დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
23 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-220 -2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმე– გარეშე
კასატორი - შპს „დ....“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ.ქ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ....“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი კასატორი, მენარდე ან შემსრულებელი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „რ.ქ.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დამკვეთი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს - 40 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მათი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის - 665 139 ლარის დაკისრების უარყოფის ნაწილში ასევე დარჩა ძალაში, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების აშკარა დარღვევით; არასწორად დაადგინა რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ ექვემდებარება დადასტურებას.
1.2. გარდა დასახელებულისა, კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებით, უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი საქმეში მესამე პირად შპს „ვ.პ–ას“ ჩართვაზე (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელესა და შპს „ე–ს“ (ს/ნ ........., სახელწოდება 15/03/2022 წლიდან - შპს ,,რ.ქ.მ–ი“) შორის 2019-2021 წლებში არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, მენარდე დამკვეთის დავალებით თბილისში, ........., "ვ.პ–ას" მიწისქვეშა სართულების გამაგრებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებდა, დამკვეთის მასალით.
4.4. საქმეში დაცულ საგადასახადო-ანგარიშფაქტურებში, რომლებიც შესრულებულ სამუშაოს ასახავს, მითითებული თანხები ჯამურად - 1 375 200 ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელე აცხადებდა, რომ მის მიერ განხორციელებული 2 160 339 ლარის სამუშაოებიდან მოპასუხემ - 1 455 200 ლარი აანაზღაურა.
4.5. 2019 წლის 31 დეკემბერის მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მიღება -ჩაბარების აქტისა და შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის (ფორმა N2) მიხედვით, თბილისში, .......... მდებარე „ვ.პ–ას“ შენობაში - 527 200 ლარის, 2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესრულებული სამუშაოს ხარჯთარღიცხვით (ფორმა N2) - 908 000 ლარის, ხოლო 2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესრულებული სამუშაოს ხარჯთარღიცხვის (ფორმა N2) თანახმად - 685 139 ლარის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებია შესრულებული.
4.6. მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა საბოლოო დოკუმენტი არ არის, კერძოდ, მოსარჩელე საზოგადოების ბუღალტერმა მოპასუხის წარმომადგენლს ელექტრონულ ფოსტაზე მიღება-ჩაბარების აქტები გადაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებდა (იხ. ელექტრონული წერილები).
4.7. მიღება-ჩაბარების აქტებში და შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვაში (ფორმა N2) მითითებული თანხები ჯამურად - 2 120 339 ლარია, საიდანაც როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა, მხარემ - 1 455 200 ლარი აანაზღაურა.
4.8. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით გაწეული სამუშაოების მოცულობა და ხარისხია დადასტურებული (რაც სადავო არ არ არის). შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი, არ დასტურდება (იხ. დასკვნა).
4.9. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა - 40 000 ლარის ხარაჩო, კომპლექტში.
4.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დამკვეთმა აანაზღაურა - 40 000 ლარი და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში ცნო.
4.11. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
5. ამავდროულად, სადავოა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გააჩნია ასანაზღაურებელი დავალიანება. მოპასუხე, მათ შორის სამართალურთიერთობის არსებობას არ უარყოფს, თუმცა განმარტავს, რომ ვალდებულება სრულად შეასრულა.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.
6.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
6.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
6.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა - 40 000 ლარის ხარაჩო, კომპლექტში, რომლის ღირებულებაც მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს.
8. სასაქონლო ზედნადების სამართლებრივი ბუნებისა და მისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლს, რომლითაც საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის NII-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/ გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
9. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძე–ას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მითითებული საჯარო-სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-19-19-2018, 8 თებერვალი, 2021 წელი). სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს (შდრ. სუსგ საქმე №ას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
10. ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით ზედნადების მე-5 და მე-7 სვეტებში იწერება საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი და საქონლის ფასი; ზედნადების მე-15 სტრიქონში მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის (მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
11. „სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს“, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ „სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიწოდების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და საქონლის მოწოდების თაობაზე სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა დაედოს საფუძვლად“.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა - 40 000 ლარის ხარაჩო კომპლექტში (იხ. 2021 წლის 17 ივლისის სასაქონლო ზედნადები).
13. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დამკვეთმა აანაზღაურა - 40 000 ლარი და სააპელაციო საჩივარიც ამ ნაწილში ცნო.
14. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 17 ივლისის სასაქონლო ზედნადებით, მხოლოდ ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა - 40 000 ლარის ღირებულების ხარაჩო კომპლექტში, რომლის ღირებულებაც მოპასუხეს გადახდილი აქვს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის -665 139 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი. დასახელებული საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებას, რომელიც შეეხება ორივე მხარისთვის უდავო კატეგორიის საგადასახადო-ანგარიშფაქტურებში მითითებულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას (1 375 200 ლარი) და დამკვეთის მიერ გადახდილი თანხის (1 455 200 ლარი) თანაფარდობას, საიდანაც ცხადია, რომ მოპასუხის ვალდებულება შესრულებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხისთვის დამატებით გადაგზავნილი ფინანსური დოკუმენტები თავად მოსარჩელე მხარის მხრიდან დახასიათდა დაუზუსტებელი შინაარსის მქონე მტკიცებულებებად და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მათი გათვალისწინება სრული მოცულობით კანონიერად არ განხორციელდა.
15. კასატორი ასევე ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებას რომლითაც, უარი ეთქვათ საქმეში მესამე პირად შპს „ვ.პ–ას“ ჩართვაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს განჩინების მოტივაციას და განმარტავს, რომ მესამე პირის ჩაბმა საქმეში, რომელსაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ გააჩნია, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურულ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში მხარეთა სამართლებრივი ინტერესების სრულ დაცვას. თუმცა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მხარის სუბიექტური დაინტერესების საფუძველზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ საქმის განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მესამე პირის სამართლებრივ უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა; ამასთან, კასატორს მსგავსი რელევანტური არგუმენტი არც საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია და საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 422-ე და 90-ე მუხლების საფუძველზე, საქმეში შპს „ვ.პ–ას“ მესამე პირად ჩართვაზე კასატორს სწორად ეთქვა უარი.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის, 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.... - ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „დ....“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის, 30%-ის -2400 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია