დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.07.2026
საქმის ნომერი
ას-772-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-772-2026 15 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.გ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „მ.ე.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.გ–ას სარჩელი სს „მ.ე.კ–ის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 მარტის განჩინებით ვ.გ–ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2026 წლის 08 აპრილს, 15:00 საათზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებით, ამავე თარიღში დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ვ.გ–ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახილვა იმაზე, რომ ვ.გ–ამ მოსამართლის თანაშემწეს 2026 წლის 08 აპრილს სასამართლო სხდომის დაწყებამდე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით აცნობა სასამართლო სხდომაზე მცირე დროით დაგვიანების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა და სხდომა დაიწყო მოგვიანებით. იმის მიუხედავად, რომ სხდომა გაიხსნა 41 წუთის დაგვიანებით, აპელანტი მხარე სასამართლოში არ იყო გამოცხადებული. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ.გ–ამ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე ქალაქში ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის პარალიზებას. მას შემდეგ, რაც განსაზღვრა, რომ პროცესზე დროულად მისვლას ვერ მოახერხებდა, დაუკავშირდა თანაშემწეს და აუხსნა დაგვიანების მიზეზი. სააპელაციო სასამართლოში მისვლის შემდგომ სხდომის დარბაზი დახვდა ცარიელი, ივარაუდა, რომ პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული და დაუკავშირდა თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ პროცესი დასრულდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6.2. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სხდომაზე ორივე მხარის დაგვიანებას ჰქონდა ადგილი და სასამართლომ მასთან დაკავშირების გარეშე გახსნა სხდომა. დაგვიანება განაპირობა მხარეებისგან დამოუკიდებელმა და გაუთვალისწინებელმა სატრანსპორტო კოლაფსმა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სახეზე იყო არა გამოუცხადებლობა, არამედ საპატიო მიზეზი.

6.3. კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს გამოთხოვილ იქნას მის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც განახორციელა სასამართლოს შიდა ტელეფონიდან თანაშემწესთან. ასევე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების სასამართლო შენობაში და სხდომის დარბაზში შესვლის დრო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით ვ.გ–ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

13. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივრის მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

16. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.).

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ამასთან, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ.: სუსგ №ას-6-2023, 4.05.2023წ.).

18. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.; №ას-484-2023, 16.05.2023წ.).

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ დაგვიანება განაპირობა მხარეებისგან დამოუკიდებელმა და გაუთვალისწინებელმა მიზეზმა, რაც გამოუცხადებლობის საპატიოობას ადასტურებს, ვერ გაიზიარებს. პალატა მიიჩნევს, რომ გადატვირთული მოძრაობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს და ვერ მიიჩნევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.; №ას-517-490-2015, 2.07.2015წ.; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.). რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა და აცნობა გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო პროცესის დროულად გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სასამართლო სხდომა დაიწყო თითქმის 42 წუთის დაგვიანებით, აღნიშნული კი, ადასტურებს სასამართლოს მიერ მხარის გონივრული ვადით დალოდების ფაქტს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობის არსებობა ვერ დაადასტურა.

20. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სატელეფონო საუბრისა და ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან, საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ვ.გ–ას მიერ მითითებული ჩანაწერები კი, მათი გამოთხოვის შემთხვევაშიც ვერ დაადასტურებს მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას და ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

21. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ას შუამდგომლობა სატელეფონო საუბრის ჩანაწერისა და ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ვ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი