დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ას-897-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-897-2026 24 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ა–ნი, მ.ფ–ი, ნ.ნ–ი, ქ.ა–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება, სახელმწიფო ბაჟის გადავადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დ.ა–ნის (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), მ.ფ–ის (შემდგომ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე), ნ.ნ–ის (შემდგომ - მესამე მოსარჩელე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) და ქ.ა–ის (შემდგომ - მეოთხე მოსარჩელე, მეოთხე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს „ი.მ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის მიერ 2024 წლის 3 სექტემბერს გამოვლენილი ნება, მოსარჩელეებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ბათილად იქნას ცნობილი; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1303.32 ლარის ოდენობით, ასევე, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის ანაზღაურება - 1500 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1216.16 ლარის ოდენობით და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია - 1500 ლარი; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1875 ლარის ოდენობით, ასევე, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 1500 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1376.75 ლარის ოდენობით, ასევე, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად კომპანისაცია - 1500 ლარი; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი.

4. აღნიშნული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტმა მძიმე ფინანსური მდგომარეობა ვერ დაადასტურა. აპელანტის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის აგვისტოდან დღემდე კომპანიის ფინანსური ბრუნვა 0 ლარს შეადგენს.

6. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტ კომპანიას მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მოუწია რეორგანიზაციის განხორციელება და საშტატო ერთეულების გაუქმება, თუმცა აღნიშნულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ამჟამად კომპანიას სრულად აქვს შეწყვეტილი სამეწარმეო საქმიანობა, აღარ ფუნქციონირებს და დახურული აქვს სამუშაო ოფისი. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და უკანონოდ დაკისრებული ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლება კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მომავალში შეძლოს კრედიტორთა წინაშე არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება ან გადახდისუუნარობის პროცესის სათანადოდ წარმართვა.

7. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად სააპელაციო პრეტენზიებზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

11. საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება, შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხარვეზის აღმოსაფხვრელად და აპელანტს უნიშნავს ვადას აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველად.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არ მოუთხოვია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სააპელაციო საჩივრის ფორმაში მონიშნულია, რომ მხარე არ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, მისი ოდენობის შემცირებას ან გადავადებას).

13. ამასთან, სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, ასევე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, რა გარემოებებს ემყარებოდა აპელანტის მოთხოვნა და რომელი მტკიცებულებებით დასტურდებოდა აღნიშნული გარემოებები.

14. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით გაუგრძელდა და დაევალა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, რომელიც შეუძლებელს ხდიდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

16. ზემოაღნიშნული განჩინება 2026 წლის 6 მაისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს, შ.მ–ძეს (იხ. ელექტრონული წერილის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ს.ფ. 356). მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტს. მისი პრეტენზია შემოიფარგლება იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას 2024 წლიდან დღემდე ფინანსური ბრუნვა არ უფიქსირდება, და დაუსაბუთებლად თქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

18. პალატა აღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მხოლოდ ზოგადი მითითება გააკეთა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სათანადოდ არ დაუსაბუთებია და არც მის დასადასტურებლად რაიმე ახალი მტკიცებულება წარმოუდგენია. იგი მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობას დაეყრდნო, რომელიც ჯერ კიდევ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე იყო წარდგენილი.

19. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის მიმართ საპროცესო შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-66-62-2017, 06.04.2017წ.).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და, ამავდროულად, ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მათი ერთობლივი შეფასების შედეგად (იხ. სუსგ №ას-382-2026, 15.05.20126წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად აპელანტი ეყრდნობოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობას, რომელიც 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს ასახავდა. აღნიშნული ცნობის მიხედვით, მოპასუხე კომპანიის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე, კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 0 ლარს. თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებულ საკითხს 2026 წლის მარტში წყვეტდა, ცხადია, აღნიშნული ცნობა ობიექტურად ვერ ასახავდა იმ დროისთვის კომპანიის სრულ ფინანსურ მდგომარეობას, რადგან იგი მხოლოდ 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.

22. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღგ-ის დეკლარაციებში ასახული მონაცემები, თავისთავად, არ იძლევა მოპასუხის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის სრულ სურათს. ნულოვანი ბრუნვა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შესაბამის პერიოდში კომპანიას არ განუხორციელებია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. თუმცა, მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით შეუძლებელია დავასკვნათ, რომ კომპანია გადახდისუუნაროა ან ობიექტურად არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

23. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუნდაც სამეწარმეო საქმიანობის შემცირება ან შეჩერება, ისევე როგორც შესაბამის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განუხორციელებლობა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია ფინანსური რესურსები, ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები, ცალკე აღებული, არ არის საკმარისი კომპანიის მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტური შეუძლებლობის დასადასტურებლად

24. აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კომპანიის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ: გააჩნდა თუ არა მას უძრავი ან მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები, ნაღდი ფული სალაროში, ანაბრები, სხვა იურიდიულ პირებში წილები, დებიტორული მოთხოვნები, ფასიანი ქაღალდები ან სხვა სახის აქტივები. ასევე, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ იმ პერიოდამდე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ცნობა მოიცავს, აგრეთვე, იმ დროისათვის, როდესაც სააპელაციო სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხს განიხილავდა. შესაბამისად, მხოლოდ დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ნულოვანი ბრუნვა ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად კომპანიის მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტური შეუძლებლობის დასადასტურებლად, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები არ იძლევა კომპანიის ფინანსური შესაძლებლობებისა და აქტივების შესახებ სრულყოფილი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე კერძო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მომავალში შეასრულოს კრედიტორთა წინაშე არსებული სხვა ვალდებულებები ან სათანადოდ წარმართოს გადახდისუუნარობის პროცესი. აღნიშნული არგუმენტი უფრო მიუთითებს კომპანიის ფინანსური რესურსების გამოყენების პრიორიტეტებზე, ვიდრე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაზე.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეღავათის გამოყენების წინაპირობაა მხარის ქონებრივი მდგომარეობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადავადების შესახებ მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საწყის ეტაპზე კანონიერად დაუდგინა აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი, ხოლო მას შემდეგ, რაც ხარვეზის შესავსებად წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოთხოვნა კვლავ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არც შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული, კანონიერად განუსაზღვრა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

27. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, საპროცესო მოქმედება უნდა განხორციელდეს კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რადგან აღნიშნული ვადის გასვლას უკავშირდება შესაბამისი პროცესუალური უფლების გაქარწყლება და დაგვიანებით წარდგენილი საჩივრის ან სხვა საპროცესო დოკუმენტის განუხილველად დატოვება.

28. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის (სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

30. როგორც აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ №ას-693-2019, 28.05.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06. 2022წ.).

31. ამდენად, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური და მისი განხორციელება დამოკიდებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.

32. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებებს დავის მატერიალურ-სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისინი არ განეკუთვნება კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და წარმოების მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხებზე ვერ იმსჯელებს.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.მ–ის“ კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია