს „ს.ი–სა“ და შპს „ტ–ს“ შორის 2019 წლიდან არსებობდა ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთს აწვდიდნენ სხვადასხვა დასახელების პროდუქციას. 2019-2020 წლებში, შპს „ს.ი–ს“ შპს „ტ–ისთვის“ მიწოდებული აქვს 330 340 ლარის ღირებულების საქონელი, რისი საფასურიც ამ უკანასკნელს გადახდილი არ აქვს. თავის მხრივ, იმავე პერიოდზე, შპს „ტ–ს“ შპს „ს.ი–ისთვის“ მიწოდებული აქვს 326 510 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც მოსარჩელეს გადახდილი არ აქვს. ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის №2/12056-19 განჩინების საფუძველზე დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოსარჩელე შპს „ს.ი–ის“ მიმართ. მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამასთან, წინამდებარე საქმეზე სარჩელი სასამართლოში აღძრულია, 2020 წლის 30 ნოემბერს.
11. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს "ს.ი"-ს მიმართ, სს ტ–ს დავალიანება წარმოეშვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განცხადების სასამართლოს წარმოებაში მიღების შემდგომ. კასატორის მოსაზრებით, ცალსახად დაუშვებელია გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებებს შორის ურთიერთგაქვითვა, რაც სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო.
12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ 2020 წლის 18 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე თარიღიდან ძალაში შევიდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 121-ე მუხლის, პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია კანონის დროში მოქმედების საკითხი. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი. აღნიშნული კანონი (პირველიდან 121-ე მუხლის ჩათვლით) ამოქმედდა 2021 წლის 01 აპრილიდან. მოცემული დავის დაწყების პერიოდი ემთხვევა დროს, როდესაც საკითხი მოწესრიგებული იყო არა ახალი - 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ საქართველოს კანონით, არამედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, საქმის განხილვა სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, გადახდისუუნარობა ნიშნავს მოვალის უუნარობას, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე გულისხმობს მოვალეს, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო. იმავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული აქვს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები.
14. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის მითითება თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ურთიერთგაქვითვის მექანიზმის გამოყენება, კერძოდ, კანონის მე-61 მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაქვითვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 ივნისს, შპს „ს.ი–ის“ მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი იყო, როგორც რეაბილიტაციის მმართველის, ასევე კრედიტორთა საერთო კრებაზე ერთხმად მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება) რადგან აღნიშნულმა ურთიერთგაქვითვამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა (წინა რიგში მყოფ) კრედიტორებს, რასაც სადავო შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მითითება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
16. სხვა პრეტენზიებთან ერთად, კასატორის შედავება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს "ს.ი"-ს მიმართ, სს ტ–ს დავალიანება წარმოეშვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდგომ. საკასაციო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობა გრძელდებოდა გადახდისუუნარობის რეჟიმის ფარგლებშიც. კასატორი არგუმენტირებულად უთითებს და საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას, რომ მოსარჩელე აწვდიდა (აგრძელებდა პროდუქციის მიწოდებას) პროდუქციას მოპასუხეს, გადახდისუუნარობის წარმოების დაწყების შემდეგ, ხოლო ამ პერიოდში, მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელისთვის, სხვადასხვა დასახელების პროდუქციის მიწოდება არ დასტურდება (იხ. ტ.1, ს.ფ. 217-233). ამგვარად, შპს „ს.ი–ს“ შპს „ტ–ისთვის“ მიწოდებული აქვს 330 340 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო გადახდისუუნარობის სპეციალურ რეჟიმის დაწყებამდე, შპს „ტ–ის“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 326 510 ლარი და პროდუქციის ღირებულება მოსარჩელეს გადახდილი არ აქვს.
17. საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 12 ივნისს და დასრულდა 2020 წლის 21 ივლისს, რეაბილიტაციის გეგმის დასრულებით. ორგანიზაციაში დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი, ხოლო დირექტორის, ლ.კ–ას უფლებამოსილებები შეიზღუდა. რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტის დამტკიცება მოხდა კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ტ–იც“ , რაც მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა.
18. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც უფლება-მოვალეობების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია და საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. (იხ. სუსგ საქმე №ას-1338- 1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.)
19. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა თავის გადაწყვეტილებებში, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგია, მოსარჩელის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და კრედიტორთა რეესტრში, მოპასუხის კრედიტორად განსაზღვრა, მოპასუხეს წარმოუშობს ვალდებულებას გაითვალისწინოს მეორე მხარის ინტერესები.
20. საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რომ მოსარჩელე, გადახდისუუნარობის რეჟიმის გამოყენებით, უარს აცხადებს მოთხოვნათა გაქვითვაზე. მოპასუხის პოზიციას სამართლებრივ ჭრილში, დამაჯერებლობას ვერ შესძენს და გავლენის მომხდენი ვერ იქნება, ვერც ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ს.ი–ის“ რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნების დაფარვის პირობითი გრაფიკის მიხედვით, მეშვიდე რიგის კრედიტორული მოთხოვნების მიმართ დავალიანების მომსახურება გათვლილია 2032 წლისთვის.
21. დამატებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონის მიზნების დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კანონის პრიორიტეტებისა და სამოქმედო არეალის განსაზღვრისას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და იქამდე მოქმედი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავდა ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც, კანონის მიზანი მოვალისა და კრედიტორის თანაბარუფლებიანი დაცვა იყო. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ მოვალეთა და კრედიტორთა თანაბარუფლებიანი დაცვა მთავარი პრინციპი არ არის, ვინაიდან შესაძლებელია, რომ კრედიტორთა ინტერესი, სრულებით ლეგიტიმურად, უპირატესად იქნეს მიჩნეული. 18.09.2020 წლის სპეციალური კანონის მიღებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მიზანი და მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ნაცვლად, კანონის მიზნად მკაფიოდ განისაზღვრა კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება (სპეციალური კანონის პირველი მუხლი). „კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“, ფორმულირება ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ინდივიდუალური აღსრულების მექანიზმის სახით არ მოქმედებს და მისი გამოყენება კრედიტორთა სიმრავლეს უკავშირდება (იხ: განმარტებითი ბარათი სპეციალური კანონის პროექტზე, https://info.parliament.ge/file /1/BillReviewContent/245931). ამდენად, ახალი კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება უპირატესად რეაბილიტაციის და არა საწარმოს გაკოტრების გზით, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შეუძლებლობა დადასტურდება, გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილებით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მარტოოდენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპების ეფექტიანად დაცვის გზით (სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.
22. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობებს, რომ ახალი რეგულაციის პირობებში, თავად გადახდისუუნარობის რეჟიმისა და კანონის გაცხადებული მიზანი, მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვასთან ერთად, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. თუმცა, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას, რომლის თანახმად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის 61-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით (კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება აქვს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს უფლება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა), პალატამ მიიჩნია (აქვე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი კანონის დანაწესები არ ვრცელდება მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით), რომ ვადამოსულ მოთხოვნათა გაქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის მასისა და რეგისტრირებულ კრედიტორთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და შესაძლებელია დასაშვებად და კანონიერად იქნას მიჩნეული, კონკრეტული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღნიშნული დასკვნისას, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მიზნების სისტემური და ტელეოლოგიური განმარტებების ხერხებით და დაასკვნა, რომ მოვალეს ახალი გარიგებების დადება, ან უკვე არსებული გარიგებების შეწყვეტა ეკრძალება იმ მიზნით, რომ არ მოხდეს გადახდისუუნარობის მასიდან ქონების არაკეთილსინდისიერი, კრედიტორთა საზიანო გადინება, რაც არ გამორიცხავს, რომ მოვალემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს გაქვითვის გზით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, არარელევანტურია ზემოთ მოყვანილი მსჯელობები, რადგან სპეციალური კანონით "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" გამოირიცხება კრედიტორთა მოთხოვნების ინდივიდუალურ რეჟიმში დაკმაყოფილება (გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა), გადახდისუუნარობის პროცესის სწორად წარმართვისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური წესით ადმინისტრირება.
23. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სააპელაციო პალატის ზემოთ აღნიშნული დასკვნა არ ეყრდნობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის 61-ე მუხლის პირველ ნაწილს, იგი მხოლოდ შედარებითი ანალიზისთვის იქნა მითითებული, საკასაციო პალატა მოიხმობს ნორმის დეფინიციას, რომელიც უშვებს კრედიტორმა განახორციელოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის და რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლების რეალიზებას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა. აქვე, საკასაციო პალატა, მიუთითებს სსკ-ის 442-ე მუხლზე (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) რომლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი, საპირისპირო მოთხოვნის მოვალე, ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები) (იხ.ზ.ძლიერიშვილი, გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას, ბესარიონ ზოიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2023 წ, გვ. 105). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში. ( იხ: სუსგ-ები: №ას-236-2023, 04.05. 2023 წ.; №ას-1710-2018, 03.07.2020 წ.).
24. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.). (შდრ: სუსგ-ები: №ას-1039-2020, 03.02.2022 წ.; №ას-1159-2021, 01.04.2022 წ; №ას-1632-2021, 12.01.2021 წელი).
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442 II მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას (შდრ: სუსგ-ები:№ას-1173-1193-2011, 12 დეკემბერი, 2011 წელი;№ას-286-608-2009, 22 ოქტომბერი, 2009 წელი; №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016წ.№ ას-681-635-2017, 07.07.2017წ.).
26. დამატებით, საკასაციო პალატა, ყურადღება მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მითითება ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადაზე, რომლის თანახმად შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისს, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა მოქმედი სპეციალური კანონის (61-ე მუხლის) გავრცელების შემთხვევაშიც, კრედიტორის ურთიერგაქვითვის მოთხოვნის უფლების რეალიზებას, რადგან ამ პერიოდისთვის მოთხოვნათა შესრულების ვადა დამდგარი არ იყო.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება- მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.
28.განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე პერიოდულობით აწვდის საქონელს მოპასუხეს, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით, რასაც არც მოპასუხე მხარე უარყოფს და მიუთითებს, რომ შპს ,,ს.ი–ს“ საქონლის შეძენის საფუძველზე გააჩნია შპს ,,ტ–ის“ მიმართ 326 510 ლარის ოდენობის დავალიანება და მოითხოვა დავალიანების გაქვითვა, რასაც თავის მხრივ არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი, ვინაიდან შპს ,,ს.ი–ი“ იმყოფება გადახდისუუნარობის სპეციალურ რეჟიმში. საკასაციო პალატა, კვლავ მოიხმობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლითაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ურთიერთგაქვითვის მექანიზმის გამოყენება, კერძოდ, კანონის მე-61 მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაქვითვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
29. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
30. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 330 340 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
31. პროცესის ხარჯები:
31.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31.2 შპს „ტ–ს“, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5050 ლარის გადახდა, შპს „ტ–ის“ მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 7000 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო შპს „ს.ი–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი, შპს „ტ–ს“ უნდა დაეკისროს შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 394-ე „ე“ ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ს.ი–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს.ი–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ტ–ს“, შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 330340 ლარის
გადახდა;
5. შპს „ტ–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 5050 ლარის გადახდა;
6. შპს „ტ–ს“, შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი 8000 ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი