დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 13.08.2026
საქმის ნომერი
ას-810-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.08.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-810-2026 13 აგვისტო, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარებში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: N......, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1291,00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა: ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 170,4 კვ.მ) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამჯერ, საქმეში მითითებულ მისამართებზე და 2026 წლის 20 ივლისს ჩაბარდა მ.ბ–ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამჯერ, საქმეში მითითებულ მისამართებზე და 2026 წლის 20 ივლისს ჩაბარდა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მის მიერვე მითითებულ საკონტაქტო პირს - მ.ბ–ს (იხ.შეტყობინების ბარათი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 21 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2026 წლის 27 ივლისს - ორშაბათს. დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორების და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი