დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2289-შ-82-2026 03 აგვისტო, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღსს მ.რ.ქ.
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „გ–ს“ ღსს „მ.რ. ქ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 305 446.40 რუსული რუბლი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 840 ევროს ოდენობით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2026 წლის 13 მაისს შუამდგომლობით მომართა ღსს „მ.რ.ქ...-ის“ წარმოამდგენელმა ო.ლ–ომ და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება. აღნიშნულის შესახებ, მოწინააღმდეგე მხარე შპს „გ–ს“ ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით (საკასაციო პალატის 2026 წლის 10 ივლისის განჩინებით). მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620-ე მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომში - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოში უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს და დაადასტურებს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებების არსებობას ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება მოწმდება მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ მათ შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე. საკასაციო პალატაში წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით (საჯარო გამოქვეყნების გზით) ჩაჰბარდა მოპასუხე მხარეს, თუმცა მას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ არ მიუთითებია. შესაბამისად, წინამდებარე საქმის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლო იმსჯელებს ხომ არ არსებობს ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი ორი გარემოება (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს).
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვის საგანს, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღ.მ.რ.ქ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს „გ–ს“ ღსს „მ.რ.ქ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 305 446.40 რუსული რუბლი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 840 ევროს ოდენობით, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. რადგან არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღსს „მ.რ.ქ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს „გ–ს“ ღსს „მ.რ.ქ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 305 446.40 რუსული რუბლი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 840 ევროს ოდენობით;
4. შპს „გ–ს (ს/კ ………) ღსს „მ.რ.ქ...-ის“ (ს/კ ......) სასარგებლოდ დაეკისროს შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია