გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-320-2026 17 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა.ქ–ია, შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ი“ და რ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.გ–ძე (მოსარჩელე), მ.ც–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – წილის საკუთრებაში დაბრუნება, წილზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ.გ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ც–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა შპს „ი.წ–ში“ მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70% წილის მესაკუთრედ; გაუქმდა შპს „ი.წ–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან მოპასუხის 70%-იან წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება (ვალდებულების ტიპი: წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება. მოვალე: მოპასუხე; კრედიტორი: მოსარჩელე; საგანი: მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70% წილი შპს „ი.წ–ის“ (ს/ნ .........) კაპიტალში. მყიდველს არ აქვს უფლება გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე ხელშეკრულების 2.1-2.5 განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე გაასხვისოს ან/და უფლებრივად დატვირთოს შპს „ი.წ–ის“ კაპიტალში მისი კუთვნილი წილი ან საზოგადოების კუთვნილი ქონება, მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ა.ქ–იას, შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ და რ.ა–ის (შემდგომში - „კერძო საჩივრის ავტორები“ ან „აპელანტები“) სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაზე მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და 2026 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი შემდეგი დასაბუთებით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების თანახმად, თ.პ–ძის, ბ.ყ–ის და ნ.მ–ის შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად თ.პ–ძის, ბ.ყ–ის, ა.ქ–იას, რ.ა–ისა და შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმი, 17:42:48, ტ.3. ს.ფ. 1-12);
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე აცხადებს უარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებითა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა წარმომადგენლების მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადებებით;
2.3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, მხარეთა მიერ მისი გაუსაჩივრებლობის მიუხედავად, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირებმა, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმაზე ეთქვათ უარი. კერძოდ, 2026 წლის 12 იანვარს წარმოდგენილია ა.ქ–იასა და შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2026 წლის 17 თებერვალს ასევე წარმოდგენილია რ.ა–ის სააპელაციო საჩივარი;
2.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 91-ე, 364-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში;
2.5. ვინაიდან მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე იმპერატიულად დადგენილი წესის თანახმად არ სარგებლობენ უფლებით სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, აღნიშნული უფლებამოსილებით მით უფრო ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას საქმეში ამავე სტატუსით ჩაბმაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ეთქვათ უარი;
2.6. მართალია, ამავე საოქმო განჩინებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ განჩინება ცალკე არ გასაჩივრდება და ის შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, თუმცა აღნიშნულ შესაძლებლობას სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა დავის მონაწილე ძირითადი სუბიექტების მიერ საპროცესო კანონმდებლობის ამოსავალი - დისპოზიციურობის პრინციპით სარგებლობამ, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით;
2.7. სასამართლოს მიერ იმ პირებისათვის, რომელნიც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ ყოფილან ჩაბმულნი პროცესში (არც მოსარჩელე/მოპასუხე მხარედ და არც მესამე პირად), გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს;
2.8. შესაბამისად, პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ პროცესუალური სტატუსი, სააპელაციო ლეგიტიმაციის მინიჭება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო და საპროცესო ნორმების არასწორ განმარტებას. საპროცესო ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია კი, გარდა მხარეთა ინტერესების შელახვისა, დღის წესრიგში დააყენებს მართლმსაჯულებისათვის ისეთ სახიფათო პრეცედენტს, რაც შეიძლება გამოხატულ იქნეს კანონით დადგენილ ფარგლებს მიღმა გასაჩივრების სუბიექტთა წრის ხელოვნური გაფართოებით. აღნიშნული კი თავისთავად არღვევს პროცესის მონაწილე მხარეთა თანასწორობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს;
2.9. სააპელაციო სასამართლომ დაინტერესებულ პირებს საზოგადოდ განუმარტა, რომ სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლები ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივ შესაძლებლობას და ამ გზით დაინტერესებული პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფას;
2.10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 374.1 მუხლით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან საჩივრის ავტორები არ წარმოადგენდნენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს, მათი სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1. სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია, ეხებოდა თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს;
3.2. სასამართლომ ფორმალური საპროცესო სტატუსის არარსებობა აღიქვა, როგორც სააპელაციო გასაჩივრების უფლების ავტომატური გამომრიცხავი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ასეთი მიდგომის საპირისპიროდ მიუთითებს სწორედ გადაწყვეტილების შედეგების პირის უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან უშუალო შემხებლობაზე;
3.3. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად დახურა ზემდგომი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა იმ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ავტორთა სასარგებლოდ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადებულ ყადაღას და დაწყებულ ან მოსალოდნელ იძულებით აღსრულებას;
3.4. კერძო საჩივრის ავტორთა ინტერესები არ არის მხოლოდ ფაქტობრივი ან ეკონომიკური ხასიათის. მათი მოთხოვნები მყარია და სამართლებრივად ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.4.1. ა.ქ–იას სასარგებლოდ გამოყენებულ ყადაღას;
3.4.2. რ.ა–ის სასარგებლოდ გამოყენებულ აკრძალვას;
3.4.3. შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ სასარგებლოდ გამოყენებულ ყადაღას;
3.4.4. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადებულ ყადაღას;
3.4.5. ა.ქ–იას შემთხვევაში - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უკან მდგომ მატერიალურ უფლებებს და მის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებას;
3.5. დავის საგანი - შპს „ი.წ–ის“ 70%-იანი წილი წარმოადგენს მოპასუხის ერთადერთ რეალურ აქტივს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება. აღნიშნული ინტერესი არ არის მხოლოდ თეორიული ან ჰიპოთეტური. ა.ქ–იას შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 133 000 ლარის ოდენობით და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ მოთხოვნა შეადგენს 213 996 ლარს და იზრდება ყოველდღიურად, ხოლო რ.ა–ის მოთხოვნა დაახლოებით 7 000 000 ლარს უტოლდება. ამ პირობებში აშკარაა, რომ შპს „ი.წ–ის“ 70%-იანი წილის სამართლებრივი ბედი უშუალოდ განსაზღვრავს კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რეალურ შესაძლებლობას;
3.6. კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიმართეს საქმეში ჩართვის მოთხოვნით სხვადასხვა ფორმით. რ.ა–მა სასამართლოს წარუდგინა დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის სარჩელი, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ა.ქ–იასა და შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ მხრიდან წარმოდგენილი სარჩელები და შუამდგომლობები ფაქტობრივად საერთოდ არ იქნა განხილული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დარეგისტრირდა სასამართლოს ელექტრონულ სისტემაში და სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მათი ქაღალდის ვერსიებიც, სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული დოკუმენტაციის საქმეზე მიღებასა და განხილვაზე;
3.7. კერძო საჩივრის ავტორთა ჩართულობის შემთხვევაში სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა შეეფასებინა ის გარემოებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა დავის საგანს, კერძოდ: არსებობდა თუ არა რეალურად ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი; შესრულებული იყო თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; შეიძლებოდა თუ არა ნატურით რესტიტუციის განხორციელება არსებული ყადაღის პირობებში; რა სამართლებრივი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა შესაბამისი ქონების მოპასუხის ქონებრივი მასიდან გასვლას;
3.8. დავის საგანზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან, რომელთა სასარგებლოდაც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიებები. შესაბამისად, დავის საგანზე გადაწყვეტილების მიღება მათი მონაწილეობის გარეშე ნიშნავდა იმ გარემოების შეფასებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ასეთ პირობებში მათი პროცესში მონაწილეობა წარმოადგენდა არა მხოლოდ ფაქტობრივ ინტერესს, არამედ პროცესუალურად აუცილებელ წინაპირობას საქმის სრულყოფილი განხილვისათვის. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ისინი საქმეში მოპასუხედაც კი უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი;
3.9. სასამართლოს მიერ დავის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ დავის საგანი - შპს „ი.წ–ის“ კაპიტალში მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილი უკვე დატვირთული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებით, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულებიდან გასვლამდე, რაც გამორიცხავდა შესაბამისი ქონების თავისუფალ განკარგვას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალისათვის ქონების განკარგვის, მათ შორის, მისი გასხვისებისა და სხვა სახის სამართლებრივი დატვირთვის აკრძალვას. ყადაღის არსებობის პირობებში მესაკუთრე კარგავს შესაძლებობას, საკუთარი ნებით განახორციელოს ქონების გადაცემა. აღნიშნული გარემოება პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებსაც. სსკ-ის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ მიღებული საგანი გამოყენებულია, გასხვისებულია ან უფლებრივად დატვირთულია. ყადაღა წარმოადგენს სწორედ ასეთ უფლებრივ დატვირთვას, რომელიც ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, განკარგოს ქონება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დავის საგანზე უკვე არსებობდა ყადაღა და სხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები, ნატურით რესტიტუციის განხორციელება იყო შეუძლებელი, რაც თავისთავად არ გამორიცხავდა ფინანსური რესტიტუციის საკითხის განხილვას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინების გარეშე სასამართლოს მიერ ნატურით რესტიტუციის დასაშვებად მიჩნევა არ ეფუძნება მოქმედ სამართალს და არ პასუხობს დავის საგანზე არსებული სამართლებრივი შეზღუდვების რეალურ შედეგებს;
3.10. იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება დატვირთულია ყადაღით, მესაკუთრე კარგავს სამართლებრივ შესაძლებლობას საკუთარი ნებით განახორციელოს ქონების გადაცემა. ამ პირობებში, სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ქონების გადაცემას სხვა პირის სასარგებლოდ, არსებითად ნიშნავს მესაკუთრის ნების ჩანაცვლებას. თუმცა, სასამართლოს მიერ ნების ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მესაკუთრეს გააჩნია შესაბამისი მატერიალური უფლება განახორციელოს ქონების განკარგვა. იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს კანონით შეზღუდული აქვს ქონების განკარგვის უფლება, სასამართლოსაც არ გააჩნია სამართლებრივი შესაძლებლობა ჩაანაცვლოს ასეთი ნება. საწინააღმდეგო მიდგომა პრაქტიკულად შექმნიდა ვითარებას, როდესაც ყადაღით დაწესებული სამართლებრივი რეჟიმი შეიძლება გვერდის ავლით იქნას გაუქმებული სასამართლო გადაწყვეტილების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ქონების გადაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოქმედება პირდაპირ აკრძალულია ყადაღის სამართლებრივი რეჟიმით. აღნიშნული შედეგი ეწინააღმდეგება როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების დანიშნულებას, ასევე იმ სამართლებრივ მიზანს, რომელსაც ემსახურება ქონებაზე ყადაღის გამოყენება - მოვალის ქონების შენარჩუნებას კრედიტორთა მოთხოვნების შესაძლო დაკმაყოფილებისათვის;
3.11. შესაბამისად, ქონებაზე არსებული ყადაღის პირობებში სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს შესაბამისი ქონების გადაცემას, დაუშვებლად ქმნის ყადაღის გვერდის ავლის შესაძლებლობას და არ შეესაბამება მოქმედი სამართლის მოთხოვნებს;
3.12. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და არ მიუცია მისი შევსების ვადა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტისა და 01 აპრილის განჩინებებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
7. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინების კანონიერება, რომლითაც აპელანტების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ გასაჩივრებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს.
9. ზემოაღნიშნული საკითხის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორთა პროცესუალურ სტატუსზე და აღნიშნავს, რომ მათ უარი ეთქვათ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმაზე. სსსკ-ის 88-ე-89-ე მუხლები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. სსსკ-ის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაძლოა მისი უფლებების წინააღმდეგ იყოს მიმართული და შესაბამისად, ის სარგებლობს მოსარჩელის ყველანაირი უფლება-მოვალეობით, მათ შორის, ეძლევა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება სსსკ-ის 89-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს [ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო], ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ აქვს და მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული არის იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-867-2023, 20 დეკემბერი, 2023 წელი). მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით (იხ. სუსგ საქმე №ას-798-798-2018, 13 ივლისი, 2018 წელი). ამასთან, მესამე პირად საქმეში მონაწილეობის უფლება არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვისაც სუბიექტური ინტერესი აქვს ჩაებას საქმეში, უნდა ჩაბმულ იქნას მესამე პირად (იხ. გაბელაია ქ., თ. ლილუაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ. 2003, გვ. 256), არამედ ისეთი, რომლის კანონით განსაზღვრულ უფლება-ვალდებულებებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება (იხ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბ. 2014, გვ. 157) (იხ. სუსგ საქმე №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
10. სსსკ-ის 91-ე მუხლი განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების საპროცესო უფლებებს და ადგენს, რომ მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. მართალია, აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ აწესებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას, თუმცა სსსკ-ის 364-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
11. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის აღნიშნული დანაწესი სააპელაციო საჩივრის შეტანის სუბიექტთა წრის განსაზღვრისათვის სპეციალური ხასიათისაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1390-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-1560-2024, 31 იანვარი, 2025 წელი). სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე №ას-246-246-2018, 20 მარტი, 2018 წელი).
12. ამასთან, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (იხ. სუსგ საქმე №ას-1560-2024, 31 იანვარი, 2025 წელი; №ას-210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი; №ას-798-798-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-968-933-2016, 30 ნოემბერი, 2016 წელი).
13. ამდენად, მოცემულ საქმეზე უნდა შეფასდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი იქონიებს თუ არა გავლენას აპელანტთა კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინტერესებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნული საკვანძო საკითხის გამოსაკვლევად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, უფრო დეტალურად აღწეროს საქმის გარემოებები.
14. საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის 6 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მიუთითა, რომ გადის ხელშეკრულებიდან და ითხოვს ორმხრივი რესტიტუციის ფარგლებში მოპასუხისათვის გადაცემული კომპანიის 70%-იანი წილის უკან დაბრუნებას. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა: მოსარჩელე ცნობილ იქნეს კომპანიაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70% წილის მესაკუთრედ; ამოიშალოს კომპანიის სამეწარმეო რეესტრიდან, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის 70%-იან წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანისათვის (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 2-31).
15. 2025 წლის 12 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ წარმომადგენელმა თ.პ–ძემ და ა.ქ–იამ და მოითხოვეს საქმეში მესამე პირებად ჩართვა შემდეგი დასაბუთებით:
15.1. კომპანიის 70%-იან წილზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულია 3 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
15.1.1. 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება (საქმე №2/4307-23); მოსარჩელე: ა.ქ–ია; მოპასუხე: მ.ც–ძე (წინამდებარე საქმეში მოპასუხე); უზრუნველყოფის საშუალება: ყადაღა; უზრუნველყოფის ობიექტი - მოპასუხის საკუთრებაში არსებული კომპანიის 70%-იანი წილი;
15.1.2. 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინება (საქმის ნომერი: 2/13192-25); მოსარჩელე: შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ი“; მოპასუხე: მ.ც–ძე (წინამდებარე საქმეში მოპასუხე), ნ.ც–ძე; უზრუნველყოფის საშუალება: ყადაღა; უზრუნველყოფის ობიექტი - მოპასუხის საკუთრებაში არსებული კომპანიის 70%-იანი წილი;
15.1.3. 2025 წლის 12 სექტემბრის განჩინება (საქმის ნომერი: 2/24944-25); მოსარჩელე: რ.ა–ი; მოპასუხე: მ.ც–ძე (წინამდებარე საქმეში მოპასუხე); უზრუნველყოფის საშუალება: აკრძალვა; უზრუნველყოფის ობიექტი: მოპასუხის საკუთრებაში არსებული კომპანიის 70%-იანი წილი.
15.2. ამდენად, განმცხადებლების სასარგებლოდ უკვე გამოყენებულია ყადაღები, ხოლო დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მორიგდებიან ან მოპასუხე ვერ/არ შეძლებს თავის დაცვას, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინააღმდეგ არ იარსებებს ყადაღა, როგორც რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყადაღა/აკრძალვა არ წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუ ის ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
16. 2025 წლის 19 დეკემბერს რ.ა–ის წარმომადგენელმა ბ.ყ–მა ასევე მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების თანახმად, თ.პ–ძის, ბ.ყ–ის და ნ.მ–ის შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად თ.პ–ძის, ბ.ყ–ის, ა.ქ–იას, რ.ა–ისა და შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ის“ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის არსებული დავა არ ეხებოდა მათ უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. სხდომის ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 1-12).
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ ზიანის დაკისრების თაობაზე მესამე სასარჩელო მოთხოვნა გაიხმო მოპასუხის მიმართ შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. 2025 წლის 26 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაში კი მოპასუხემ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და გაიხმო სარჩელი მოპასუხისთვის ფინანსური ზიანის დაკისრების ნაწილში, ასევე იმის გამო, რომ მოპასუხემ სრულად აღიარა წარმოდგენილი სარჩელის 1-6 ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აღიარა, რომ მოპასუხეს ამ დრომდე არ აქვს გადახდილი კომპანიის 70% წილის შეძენისთვის გათვალისწინებული ნასყიდობის თანხიდან არცერთი თეთრი, მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი. მოპასუხემ მოითხოვა ასევე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა ზეპირი მოსმენის გარეშე და უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. 2025 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემაც მიმართა საქალაქო სასამართლოს და დაეთანხმა მოპასუხის მოთხოვნას ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ამასთან, უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
19. 2026 წლის 9 იანვარს გაიმართა სასამართლოს მთავარი სხდომა, რომელზეც გამოცხადდნენ ასევე თ.პ–ძე და ბ.ყ–ი. ბ.ყ–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას წარდგენილი ჰქონდა სარჩელი და ითხოვა საქმეში ჩართვა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, თუმცა მოსამართლემ მას განუმარტა, რომ რ.ა–ის სარჩელი მ.ც–ძისა და გურგენიძის მიმართ მის წარმოებაში არ იყო (ის ქალბატონ ქ.კ–ას წარმოებაში იყო). იმავეს შუამდგომლობდა თ.პ–ძეც და აცხადებდა, რომ შეტანილი ჰქონდა სარჩელი.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა კომპანიაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70% წილის მესაკუთრედ; გაუქმდა კომპანიის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან მოპასუხის 70%-იან წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება (ვალდებულების ტიპი: წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება. მოვალე: მოპასუხე; კრედიტორი: მოსარჩელე; საგანი: მოპასუხის საკუთრებაში არსებული 70% წილი კომპანიის კაპიტალში. მყიდველს არ აქვს უფლება გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე ხელშეკრულების 2.1-2.5 განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე გაასხვისოს ან/და უფლებრივად დატვირთოს კომპანიის კაპიტალში მისი კუთვნილი წილი ან საზოგადოების კუთვნილი ქონება, მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა).
21. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:
21.1. მხარეთა შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, დადგენილია, რომ მყიდველმა არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები ჯეროვნად, კერძოდ, არ გადაიხადა წილის ნასყიდობის საფასური, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა მოსული იყო და ამავე დროს, არ არსებობდა ვადის გადაცილების გამამართლებელი გარემოება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა დამატებითი ვადა ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, ასევე მხარეთა შორის გაიმართა არაერთი მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. ამდენად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა წილის უკან დაბრუნება და წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულების გაუქმება;
21.2. კომპანიის 70%-იან წილზე (დავის საგანი) რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები. კომპანიის საჯარო რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ კომპანიის 70%-იან წილზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა/აკრძალვა, კომპანიაზე - ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ასევე, მოპასუხე (კომპანიის 70%-იანი წილის მესაკუთრე) რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში:
21.2.1. კომპანიის კაპიტალში არსებული 70%-იანი წილი დატვირთულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვით, კერძოდ, რეგისტრირებულია ყადაღა (რეგისტრაციის №102025080347; 19.02.2025 წელი, მოპასუხე, საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, საფუძველი: განჩინება N2/4307-23 14.02.2025, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია);
21.2.2. ამასთანავე, კომპანიას რეგისტრირებული აქვს შემდეგი სახის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები: ყადაღა: (რეგისტრაციის №102025116081, 06/03/2025 წელი, საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ამბროლაური, ქუჩა .........., ........, საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ბრძანება №021-133, 13.02.2025 წელი) №2025/021-133/1, 06.03.2025 წელი, სსიპ შემოსავლების სამსახური); ყადაღა: (რეგისტრაციის №102025116195, 06/03/2025 წელი, საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1004027 საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ბრძანება №021-133, 13.02.2025 წელი) №2025/021-133/2, 06.03.2025 წელი, სსიპ შემოსავლების სამსახური); საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: (რეგისტრაციის №102024597650, 17/10/2024 წელი, საგანი: მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება №132291, 17.10.2024 წელი, შემოსავლების სამსახური).
21.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება (გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რათა არ დაზიანდეს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორების ინტერესები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ან კერძო პირი;
21.4. სსსკ-ის 208.4 მუხლის თანახმად, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს;
21.5. ამდენად, იზღუდება მოპასუხის უფლება, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპის ნაწილს წარმოადგენს - ცნოს სარჩელი ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მოპასუხე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, კანონმდებლის ეს დათქმა იმ მიზანს ემსახურება, რომ არ შეილახოს იმ დაინტერესებული პირის ინტერესები, რომლის სასარგებლოდაც გამოყენებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა;
21.6. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე;
21.7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი ფაქტობრივი გარემოება;
21.8. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. ვინაიდან დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა/აკრძალვა), ასევე, მოპასუხე მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული, აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა), რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლომ დავა არსებითად განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხის აღიარებით, არამედ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც.
22. 2026 წლის 9 იანვრის ხელწერილის თანახმად, მხარეებმა უარი განაცხადეს 2026 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე (იხ. ტ. 3, ს. ფ. 74). 2026 წლის 12 იანვარს მოპასუხემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და დაადასტურა, რომ სრულად ეთანხმებოდა 2026 წლის 09 იანვრის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და უარს ამბობდა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. ამავე დღეს მოსარჩელემაც წარადგინა განცხადება და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ა.ქ–იას, შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ისა“ და რ.ა–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაზე მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და 2026 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე იმპერატიულად დადგენილი წესის თანახმად არ სარგებლობენ უფლებით სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, აღნიშნული უფლებამოსილებით მით უფრო ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას საქმეში ამავე სტატუსით ჩაბმაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ეთქვათ უარი. მართალია, ამავე საოქმო განჩინებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ განჩინება ცალკე არ გასაჩივრდება და ის შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, თუმცა აღნიშნულ შესაძლებლობას სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა დავის მონაწილე ძირითადი სუბიექტების მიერ საპროცესო კანონმდებლობის ამოსავალი, დისპოზიციურობის პრინციპით სარგებლობამ, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით.
24. ამდენად, წინამდებარე საქმეში აპელანტები/კერძო საჩივრის ავტორები არიან ის პირები/პოტენციური კრედიტორები, რომელთა სასარჩელო მოთხოვნები, სხვა სამოქალაქო საქმეებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, უზრუნველყოფილია სამეწარმეო საზოგადოების სწორედ იმ 70%-იანი წილით, რომელზეც მოცემულ დავაში მოსარჩელე ითხოვს მესაკუთრედ ცნობას, ხელშეკრულებიდან გასვლის გზით. დაინტერესებული პირები პროცესუალური სტატუსის გარეშე არიან, რადგან საქალაქო სასამართლომ მათ უარი უთხრა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმაზე, ამასთან, მათ ვერ ისარგებლეს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობით. მხარეებმა შეთანხმებულად უარი განაცხადეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რის გამოც მათ მოესპოთ მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებაც, რადგან იგი საჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად [სსსკ-ის 90.2 მუხლი]. სააპელაციო პალატამ კი კანონის მხოლოდ ფორმალური განმარტებით განსახილველად არ მიიღო მათი სააპელაციო საჩივარი ისე, რომ არ გამოიკვლია რამდენად მოქმედებდა მათ უფლებებსა და ინტერესებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ საკითხის შესაფასებლად გასათვალისწინებელია საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელზეც საკასაციო პალატა ქვევით მიუთითებს.
25. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას [40.1 მუხლი]. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება [40.2 მუხლი]. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის არსებობა გამორიცხავს ამ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მესაკუთრის ცვლილებას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1963-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი).
26. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნივთზე პროცესუალური ყადაღის დადება მიზნად ისახავს ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის status quo შენარჩუნებას, ვიდრე საბოლოოდ არ გადაწყდება მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1543-2025, 20 იანვარი, 2026 წელი). სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის - ყადაღის - მიზანი, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულების უზრუნველყოფაა. ყადაღას, სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, არა აქვს ნივთის მიდევნების ფუნქცია, ანუ ის არ გადაჰყვება ნივთს. პირიქით, ყადაღის სახით უზრუნველყოფის გამოყენების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი დადების შემდეგ ნივთზე იკრძალება ნებისმიერი ტრანზაქცია და აღნიშნული იცავს ნივთის სამართლებრივ ხელშეუხებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-548-523-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 208.4 მუხლსა [სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს] და 218-ე მუხლის 21 ნაწილზე [საქმის მორიგებით დამთავრებამდე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს მხარეთა მორიგების მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს]. აღნიშნული ნორმები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 2016 წლის 3 ივნისის კანონით განხორციელებული ცვლილებებით. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში რეგულაციის დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა მორიგებისა და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის დროს დაინტერესებული მესამე პირების უფლებების დაცვას. კანონპროექტის მიღების მიზეზი კი შემდეგია: სარჩელის ცნობის დროს სასამართლო ძირითადად ეყრდნობა მოპასუხის აღიარებას იმ გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რომლითაც გამყარებულია მეორე მხარის მოთხოვნა. სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტს, რომელმაც აღნიშნული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე და მათი გათვალისწინებით. სასამართლო არ უნდა დაემყაროს მარტოოდენ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას და უნდა გაითვალისწინოს დაინტერესებული მესამე პირების ინტერესები. აღნიშნულს ადასტურებს კოდექსის 131-ე მუხლიც, რომელიც პირის აღიარებას მიიჩნევს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობად და არა ვალდებულებად. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ კონკრეტული საქმის გადაწყვეტის გზაზე, არამედ შეაფასოს გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი შედეგებიც. ცალსახაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს, თუმცა, აღნიშნულმა არ უნდა გამოიწვიოს მესამე პირების უფლებების შეზღუდვა. მხედველობაშია მისაღები შემთხვევა, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობს არაერთი დავა, ხოლო დავის საგანი, სხვადასხვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვებით არის დატვირთული. ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ხელს ვერ შეუშლის სასამართლოს აქტის აღსრულებას. შედეგად კი, მესამე პირი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე რჩება ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე არ ფლობს ინფორმაციას, რაც იწვევს მისი ქონებრივი ინტერესის ხელყოფას. ისევე, როგორც მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისას, მხარეთა მორიგების შემთხვევაშიც, არსებობს დაინტერესებული მესამე პირების უფლებების დარღვევის რისკი. შესაბამისად, მხარეთა მორიგებამდე სასამართლომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, მორიგების პირობები ხომ არ ხელყოფს სხვა პირთა უფლებებს (https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/117136).
28. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლს, რომლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა [პირველი პუნქტი]. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული [მე-2 პუნქტი]. აღნიშნული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია [მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი].
29. ამდენად, მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი - დავის საგნის მესაკუთრის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ ამ საგანზე გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე. პოტენციური კრედიტორები, რომელთა სასარჩელო მოთხოვნათა უზრუნველსაყოფადაც ყადაღა/აკრძალვაა დადებული დავის საგანზე, საქმეში ჩართვის გარეშე რჩებიან სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე, რაც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში აღსრულების რეალურ შესაძლებლობას ამცირებს, კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით კი, დავის საგანი წარმოადგენს მოპასუხის ერთადერთ რეალურ აქტივს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №40765/02). 28.11.2006წ). ევროსასამართლოს განმარტების თანახმად, სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე Hornsby v. Grèece, (საჩივარი №18357/91) 19.03.1997) (იხ. სუსგ საქმე №ას-1543-2025, 20 იანვარი, 2026 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი პირდაპირ ახდენს გავლენას დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ დავის დამთავრების შემთხვევაში მათ მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა და გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების შესაძლებლობაზე.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სსსკ-ის 208-ე და 218-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებით, სასამართლოს აკისრია ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის პირობებში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისას და მხარეთა მორიგებისას მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი მიმართულია იქითკენ, რომ არ შეილახოს მესამე პირთა ინტერესები და ისინი არ დარჩნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე. წინამდებარე საქმეში, მართალია, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ფორმალურად სარჩელის ცნობა არ წარმოადგენდა, თუმცა, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე იმ პოტენციურ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით მიმართეს სასამართლოს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმაზე შუამდგომლობებით, დადგენილი იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები სხვა დავების ფარგლებში, სასამართლოს ევალებოდა ამ კრედიტორთა ვალდებულებებისგან სადავო ქონების გათავისუფლების მიზნით ყველა შესაძლო შეთანხმების გამოსარიცხად მიეცა მათთვის საკუთარი პოზიციის წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შექმნილ ვითარებაში შემაჯამებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს. მათ გააჩნიათ მოპასუხის ღირსი ინტერესი, შეეწინააღმდეგონ სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმეში კონკრეტული პროცესუალური სტატუსი არ გააჩნიათ, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მათ ინტერესებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგან მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.
31. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
32. უფლების სასამართლო წესით დაცვა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება). ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები დაცულია (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120) (იხ. სუსგ საქმე №ას-1469-1389-2017, 21 ივნისი, 2018 წელი).
33. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). მაშასადამე, ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).
34. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.). ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ამის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი პროცესუალური გარანტია, უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის, გასაჩივრების, დავის ხელახლა წარმოების უფლება საამისოდ შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობის შემთხვევაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 20). სასამართლო სისტემის მეშვეობით, უფლება-თავისუფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ფარგლებში, მათ შორის, გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ამავე სისტემის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). პირის უფლება, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, „ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-8) (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №1/2/1731 გადაწყვეტილება საქმეზე „ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 3,4).
35. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტთა კერძო საჩივარი დასაბუთებულია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი პირდაპირ ზემოქმედებს სხვა დავების ფარგლებში მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებაზე - შპს „ი.წ–ის“ 70%-იან წილზე, ხოლო სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია, კონკრეტულ შექმნილ ვითარებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელყოფდა თუ არა აპელანტთა კანონიერ ინტერესებს და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით.
36. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ქ–იას, შპს „დ.ტ-რ.კ.ო–ისა“ და რ.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე