გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-994-2026 3 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – ს.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს.გ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 14 ნოემბრის #552........ საბანკო კრედიტის საფუძველზე არსებული დავალიანების - 2 515,77 ლარის ანაზღაურება. კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდა 2019 წლის 14 ნოემბრის #552......... ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილის BMW-X5 4.4. სახელმწიფო ნომრით ......... აუქციონზე რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით ს.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ს.გ–ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ს.გ–ძის სასრჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა „ს.გ–ძის მიერ შესრულებულად ჩაითვალოს ს.გ–ძესა და სს „ს.ბ–ს“ შორის 2019 წლის 14 ნოემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #552........; გაუქმდეს 2019 წლის 14 ნოემბრის #552.......... საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი და მის საფუძველზე გადასახდელი თანხა შემდეგ პერიოდზე: 14/12/2023-დან 14/08/2024-ის ჩათვლით, ჯამში 4023.72 ლარის ოდენობით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს.გ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 14 ნოემბრის #552.38......... საბანკო კრედიტის საფუძველზე არსებული დავალიანების - 2 515,77 ლარის ანაზღაურება, ამდენად, აპელანტი ს.გ–ძე სადავო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს (4023-2515.77=1805.77) 1 507,95 (ათასხუთას შვიდი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ნაწილში.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1 507.95 ლარს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
12. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით როგორც კერძო საჩივრის ავტორმა, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარემ. კერძო საჩივრის ავტორის სასარჩელო მოთხოვნაა - „ს.გ–ძის მიერ შესრულებულად ჩაითვალოს ს.გ–ძესა და სს „ს.ბ–ს“ შორის 2019 წლის 14 ნოემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #552.......; გაუქმდეს 2019 წლის 14 ნოემბრის #552....... საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი და მის საფუძველზე გადასახდელი თანხა შემდეგ პერიოდზე: 14/12/2023-დან 14/08/2024-ის ჩათვლით, ჯამში 4 023.72 ლარის ოდენობით;“, ხოლო, სს „ს.ბ–ი“ ითხოვდა - „ს.გ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 14 ნოემბრის #552......... საბანკო კრედიტის საფუძველზე არსებული დავალიანების- 4321.54 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა- 3120.42 ლარი, დარიცხული პროცენტი - 445.98 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 475.14 ლარი. კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს 2019 წლის 14 ნოემბრის #552........... ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილის BMW-X5 4.4. სახელმწიფო ნომრით ....... აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.“
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მხარეთა სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.გ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 14 ნოემბრის #552.3826405.001 საბანკო კრედიტის საფუძველზე არსებული დავალიანების - 2 515,77 ლარის ანაზღაურება. კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდა 2019 წლის 14 ნოემბრის #552.3826405.001 ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილის BMW-X5 4.4. სახელმწიფო ნომრით ...... აუქციონზე რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, რაც ასახულია აგრეთვე გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, კერძო საჩივრის ავტორს დაეკისრა 2 515.77 ლარის გადახდა, ხოლო, 1 507.95 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 2 515.77 ლარს, რაც აღემატება, სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას (სსსკ-ის 365–ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ–სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.).
16. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.გ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინება, და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია