დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-297-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2023 წლის 30 აგვისტოს, შპს „ი–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მენარდე) და დ.ბ–ს (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან შემკვეთი) შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლითაც მოპასუხის (შემკვეთი) მისამართზე (ქ.თბილისი, .......) მოსარჩელემ (მენარდე) კონკრეტული ტიპისა და მოცულობის სამუშაოს შესრულების ვალდებულება იკისრა.
2. ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავდა შემკვეთის მისამართზე, კერძოდ, ტერასის 80კვ.მ ფართობზე:
(ა). არსებული შემინული გადახურვის დემონტაჟს;
(ბ). მის ადგილას ფრანგული კომპანია „შადევ-ის“ წარმოების სამაგრებითა და თურქული წარმოების გაუმჭვირვალე („ოპაქუე“ ფირით, 8 + 6 მილიმეტრის სისქის ნაწრთობი და ლამინირებული ორმაგი მინებით) ახალი შემინული გადახურვის მონტაჟს;
(გ). გადახურვის იზოლაციას (ნაკერების სტრუქტურული სილიკონით დამუშავებას).
3. ხელშეკრულებით შემკვეთმა გარიგების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში მენარდისთვის ავანსის სახით ნარდობის ფასის 75%-ის, 21 147.54 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. დარჩენილი 25% - 7 049.18 ევროს ეკვივალენტი ლარი, შემკვეთს, ეტაპობრივად, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად უნდა გადაეხადა (ნარდობის ხელშეკრულების 10.5 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი).
4. 2023 წლის 1 სექტემბერს, მენარდის სასარგებლოდ შემკვეთმა სრულად გადარიცხა ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ავანსი, კერძოდ, 60 473.51 ლარი, რაც იმ დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის მიხედვით 21 147.54 ევროს ეკვივალენტს შეადგენდა.
5. 2023 წლის 11 ნოემბერს მოპასუხემ დამატებით გადაიხადა 10 400 ლარი, რაც იმ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის მიხედვით 3 513.16 ევროს ეკვივალენტი ლარი იყო.
6. სამუშაოს ჯამური ღირებულება 28 196.72 ევროს შეადგენდა, ხოლო, პირობები ისე სრულდებოდა, როგორც ხელშეკრულების წერილობით, ხელმოუწერელ ვერსიაში იქნა გათვალისწინებული.
7. მენარდემ შემკვეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 3 536.02 ევროს ეკვივალენტი ლარის, 2023 წლის 29 ოქტომბრიდან 2024 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით გადასახდელი 2 769.75 ევროს ეკვივალენტი ლარისა და 2024 წლის 14 აგვისტოდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე ყოველდღიურად 8.84 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით:
8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
8.2. მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად 3 536.02 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა;
8.3. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელადა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელემ წარმოადინა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ ისინი ვერ გააქარწყლა, კერძოდ, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რაც ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის, როგორც შემკვეთისთვის, შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 3 536.02 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრებას გამორიცხავდა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო თავადვე მიუთითებს ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტზე, კერძოდ, შესრულების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 06 ოქტომბერი, ხოლო, სამუშაოს 97.33%, 2023 წლის 28 ნოემბერს დასრულდა. ამდენად, ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის პირობებშიც კი, ხელშეკრულება მხოლოდ 97.33%-ით შესრულდა, ისიც 22 დღის ვადაგაცილებით. ვინაიდან სასამართლომ შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილება დაადგინა, ეს გარემოება შემკვეთს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
15. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2023 წლის 30 აგვისტოს წარმოიშვა, რომლის ფარგლებშიც შემკვეთის სასარგებლოდ მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ჯამურად 28 196.72 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაო ვადაგადაცილებით, თუმცა სრული მოცულობით შესრულდა და იგი შემკვეთის მიერ მიღებულია, ასევე დადასტურებულია, რომ ამ უკანასკნელმა მენარდეს მხოლოდ 24 660.7 ევროს ეკვივალენტი ლარი აუნაზღაურა.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ (მენარდე) სრულად წარმოადინა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომელთა გაქარწყლების ვალდებულებას თავი მოპასუხე მხარემ (კასატორმა) ვერ გაართვა და ვერ უზრუნველყო იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რაც ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის, როგორც შემკვეთისთვის, შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 3 536.02 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრებას გამორიცხავდა.
16. ნარდობის საზღაურის სრული მოცულობით ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში წარუმატებულია, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 548-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლების დეფინიციიდან.
17. ნარდობის საზღაურის შემცირების თაობაზე მოპასუხის პრეტენზიის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ, ფასის შემცირება არ არის მექანიზმი, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება. სსკ-ის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც
ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. შესაბამისად, მოცემული ნორმის წინაპირობა, ნაკლის არსებობაა, ხოლო, თუ რა იგულისხმება ნაკლში, სსკ-ის 640-ე (ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ) და 641-ე (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას) მუხლებითაა განსაზღვრული და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში გამოხატულ დარღვევას არ მოიაზრებს.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამავე პროპორციით უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ბ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 557 ლარის (საგადასახადო დავალება # 1559, გადახდის თარიღი - 13.01.2026) 70% - 389.9 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია