დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ას-299-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-299-2026 24 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.მ–ძე და ი.ხ–ი (უფლებამონაცვლე) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა.მ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მ.მ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) უფლებამონაცვლის - ი.ხ–ის (შემდგომში - „უფლებამონაცვლე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ა–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ №.........., და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მოსარჩელეს; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2024 წლის 24 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ............., ს/კ №..........., საკუთრების უფლებით დღეის მდგომარეობით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 22/05/2024წ. დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17));

2.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ №.........., სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს პირველი მოპასუხე (მტკიცებულებები: სარჩელი, შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; სააპელაციო საჩივარი);

2.3. მოსარჩელე 01.02.2024 წლიდან ცხოვრობს ქირით, ხოლო ქირის სახით, ყოველთვიურად 500 ლარს იხდის (მტკიცებულება: 2024 წლის 01 თებერვლის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 39)) .

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის დასაშვები მტკიცებულება, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების თაობაზე რეესტრის ჩანაწერის სისწორეს გააქარწყლებდა. მოპასუხე მხარის იმ განმარტებასთან მიმართებით, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი აქვს სარჩელი საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების მოთხოვნით, პალატამ მიუთითა, რომ სათანადო დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება შესაძლოა ქმნიდეს გარკვეულ პერსპექტივას მოპასუხის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ეტაპზე მითითებული გარემოება წინამდებარე საქმის განხილვაზე გავლენას არ ახდენდა, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი მოცემულ მომენტში არ იყო გაუქმებული. ამასთან, წინამდებარე საქმის განხილვისას სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გასცდენოდა დავის საგნის ფარგლებს და შეეფასებინა მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერება. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციით, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ასევე რაიმე დასაშვები მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2024 წლის 24 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1 და 992-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს საცხოვრებელ ფართს, რის გამოც მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელ ფართში უხდება ქირით ცხოვრება. მოსარჩელეს ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთის დასაძლევად, წარმოდგენილი აქვს ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ბინით უკანონო სარგებლობის შედეგად, მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდება, ქირის სახით, 500 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს დამდგარ ზიანს. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს აღნიშნული თანხის (ქირის) გადახდა მოუწევს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვამდე. ზიანის ეს ოდენობა მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის ქონებით უკანონოდ სარგებლობით მიყენებული ზიანი იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ მოიპოვა სადავო ნივთზე საკუთრების უფლება (2024 წლის 24 მაისიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვამდე.

6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მესაკუთრის უფლება სასამართლო წესით დარღვეული უფლების დაცვაზე შეუზღუდავია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეზე ქონება საკუთრების უფლებით 2024 წლის მაისის თვეში აღირიცხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა საკუთრების დაცვის უფლება.

7. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სასამართლო ისე გადავიდა მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპზე, რომ სსსკ-ის 217-ე მუხლის (საქმის განხილვის დაწყება) მოთხოვნათა საპირისპიროდ, მხარეებს არ მოახსენა საქმის არსი. სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო სსსკ-ის 217-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას საქმის განხილვის შედეგზე არსებითად არ უმოქმედია (ასეთ გარემოებებზე მითითებას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს), სსსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ და უფლებამონაცვლემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

9. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე იძულებითი გამოსახლება ვერ განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და პოლიციის მიერ განხორციელებული გამოსახლება არ წარმოადგენს კანონიერ გამოსახლებას. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ქონება არ ჩაბარებია მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, როგორც ამას ითხოვს სააღსრულებო და სამოქალაქო კანონმდებლობა;

9.2. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელში შესასვლელი გზა გადის მეზობლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ამ გზით სარგებლობის უფლება. აღნიშნული გარემოება პირდაპირ გამორიცხავს გამოსახლების რეალურ შესაძლებლობას და ქონების კანონიერად გადაცემას;

9.3. მყიდველმა - მოსარჩელემ იცოდა რეესტრში რეგისტრირებული უფლების უფლებრივი ნაკლის შესახებ, ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებას. მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული წესით საჯარო რეესტრში მოსარჩელისა და სს „ბ.ბ–ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხე ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული წესით საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მოპასუხეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

9.4. სააპელაციო სასამართლომ ი.ხ–ს, როგორც მ.მ–ძის უფლებამონაცვლეს, არასწორად დააკისრა გადასახდელი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენს შშმ პირს და გათავისუფლებულია თანხის დაკისრებისაგან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაევალოს უფლებამონაცვლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის უკან დაბრუნება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხისა და უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა (იხ. სუსგ საქმე №ას-750-718-2014, 22 აპრილი, 2015 წელი). უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმე №ას-205-198-2012, 6 აპრილი, 2012 წელი). სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დაცულ საკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან მესაკუთრის აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი დაქვემდებარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-368-352-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-307-289-2014, 9 იანვარი, 2015 წელი; №ას-1041-998-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი).

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).

16. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

17. ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან პირველი ორის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას მარტოოდენ მითითების ვალდებულება გააჩნია (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-690-661-2016, 1 სექტემბერი, 2016 წელი). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.

18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ............, ს/კ №.........., სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს პირველი მოპასუხე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი). საქმეში წარმოდგენილი არ არის ასევე რაიმე დასაშვები მტკიცებულება, რაც მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებას დაადასტურებდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

19. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა იმსჯელებს საქმის წარმოების შეჩერების საკითხზე და მიუთითებს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული წესით საჯარო რეესტრში მოსარჩელისა და სს „ბ.ბ–ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, რის გამოც იგი ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული წესით საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-857-857-2018, 25 ივლისი, 2018 წელი). საქმისწარმოების შეჩერებისას მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ საქმე №ას-417-2022, 29 აპრილი, 2022 წელი).

21. ამასთან, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). სსსკ-ის 312.2 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ http://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის და, შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების მიმართ სარჩელის აღძვრა არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის შეჩერების უპირობო საფუძველს, რადგან სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა „შეუძლებელია“, არ შეიძლება განხილული იქნეს „მიზანშეუწონელია“ ან „არასასურველიას“ სინონიმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დავების გადაწყვეტა გონივრულ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება, უფრო მეტიც, შესაძლოა დაუსრულებელი პროცესიც მივიღოთ (იხ. სუსგ საქმე №ას-1412-2024, 9 დეკემბერი, 2024 წელი).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად არ აფერხებს მოპასუხე მხარის მიერ აღძრული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტა, არ იკვეთება საქმის განხილვის შეუძლებლობა. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობების უარყოფა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინდიკაციის ნაწილში არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც ამ ნაწილში მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. რაც შეეხება თანხის (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

26. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თანხის დაკისრების კანონიერების შემოწმების ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.მ–ძეს დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ: ..........) 2026 წლის 23 მარტს №45538555826 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. თანხის დაკისრების ნაწილში ა.მ–ძისა და ი.ხ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნას დასაშვებად;

4. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე