დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-890-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-890-2026 9 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – შპს „G. L. L.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი. და მ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2026 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა შპს „G. L. L.“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა აღსაძრავი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალოს მოპასუხე შპს „ბ.ი. და მ–ა“-ს საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის: დაზუსტებული ფართობი 15 956,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ...., გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა, ასევე ითხოვა ყადაღა დაედოს შპს „ბ.ი. და მ–ა“-ს ს/ნ ........., კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 492 774.30 ლარის ფარგლებში. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

2. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2025 წლის 5 მაისს დაიდო სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ექსპედიტორმა შპს „G. L. L.“-მ იკისრა ვალდებულება შემკვეთის შპს „ბ.ი. და მ“-სთვის გაეწია საექსპედიტორო მომსახურება. საექსპედიტორო მომსახურება გულისხმობდა შემკვეთის ტვირთს (ხელშეკრულების დანართით - შეფუთვის ფურცლით გათვალისწინებული ტრანსფორმატორები და GIS მოწყობილობები) Tai’an- Qingdao_Poti-Subtation – „j-..“ ქვესადგური „ჯ-..“ საქართველო-მიმართულებით ტრანსპორტირების ორგანიზებას. თავის მხრივ შემკვეთმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა ექსპედიტორისთვის მომსახურების ღირებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისიად. 2025 წლის 5 მაისის სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების 2.1. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების ღირებულების ოდენობად განისაზღვრა 1 080 000.00 აშს დოლარი. 2.2 მუხლის შესაბამისად შემკვეთს 2.1. მუხლით გათვალისწინებული ღირებულების 80% ექსპედიტორისთვის უნდა გადაეხადა ტვირთის გემზე დატვირთვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, ამასთან, თანხის გადახდას შემკვეთი განახორციელებდა მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ აღნიშნული მომენტისთვის ექსპედიტორის მიერ წარდგენილი იქნებოდა ტვირთის დაზღვევა/სადაზღვევო პოლისი შემკვეთთან წინასწარ შეთანხმებული პირობებით, ხოლო დარჩენილი 20%-ს ტვირთის შემკვეთისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. განმცხადებელი განმარტავს, რომ შემკვეთმა კუთვნილი ტვირთი მიიღო 2025 წლის 11 დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, მაგრამ დღემდე არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების ღირებულების დარჩენილი ნაწილის 161 000,00 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „ბ.მ. და ი–ას“ შპს „G. L. L.“-სთვის სულ ასანაზრაურებელი აქვს 343 456.37 აშშ დოლარი, რაც დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 921 081,30 ლარს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო საქმის განხილვა გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ამასობაში კი ფაქტობრივად შეიძლება ვითარება კრედიტორის საუარესოდ შეიცვალოს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოვალე გახდეს გადახდისუუნარო, ან ქონება/ფულადი სახსრები, რომელიც მოვალეს გააჩნია სანამ აღსასრულებლად მიექცევა შეიძლება გასხვისდეს, განიკარგოს, რაც გამოიწვევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შელახვას და დავის განმხილველი ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ბ.ი. და მ“-ს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთი: მდებარე კასპის რაიონი სოფელი კავთისხევი, დაზუსტებული ფართობით 15 956.00 კვ.მ. (ს/კ .......), რომელზეც საქმეში წარმოდგენილი მასალის მასალების მიხედვით რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა არ ფიქსირდება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უზრუნველყოფს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სამოქალაქო საქმეთა პალატას, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ბ.ი. და მ–ა“-ს (ს/ნ ......) უნდა აეკრძალოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე: კასპის რაიონი სოფელი ........., დაზუსტებული ფართობით 15956.00 კვ.მ. (ს/კ ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. საჩივრის ავტორმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და განცხადების სრულად დაკმყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 ივნისის განჩინებით საჩივარს უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის მოტივით და გადმოიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო იმავე კოდექსის იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმავე კოდექსის იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

10. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივრის ფარგლებში, განხილვის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება.

12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

13. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20.07.2023 წ; №ას-970-2019, 19.07.2019წ.).

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

15. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ. №ას-1586-2018, 26.10.2018 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

18. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება მძიმე საპროცესო ტვირთია და შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ დადასტურებული უკიდურესი აუცილებლობის დროს, როდესაც სახეზეა ორი პირობა: ა) არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და ბ) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.

19. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). აქედან გამომდინარე, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიზანშეუწონლად მიაჩნია საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ანდა ჩარიცხული ფულადი სახსრებზე ყადაღის დადება, მით უფრო მაშინ, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე კომპანიას, გარდა საბანკო ანგარიშისა, აქვს სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაც და კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება არ არის ერთადერთი და უკიდურესი ზომა მომავალში მისაღები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

21. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით, მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა, იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და შესაბამისად, გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი. ანგარიშსწორებას ისინი ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). ასევე, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, საწარმოებში დასაქმებული არიან მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით, მათ ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა და ფაქტობრივად, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. ანგარიშების სრული დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, ასევე, შეიზღუდება საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.

22. ზემოაღნიშნული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საზოგადოების საბანკო ანგარიშების დაყადაყება, უდავოდ სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის და სააპელაციო პალატამ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, დაიცვა ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოსსამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის.

23. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან, რომელთა ნაწილი წინამდებარე განჩინებაშიც აისახა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „G. L. L.“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე