დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.08.2026
საქმის ნომერი
ას-563-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.08.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-563-2026 3 აგვისტო, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ლ.ნ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ–ი, გ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, სესხის ხელშეკრულების დადგენა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ.ნ–ძემ, მოპასუხეების გ.დ–ისა და მ.ჩ–ის წინააღმდეგ, მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე ლ.ნ–ძესა და მოპასუხე გ.დ–ს შორის 2020 წლის 7 მარტს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ნ.გ–ის მიერ; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 200244........) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ......... 60 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........). ბ) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე გ.დ–სა და მოპასუხე მ.ჩ–ს შორის 2020 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ), უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............, 60 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........); გ) დადებულად იქნეს აღიარებული ლ.ნ–ძესა და გ.დ–ს შორის 2020 წლის 7 მარტს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის თანხაა 26 500 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა 2020 წლის 7 სექტემბერი. დ) ლ.ნ–ძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..............., 60 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...........) მესაკუთრედ.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ.ნ–ძეს სარჩელი მოპასუხეების მ.ჩ–ისა და გ.დ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე ლ.ნ–ძესა და მოპასუხე გ.დ–ს შორის 2020 წლის 7 მარტს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე გ.დ–სა და მოპასუხე მ.ჩ–ს შორის 2020 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად მ.ჩ–ის ნაცვლად უძრავი ქონების, მესაკუთრედ ცნობილი იქნა მოსარჩელე ლ.ნ–ძე. ლ.ნ–ძის სასარჩელო მოთხოვნა მასსა და მოპასუხე გ.დ–ს შორის სესხის ხელშკრულების დადებულად აღიარებისა და სესხის უზრუნველყოფის მიზნით სადავო უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების (გარდა სარეზოლუციო ნაწილის 1.4. პუნქტისა) სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.1, 1.2, 1.3 და 2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 7 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხე გ.დ–ს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მათ შორის სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ დაფარულა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 56-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საკითხს, ხელშეკრულების დადების მომენტში, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო გარიგების დადების დროს მოსარჩელეს სურდა (აწყობდა) სესხის ხელშეკრულების დადება, მაგრამ სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების გამო ხელშეკრულების დადების დროისათვის შეუძლებელი იყო ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკით დატვირთვა და მოსარჩელესა და გ.დ–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება და ამიტომ გაფორმდა ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება, არასაკმარისია იმ პირობებში, როცა არ დგინდებოდა მოპასუხის ნება სესხის არსებობის დადგენაზე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსარჩელეს ამგვარ გარემოებებზე (რომ მოპასუხესაც სურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება), საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მიუთითებია. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე გ.დ–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მის ინტერესებში არ შედიოდა თანხის სესხად გაცემა, მისთვის „3% ფული არ არის“ და მას სურდა უძრავი ნივთის შეძენა. 2022 წლის 15 ივლისის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ.ს–ძემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს (შვილს)- ნ.ნ–ძეს იცნობდა და იმის გამო, რომ ნ–ს თანხა სჭირდებოდა წინა ურთიერთობიდან გამომდინარე სესხის დასაფარად, დაუკავშირდა ი.ა–ას (მაკლერს), ხოლო ამ უკანასკნელმა ნ.ნ–ძე დააკავშირა გ.დ–ს. მოპასუხე გ.დ–მა გადაფარა ნ.ნ–ძის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხა და მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება. მოწმე აღნიშნავს, რომ სესხი იყო 20 000 აშშ დოლარზე მეტი, რაც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას, ისე სარგებელს. ამავე სასამართლოს სხდომაზე, 12:50 საათზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნ.ნ–ძე, რომელიც განმარტავს, რომ მაკლერის - ლ.ს–ძის დახმარებით აიღო სესხად 18500 აშშ დოლარი და უნდა დაებრუნებინა 20000 აშშ დოლარი. სესხის ჩასანაცვლებლად ლ.ს–ძემ დააკავშირა ი.ა–ას, ხოლო ამ უკანასკნელმა დააკავშირა გ.დ–ს. მოხდა სესხის ჩანაცვლება და გ.დ–თან ხელშეკრულება გაფორმდა 26500 აშშ დოლარზე. სესხზე ყოველთვიურად უნდა ეხადა პროცენტები თვეში 1000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა ზუსტად შეთანხმებული პროცენტის ოდენობა არ ახსოვს. ნ.ნ–ძემ პანდემიის გამო ვერ შეძლო პროცენტების გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მზად იყო დაებრუნებინა თანხა, თუმცა გ.დ–მა თავი აარიდა ნ.ნ–ძესთან კომუნიკაციას, რის შემდგომაც უძრავი ქონება გადააფორმა მეუღლეზე. აღნიშნულის შემდეგ დ–მა სადავო უძრავი ნივთის გამოსასყიდად მოითხოვა 58000 აშშ დოლარი. მოწმე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე გ.დ–მა დაათვალიერა ბინა, ხოლო ბინის გასაღები ნ.ნ–ძემ გადასცა გ.დ–ს ზაფხულში. გასაღები გელას გადაეცა როგორც გარანტია. 2022 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე, 11:27 საათზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.მ–ძემ აღნიშნა, რომ შუამავლებმა მოუყვანეს ნ.ნ–ძე, რომელსაც სესხის სახით მისცა თანხა, მაგრამ რადგან ფიზიკურ პირთან შეუძლებელი იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ეს არის ჩუმი გარიგება, რომელიც რეალურად წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, თუმცა გამსესხებელი ბინის წართმევით არ არის დაინტერესებული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ნ.ნ–ძემ დააბრუნა სესხის თანხა სხვა საშუამავლო ფირმის მეშვეობით და გ.დ–ი იყო თუ არა იქ არ ახსოვს, რადგან ნოტარიუსთან მხოლოდ გამზადებული ხელშეკრულებების ხელმოსაწერად მივიდა. მართალია, მხარეთა ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებებს განეკუთვნება, მაგრამ, მოცემული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადავო წერილობითი გარიგების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევა მხარის ახსნა-განმარტებასა და მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით შეუძლებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია მოსარჩელის ინტერესი დავისადმი და ერთ-ერთი მოწმის ნ.ნ–ძის დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ, რომელიც არის მოსარჩელის შვილი და ამავდროულად წარმომადგენელი. შესაბამისად, მითითებული მოწმის ჩვენებები სარწმუნოობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს სწორედ მოსარჩელესთან მათი დამოკიდებულების კრიტერიუმის გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ დანარჩენმა მოწმეებმაც ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა 2020 წლის 07 მარტის ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და შეიცავს მხარეთა მიერ გამოვლენილ ნამდვილ და თავისუფალ ნებას, რომელიც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. ხელშეკრულების მიხედვით, ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა უფლებაუნარიანობა, ქმედუნარიანობა და გამოვლენილი ნების ნამდვილობა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს განზრახვა გამომდინარეობდა არა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის, არამედ ამავე კოდექსის 509-ე მუხლის დებულებებიდან, ე.ი. მან ქონება იმ პირობით გაასხვისა, რომ იტოვებდა 6 თვის ვადაში ქონების თავდაპირველ ფასად გამოსყიდვის უფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის თაობაზე მხარეთა შეთანხმების (დაფარული გარიგების) არსებობის მტკიცება მოსარჩელეს ეკისრებოდა; მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები და დაემტკიცებინა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის გარიგება. ამ გარემოების დამტკიცება შესაძლებელი იყო სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებებით, თუმცა მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამავდროულად, გაურკვეველია თუ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რატომ არ იცის მოსარჩელემ რა თანხა იყო ძირი და რას შეადგენს სარგებლის ოდენობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა თავად გადასცა სადავო უძრავი ქონების გასაღები გ.დ–ს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ მოსარჩელეს მანამდეც ჰქონდა დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით და მას უნდა სცოდნოდა ამ ხელშეკრულების შინაარსი (ს/ტ II, ს/ფ 186-193).

4.3. მოცემულ შემთხვევაში ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მისი წარმომადგენლის მეშვეობით სადავო 07.03.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ჰქონდა იმავე შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობები სხვა პირებთან, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გააზრებული იმ სამართალურთიერთობის შინაარსი, რომელზეც გამოთქვა თანხმობა და მის მიზანს სწორედ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ლ.ნ–ძის მიერ ნ.ნ–ძის სახელზე 10.07.2019წ. გაცემული მინდობილობა რწმუნებულს ანიჭებს მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას, რაც მოიცავს ქონებასთან მიმართებით ნასყიდობის და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების უფლებას. აღსანიშნავია, რომ რწმუნებულებაში არ არის მითითებული ნ.ნ–ძის უფლება, რომ მარწმუნებლის სახელით დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ეს გარემოება თავის მხრივ ამყარებს იმ დასკვნას, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი მოსარჩელეს არ ჰქონია და აღნიშნული მინდობილობის გაცემით მან სწორედ იმ ხელშეკრულების გაფორმებაზე განაცხადა თანხმობა, რაც 07.03.2020 წელს შედგა მხარეთა შორის.

4.4. გარიგების თვალთმაქცურობის მტკიცებისას, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივეს განზრახვას წარმოადგენდა თვალთმაქცური გარიგების დადებით მათ შორის რეალურად არსებული სამართალურთიერთობის გადაფარვა. მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ.დ–ის მიზანსაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა/შვილმა, ნ.ნ–ძემ განმარტა, რომ მყიდველს გადასცა ნასყიდობის ობიექტის - ბინის გასაღები. შესაბამისად დგინდება, რომ გამყიდველმა შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის განსაზღვრული არსებითი პირობა და საკუთრებასთან ერთად, მფლობელობაში გადასცა ნასყიდობის ობიექტი. აღნიშნული უდავო გარემოება ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები შესრულებული აქვთ მხარეებს, კერძოდ გამყიდველს გადაცემული აქვს მყიდველისთვის ქონება, ხოლო მყიდველს გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასური, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მხარეთა შორის რაიმე დაფარული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. პალატა კვლავ განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეები ფარავენ მათ შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებას და ფაქტობრივი ურთიერთობაც ამ დაფარული ხელშეკრულების მიხედვით წარიმართება. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს შესრულებული აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი ვალდებულებები, ხოლო სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მაგალითად საპროცენტო სარგებლის გადახდა, საქმის მასალებიდან არ დგინდება.

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და სწორად დაადგინა, რომ 2020 წლის 7 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხე გ.დ–ს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მათ შორის სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ დაფარულა.

4.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები, რომელიც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2 და 1.3. პუნქტებს. მოსარჩელე მხარეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 07.03.2020წ. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა თავლთმაქცურ გარიგებას, რომლითაც დაფარული იყო მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოსარჩელეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. პუნქტით უარი უთხრა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენილად მიჩნევაზე.

4.7. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციაზე 07.03.2020წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, განმარტა, რომ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.3.1. პუნქტიდან დგინდება, 07.03.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სასამართლომ დააყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, მე-8 და 91-ე მუხლებს და გ.დ–ის არაკეთილსინდისიერი და ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია მისი ზეპირი განმარტება - ის არ არის ქველმოქმედი და უძრავ ქონებას იმის გამო ყიდულობს, რომ დარჩეს მას. ხელშეკრულების დადებამდე ის აკეთებს იმ პირის „დაზვერვას“, ვისთანაც დებს ხელშეკრულებას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ როცა პირი ერთხელ არ გადაიხდის, ორჯერ არ გადაიხდის, სამჯერ არ გადაიხდის თანხას, არც მას გადაუხდის. ის არ მუშაობს „იპოთეკაზე“, რადგან თვლის, რომ თვიურად 3% სარგებელი მისთვის სიმცირის გამო მიუღებელია. იცოდა რომ არ გადაუხდიდა თანხას მოსარჩელე და ბინას „წამოიღებდა“, რაც წარმოადგენდა მის მიზანს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება.

4.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გ.დ–ის განზრახვები სადავო ხელშეკრულების მიმართ არ გამოირჩეოდეს ზეაღმატებული მორალური სტანდარტით, თავად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, სახელშეკრულებო პირობები და ა.შ. არ შეიცავს რაიმე ისეთ არაკეთილსინდისერ ქმედებას მყიდველის მხრიდან, რაც შესაძლოა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო.

4.9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ არ დგინდება ლ.ნ–ძის პირველი სასარჩელო მოთხოვნის - 07.03.2020წ. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის - დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელეს აღარ წარმოეშობა უფლებრივი რესტიტუციის, კერძოდ სადავო ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ აღარ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გ.დ–სა და მ.ჩ–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს 2020 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე, არც ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვინაიდან როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს აღარ აქვს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის მიმართ დაცვის ღირსი ინტერესი.

5. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების, ან საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, სააპელაციო სასამართლოში სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნების მოთხოვნით.

5.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნებს, ვინაიდან იგი ეფუძნება არასრულ და წინააღმდეგობრივ სამართლებრივ ანალიზს, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების არასწორ განმარტებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენების პირობებში, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

5.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი და მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ გამოყენებაზე დაფუძნებული. ვინაიდან: არ არის შესრულებული გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, არ არის შეფასებული საქმისთვის არსებითი გარემოებები, არასწორად არის განმარტებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 91-ე, 56-ე, 115-ე, 477-ე, 509-ე მუხლები და ზნეობის ნორმებთან შეუსაბამობის კრიტერიუმი (სსკ-ის 54-ე მუხლი) გააიგივა სუბიექტურ ვარაუდებთან და მხარის მიერ გამოხატულ შინაგან განზრახვასთან, მაშინ როდესაც სამართლებრივი შეფასების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტურად გამოვლენილი ქცევა და არა პირის შინაგანი მოტივების შეფასება. დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

5.4. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 5.4.1 პუნქტში აღნიშნავს; როგორც წინამდებარე (იგულისხმება პირველი ინსტანციის სასამართლო) გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.3.1. პუნქტიდან დგინდება, 07.03.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სასამართლომ დააყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, მე-8 და 91-ე მუხლებს და გ.დ–ის არაკეთილსინდისიერი და ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია მისი ზეპირი განმარტება - ის არ არის ქველმოქმედი და უძრავ ქონებას იმის გამო ყიდულობს, რომ დარჩეს მას. ხელშეკრულების დადებამდე ის აკეთებს იმ პირის „დაზვერვას“, ვისთანაც დებს ხელშეკრულებას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ როცა პირი ერთხელ არ გადაიხდის, ორჯერ არ გადაიხდის, სამჯერ არ გადაიხდის თანხას, არც მას გადაუხდის. ის არ მუშაობს „იპოთეკაზე“, რადგან თვლის, რომ თვიურად 3% სარგებელი მისთვის სიმცირის გამო მიუღებელია. იცოდა რომ არ გადაუხდიდა თანხას მოსარჩელე და ბინას „წამოიღებდა“, რაც წარმოადგენდა მის მიზანს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის, კასატორის პროცესუალური სტატუსისა და საკასაციო მოთხოვნისა თუ პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა მასსა და გ.დ–ს შორის 07.03.2020 წელს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი თვალთმაქცურობის საფუძვლით, ვინაიდან მხარეთა შორის რეალურად გაფორმებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების განხორციელებაც.

12. სსკ-ის 56-ე მუხლის „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)“ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ-ები. №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382-2018, 25.01.2019წ; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12; №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).

13. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014). ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. (იხ. სუსგ საქმე №ას-1632-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი.

14. თვალთმაქცური გარიგებების თავისებურებიდან გამომდინარე, გაუმართლებელია მოსარჩელეს მოეთხოვოს პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, ვინაიდან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მხარეები ან შეთანხმებულად მოქმედებენ, ან უშვებენ შეცდომას ხელშეკრულების შინაარსისა და გარიგების ტიპის მიმართ და ორივე შემთხვევაში მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის თვალთმაქცურობის საფუძვლით სადავოდ გამხდარ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების ნაკლი უნდა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სადავო ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მიმდინარე მოვლენები და მხარეთა მდგომარეობა.

15. საკასაციო სასამართლო მსგავს საკითხებზე დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით... თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს (შდრ: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474 455-2016 განჩინება). ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის №ას-487-461-2015 განჩინება). თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მტკიცების ტვირთი კი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-1382-2020 განჩინება).

16. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

17. სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვა არის გამყიდველის უფლება და არა ვალდებულება. გამოსყიდვის ხელშეკრულებით, გამყიდველი აღჭურვილია უფლებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი (შდრ: ს. ჩაჩავა, სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის ონლაინ კომენტარი, www.gccc.ge, ველი1.) გამოსყიდვის ხელშეკრულება, მსგავსად უზრუნველმყოფი საკუთრებისა, შესაძლოა განვიხილოთ კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად, თუ თავად ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით ადგილი არ აქვს კანონისთვის გვერდის ავლას (იხ. ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012წ, გვ. 266). პრაქტიკაში ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხარეთა მიზანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების დადება, ნასყიდობა გამოსყიდვის სამართლებრივი კონსტრუქციით, რა დროსაც ნასყიდობის ფასს სესხის თანხა წარმოადგენს ხოლო უზრუნველმყოფი ობიექტი ნასყიდობის საგანია. როგორც წესი ე.წ გაყიდული ნივთი რჩება მყიდველის მფლობელობაში, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე (იხ. თამარ შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, თბილისი, 2011 წ, გვ.198.). (იხ სუსგ საქმე №ას-1311-2023, 25 იანვარი, 20 2024 წელი).

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და შეფასებას და განმარტავს, რომ 2020 წლის 7 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხე გ.დ–ს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მათ შორის სესხის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ დაფარულა.

19. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების შეფასებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს მისი წარმომადგენლის მეშვეობით სადავო 07.03.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ჰქონდა იმავე შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობები სხვა პირებთან, შესაბამისად უდავოა, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გააზრებული იმ სამართალურთიერთობის შინაარსი, რომელზეც გამოთქვა თანხმობა და მის მიზანს სწორედ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების თვალთმაქცურობის მტკიცებისას, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივეს განზრახვას წარმოადგენდა თვალთმაქცური გარიგების დადებით მათ შორის რეალურად არსებული სამართალურთიერთობის გადაფარვა. მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ.დ–ის მიზანსაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა/შვილმა, ნ.ნ–ძემ განმარტა, რომ მყიდველს გადასცა ნასყიდობის ობიექტის - ბინის გასაღები. შესაბამისად დგინდება, რომ გამყიდველმა შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის განსაზღვრული არსებითი პირობა და საკუთრებასთან ერთად, მფლობელობაში გადასცა ნასყიდობის ობიექტი. აღნიშნული უდავო გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები შესრულებული აქვთ მხარეებს, კერძოდ გამყიდველს გადაცემული აქვს მყიდველისთვის ქონება, ხოლო მყიდველს გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასური, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მხარეთა შორის რაიმე დაფარული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.

21. დადგენილია, რომ წინასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელეს ესაჭიროებოდა თანხა უძრავი ქონების გამოსასყიდად და ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორსაც თავად წარმოადგენდა. ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმდა ნასყიდობის საფასური, დადგინდა გამოსყიდვის უფლება და განისაზღვრა 6 თვიანი ვადა ამ უფლების განსახორციელებლად. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ გამოუთქვამს პრეტენზია სახელშეკრულებო პირობების ზნეობის ნორმებთან შეუსაბამობის თაობაზე. გამყიდველს/მოსარჩელეს ჰქონდა ვადა გამოსყიდვის უფლების განხორციელებისთვის და უდავოა, რომ ამ ვადის ფარგლებში მას ამ უფლებით არ უსარგებლია. შესაბამისად ის გარემოება, რომ გ.დ–ს სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას საკუთარი „გათვლები“ ჰქონდა ვერ აქცევს კანონიერად გაფორმებულ ხელშეკრულებას ბათილად.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას სრულად იზიარებს, გ.დ–ის განზრახვების შესახებ სადავო ხელშეკრულების მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს სასურველი მორალური სტანდარტის ქცევას, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

23. საკასაციო სასამართლო შეჯამების სახით განმარტავს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები, კასატორის სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობა არარელევანტურია.

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №46410977406, გადახდის თარიღი 09.05.2026) 4700.33 ლარის 70% - 3 290.23 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია