დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-734-2026 24 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.პ–ი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 მარტის განჩინებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც დ.გ–იას (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. რუსთავი, .......... (ს/კ .........) და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი სადავო ბინაში მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს და სოციალურ დახმარებას იღებს.
3. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეს მითითებული ჰქონდა, რომ სურდა პროცესის დანიშვნა და მასში დასწრება. მისი განმარტებით, მხარეები არიან ბიძა და დისშვილი, რის გამოც სასამართლოს, მორიგების მიზნით, უნდა დაენიშნა სასამართლო სხდომა, რათა მხარეებს მისცემოდათ მორიგების შესაძლებლობა.
4. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გაუგებარი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში სადავო ქონებას იგი მემკვიდრეობით მიიღებდა.
5. კასატორი მორიგების მიზნით ითხოვს საქმის ზეპირ განხილვას.
6. სასამართლომ მხარეებს შესთავაზა მორიგება, თუმცა მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (იხ.: სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).
13. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებიც უკავშირდება სადავო ბინაში მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრებასა და სოციალური დახმარების მიღებას, ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები არ არის. აღნიშნული ფაქტები, დავის საგნის გათვალისწინებით, არ განაპირობებს მესაკუთრის უფლებრივი მდგომარეობის შეცვლას და არ წარმოადგენს მისი უფლების შეზღუდვის საფუძველს, მოითხოვოს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მსგავსი გარემოებები, მათი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხედველობაში იქნეს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, თუმცა არა საკუთრების უფლების არსებობისა და მისი დაცვის საკითხის გადაწყვეტისას.
16. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება, რაც კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მშობლები საკუთარი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელები არიან და უშუალოდ მათ, როგორც კანონიერ წარმომადგენლებს, ევალებათ შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა, ამრიგად, მითითება, რომ სადავო ქონებაში არასრულწლოვნები ცხოვრობენ, ვერ მიიჩნევა იმგვარ შედავებად, რაც სადავო ქონებაზე მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (იხ. სუსგ №ას-1016-2018, 30.11.2018წ.; №ას-37-2025, 27.02.2025წ.).
18. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მორიგების ხელშეწყობის მიზნით უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი განხილვა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმის გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნული საკითხი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე დადგენილი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება და ისინი არც ერთი მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა, სსსკ-ის 376¹ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
19. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ფორმას და შესაძლებლობას აძლევს საკასაციო პალატას, დავა განიხილოს მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
20. კასატორმა მოითხოვა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობის დასასაბუთებლად რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენია. საქმის წარმოების განმავლობაში მხარეებს გააჩნდათ საკმარისი დრო საკუთარი პოზიციების დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისთვის. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ №ას-845-2024, 24.01.2025წ.).
21. რაც შეეხება კასატორის მითითებას მორიგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს შესთავაზა მორიგება (იხ. 27.10.2025 წლის სასამართლო სხდომის ოქმი), თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მორიგების შესაძლებლობა შესთავაზა, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციებიდან ირკვევა, რომ მათ მორიგების პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
22. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მორიგება დასაშვებია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც. შესაბამისად, მორიგების შესაძლებლობაზე ან სურვილზე მითითება, თავისთავად, არ წარმოადგენს საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნის საკმარის საფუძველს, რის გამოც კასატორის აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
23. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მოცემულ საკითხზე არსებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორი მხარე სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებს (იხ. სუსგ №ას-340-2023, 25.04.2023წ.).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.; №ას-634-2020, 19.11.2020წ.; №ას-1274-2020, 24.12.2020წ.; №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-759-2024, 15.10.2024წ.).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ა.პ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დარეჯან ბუცხრიკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საბუთის ნომერი 47135... / გადახდის თარიღი 2026-06-15), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია