დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.07.2026
საქმის ნომერი
ას-629-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 ივლისი, 2026 წელი,საქმე #ას-629-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ს–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ნი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მ.შ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ს–ნი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე ა.კ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საჯარო გზასთან კავშირის დაკარგვა მოსარჩელის თვითნებური მოქმედებით არ მომხდარა და სახეზეა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მორიგების პირობაზე რომლის მიხედვით, იგი თანახმა იყო მოწინააღმდეგე მხარისთვის აენაზღაურებინა შექმნილი დისკომფორტი, უარი განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და უნდა გაუქმდეს (დეტალურად იხ.საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისში, ...... მდებარე 1032 კვ. მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ს/კ-ით #........., თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა.კ–ნის (1/4 ნაწილი), ვ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მამა, 1/4 ნაწილი), ა.ს–ისა (1/4 ნაწილი) და პ.გ–ძის (ნაგებობა N5 (ლიტ. „მ“) საერთო ფართით 230.94 კვ.მ)) სახელზე.

4.4. 2010 წლის 15 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, 158 კმ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები N1 და N2, ს/კ-ით #......., მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრებად დარეგისტრირდა.

4.5. იმავე 2010 წლის 15 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, 120 კმ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები N1, N2 და N3, ს/კ-ით #........., მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.

4.5.1. თბილისში, .......... მდებარე უძრავ ქონებას ს/კ-ით #......... მისამართი შეცვალა და უძრავი ქონების ახალი მისამართია - თბილისი, .......... (იხ. საჯარო რეესტრის 2024 წლის ამონაწერი).

4.6. #.......... და #.......... მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს, მხარეები ამჟამად მითითებულ უძრავ ნივთებში არ ცხოვრობენ.

4.7. მამკვიდრებელმა უძრავი ნივთის რომლის საკადასტრო კოდია #........, საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ნაწილი (შენობა-ნაგებობა N1-ის 1/3 ნაწილი), 2010 წლის 31 აგვისტოს გარიგებით ე.ხ–ძეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ ნივთის მესაკუთრედ.

4.7.1. მამკვიდრებლის საკუთრებაში დარჩა - შენობა-ნაგებობა #1-ის 2/3 ნაწილი და #2 ნაგებობა.

4.7.2. შესაბამისად, თბილისში, ......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #........, რეგისტრირებული იყო თანასაკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: მამკვიდრებლის საკუთრებაში ირიცხებოდა შენობა-ნაგებობა #1-ის 2/3 ნაწილი და #2 ნაგებობა, ხოლო ე.ხ–ძის სახელზე შენობა-ნაგებობა #1-დან 64.55 კვ.მ და #2-დან 3.91 კვ. მ.

4.8. 2012 წლის 29 თებერვალს ე.ხ–ძემ უძრავ ქონებაში ს/კ-ით #........, კუთვნილი წილი მ.შ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) აჩუქა და შენობა-ნაგებობა #1-დან 64.55 კვ.მ-სა და #2-დან 3.91 კვ.მ-ს მესაკუთრედ ეს უკანასკნელი აღირიცხა.

4.9. 2020 წლის 18 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თბილისში, ............ (ს/კ-ით N............), მდებარე მამკვიდრებლის დანაშთი ქონების თანამესაკუთრეებად მოსარჩელე და ბ.ხ–ანი (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებლის მემკვიდრეები) დარეგისტრირდნენ.

4.10. თბილისში, .......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #.........., რეგისტრირებულია მამკვიდრებლის მემკვიდრეებისა და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით მონაწილე სუბიექტის თანასაკუთრების უფლება შემდეგი წილობრივი მონაცემებით: მემკვიდრეების თანასაკუთრებაშია შენობა-ნაგებობა #1-ის 2/3 ნაწილი და #2 ნაგებობა, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი შენობა-ნაგებობა #1-დან 64.55 კვ.მ-სა და #2-დან 3.91 კვ.მ-ს მესაკუთრეა.

4.11. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 7 თებერვლის #000769424 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნის მიხედვით, თბილისში, ............. მდებარე უძრავ ქონებას ს/კ-ით #..........., გააჩნია კავშირი საჯარო გზასთან, კერძოდ, ........... ქუჩასთან. თუმცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს არ გააჩნია პირდაპირი კავშირი საჯარო გზასთან სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე. მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართს, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ესაზღვრება შენობები, ხოლო მის ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ #........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით.

4.12. მოპასუხემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 9 სექტემბრის #005322724 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვით, თბილისში, ........... ქუჩა #2-ში მდებარე უძრავ ქონებას ს/კ-ით #.........., გააჩნია კავშირი საჯარო გზასთან, კერძოდ, ........... ქუჩასთან. თუმცა, მამკვიდრებლის მემკვიდრეების ფაქტობრივად დაკავებულ ფართს საჯარო გზასთან კავშირი არ აქვს.

4.12.1. მემკვიდრეების ფაქტობრივად დაკავებული ფართი #.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სამხრეთ ნაწილში არსებული #2 და #1 შენობის სამხრეთ ნაწილში არსებულ ტერიტორიაა (რომელიც ყვითლადაა მონიშნული დანართ N7-ზე), სადაც მოხვედრა დღეის მონაცემებით, მხოლოდ ........... ქუჩიდან #........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოპასუხის კუთვნილი განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გავლითაა შესაძლებელი (იხ. დანართი N7). #1 შენობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია საცხოვრებელი ფართები, რომელიც სხვა მოსარგებლეების ფაქტობრივ მფლობელობაშია, იქ მოხვედრა კი, მხოლოდ ........... ქუჩიდანაა შესაძლებელი. მამკვიდრებლის მემკვიდრეების ფაქტობრივად დაკავებულ ფართებსა და სხვა მესაკუთრეების მიერ დაკავებულ ნივთზე ფიქსირდება დამაკავშირებელი კარის ღიობი, რომელიც ამოქოლილია და გადის საცხოვრებელ ოთახებზე (იხ. ფოტო N6, N7, N18, N19).

4.12.2. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა განმარტა, რომ დასკვნაში უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობაზე იმსჯელა და მუშაობისას მხარეთა საკუთრება არ გამოუკვლევია. დასკვნის მომზადებისას მოსარჩელეს #1 შენობის სამხრეთ ნაწილში მდებარე შენობის ნაწილი და #2 შენობა ეკავა. ........... ქუჩა #1 შენობის იმ ნაწილს ესაზღვრებოდა, რომელსაც მოსარჩელე არ ფლობდა, მფლობელი უცნობია. მოსარჩელემ გზაზე გასასვლელად ან სხვის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ოთხი ოთახი ან მოპასუხის მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს.

4.13. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 2 აპრილის #1814702 ბრძანების მიხედვით, თბილისში, ნაძალადევში, ........... ქუჩა #2-ში, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ-ით #........) ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა.

4.13.1. დამკვეთები არიან - საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირი და მამკვიდრებელი.

4.14. სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2010 წლის აგვისტოში მიწის ნაკვეთის (ს/კ-ით #.........) ნაწილი, გაიყიდა. გასხვისებულ ნაწილში, ........... ქუჩა #2-ის საზღვარზე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა კაპიტალური შენობა აღმართა, რომელიც 2015 წელს დაპროექტდა. აღნიშნული ქუჩიდან შესაძლებელია შესვლა ახალ აშენებულ სახლში. მანამდე კი, ამ მხრიდან უძრავ ქონებას საჯარო გზასთან კავშირი არ ჰქონდა (იხ. 03.11.2025 წლის სხდომის ოქმი).

4.15. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ-ით #..........., საჯარო გზასთან კავშირი აქვს (იხ. 2026 წლის 5 მარტის განცხადება).

4.16. საჯარო გზასთან დამაკავშირებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის თანასაკუთრებაა.

4.17. თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი მესაკუთრეებს შორის ნატურით გაყოფილი არ არის. ისინი ფლობენ იდეალურ წილს და ახორციელებენ ქონების ფაქტობრივ ფლობას.

5. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო- ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), მუხლი რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. სუსგ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ). აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (შდრ. სუსგ. №ას-45-2021, 22.04.2021წ.; საქმე №ას-1238-202, 22.03.2022წ.).

6. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სსკ-ის 170.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (შდრ. სუსგ. №ას-86-2022, 05.05.2022 წ.)

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170.1 მუხლი). სსკ-ის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სახეზეა, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვა. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სრულფასოვანი სამანქანე გზაც.

8. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმია. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზასთან და ა.შ. (შდრ. სუსგ. 26.10.2018წ. საქმე №ას-139-131-2018).

9. სსკ-ის 180-ე მუხლით, სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერი (არასახელშეკრულებო) შესაძლებლობაა, მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი, იხ. სუსგ, #ას-1549-2018, 25.01.2019წ) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.: №ას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; №1416-1548-04 21.04.2005წ.; საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.).

10. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება სამართლებრივი კონფლიქტი.

აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus №ecessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენაა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).

11. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ. №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30), შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).

13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისთვის სასურველი გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

13.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

13.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

13.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ.

ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

14. მოსარჩელის მტკიცებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ალტერნატიული გზა ნივთის ნაწილის გასხვისებამდეც არ ჰქონდა და საჯარო გზას ყოველთვის მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით უკავშირდებოდა.

15. მოპასუხე სარჩელის უარყოფის საფუძვლად საკუთარი ქონების მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენების თმენის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებაზე მიუთითებდა, კერძოდ, მისი მტკიცებით, მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა საკუთარი უძრავი ქონების ნაწილის გაყიდვის შედეგად, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ-ით #........... ალტერნატიული კავშირი საჯარო გზასთან გააჩნია და ამისათვის მისი კუთვნილი ნაკვეთის გამოყენება არაა აუცილებელი.

16. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლივად მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რისი გაანალიზების შედეგად გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:

თბილისში, ........... ქუჩა #2-ში მდებარე 1032 კვ. მ დაზუსტებული ფართობის მქომე სახლთმფლობელობა მასზედ არსებული შენობა-ნაგებობებით ს/კ-ით #......... თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა.კ–ნის (1/4 ნაწილი), მამკვიდრებლის (1/4 ნაწილი), ა.ს–ისა (1/4 ნაწილი) და პ.გ–ძის (ნაგებობა N5 (ლიტ. „მ“) საერთო ფართით 230.94 კვ.მ)) სახელზე.

2010 წლის 15 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, 158 კმ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით #1 და #2, ს/კ-ით #..........., მამკვიდრებლის საკუთრებად დარეგისტრირდა.

2010 წლის 15 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე კი, 120 კმ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით #1, #2 და #3, ს/კ-ით #............, მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.

#........... და #................. მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს, მხარეები ამჟამად მითითებულ უძრავ ქონებაში არ ცხოვრობენ.

მამკვიდრებელმა უძრავი ნივთის (ქონების საკადასტრო კოდია ...........) ნაწილი, კერძოდ, შენობა-ნაგებობა #1-დან 1/3 ნაწილი, რომელსაც საჯარო გზასთან ჰქონდა კავშირი, 2010 წლის 31 აგვისტოს გარიგებით ე.ხ–ძეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ ნივთის მესაკუთრედ.

2012 წლის 29 თებერვალს ე.ხ–ძემ კუთვნილი უძრავი ნივთი საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ მესამე პირს აჩუქა და შენობა-ნაგებობა #1 დან 64.55 კვ.მ-სა და #2-დან 3.91 კვ.მ-ს მესაკუთრედ ეს უკანასკნელი აღირიცხა.

საჯარო გზასთან დამაკავშირებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მონაწილე მესამე პირის თანასაკუთრებაა.

თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი მესაკუთრეებს შორის ნატურით გაყოფილი არ არის. ისინი ფლობენ იდეალურ წილს და მასზე ახორციელებენ ფაქტობრივ ფლობას.

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ-ით #..........., საჯარო გზასთან კავშირი აქვს (იხ. 2026 წლის 5 მარტის განცხადება).

17. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს საქმეზე დადგენილ და არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მამამ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა #1-ის 1/3 ნაწილი, რომელსაც საჯარო გზასთან კავშირი გააჩნდა, 2010 წლის 31 აგვისტოს გარიგებით თავად გაასხვისა.

ასევე საყურადღებოა, რომ საჯარო გზასთან კავშირის მქონე მიწის ნაკვეთი მოსარჩელისა და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით მონაწილის თანასაკუთრებაა, მათ შორის ნივთი ნატურით გაყოფილი არ არის, ისინი ფლობენ ქონების იდეალურ წილს და ახორციელებენ ფაქტობრივ ფლობას.

აღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად გამომდინარეობს ერთადერთი დასკვნა - მოსარჩელემ საჯარო გზასთან კავშირი საკუთარი ნებით შეიზღუდა და მეორეს მხრივ სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელისათვის საჯარო გზასთან ერთადერთი და უალტერნატივო კავშირის საშუალებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სრულადაა გასაზიარებელი გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ ვერ წარმოეშვება და მოპასუხის საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ. №ას-1586-2023, 07.03. 2024 წ).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.დ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1781517308, გადახდის თარიღი 15.06.2026წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ს–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ს–ნს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გ.დ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1781517308, გადახდის თარიღი 15.06.2026წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია