დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 28.07.2026
საქმის ნომერი
ას-792-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ას-792-2026

28 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – არასრულწლოვან გ.გ–ძის კანონიერი წარმომადგენელი ქ.ჩ–ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.გ–ძის კანონიერი წარმომადგენლის - ქ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ.გ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნ.გ–ძეს პ/ნ .......... სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 024, ნაკვეთი 042, დაზუსტებული ფართობი: 5504 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ .......... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა არასრულწლოვან გ.გ–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ქ.ჩ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან გ.გ–ძის კანონიერი წარმომადგენლის, ქ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება; არასრულწლოვან გ.გ–ძის კანონიერი წარმომადგენლის, ქ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ.გ–ძეს, დამატებითი ხარჯის სახით დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, ეზოიანი სახლის შეძენის მიზნით, სახლის ღირებულების 50%-ის გადახდა, მაგრამ, არაუმეტეს, 132 000 აშშ დოლარისა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინებით კასატორ - ნ.გ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება და განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ნ.ა–ძეს ჩაბარდა 2026 წლის 14 ივლისს (ტ-4; ს.ფ.153).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-217-2026 15.04.2026 წელი; სუსგ Nას-349-2026 23.04.2026 წელი )

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინებით, კასატორ - ნ.გ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინება, საქმეში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .........., ოთახი N4, ნ.გ–ძის წარმომადგენელს - ნ.ა–ძეს ჩაბარდა 2026 წლის 14 ივლისს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური ტ-4; ს.ფ.153), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქმეშია რწმუნებულება (იხ. ტ-4; ს.ფ.51), რომლის შესაბამისად, ნ.გ–ძეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ნ.ა–ძისათვის 2029 წლის 05 თებერვლის ჩათვლით. მინდობილობა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების და განჩინებების გასაჩივრების უფლებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 15 ივლისს და ამოიწურა 2026 წლის 21 ივლისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ)

პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია(იხ.სუსგ Nას-1220-2018 09.10.2018 წ ).

განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ №ას-1220-2018 09.10.2028 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი