დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-28-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-28-2025

25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ჩ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.კ–ი, თ.მ–ძე, ვ.მ–ძე, მ.კ–ი, ნ.პ–ი (მოპასუხეები)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ.ჩ–ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.კ–ის, თ.მ–ძის, ვ.მ–ძის, მ.კ–ის და ნ.პ–ის მიმართ და მათთვის ზიანის 38 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არაუფლებამოსილი პირი იყო. ამასთან, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არაკომპეტენტური პირის მიერ იყო შედგენილი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ნის სარჩელი გ.კ–ის, თ.მ–ძის, ვ.მ–ძის, მ.კ–ის და ნ.პ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.კ–ს, თ.მ–ძეს, ვ.მ–ძეს, მ.კ–ს და ნ.პ–ს მ.ჩ–ნის სასარგებლოდ დაეკისრათ 18 000 აშშ დოლარის გადახდა; მ.ჩ–ნის მოთხოვნა 20 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მ.ჩ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

4.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ.წ–ის სარჩელი და მოპასუხეების - თ.მ–ძის, გ.კ–ის, ვ.მ–ძის, მ.კ–ის და ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N............ მითითებულ დავაში მონაწილე მხარეები წინამდებარე დავის მხარეებს წარმოადგენენ.

4.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2015 წლის 20 იანვრიდან საჯარო რეესტრში ხ.წ–ის საკუთრებად აღრიცხულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N.......... საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N150043853, დამოწმების თარიღი 20/01/2015, ნოტარიუსი ე. შ–ი.

· 2015 წლის 20 იანვრიდან ხ.წ–ის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები: თ.მ–ძე, გ.კ–ი, ვ.მ–ძე. მ.კ–ი და ნ.პ–ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4.2.3. 2022 წლის 7 აპრილს ხ.წ–მა მოთხოვნის უფლება, რომელიც გააჩნდა მოპასუხეების მიმართ და რომელიც გამოწვეული იყო თ.მ–ძის, გ.კ–ის, ვ.მ–ძის, მ.კ–ის და ნ.პ–ის მიერ ხ.წ–ის კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო ფლობით, სრულად, უსასყიდლოდ დაუთმო მ.ჩ–ნს, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის წარმომადგენელს ზემოაღნიშნულ ვინდიკაციურ დავაში.

4.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის წერილის თანახმად, ........ ქუჩას მიენიჭა .......... სახელი. ........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მისამართად საჯარო რეესტრში განსაზღვრულია ქ. თბილისი, ..........

4.2.5. 2023 წლის 9 ივლისის სააღსრულებო მოქმედების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება აღსრულდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა ხ.წ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

4.2.6. მხარეთა შორის სადავოა .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საიჯარო ქირის ღირებულება 2015 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე (84 თვე).

4.2.7. 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად (რომელიც ერთვის თავდაპირველ - 2022 წლის 20 აპრილს წარდგენილ სარჩელს), მოკვლეული ინფორმაციისა და ბაზარზე არსებული მსგავსი ქონებების მიმართ მოთხოვნის გათვალისწინებით, 2015 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე საიჯარო ქირის ღირებულება განისაზღვრება თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს - 38 000 აშშ დოლარსი ეკვივალენტს ლარში.

4.2.8. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურების სახით 38 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით გამოსაკვლევი იყო ორი გარემოება, წარმოადგენდა თუ არა 2023 წლის 10 ივლისის აუდიტორული დასკვნა ვალიდურ დოკუმენტს და მეორე დაარღვია თუ არა სასამართლომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი, როდესაც დაზუსტებული სარჩელის საფუძვლიანობა 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორულ დასკვნას დააფუძნა.

5.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების პოზიცია და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2023 წლის 10 ივლისის აუდიტორული დასკვნა წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს. აღნიშნული შეფასებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარდგენილ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემულ აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის სხდომის 1993 წლის 25 მაისის დადგენილებით მ.გ–ას აუდიტორის კვალიფიკაცია მიენიჭა 8 წლის ვადით - 1998 წლის 27 მაისიდან 2001 წლის 27 მაისამდე. დაზუსტებულ სარჩელზე თანდართული დასკვნა კი შედგენილია 2023 წელს.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არც მოსამზადებელ სხდომაზე და არც შემდეგ არ წარმოუდგენია სადავო დასკვნის შედგენის მომენტში მ.გ–ას კომპეტენციის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით 2023 წლის 10 ივლისის აუდიტის დასკვნა არავალიდურია.

5.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად დაედო საფუძვლად 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნა. ვინაიდან, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით იშუამდგომლა თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს თავდაპირველ სარჩელზე დართული 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნა არ გაეთვალისწინებინა და ეხელმძღვანელა მხოლოდ 2023 წლის 10 ივლისის აუდიტორული დასკვნით. ასევე, მოსარჩელის განმარტებით აუდიტორ მ.გ–ას 2023 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა.

5.4. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ საქმის მომზადების ეტაპზე თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა, რომლის სამართლებრივი შედეგიც არის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების განუხილველად დატოვება, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნის გამოყენების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა, მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა ემყარებოდა მხოლოდ 2023 წლის 10 ივლისის დასკვნას და მოითხოვდა, რომ 2022 წლის 15 თებერვლის დასკვნა აღარ ყოფილიყო გათვალისწინებული.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ როგორც 2023 წლის 10 ივლისის, ისე 2022 წლის 15 თებერვლის დასკვნა არავალიდური მტკიცებულებაა. სხვა მტკიცებულებები კი, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრებით სარჩელში მითითებული თანხის ოდენობით გამდიდრდნენ, წარმოდგენილი არ არის, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6.2. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეებს საქმის განხილვის დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მათ მხოლოდ აუდიტორულ დასკვნაზე წარადგინეს პრეტენზია, რომლის თანახმადაც წარდგენილი დასკვნის გამცემი აუდიტორი არ იყო კომპეტენტური.

6.3. კასატორის განმარტებით, მოპასუხეებმა წარმოადგინეს აუდიტორის შესახებ საჯარო რეესტრის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს აუდიტორის მიერ მიღებული სერთიფიკატის მონაცემებს და ნომერს, რაც არ ემთხვევა დასკვნაში მითითებულ მონაცემებს. კერძოდ, წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში სერტიფიკატის ნომერია ზ#6/314, ხოლო მოპასუხეების მიერ წარდგენილი მოწმობის ნომერია 657.

6.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეები უკანონოდ მესაკუთრესთან შეუთანხმებლად ფლობდნენ უძრავ ქონებას 2015 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე, 84 თვის ვადაში, ასევე დასტურდება მესაკუთრის უფლებების შელახვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმის მასალები სათანადოდ არ არის გამოკვლეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

15. კასატორის პოზიციის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, რისი გათვალისწინებითაც, მას უფლება აქვს ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან, რის გამოც ითხოვს მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) სახით, 38 000 ამერიკული დოლარის (ეკვივალენტი ლარში) დაკისრებას მოპასუხეზე;

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

17. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

18. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხეთა გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14.12.2021 წელი).

19. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ.: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში, განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ. №ას-504-2019, 13.03.2020წ№ას-646-2022 30.09.2022წ.)

21. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებების მიღება და შეგროვება უნდა მოხდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

22. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსსკ-ის კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.). აქედან გამომდინარე, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების არსებობა/არარსებობაზე საუბარი.

23. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ.; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2024წ.; N ას-1031-2024, 22.11.2024წ.; N ას-1324-2024, 13.12.2024წ.; N ას-1199-2024, 26.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.20204წ.; N ას-1550-2024, 15.01.20205წ.).

24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სსსკ-ის 102-ე მუხლით დამკვიდრებული მტკიცების სტანდარტის მიხედვით, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელე კასატორის პრეტენზია ხელყოფის გათანაბრების მიზნით, ზიანის სახით 38 000 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხის ანაზღაურებაზე. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი ვერ ასაბუთებს საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობას.

25. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელზე თანდართული 2023 წლის 10 ივლისის აუდიტორული დასკვნა და მისი შედეგები, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელს ერთვის 2023 წლის 10 ივლისის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა უძრავ ქონებაზე ქირის ფასის დადგენაზე, რომელიც შედგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის მურმანი გახარიას მიერ (იხ.ტ.1 ს/ფ 124). დადგენილია, რომ დასკვნის გასაბათილებლად, მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინეს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი N657 (გაცემული მ.გ–აზე), რომელიც ძალაშია 2001 წლის 27 მაისამდე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2023 წლის 10 ივლისის დასკვნა წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს, ვინაიდან ამ დროისთვის აუდიტორ მ.გ–ას აუდიტორული საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ვადაგასული იყო. ამასთან, კასატორის შედავებაზე, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული სერტიფიკატის ნომერი არ ემთხვევა მის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ ნომერს (მ.გ–ას მიერ წარმოდგენილ დასკვნაში სერტიფიკატის ნომრად მითითებულია ზ#6/314, ხოლო მოპასუხეების მიერ წარდგენილი მოწმობის ნომერია 657), სააპელაციო პალატამ, მართებულად მიუთითა, რომ კასატორს(მოსარჩელეს) ჯერ კიდევ მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე შეეძლო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აუდიტორ მ.გ–ას უფლებამოსილებას, რაც თავის მხრივ გააქარწყლებდა მოპასუხეების არგუმენტს და სასამართლოს დაარწმუნებდა მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის სარწმუნოობაში. თუმცა მას ზემოხსენებული მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო მარტოოდენ კასატორის მოსაზრება, რომ დასკვნაში მითითებული ნომრები არ ემთხვევა ერთმანეთს, რის გამოც მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აუდიტორ მ.გ–ას 2023 წლის 10 ივლისის დასკვნა N23/20 უძრავ ქონებაზე ქირის ფასის დადგენაზე, როგორც არასარწმუნო და იურიდიული ძალის არმქონე მტკიცებულება, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა არაუფლებამოსილი პირის მიერაა შედგენილი.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის პრეტენზია მესაკუთრესთან შეუთანხმებლად მოპასუხეების მიერ უძრავი ქონების უკანონო ფლობიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მტკიცებულება, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას სასამართლოს მიერ არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული. რაც შეეხება, კასატორის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 15 თებერვლის აუდიტორული(საექსპერტო) დასკვნას საიჯარო ქირის შეფასების შესახებ, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე იშუამდგომლა და დაზუსტებულ სარჩელში პირდაპირ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნა არ გაეთვალისწინებინა სასამართლოს და ეხელმძღვანელა მხოლოდ 2023 წლის 10 ივლისის დასკვნით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს განკუთვნადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კუთვნილ უძრავ ქონებაში უკანონო ფლობის გამო, მოპასუხეების სარჩელში მითითებული თანხის ოდენობით გამდიდრებას, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორის/მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

28. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილვე შემთხვევაში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "მ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.ჩ–ნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი