დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ას-414-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-414-2025 24 ივლისი 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჩ–ვი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - იბა „ჭ..... ი.ო–ძე (ნ.ო–ძის უფლებამონაცვლე), ჯ.ა–ნი, ი.ა–ი, გ.ს–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლ.ჩ–ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა „ჭ....-ის“, ნ.ო–ძის (უფლებამონაცვლე ი.ო–ძე), ე.ა–ის, ჯ.ა–ნის, ი.ა–ის, გ.ს–ძისა და ზ.ჭ–ძის მიმართ, მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2014 წლის 18 სექტემბერს, ლ.ჩ–ვსა და იბა „ჭ....“-ის თავმჯდომარე - ნ.ო–ძეს შორის, სანოტარო წესით, დაიდო მშენებარე ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, რომელიც, ხელშეკრულების დადების დროისთვის თავისუფალი იყო ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვისგან/ყადაღისგან.

2.2. სარჩელის აღძვრის დროს, უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული იყო ყადაღა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვა.

2.3. სარჩელის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ქონება 2014 წლის 18 სექტემბერს ამხანაგობამ გაასხვისა მოსარჩელეზე, მოგვიანებით, ზ.ჭ–ძისადმი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ამხანაგობის ვალდებულების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროს მიერ არასწორად იქნა მასზე ყადაღა დადებული. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც პირადად მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება ზ.ჭ–ძისადმი, ქონება უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისგან და აღრიცხულიყო მოსარჩელის საკუთრებაში.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხე - ზ.ჭ–ძემ წარდგენილი მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, 2014 წლის 18 სექტემბერს, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა ნოტარიუსმა და არა თავად გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოპასუხე მიუთითებდა, რომ გაურკვეველია რომელი დოკუმენტის ხელმოწერა დადასტურდა სანოტარო წესით.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, ხელშეკრულებაში მითითებული 221.7 კვ.მ ფართი და მოთხოვნაში მითითებული ქონება არ ემთხვეოდა ერთმანეთს და შესაბამისად, მოთხოვნის საგანი არ იყო იდენტიფიცირებადი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ჩ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ....-ის (.......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების მდებარე, ქალაქ თბილისში, ..........., საკადასტრო კოდი: №............, რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება #A150......).

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ჩ–ვმა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ჩ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ჩ–ვი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, .........., იბა „ჭ.... სახელზე აღრიცხული ფართის (საკადასტრო კოდი: №........) მდებარე მე-2 სართული 126 კვ.მ.-ის მესაკუთრედ და აღნიშნული ფართი გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღისგან.

5.2. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. ზ.ჭ–ძის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია ყადაღის მოხსნის შესახებ არსებული სასამართლო განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი, რა არგუმენტითაც იგი მოსარჩელეს უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე - პირველ ინსტანციაში, პაექრობისას და ასევე სააპელაციო საჩივრის ეტაპზე, დაუპირისპირდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხე არაფერს მიუთითებდა სარჩელში აღნიშნულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მათ შორის, არც სარჩელში მითითებულ მე-2 ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, სადაც მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა, რომ ყოველგვარი შეზღუდვისაგან თავისუფალი ქონება შეიძინა.

5.3. პალატამ დასძინა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ 2014 წლის 18 სექტემბრისთვის, როდესაც დაიდო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დგინდებოდა, ყადაღის მოხსნის განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, რაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა მან პირველ ინსტანციაში პაექრობის ეტაპზეც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება და მიიჩნია, რომ პროცესუალური წესების დაცვით მოპასუხის შედავების არარსებობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლებოდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, როგორც დადასტურებული გარემოება ისე უნდა მიეღო იგი და არ უნდა შესულიყო მისი, როგორც სადავო გარემოების, მსჯელობაში. კერძოდ კი, გარემოება მასზედ, რომ სადავო ნასყიდობის საგანზე გაუქმებული იყო ყოველგვარი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან, მოპასუხეს აღნიშნულთან დაკავშირებით შედავება არ ჰქონდა განხორციელებული საქმის მომზადების ეტაპზე. პალატის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითებდა აღნიშნულ გარემოებაზე და მოსარჩელეს ამ კუთხით შეედავებოდა, მტკიცების ტვირთი დარჩებოდა მოსარჩელე მხარეზე, რომელსაც უნდა ედასტურებინა, რომ მის მიერ ხელშეკრულების დადების დროს, მოხსნილი იყო საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა უძრავ ქონებაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეზე გადავიდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულების დადების დროს, არ იყო მოხსნილი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა.

5.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს, იბა „ჭ....“-ს თავმჯდომარე ნ.ო–ძესა და ლ.ჩ–ვს შორის მშენებარე ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო ფართზე, ფორმალურად რეგისტრირებული იყო ყადაღა, თუმცა, ისინი გაუქმებული იყო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე და შემდგომში მოხდა კიდეც მათი გაუქმების რეგისტრაცია იმ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული არსებობდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს და ეს ორივე მხარისთვის ცნობილი იყო. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება 2014 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის №2/ა-97-04 განჩინება-2014 წლის 23 სექტემბერს.

5.5. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოცემულ საქმეზე, მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელშეკრულების მხარეებს სადავოდ არასოდეს გაუხდიათ. უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შემდეგაც გამყიდველს მყიდველის მიმართ არანაირი პრეტენზია ჰქონია და მყიდველ ლ.ჩ–ვს თავისუფლად შეეძლო დაერეგისტრირებინა შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში, რომ არა ზ.ჭ–ძის სასარგებლოდ სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე დადებული ყადაღა, ხოლო 2015 წლის 16 აპრილისათვის, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გაუქმება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც რეგისტრირებული იყო. პალატის აზრით, გასათვალისწინებელი იყო, რომ 2014 წლის 18 სექტემბრისათვის არსებობდა ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების გაუქმების შესახებ დოკუმენტები, რომლებიც ცნობილი იყო, როგორც გამყიდველისათვის, ასევე მყიდველისათვის და სწორედ ამ კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე მოიხსნა შემდეგ ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, თანაც იმ დრომდე, ვიდრე ზ.ჭ–ძის სასარგებლოდ სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე დაედებოდა ყადაღა.

5.6. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მართალია, ყადაღის გაუქმების შესახებ განჩინებები მათი რეგისტრაციის გარეშე, არ აუქმებს რეგისტრირებულ ყადაღას, რაც ქმნის დაბრკოლებას საკუთრების რეგისტრაციისთვის რეესტრში, თუმცა, იგი ხელშეკრულების ნამდვილობას არ აუქმებს და ხელშეკრულებას ბათილად არ აქცევს, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებებით დგინდებოდა, რომ ყადაღის რეგისტრაციას ფაქტობრივი საფუძველი ჰქონდა გამოცლილი. სწორედ სადავოობის დროს უნდა იქნეს დადგენილი აღნიშნული გარემოებები, რათა არ იქნეს მხარეთა უფლებები დარღვეული და მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ არ იყო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვის მოხსნა მაშინ, როცა იურიდიულად და ფაქტობრივად მოხსნილია ასეთი შეზღუდვა, თუმცა ასახული არ არის რეესტრში, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით და მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

5.7. რაც შეეხება სადავო ფართის იდენტიფიცირების საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იბა „ჭ....“-ს კუთვნილ 126.98 კვ.მ.-ზე, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, .............., მე-2 სართულზე მდებარე №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 302.98 კვ.მ ფართში. ფართის არსებობა ასევე დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს/.ფ. 94-95). შესაბამისად, სარჩელის საგნის იდენტიფიცირების შეუძლებლობა სახეზე იყო, რაც იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მესაკუთრედ ცნობისა და უძრავი ქონების საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი საფუძვლიანი იყო.

5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა ზ.ჭ–ძემ.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და ასევე არასწორად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხს არ შედავებია მოპასუხე. შესაგებელში მხარემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი იყო რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებდა მოსარჩელე, რომ 2014 წლის 18 სექტემბრისთვის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ იყო ყადაღა, რის დასამტკიცებლადაც ასევე, წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება - 2014 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ოთხი შეზღუდვა, რომლებიც გაუქმდა 2014 წლის 23 სექტემბერს და 2 დეკემბერს, ანუ 2014 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა იმ ფაქტს, რომ სადავო ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის არსებობის მიუხედავად მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ იგი გაუქმებული იყო, ამ შემთხვევაშიც, სწორედ მოსარჩელისთვის უნდა დაეკისრებინა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ყადაღის მოხსნის შესახებ სასამართლოს განჩინება შესული იყო კანონიერ ძალაში. შესაბამისად, კასატორი ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, მოსარჩელეს მიაწერა, ისეთი გარემოებების მითითება, რომელიც მას სარჩელში არ ჰქონია აღნიშნული და შემდგომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი არასწორად გადააკისრა მოპასუხეს.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც შეზღუდულია ყადაღადადებულ ქონებაზე მესაკუთრის ცვლილების შესაძლებლობა და ამგვარ ქონებაზე დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია.

6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება არა მხოლოდ მსგავს, არამედ იდენტურ საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან (ას-1963-2018), სადაც ხელშეკრულება, რომითაც მოსარჩელე სადავო ნივთის მიკუთვნებას მოითხოვდა დადებული იყო აგრეთვე 2014 წლის 18 სექტემბერს (იმავე მხარესთან), ყადაღაც ზუსტად იმავე თარიღებში იყო წარმოშობილი და შედავებაც მოპასუხის მხრიდან იყო იდენტური, როგორც განსახილველ საქმეზე, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავდებოდა განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან.

6.6. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო პალატამ სრულებით უგულებელყო სადავო ფართისა და ხელშეკრულებაში მითითებული ფართის იდენტიფიცირების საკითხი, რაც ამგვარი კატეგორიის დავებზე უმნიშვნელოვანესი გარემოებაა. კასატორი აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც მოსარჩელემ გააფორმა იბა „ჭ..... შეძენილი ფართი წარმოადგენდა მე-2 სართულზე არსებული 302 კვ.მ ოფისისის ფართიდან 221,67 კვ.მ-ს, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა 126 კვ.მ. ფართზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, რეგისტრირებული ფართების (302 კვ.მ.) მესაკუთრეები არიან: ნ.თ–ძე 78 კვ.მ., თ. ს–ძე 98 კვ.მ., და იბა „ჭ....“-126,98 კვ.მ., შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ხელშეკრულებაში მითითებული ფართობი 221,67 კვ.მ., ბუნებაში არ არსებობს იმ საკადასტრო კოდზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, ზ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

- 2014 წლის 18 სექტემბერს ერთი მხრივ, იბა „ჭ....“-ს თავმჯდომარე ნ.ო–ძესა და მეორე მხრივ, ლ.ჩ–ვს შორის დაიდო მშენებარე ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს გამყიდველის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს, კერძოდ: ქ. თბილისი, ........... კორპუსის მე-2 სართულზე არსებული 302.8 კვ.მ. ოფისის ფართიდან (საკადასტრო კოდით ..........) 267 კვ.მ. ფართს. ხელშეკრულებაში გაკეთდა ჩასწორება და ნაცვლად მასში მითითებული 267 კვ.მ ფართისა, შეთანხმება შედგა 221.77 კვ.მ ფართზე. ამავე ხელშეკრულების 1.3. პუნქტის მიხედვით კი, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრედ. ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების შესაბამისად, მშენებარე ფართის ღირებულება შეადგენს 140 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე მყიდველმა გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო. ამდენად, ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანი შეთანხმებული იყო 221.77 კვ.მ ფართი, ქ.თბილისი, .......... კორპუსის მე-2 სართულზე არსებული 302.8 კვ.მ. ოფისის ფართიდან (საკადასტრო კოდით ..........), რომლის საფასურიც წინასწარ იყო გადახდილი. თანხის გადახდის ფაქტი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს;

- საჯარო რეესტრის 2016 წლის 04 ნოემბრის #292467 წერილში (ტ.1, ს.ფ. 20-21), მითითებულია შემდეგი: „საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში ამხანაგობა „ჭ.........“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ............, სართული 2, (ს/კ ..........) 2000 წლიდან დღემდე რეგისტრირებული იყო შემდეგი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვები: 1. ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 07 ივნისის №8225 განჩინება. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება. 2. ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 20 ივნისის №01-14 მომართვა. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება;

- ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 ივლისის №01/08 მომართვა. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება;

- ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 31 მარტის №2ა-87–04 სააღსრულებო ფურცელი. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის №2/ა-97-04 განჩინება;

- ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ივნისის №1643 განჩინება. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ივლისის №2-3651-06 სასამართლოს სხდომის ოქმის ამონაწერი;

- ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - კერძო აღმასრულებელი მ.ს–ის 2011 წლის 5 აგვისტოს №A11044912-004/001 მომართვა. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - კერძო აღმასრულებელი მ.ს–ის 2014 წლის 25 აგვისტოს №A11044912-007/014 მომართვა;

- აკრძალვის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის №2/14497-11 განჩინება. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივლისის №2ბ/319-13 განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის №ას-19-48-2014 გადაწყვეტილება;

- ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 სექტემბრის №601253–14 განჩინება. შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის №2/17330-14 განჩინება;

- დღეის მდგომარეობით ამხანაგობა „ჭ....“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, ............, სართული 2, (ს/კ ...........) რეგისტრირებულია შემდეგი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვები: 1) ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის NA15025933-009/001 მომართვა. 16 2) აკრძალვის რეგისტრაციის საფუძველი - განჩინება, N2/415-15, 27.01.2015, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 თებერვლის #35554 წერილში, გარდა 2016 წლის 04 ნოემბრის #292467 წერილში მოცემული ინფორმაციისა, დამატებით ასევე მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება 2014 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის №2/ა-97-04 განჩინება - 2014 წლის 23 სექტემბერს;

- უდავო გარემოებაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ყადაღა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, .........., საკადასტრო კოდი: .......... მოთხოვნილი ყადაღის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე №2/9232-06;

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ............., მე-2 სართულზე მდებარე №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 302.98 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ.თ–ძე - 78 კვ.მ., იმა „ჭ....“ - 126.98 კვ.მ. და თ.ს–ძე - 98.00 კვ.მ. იბა „ჭ....“-ს კუთვნილ სადავო ფართს ადევს ყადაღა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე;

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი მასზედ, ითვლებოდა თუ არა სადავო ქონება ყადაღადადებულად იმ დროს, როდესაც დაიდო მასზე ნასყიდობის ხელშეკრულება, იმის მიუხედავად, რომ ყადაღის მოხსნის შესახებ სასამართლოს განჩინებები არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. კასატორის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და სრულიად უადგილოდ დააკისრა მას ყადაღის მოხსნის შესახებ სასამართლოს განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლის მტკიცების ტვირთი. აგრეთვე, კასატორის პრეტენზია მიემართება სააპელაციო პალატის მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების არასწორ გამოყენებას, რომელსაც არასწორი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

12. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლი). ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, უძრავ ნივთზე ყადაღის არსებობა გამორიცხავს ამ ნივთზე მესაკუთრის ცვლილებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სწორედ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის ფაქტი.

14. მოცემულ საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს ერთი მხრივ, იბა „ჭ....“-ს თავმჯდომარე ნ.ო–ძესა და მეორე მხრივ, ლ.ჩ–ვს შორის მშენებარე ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, №..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო ფართზე ფორმალურად რეგისტრირებული იყო ყადაღა, თუმცა, ეს ყადაღები, რეალურად გაუქმებული იყო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე და შემდგომში მოხდა კიდეც მათი გაუქმების რეგისტრაცია იმ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული არსებობდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს და ეს ორივე მხარისთვის ცნობილი იყო, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება 2014 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის №2/ა-97-04 განჩინება - 2014 წლის 23 სექტემბერს.

15. საკასაციო პალატა დასძენს, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს სადავოდ არასოდეს გაუხდიათ. უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შემდეგაც გამყიდველს მყიდველის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და მყიდველ ლ.ჩ–ვს თავისუფლად შეეძლო დაერეგისტრირებინა შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში, რომ არა ზ.ჭ–ძის სასარგებლოდ სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე დადებული ყადაღა, ხოლო 2015 წლის 16 აპრილისათვის, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გაუქმება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც რეგისტრირებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის უფლების წარმოშობის დროს, უკვე აღარ არსებობდა ყადაღა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 18 სექტემბრისათვის არსებობდა ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების გაუქმების შესახებ დოკუმენტები, რომლებიც ცნობილი იყო, როგორც გამყიდველისათვის, ასევე მყიდველისათვის და სწორედ ამ კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე მოიხსნა შემდეგ ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, თანაც იმ დრომდე, ვიდრე ზ.ჭ–ძის სასარგებლოდ სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე დაედებოდა ყადაღა. საკასაციო პალატის განსჯით, ასეთ პირობებში შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაზე, გავრცელდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლში მითითებული გარიგების ბათილობის პირობები, რადგან მითითებული ნორმის მოქმედება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც გასხვისებულია ყადაღადადებული ქონება, აღნიშნულს კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადგილი არ ჰქონია.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ტიპის საქმეები სამართლებრივად პრობლემურია, ვინაიდან უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის განმარტება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლთან მიმართებით, როდესაც საჯარო რეესტრში ფორმალურად რეგისტრირებულია ყადაღა (აკრძალვა), მაგრამ გარიგების მხარეებს ხელთ აქვთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ამ ყადაღის (აკრძალვის) გაუქმების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ გარიგების მონაწილე მხარეები, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური თვალსაზრისით კეთილსინდისიერები არიან. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია არ დაადგინოს იმგვარი პრაქტიკა, რაც სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (ჯერ კიდევ გაუუქმებელი) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ/დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო ასევე ვალდებულია მხედველობაში მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებული საკუთრების უფლება, გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ უფლების მხოლოდ ილუზორულ მიკუთვნებას, შესაბამისად ავალდებულებს სახელმწიფოს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება იყოს აღიარებული და უზრუნველყოფილი. აგრეთვე, ხაზგასასმელია, რომ საკუთრების უფლება ფართოდ განიმარტება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არსებულ/ფაქტობრივ არამედ, სამომავლო საკუთრების უფლებასაც და ე.წ. ლეგიტიმურ მოლოდინებს (იხ. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის 1-ლი პროტოკოლის კონტექსტში https://rm.coe.int/analysis-of-property-rights/1680a332ab, გვ.9).

17. ამრიგად, ზემოთ მოხობილი სამართლებრივი ნორმებისა და კანონით დაცული ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, სასამართლო ერთი მხრივ, იზიარებს და ეთანხმება დადგენილ პრაქტიკას მასზედ, რომ ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლი). ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, უძრავ ნივთზე ყადაღის არსებობა გამორიცხავს ამ ნივთზე მესაკუთრის ცვლილებას (იხ. საქმე №ას-1963-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი). თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631.1, 44-ე და 63.1 მუხლების ანალიზის მიხედვით, ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ ქონებას და ზიანის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც, ამ კანონის თანახმად, შეიძლება მიექცეს აღსრულება. საყურადღებოა, რომ უძრავ ნივთს, რომელზეც მოსარჩელეს გააჩნდა ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის ფაქტი სადავოდ არასოდეს გამხდარა, ამდენად ცხადია, მას გააჩნდა ლეგიტიმური საკუთრების უფლება (ფართო გაგებით) ნასყიდობის საგანზე, მაშინ, როდესაც უძრავ ნივთს ყადაღა დაედო ზ.ჭ–ძის სასარგებლოდ - სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას - 2014 წლის 18 სექტემბრისათვის, არსებობდა ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების გაუქმების შესახებ დოკუმენტები, რომლებიც ცნობილი იყო, როგორც გამყიდველისათვის, ასევე მყიდველისათვის და სწორედ ამ კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე მოიხსნა (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის 2/1612-2002 (13691) განჩინება 2014 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის №2/ა-97-04 განჩინება - 2014 წლის 23 სექტემბერს) შემდეგ ყველა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ 2015 წელს კასატორის ინტერესების სასარგებლოდ მოსარჩელის სამომავლო ქონებაზე ყადაღის დადება არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საკუთრების უფლების არსს, ასევე სააღსრულებო სამართალწარმოების წესს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს კასატორის პირად მოვალეს.

18. აღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სახეზეა ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოსარჩელე შესაძლოა დაზარალდეს კასატორის იმ ვალდებულების/მოთხოვნის გამო, რომლებთანაც მას სამართლებრივი კავშირში არ გააჩნია, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ეს ნივთი უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას (საქმე №ას - 770-2023, 5 ოქტომბერი, 2023 წელი).

19. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მიუხედავად მოთხოვნის მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებლობისა, საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა, ვინაიდან საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოპასუხის მიერ პროცესუალურსამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის და შესაბამისად, შესაგებლის ეტაპის წარუმატებლად გავლის გამო, შედავების უფლების დაკარგვის შესახებ. ამ მიმართებით პალატა მოიხმობს დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა მტკიცების ტვირთის როლი სამოქალაქო საპროცესო სამართალში და აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას, არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. ამავე კოდექსის 105-ე მულზე მითითებით კი განმარტა, რომ არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხე თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფაქტებითა თუ მტკიცებულებებით გააქარწყლოს მის წინააღმდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული უფლებით იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და ფარგლებში სარგებლობს. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ ყადაღის მოხსნის შესახებ განჩინებების კანონიერ ძალაში ყოფნის საკითხი ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, მას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ყადაღის მოხსნის შესახებ წარმოდგენილ განჩინებაზე საჩივრის შეტანის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიუთითა და კასატორს დასაბუთებული შედავების წარდგენით არ გაუქარწყლებია ის ფაქტი, რომ ზ.ჭ–ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია ყადაღის მოხსნის შესახებ არსებული სასამართლო განჩინებების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი, რა არგუმენტითაც იგი მოსარჩელეს უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე - პირველ ინსტანციაში პაექრობისას და ასევე სააპელაციო საჩივრის ეტაპზე დაუპირისპირდა. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხე მხარე არაფერს მიუთითებდა სარჩელში აღნიშნულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მათ შორის არც სარჩელში მითითებულ მე-2 ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, სადაც მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა, რომ ყოველგვარი შეზღუდვისაგან თავისუფალი ქონება შეიძინა. ახსნა-განმარტებების, ასევე შესაგებლის წარმოდგენის ეტაპზე მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ სადავო ფართის იდენტიფიცირების პრობლემაზე, ასევე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების საკითხზე. მხარემ დამატებით გარემოებებზე მიუთითა პაექრობის ეტაპსა და სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კერძოდ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მის მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმე №ას- 1963-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი.) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 31.10.2024 წ. მან განმარტა, რომ 2014 წლის 18 სექტემბრისთვის, როდესაც დაიდო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დგინდება, საერთოდ, რომ ყადაღის მოხსნის განჩინებები კანონიერ ძალაში იყო შესული და აღნიშნული მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა მან პირველ ინსტანციაში პაექრობის ეტაპზეც. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განხორციელებულ მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მოპასუხეს არ მიუთითებია საქმის მომზადების ეტაპზე, მისი შედავება სააპელაციო განხილვის ეტაპზე მართებულად იქნა უარყოფილი, რაც ასევე უნდა გახდეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველიც.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან კასატორს სახელმწიფო ბაჟი ზედმეტობით აქვს გადახდილი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს 1000 ლარი, და სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70%- 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.ჭ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 10/04/2025წ. №789 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 1000 ლარი და მასვე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% –4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი