დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-426-2026 9 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.ხ–იას, ა.ხ–ასა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ნ.კ–ის სარჩელის გამო, ნ.ხ–იას, ა.ხ–ას, მ.ვ–ძის, ნოტარიუს მ.ბ–ძისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტო მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ნ.ხ–იას, ა.ხ–ასა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. ამავე განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, 10 დღის ვადაში სარწმუნოდ განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის ფასი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დამატებითი უტყუარი მტკიცებულებები. მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კი კასატორებს უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უკვე გადახდილი 717 ლარის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მაისის განჩინებით კასატორებს საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდათ.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორთა წარმომადგენელს, ხ.დ–ს, გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და, 2026 წლის 4 ივნისს პირადად ჩაბარდა (იხ. დასტური).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს საპროცესო ვადის დენის დაწყების მომენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 5 ივნისს, ანუ შესაბამისი პროცესუალური მოქმედების შესახებ განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადა ამოიწურა 2026 წლის 15 ივნისს, რადგან მისი ბოლო დღე უქმე დღეს დაემთხვა.
ამ დროის განმავლობაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მკაფიო წინაპირობებს ადგენს. მათი არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს არ გააჩნია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სამართლებრივი საფუძველი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.
საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ხ–იას, ა.ხ–ასა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ხ.დ–ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 717 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ხ–იას, ა.ხ–ასა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ხ–იას (პ/ნ .........), ა.ხ–ასა (პ/ნ ..........) და მ.ვ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.დ–ის (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №31428092003 / გადახდის თარიღი 15.01.2026) და 417 ლარი (საგადახდო დავალება №45754365838 / გადახდის თარიღი 03.04.2026).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე