დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ა-1166-შ-39-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1166-შ-39-2026 24 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჩ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს, 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმის ნომერი GF18 8/2010)

დავის საგანი – მეურვეობის მინიჭება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმის №GF18 8/2010), ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განისაზღვრა არასრულწლოვანთა მეურვეობის საკითხი. აღნიშნული გადაწყვეტილებით არასრულწლოვნებზე - ბ.ჩ–ძეზე (დაბ. 17.12.2008) და გ.ჩ–ძეზე (დაბ. 20.05.2011) - სრული იურიდიული და ფიზიკური მეურვეობა მიენიჭა დედას, ა.გ–ს.

2. ა.გ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმის №GF18 8/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 აპრილის განჩინებით, ა.გ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

4. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად და მიეცა საპროცესო ვადა საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, მან სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო, რის გამოც მისი ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

5. თავდაპირველად, შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო ასევე ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობაც, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა. თუმცა, შუამდგომლობის ავტორმა 2026 წლის 17 ივლისს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომელიც არასრულწლოვანთა მეურვეობის საკითხს შეეხება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმის მასალებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომელიც არასრულწლოვანთა მეურვეობის საკითხს შეეხება. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა 2026 წლის 17 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ აღნიშნული ნაწილის ცნობა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოცემულ წარმოების ფარგლებში სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების ცნობაზე, ხოლო სხვა, მათ შორის ალიმენტის საკითხი, განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

8. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმის №GF18 8/2010), ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვნებზე - ბ.ჩ–ძეზე (დაბ. 17.12.2008) და გ.ჩ–ძეზე (დაბ. 20.05.2011) - სრული იურიდიული და ფიზიკური მეურვეობა მიენიჭა დედას, ა.გ–ს.

9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქმეზე დართული მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა შუამდგომლობის ასლი, განემარტა ადვოკატის ყოლის უფლება და ეცნობა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები. მიუხედავად ამისა, იგი სასამართლოში არ გამოცხადდა, რათა წარედგინა პასუხი შუამდგომლობაზე და დაესაბუთებინა, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მეურვეობის შესახებ მოთხოვნა.

10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი, როგორც არასრულწლოვანთა მეურვე, ასევე არასრულწლოვნები საქართველოს მოქალაქეები არიან.

11. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

12. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.; №ა-4484-შ-121-2023, 01.09.2023წ.). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

15. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

18. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმის №GF18 8/2010), რომლითაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მეურვეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: საბოლოო განჩინებით ბავშვებზე - ბ.ჩ–ძეზე (დაბ. 17/12/2008) და გ.ჩ–ძეზე (დაბ. 20/05/2011) სრული იურიდიული და ფიზიკური მეურვეობა მიენიჭა დედას - ა.გ–ს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია