დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 29.07.2026
საქმის ნომერი
ას-1053-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1053-2026 29 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – ვ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ვ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ვ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ.ბ–ს სს „ს.კ.ვ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2025 წლის 18 თებერვალს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება 8 661 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მაისის განჩინებით ვ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ხ.ხ–ას (იხ.რწმუნებულება ს.ფ.104) მის მიერ მითითებულ მისამართზე (ადვოკატურაში) და ადვოკატ ვ.მ–ძეს (პ/ნ..........) ჩაბარდა 2026 წლის 24 ივნისს (იხ.საფოსტო ბილი ტ.2, ს.ფ.237).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, ვ.მ–ძისათვის ჩაბარება, მიიჩნევა უშუალოდ ხ.ხ–ასათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 21-დღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 25 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2026 წლის 15 ივლისს. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში შეტანილია გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2026 წლის 17 ივლისს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი