დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.07.2026
საქმის ნომერი
ას-1440-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1440-2025

08 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.კ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ს–ის“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.კ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“) მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2023 წლის 17 მარტს მოსარჩელეს კომპანიისგან გაეგზავნა დასაქმების შემდეგი პირობები: პოზიცია გერმანულ ენოვან კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი, ძირითადი ხელფასი - 2 750 ლარი, დამატებითი სარგებელი - ტრანსპორტირების ანაზღაურება - 48 ლარი თვეში, კვების ანაზღაურება - 155 ლარი თვეში. მოსარჩელე დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს;

6.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის I სპეციალისტის თანამდებობაზე;

6.3. შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა დაიწყო 2023 წლის 2 მაისიდან;

6.4. შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის პირველი ექვსი თვე შეადგენდა კომპანიის სასარგებლოდ შეთანხმებულ გამოსაცდელი ვადის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც თითოეულ მხარეს შეეძლო შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება, მეორე მხარისთვის 2 კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე;

6.5. შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმებულის შრომითი ურთიერთობა კომპანიასთან გაგრძელდებოდა მანამ, სანამ იგი არ შეწყდებოდა რომელიმე მხარის მიერ მე-13 მუხლის შესაბამისად;

6.6. შრომითი ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო ადგილი განისაზღვრა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..........., ან კომპანიის მიერ დროდადრო განსაზღვრული მისამართი;

6.7. შრომითი ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის ძირითადი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 2 750 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 8.1.2. პუნქტით, მხოლოდ კომპანიის შეხედულებისამებრ და შიდა ანაზღაურებისა და სარგებლის მიღების პოლიტიკის შესაბამისად, დასაქმებულმა შესაძლოა მიიღოს ცვალებადი ბონუსი;

6.8. შრომითი ხელშეკრულების დანართი N3-ით განსაზღვრული იყო მოსარჩელის პოზიციისთვის გათვალისწინებული დასაქმების აღწერილობა;

6.9. ხელშეკრულების 19.1 პუნქტით, წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძვლად განხორციელებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა სახის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა ჩაბარდეს შესაბამის მხარეს ან გაეგზავნოს ელ. ფოსტით პირადი ელ-ფოსტის მისამართზე; თუ საწინააღმდეგო არ მტკიცდება, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება განხორციელებულად ელ-ფოსტის გაგზავნის მომენტიდან, თუ შეტყობინება განხორციელდა ელ-ფოსტით;

6.10. მოსარჩელე დამსაქმებელთან კომუნიკაციას ახდენდა შემდეგი ელ. ფოსტის მისამართიდან - a@gmail.com;

6.11. მხარეთა შორის 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ;

6.12. მოსარჩელეს კომპანიისგან ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ასევე, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯი. მოსარჩელეს პერიოდულად მიღებული აქვს შესრულების ბონუსიც (2023 წლის აგვისტო - 120, ოქტომბერი - 180, ნოემბერი - 90);

6.13. 2023 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 08 დეკემბრამდე და 2023 წლის 12 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, მოსარჩელე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე;

6.14. 2023 წლის დეკემბრის თვეში დასაქმებულის სახელზე გაიცა ძირითადი ხელფასი, კვების ანაზღაურება არასრულად, ტრანსპორტირების ხარჯი, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის, ასევე, ანაზღაურებადი შვებულების სანაცვლო თანხა. ნოემბრის თვის შესრულების ბონუსის ჩარიცხვა დეკემბრის თვეში არ მომხდარა. დეკემბრის თვეში მოსარჩელეს დაუფიქსირდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურის გაცდენის 8 დღე და ანაზღაურებადი შვებულების 3 დღე;

6.15. 2023 წლის 26 დეკემბერს დასაქმებულმა მიმართა უშუალო ხელმძღვანელს შრომის ანაზღაურების დანაკლისი თანხის გარკვევის მიზნით. მომდევნო დღეს მას განემარტა, რომ ადგილი არ ჰქონდა შეცდომას, დამსაქმებლის მიერ სარგოს განსაზღვრის კრიტერიუმები ეხილა ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილ ინფორმაციაში. დასაქმებული არ დაეთანხმა დაანგარიშების წესს, მუშაობის გაგრძელების სანაცვლოდ მოითხოვა 2023 წლის დეკემბრის თვეში მისაღები ბონუსის ჩარიცხვა;

6.16. მოსარჩელეს 2023 წლის 27 დეკემბრიდან სამუშაო ვალდებულებები აღარ შეუსრულებია;

6.17. 2023 წლის 27, 28 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები გაცდენასთან დაკავშირებით, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. პასუხად დასაქმებულმა კომპანიას მისწერა, რომ არ აუღია შვებულება, კომპანიამ დაარღვია მთავარი პირობა, არ დაურიცხეს ბონუსი, არ მიუღია კვების ანაზღაურება სრულად, პრობლემასთან დაკავშირებით მოკვლევა არ დაწყებულა, რის გამოც დასაქმებული სამჯერ გააფრთხილეს მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

6.18. 2023 წლის 29 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს მისწერა ბონუსის გაცემის კრიტერიუმები და გაუგზავნა მესამე გაფრთხილების წერილი;

6.19. 2024 წლის 3 იანვარს მოპასუხის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისწერა დასაქმებულს შეხვედრის სურვილის თაობაზე ბონუსისა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. დასაქმებულმა კვლავ ითხოვა ბონუსის დარიცხვა, მოუწოდა დამსაქმებელს კეთილსინდისიერად ვალდებულების განხორციელებისკენ;

6.20. მოსარჩელემ 2023 წლის 8 იანვარს სცადა დისტანციურად მუშაობის გაგრძელება, თუმცა სამუშაო პროგრამაში შესვლა ვერ შეძლო დამსაქმებლის მხრიდან მისი შეზღუდვის გამო. საკითხის გარკვევის მიზნით, დასაქმებულმა მიმართა კომპანიას. პასუხად ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია 2023 წლის 15 იანვრიდან;

6.21. 2024 წლის 12 იანვარს კომპანიამ დასაქმებულს კუთვნილ ელ. ფოსტაზე a@gmail.com აცნობა ინფორმაცია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, 2024 წლის 15 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

6.22. მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 15 იანვრის ბრძანებით, დასაქმებულთან შეწყდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

6.23. მოსარჩელეზე გაიცა კომპენსაცია 3 759.19 ლარის ოდენობით;

6.24. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელით მიმართა 2024 წლის 13 თებერვალს;

6.25. 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე;

6.26. მოსარჩელემ განმეორებითი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2024 წლის 27 თებერვალს, რომელზეც 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით უარი ეთქვა მიღებაზე;

6.27. მოსარჩელემ 2024 წლის 5 მარტს კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის მიმართ სარჩელით, რომელიც 2024 წლის 22 მაისს განცხადებით გაიხმო. 2024 წლის 23 მაისის განჩინებით სარჩელი განუხილველად დარჩა;

6.28. წინამდებარე სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 7 ივნისს არის წარდგენილი;

6.29. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის ინფორმაციით, მოსარჩელეს უფიქსირდება ხელფასის სახით შემოსავლის მიღება 2024 წლის მარტიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით შპს „თ.ა.ს–გან“;

6.30. 2024 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და შპს „თ.ა.ს–ს“ შორის შედგა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 29 ოქტომბრიდან.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელთან ერთად წარდგენილია მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, რომელშიც მითითებულია სარჩელის ხანდაზმულობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია, რასაც დაეთანხმა სააპელაციო პალატა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დასაქმებულს მოპასუხისაგან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ეცნობა 2024 წლის 12 იანვარს. აღსანიშნავია, რომ შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა შორის კომუნიკაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ხელშეკრულების 19.1 პუნქტით, წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძვლად განხორციელებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა სახის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა ჩაბარდეს შესაბამის მხარეს ან გაეგზავნოს ელ. ფოსტით. პირადი ელ-ფოსტის მისამართზე. 19.2. თუ საწინააღმდეგო არ მტკიცდება, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება განხორციელებულად ელ-ფოსტის გაგზავნის მომენტიდან, თუ შეტყობინება განხორციელდა ელ-ფოსტით. მოსარჩელე დამსაქმებელთან კომუნიკაციას ახდენდა შემდეგი ელ. ფოსტის მისამართიდან - a@gmail.com. დასაქმებული განმარტავს, რომ გადაწყვეტილება განთავისუფლების მიზეზებით, გასაჩივრების წესით მას გაეგზავნა 2024 წლის 12 იანვარს. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტი, რომ გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა სწორედ 2024 წლის 12 იანვარს. მუშაკს გათავისუფლების დასაბუთება არ მოუთხოვია და ამ მიზნით არ მიუმართავს დამსაქმებლისთვის. აპელანტი მიუთითებს, რომ მეილის ავტორი არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტაზე უფლებამოსილი პირი, თუმცა მას სარჩელით არც ეს გარემოება გაუხდია სადავოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დასაქმებულმა პირველი სარჩელი აღძრა 2024 წლის 13 თებერვალს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით არ იქნა წარმოებაში მიღებული.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით შეუდავებელი გარემოებებით დგინდება, რომ მოსარჩელისათვის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის დასრულების შესახებ ობიექტურად ცნობილი გახდა 2024 წლის 12 იანვარს, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ათვლაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ან/და სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოსთვის მიმართვის 30 დღიანი ვადის ბოლო დღე იყო 2024 წლის 11 თებერვალი, რომელიც იყო კვირა - დასვენების დღე. მოსარჩელის მიერ, სასამართლოში სარჩელის აღძვრის უკანასკნელ დღედ მიიჩნევა 2024 წლის 12 თებერვალი. მოცემულ საქმეში კი დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში 2024 წლის 13 თებერვალს აღძრა, 1 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება მოპასუხის პოზიციას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების - ხანდაზმულობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის ხანდაზმულობა გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რის გამოც არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერებაზე მსჯელობის ფაქტობრივი გარემოებების არსებითად განხილვის საჭიროება. მოსარჩელე ასევე ითხოვს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნების განხილვის საფუძველი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, ასევე არ არსებობს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

12.1. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში ეყრდნობა შრომითი ხელშეკრულების 19.2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „შეტყობინება ჩაითვლება განხორციელებულად ელ-ფოსტის გაგზავნის მომენტიდან“, და ამის საფუძველზე ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება 2024 წლის 12 იანვრიდან. თუმცა, გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ სამართლებრივ ანალიზს იმის თაობაზე, როგორ თავსდება ეს სახელშეკრულებო პირობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არსებით ნორმებთან. კერძოდ, განჩინება არ განიხილავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლს, რომელიც ადგენს: „ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“. სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ განმარტა, რას ნიშნავს ტერმინი „შეტყობინებით“, გულისხმობს მხოლოდ გაგზავნას, თუ მოითხოვს რეალურ ჩაბარებას/მიღებას და თუ რატომ უნდა იქნას ეს ტერმინი განმარტებული განცალკევებულად და ავტონომიურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სხვა რელევანტური და იმპერატიული ნორმების გათვალისწინების გარეშე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების (ნების გამოვლენის ჩაბარება და ძალაში შესვლა) შეჯერებას 355-ე მუხლთან და არ პასუხობს კითხვებს: როდის ითვლება ნების გამოვლენა ჩაბარებულად ელექტრონული შეტყობინების კონტექსტში? როდის შედის ნების გამოვლენა ძალაში და შეუძლია თუ არა სახელშეკრულებო პირობას („გაგზავნა“ = „ჩაბარება“) შეცვალოს ან გადააკეთოს სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმები, რომლებიც ადგენენ ნების გამოვლენის ჩაბარების ზოგად წესებს; გადაწყვეტილება არ მოიცავს განხილვას და მსჯელობას იმის თაობაზე, რამდენად არის დასაშვები ისეთი სამართლებრივი კოლიზია, როდესაც სახელშეკრულებო პირობა ფაქტობრივად აუქმებს სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოქმედებას, ადგენს მათგან განსხვავებულ წესს და სასამართლო ამას მიიჩნევს დასაშვებად ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად უგულებელყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, სადაც პირდაპირაა განმარტებული, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა. შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა. განჩინებაში არ არის განმარტებული, რატომ არ მიიჩნია სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ ასეთ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენად, როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ქმედება (რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას იწვევს) ჩაითვალოს განხორციელებულად მხოლოდ ელ-ფოსტის გაგზავნის მომენტში, დასაქმებულის რეალური ინფორმირების გარეშე და რატომ არის დასაშვები განსხვავებული სტანდარტის გამოყენება უკვე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად. განჩინებაში არასაკმარისადაა შეფასებული შრომითი ხელშეკრულების 19.2 პუნქტის სამართლებრივი ბუნება და მისი გამოყენების სამართლებრივი შედეგები. თუ სახელშეკრულებო პირობა (19.2 პუნქტი) იმგვარად განიმარტა, რომ დასაქმებულმა ვერც წინასწარ, ვერც რეალურად ვერ განსაზღვრა „ჩაბარების“ კონკრეტული მომენტი და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ეროვნული სასამართლოს ვალდებულება იყო დაედგინა, ხომ არ გადაიქცა ეს პირობა და მისი ინტერპრეტაცია არაგონივრულ პროცედურულ ბარიერად, რომელიც შეუთავსებელია, როგორც სამართლებრივი გარკვევის პრინციპთან, ისე ეფექტური სასამართლო დაცვის უფლებასთან. სწორედ აღნიშნული ასპექტის სათანადო გამოკვლევის და დასაბუთებული შეფასების ნაკლებობა განჩინებაში წარმოადგენს არსებით პროცესუალურ ხარვეზს, რომელიც უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს როგორც მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოში წვდომის კონსტიტუციური უფლების შესაძლო დარღვევის სერიოზული რისკის ინდიკატორი;

12.2. განჩინება არ შეიცავს ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ თავსდება სახელშეკრულებო პირობის მკაცრად ფორმალისტური განმარტება შრომით ურთიერთობებში დამკვიდრებულ „favor prestatoris“ პრინციპთან (დასაქმებულისთვის სასარგებლო წესთა უპირატესობა). აღნიშნული პრინციპი არაერთგზის არის ხაზგასმული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში და გულისხმობს, რომ არაერთმნიშვნელოვანი და დომინანტის მიერ შედგენილი ხელშეკრულებითი პირობა უნდა განიმარტოს დასაქმებულის ინტერესების სასარგებლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ინტერპრეტაცია დაკავშირებულია მისი სასამართლო დაცვის მექანიზმებზე რეალურ წვდომასთან. აღნიშნული პრინციპის თანახმად, ეჭვის ან ორაზროვანი განმარტების შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დასაქმებულის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორი შეტყობინება (12 და 15 იანვარი) და ობიექტურად შეუძლებელია ცალსახად განსაზღვრა, რომელი მათგანი წარმოადგენს „ჩაბარებულ“ შეტყობინებას სამართლებრივი თვალსაზრისით, favor prestatoris პრინციპი მოითხოვს დასაქმებულისთვის სასარგებლო განმარტების გამოყენებას. არსებობს რეალური რისკი, რომ დამსაქმებელი თავად აყალიბებდეს გაურკვევლობის პროცესს ისე, რომ შეიქმნას ეჭვი და ორაზროვნება შეტყობინების თარიღსა და ფორმასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი სარჩელის ხელოვნურად უგულებელყოფისა და სასამართლოში წვდომისათვის არაგონივრული პროცედურული ბარიერის შესაქმნელად;

12.3. განჩინება არ აფასებს, რამდენად შეესაბამება ასეთი მკაცრად ფორმალისტური მიდგომა პროპორციულობის პრინციპს და იწვევს თუ არა იგი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გადამეტებულ შეზღუდვას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს, რამდენად პროპორციულია სარჩელის ხანდაზმულად ცნობა მხოლოდ ერთი კალენდარული დღის განსხვავებით, იმ პირობებში, როდესაც: 1). არსებობს ორი ელ-ფოსტა (12 და 15 იანვარი); 2. ეს ელ-ფოსტები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან (გამომგზავნის უფლებამოსილება, ენა, ფორმა, დოკუმენტების არსებობა); 3. არსებობს ობიექტური და გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი წარმოადგენს სამართლებრივად მნიშვნელოვან „ჩაბარებულ” შეტყობინებას;

12.4. სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქმნიან გონივრულ ეჭვს ხანდაზმულობის ვადის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ ელ-ფოსტასთან (2024 წლის 12 იანვრის არაოფიციალურ, ინგლისურენოვან ელ-ფოსტასთან და 15 იანვრის ოფიციალურ, ქართულენოვან შეტყობინებასთან ადამიანის რესურსების მართვის მხრიდან, თანდართული დოკუმენტებით), მათი შინაარსობრივი და ფორმალური განსხვავებებით, აგრეთვე დასაქმებულის აშკარა კეთილსინდისიერ ქცევასთან (სწრაფი რეაგირება, სასამართლოში რეალურად მისვლის სურვილი). ამ პირობებში ხანდაზმულობის ვადის მკაცრი და ფორმალური ვადის ათვლა 2024 წლის 12 იანვრიდან, ყოველგვარი ღრმა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის გარეშე, არ ემსახურება „სამართლებრივი განსაზღვრულობის“ და „მართლმსაჯულების სათანადო განხორციელების“ მიზნებს, არამედ პრაქტიკულად აქცევს ხანდაზმულობას ხელოვნურ ბარიერად, რომელიც აფერხებს საქმის არსებით განხილვამდე მისვლას. ასეთი მიდგომა არაპროპორციულად ზღუდავს სასამართლოში წვდომის უფლებას და ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტს, ისე Zubac v. Croatia-ში ჩამოყალიბებულ პრინციპს, რომ პროცედურული მოთხოვნები ვერ უნდა იქცეს მექანიკურ ფილტრად, რომელიც კეთილსინდისიერ მხარეს საქმეს „კარს უხურავს“ მის არსებით განხილვამდე;

12.5. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი. სასამართლომ არ დააკისრა დამსაქმებელს ვალდებულება, დაემტკიცებინა, რომ 12 იანვრის ელ-ფოსტა წარმოადგენდა შეტყობინებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და რომ ის რეალურად ჩაბარდა დასაქმებულს და აკმაყოფილებდა სამართლებრივ მოთხოვნებს. სასამართლომ არ მოითხოვა დამსაქმებლისგან მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გამომგზავნი იყო უფლებამოსილი პირი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და შეტყობინების გაგზავნისთვის. სასამართლომ არ მოითხოვა დამსაქმებლისგან ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რატომ გაიგზავნა ორი განსხვავებული შინაარსისა და ფორმის ელ-ფოსტა (2024 წლის 12 და 15 იანვარი). სასამართლომ არ გაითვალისწინა „favor prestatoris“ პრინციპი (დასაქმებულისთვის სასარგებლო წესთა უპირატესობა), რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არაერთგზის არის ხაზგასმული. ამ საპროცესო დარღვევამ პირდაპირ და არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რადგან სწორი მტკიცების ტვირთის განაწილებისას, დამსაქმებელი ვერ შეძლებდა დაემტკიცებინა, რომ 2024 წლის 12 იანვრის ელ-ფოსტა წარმოადგენდა ბრძანებას და შეტყობინებას გათავისუფლების შესახებ, და რომ 2024 წლის 12 იანვრის ელ-ფოსტა აკმაყოფილებდა სამართლებრივ მოთხოვნებს და რომ იყო სრულად გასაგები მოსარჩელე მხარისათვის. დამსაქმებელი ვერ შეძლებდა დაემტკიცებინა გამომგზავნის უფლებამოსილება. დასაქმებული კეთილსინდისიერად მიიჩნევდა, რომ შეტყობინების რეალური „ჩაბარება“ 2024 წლის 15 იანვარს მოხდა (უფლებამოსილი პირი, ქართული ენა, ოფიციალური დოკუმენტები). ამ დარღვევებმა უშუალოდ განაპირობა ის, რომ სარჩელი ერთდღიანი ხანდაზმულობის ფორმალური არგუმენტით ჩაითვალა ხანდაზმულად. სასამართლომ საერთოდ აღარ განიხილა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა დასაქმებულის არსებით უფლებას, შრომით ურთიერთობაში არამართლზომიერ გათავისუფლებას სამსახურიდან;

12.6. გასაჩივრებული განჩინება აშკარად არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას;

12.7. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციის მე-2 მუხლი და შრომის კოდექსის მე-6 მუხლი. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. შრომის კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს: „წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე“. საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც მუშაობს საქართველოში, „გასაგები ენა“ უპირველეს ყოვლისა ნიშნავს კონსტიტუციურად დადგენილ სახელმწიფო ენას, ქართულს. მოცემულ საქმეში შრომითი ხელშეკრულება დადებულია ორ ენაზე (ქართული და ინგლისური), რაც ადგენს ორენოვან სტანდარტს კომუნიკაციისთვის. თუმცა 2024 წლის 12 იანვრის ელ.წერილი გამოგზავნილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-2 მუხლს და ასევე შრომის კოდექსის მე-6 მუხლს, კერძოდ, არღვევს ხელშეკრულებით დადგენილ ორენოვან რეჟიმს. 2024 წლის 15 იანვრის შეტყობინება შესრულებულია ორ ენაზე (ქართული და ინგლისური), თან ერთვის ოფიციალური დანართი და აკმაყოფილებს როგორც კონსტიტუციის, ისე შრომის კოდექსისა და ხელშეკრულების მოთხოვნებს. ორი შეუსაბამო ელ-წერილის არსებობა (12 იანვრის ერთენოვანი და 15 იანვრის ორენოვანი) ქმნის სამართლებრივ გაურკვევლობას იმის თაობაზე, რომელი ელ-ფოსტა წარმოადგენს შეტყობინებას, ბრძანებას განთავისუფლების შესახებ და თუ რომელი ელ. ფოსტა არის იურიდიულად ვალიდური. მოცემულ საქმეში საერთოდ არ არის განხილული არც ენობრივი შესაბამისობის საკითხი და არც კონსტიტუციის მე-2 მუხლი და შრომის კოდექსის მე-6 მუხლია გამოყენებული. დასაქმებული გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მისი მშობლიური ენა გახლავთ ქართული, ის სამუშაოს ასრულებდა საქართველოში. 2024 წლის 12 იანვრის ელ-ფოსტა გაგზავნილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, არ წარმოადგენს ოფიციალურ საბუთს, არ ახლავს ქართულენოვანი ტექსტი და გამოგზავნილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ დოკუმენტს დაუკავშირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის „შეტყობინების“ და შესაბამისად, შრომის კოდექსით განსაზღვრული 30-დღიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი; ყოველგვარი ანალიზის გარეშე იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა ქართველ დასაქმებულს რეალურად და გონივრულად გაეგო მისი ისეთი არსებითი და მნიშვნელოვანი უფლებრივი მდგომარეობის ცვლილების შინაარსი, როგორიცაა სამსახურიდან განთავისუფლება ინგლისურენოვანი, არაოფიციალური ელ. წერილით. სააპელაციო სასამართლო სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ პრინციპს და არ განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა სწორედ 2024 წლის 12 იანვრის ელ. წერილი იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია დასაქმებულისათვის სამართლებრივად არსებითი ინფორმაციის გასაგებად და მისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში მიწოდებისათვის.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის მართლზომიერება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

20. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. [სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ)]. ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1298-1218-2015, 15 მარტი 2016 წელი; №ას-790-2020, 20 მაისი 2021 წელი; ას-781-2021, 23 თებერვალი 2022 წელი).

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ დასაქმებულისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობინების მომენტს უკავშირებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1298-1218-2015, 15 მარტი, 2016 წელი; №ას-905-871-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-790-2020, 20 მაისი, 2021 წელი).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. „უფლების შემაფერხებელ“ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, რაც გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და სარჩელი ხანდაზმულად ცნო.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს პრეტენზიას მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-მე-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მას შემდეგ, რაც მოპასუხე ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს მატერიალურსამართლებრივ ხანდაზმულობაზე და დაასაბუთებს მას, მოსარჩელეზე გადადის მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ხანდაზმულობის ფაქტობრივი გარემოება არ უნდა იქნეს გამოყენებული (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შესაგებლით ხანდაზმულობაზე მიუთითა და დაასაბუთა, მოსარჩელეს ევალებოდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დაცვით (იხ. სუსგ საქმე Nას-1599-2023, 26 იანვარი, 2024 წელი).

26. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად სადავოდ არის გამხდარი ხანდაზმულობის ათვლის საკითხი.

27. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადისა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ საქმე №ას-1210-2018, 15 თებერვალი 2019 წელი), რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ საქმე №ას-669-2020, 18 ნოემბერი 2020 წელი; №ას-98-2019, 5 აპრილი 2019 წელი).

28. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხოლო, თუ დასაქმებული მისთვის მინიჭებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლებას არ გამოიყენებს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან ანუ იმ დღიდან, როდესაც მას სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2024 წლის 12 იანვარს დასაქმებულს კუთვნილ ელ-ფოსტაზე a@gmail.com მოპასუხე კომპანიამ აცნობა ინფორმაცია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო 2024 წლის 15 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელის ფარგლებში თავად უთითებდა ზემოაღნიშნულ ფაქტზე, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, დასაქმებულს 2024 წლის 12 იანვარს გაეგზავნა ელ-ფოსტა, სადაც განმარტებული იყო გათავისუფლების მიზეზები (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 6). აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული პოზიცია/ შედავება სასამართლოსათვის მოსარჩელეს მოსამზადებელ ეტაპზე არ წარუდგენია. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 7 ივნისს. მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2024 წლის 11 ივლისს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 2025 წლის 8 აპრილს, ხოლო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში 2025 წლის 6 თებერვალს გადაზარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს განუმარტა მთავარ სხდომაში გადაზრდის პროცესუალური შედეგები (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 12:49:23-12:49:36). საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მხარეები სამართალწარმოებაში ადვოკატის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში წარადგინა პრეტენზიები ფაქტობრივ უსწორობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მიუთითა რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2024 წლის 12 იანვარი მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმირებულობის თარიღად, ასევე, სადავოდ გახადა იმ პირის უფლებამოსილება, რომელმაც დასაქმებულს ელ-ფოსტის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

32. საკასაციო სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.

34. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომლის თანახმად, მოსარჩელე უთითებს დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას, ასევე, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დავის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაიცვას სარჩელის მოთხოვნის ფარგლები (იხ. სუსგ №ას-883-2021 9 დეკემბერი 2021 წელი).

35. სასამართლო სარჩელს განსახილველად იღებს სწორედ სარჩელში მითითებული მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნისა (სარჩელის საგანი) და მის დასაფუძნებლად მითითებული ფაქტების (სარჩელის საფუძველი) ფარგლებში. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი მოსარჩელეს არ უკარგავს შესაძლებლობას, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე განმარტავს, რომ გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება, გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020წ. გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

37. საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნული განმარტებებისა და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს არც სარჩელის ფარგლებში, არც შემდგომ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2024 წლის 12 იანვარს ინფორმირების ფაქტი (პირიქით სარჩელში თავად მიუთითა ამ ფაქტზე) ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია ხანდაზმულობის ათვლის საწყისად 2024 წლის 12 იანვარი.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი პრეტენზიები (შეტყობინებაზე უფლებამოსილი პირი, შეტყობინების ენა და სხვა), დასაქმებულს სადავოდ არ გაუხდია არც სარჩელში და არც შემდგომ მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო მოკლებულია მათზე მსჯელობისა და შეფასების პროცესუალურ შესაძლებლობას.

39. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 12 იანვარს დასაქმებულს კუთვნილ ელ. ფოსტაზე a@gmail.com ეცნობა ინფორმაცია, დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო 2024 წლის 15 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელით მიმართა 2024 წლის 13 თებერვალს, ნაცვლად 12 თებერვლისა, სშკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის დარღვევით.

40. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა და დაასაბუთა შესაგებელში სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის შემდეგაც უკვე მოსარჩელეზე გადავიდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რასაც მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი. კერძოდ, მან არ წარმოადგინა კანონით დადგენილ ვადაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზე.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონითაა დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს ინტერპრეტაციას ექვემდებარება.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მართებულად ეთქვა.

44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

45. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ არაერთ საქმეში განმარტებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2024, 9 ოქტომბერი, 2024 წელი).

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

48. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-167-157-2017, 2 ივნისი, 2017 წელი; №ას-58-58-2018, 30 აპრილი, 2018 წელი; №ას-48-2021, 23 აპრილი, 2021 წელი; №ას-493-2021, 05 მაისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.კ–ვას (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 12 ნოემბერს N30327941289 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე