დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
01 სექტემბერი 2026 წელი
საქმე №ა-3802-შ-125-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ი.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №176 F 8157/14)
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №176 F 8157/14), ი.ჯ–სა (დაბადების თარიღი: 24.04.1972წ.; პ/ნ ..........; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: ..........., 12043 ბერლინი) და მ.კ–ს (დაბადების თარიღი: 08.06.1975წ.; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: კოტბუსერ დამ 101, 10967 ბერლინი) შორის შეწყდა 2005 წლის 14 სექტემბერს, საქართველოში/თბილისში რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მეუღლეთა საპენსიო უფლებების შიდა გაყოფისა და საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხები.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 10 ნოემბრიდან.
3. 2026 წლის 29 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ი.ჯ–ის შუამდგომლობა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №176 F 8157/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №176 F 8157/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი.ჯ–სა (დაბადების თარიღი: 24.04.1972წ.; პ/ნ .........; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: ............., 12043 ბერლინი) და მ.კ–ს (დაბადების თარიღი: 08.06.1975წ.; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: კოტბუსერ დამ 101, 10967 ბერლინი) შორის შეწყდა 2005 წლის 14 სექტემბერს, საქართველოში/თბილისში რეგისტრირებული ქორწინება. საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 10 ნოემბრიდან.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა. წინამდებარე შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული ნორმა ადგენს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციას, თუმცა მას განსაკუთრებულ ხასიათს არ ანიჭებს და იმავე საქმეზე უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციას არ გამორიცხავს.
9. წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არცერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძველს განაპირობებდა, რაც გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №176 F 8157/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
10. ცნობის ფარგლებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორის სამართლებრივი ინტერესი უკავშირდება მისი სამოქალაქო მდგომარეობის განსაზღვრასა და ქორწინების შეწყვეტის ფაქტის საქართველოს სამოქალაქო აქტების რეესტრში ასახვას. საცნობი გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება გერმანიის საპენსიო დაზღვევაში არსებული საპენსიო უფლებების შიდა გაყოფასა და საპროცესო ხარჯების განაწილებას, სამართლებრივ შედეგებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპენსიო დაზღვევის სისტემაში წარმოშობს და მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის სამართლებრივი ინტერესი არ იკვეთება. შესაბამისად, ცნობას ექვემდებარება გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების ნაწილში.
11. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ჯ–ის შუამდგომლობა გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №176 F 8157/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №176 F 8157/14) მეუღლეთა განქორწინების ნაწილში, რომლითაც ი.ჯ–ს (დაბადების თარიღი: 24.04.1972წ.; პ/ნ .........; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: ..........., 12043 ბერლინი) და მ.კ–ს (დაბადების თარიღი: 08.06.1975წ.; გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართი: .........., 10967 ბერლინი) შორის შეწყდა 2005 წლის 14 სექტემბერს, საქართველოში/თბილისში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი