დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.07.2026
საქმის ნომერი
ას-673-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

02 ივლისი 2026 წელი

№ას-673-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ს–ა

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ო–ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქირის გადახდა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ო–ნის სარჩელი ლ.ს–ას მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელად დაეკისრა 786 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 459.71 ლარი და 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე ლ.ს–ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და მისი განხილვის მიზნით, დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა 2026 წლის 23 იანვარს, 13:00 საათზე.

4. 2026 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა მოსარჩელე ჯ.ო–ნის წარმომადგენლის - რ.ბ–ის განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ იმყოფებოდა ქ.ფოთში და უამინდობის გამო მისთვის შეუძლებელი იყო ქ.თბილისში ტრანსპორტირება, რის გამოც ითხოვა საქმის განხილვაში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობის მიცემა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით ლ.ს–ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით:

5.1. 2026 წლის 13 იანვარს აპელანტ ლ.ს–ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, რომ სააპელაციო საჩივარის განხილვა დაინიშა ზეპირი მოსმენით - 2026 წლის 23 იანვარს, 13:00 საათზე. ამასთან, მხარე გაფრთხილებული იქნა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე.

5.2. 2026 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს სხდომას დისტანციურად ჩაერთო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი რ.ბ–ი. სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტი მხარე და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, რ.ბ–მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

5.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387.3 და 229.2 მუხლების შესაბამისად. პალატის განმარტებით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მოითხოვს მის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თობაზე, თუკი გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მხარე სასამართლომ სხდომაზე მიიწვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად სასამართლო უწყების ჩაბარებისა, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი მოცემული დავის მიმართ.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხე ლ.ს–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვინაიდან ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით არსებითად დაირღვა მისი უფლებები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

10. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 13 იანვარს, ჩაჰბარდა სასამართლო უწყება 23.01.2026 წლის 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ. დადგენილია, რომ დანიშნულ დროს აპელანტი მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართულმა მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

12. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 23.01.2026 წლის სასამართლო სხდომის გამართვამდე არ წარდგენილა აპელანტი მხარის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების ან მასში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობის მიცემის მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე (მაღალ არტერიულ წნევაზე).

13. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლი ავადმყოფობის დადასტურების სპეციალურ წესს არეგულირებს, რომლის თანახმადაც, პროცესის მონაწილე სუბიექტმა, რომელიც ავადმყოფობის მიზეზით ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, ავადმყოფობის ფაქტი უნდა დაადასტუროს კანონით განსაზღვრული მტკიცებულებით - სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

14. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიო იყო.

15. კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრებისას არათუ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით შედგენილი სამედიცინო დოკუმენტი, არამედ არავითარი მტკიცებულება, თუნდაც სასამართლო სხდომის გამართვის დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი, არ წარუდგენია. მაშასადამე, ავადმყოფობის ფაქტი დაუდასტურებელია. სათანადო საფუძვლის არსებობისას, კერძო საჩივრის ავტორს მართებდა, წარედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც კერძო საჩივარში ასახულ ავადმყოფობის არგუმენტს სიმყარეს შესძენდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მყარი საფუძველი შეექმნებოდა დასკვნისათვის, რომ ლ.ს–ა სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზის არსებობის გამო. მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ამგვარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

16. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.2 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

18. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არამარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (იხ. სუსგ. №ას-1080-2025, 25.02.2026წ.).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო (იხ. სუსგ. №ას-171-2024, 12.06.2024წ.; №ას-733-2024, 11.07.2024წ.; №ას-421-399-2012, 30.04.2012წ.; №ას-237-224-2015, 25.05.2015წ.; №ას-634-634-2018, 31.10.2018წ.; №ას-1151-2021, 21.12.2021წ.).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ს–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი