უარი ეთქვა

სამოქალაქო 03.09.2026
საქმის ნომერი
ა-4151-გან-15-2026
კატეგორია
დავის ტიპი
განმარტება
თარიღი
03.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

Nა-4151-გან-15-2026 03 სექტემბერი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თ.გ–იას წარმომადგენელი ლ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ–ძე (ა–ი)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საპროცესო საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.თ–ძემ (სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი გვარი იყო ა–ი) სარჩელი აღძრა ს.ფ–ას, რ.ჩ–ვას და თ.გ–იას (შემდეგში - მოპასუხეები) მიმართ ქ.ფოთში, ..........., ........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ 14.12.2016წ., სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელეა რეგისტრირებული, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 20.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2025წ. განჩინებით, რომლითაც თ.გ–იას და ს.ფ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2025წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს.ფ–ამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ს.ფ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინებით:

8.1.ს.ფ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.2.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.ა–ძემ, როგორც ერთ-ერთი თავდაპირველი მოპასუხე თ.გ–იას წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

10. განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 20.07.2017წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ს.ფ–ას და თ.გ–იას უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვილი იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეს გადაეცა, საკასაციო საჩივრით ს.ფ–ამ გაასაჩივრა. ს.ფ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გაურკვევლია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა მხოლოდ კასატორ ს.ფ–ას ნაწილში თუ თ.გ–იას ნაწილშიც. აღნიშნულზე მითითებით მოითხოვს განიმარტოს, გაუქმდა თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ.გ–იას ნაწილშიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

13. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შდრ. ს.უ.ს.გ: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.)

14. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას იმ საფუძვლით, რომ განისაზღვროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხოლოდ კასატორ ს.ფ–ას ნაწილში გაუქმდა თუ ერთ-ერთი თავდაპირველი მოპასუხე თ.გ–იას ნაწილშიც.

15. საკასაციო პალატის მოსაზრებით ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება მხოლოდ ს.ფ–ას მიერ გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით და სწორედ მისი საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დამდგარი იურიდიული შედეგი („ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს“) კასატორ ს.ფ–ას შეეხება.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მკაფიოდ არის ასახული, თუ ვის მიემართება განჩინებით დამდგარი იურიდიული შედეგი, რაც გამორიცხავს სარეზოლუციო ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანების არსებობის საფუძვლით მისი განმარტების წინაპირობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–იას წარმომადგენელის ლ.ა–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე