დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nას-729-2025
25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ.ა „დ....“ თავმჯდომარე გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.კ–ძე, რ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი.ბ.ა. “დ....”-მა სარჩელის მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 30 ივნისს, ი.ბ.ა „დ....“-ის თავმჯდომარის - გ.გ–ძის წარმომადგენელ შ.კ–ძესა და ნ.კ–ძეს შორის ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 140673122), როგორც თვალთმაქცური გარიგება და აღდგეს მხარეთა შორის სასესხო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ნ.კ–ძესა და ი.ბ.ა „დ....“-ს შორის 45 000 აშშ დოლარზე, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 3% სარგებლის დარიცხვის პირობით.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის 2022 წლის 21 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი: 123,81 კვ.მ., ს/კ: ........., როგორც მოჩვენებითი გარიგება.
1.3. სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართით: 123,81 კვ.მ., ს/კ: .........., საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ი.ბ.ა „დ....“-ის სახელზე და ნ.კ–ძესა და ი.ბ.ა „დ....“-ს შორის აღდგეს სასესხო ურთიერთობა შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა: 38 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 3% სარგებლის დარიცხვის პირობით, რაც შეადგენს 6 840 აშშ დოლარს, რომლის სარგებელიც წინასწარ იქნა დარიცხული ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ თანხაში, რომელსაც დარიცხული აქვს ჯარიმა 160 აშშ დოლარი, ხოლო საბოლოო ჯამში შეადგენს 45 000 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხეებმა წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. მოპასუხის შეგებებული სარჩელი
2024 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა რ.კ–ძემ იბა „დ....“-ის მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ი.ბ.ა „დ....-ის“ სარჩელი რ.კ–ძისა და ნ.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა; რ.კ–ძის შეგებებული სარჩელი ი.ბ.ა „დ....-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; ი.ბ.ა „დ....“-ს რ.კ–ძისა და ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1193,94 ლარის ოდენობით; 4. გაუქმდა 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე რ.კ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ..........., სადარბაზო III, ბინა N89, საკადასტრო კოდი: ........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
5.2.1. 2010 წლის 14 დეკემბერს, თ.ჯ–სა და ნ.კ–ძეს შორის დაიდო წილის უფლების დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, თ.ჯ–მა თავისი კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის კუთვნილ, ქ. თბილისში, .......... მდებარე კორპუსში, დაუთმო ნ.კ–ძეს.
5.2.2. ხელშეკრულების 1.1. ქვეპუნქტის თანახმად, წილის უფლების მიმღებმა მიიღო ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის კუთვნილ, ქ. თბილისში, .......... მდებარე კორპუსში საერთო ფართიდან - 150 კვ.მ.-დან 134 კვ.მ. ფართზე წილის უფლების დამთმობის კუთვნილი წილი, ხოლო, დარჩენილი ფართი - 16 კვ.მ. დარჩა თ.ჯ–ის საკუთრებაში.
5.2.3. ხელშეკრულის 2.1. ქვეპუნქტის თანახმად, დასათმობი წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებულია 42 000 აშშ დოლარად, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენს 74 142,60 ლარს (იხ. სანოტარო აქტი წილის უფლების დათმობის შესახებ, ს.ფ. 199-202).
5.2.4. 2014 წლის 30 ივნისს, ი.ბ.ა „დ....“-ის თავმჯდომარე გ.გ–ძის მინდობილ პირს - შ.კ–ძესა და ნ.კ–ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით.
5.2.5. ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტის მიხედვით, გამყიდველი N110534800 27/05/2011 წლის ხელშეკრულებით არსებული დავალიანების გაქვითვის სანაცვლოდ, ფართის მყიდველს გადასცემს უფლებას ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ.......“-ის მშენებარე კორპუსში, მდებარე: ქ. თბილისი, ........., მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, საპროექტო დოკუმენტაციის გათვალისწინებულ N89 ბინაზე, ფართით 123,81 კვ.მ. ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, 3.1. ქვეპუნქტით, ფართის გამყიდველი ვალდებულია ფართის მყიდველს გადასცეს უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, ......... მშენებარე, მე-3 სართულზე, მე-3 სადარბაზოს მე- სართულზე საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული N89 ფართზე; 3.2. ქვეპუნქტით, ფართის გამყიდველი ვალდებულია ექვსი თვის ვადაში ფართის მყიდველს დაუბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და გამოისყიდოს ფართი, ხოლო, 3.3. ქვეპუნქტის თანახმად, ბინის მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ფართის გამყიდველის მიერ თანხის გადახდის შემთხვევაში მას დაუბრუნოს უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბინაზე. ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტის თანახმად, გარიგება მხარეთა მიერ შეფასებულია 45 000 აშშ დოლარად, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. 4.2. ქვეპუნქტის მიხედვით, 45 000 აშშ დოლარი ფართის მყიდველმა - ნ.კ–ძემ ფართის გამყიდველს გადასცა N110534800 27/05/2011 წლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი (მშენებარე) 123,81 კვ.მ., ს/კ: .........., 30/06/2014 წლის ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ნ.კ–ძის საკუთრებაში ( იხ. ს.ფ. 24-28);
5.2.6. რ.კ–ძის მიერ 02.02.2018 წელს შედგენილია ხელწერილი: „მე რ.კ–ძე ........., ვალდებულებას ვიღებ გავაუქმო ჩემსა და გ.გ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულება ი.ბ. შ–ი „2006“ წილის ნასყიდობაზე 80 კვმ და სამომავლოდ არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არ მექნება.“ (იხ. ს.ფ. 94);
5.2.7. 2022 წლის 21 თებერვალს, ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა- რ.კ–ძემ, შეიძინა გამყიდველის -ნ.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი 123,81 კვ.მ., ს/კ: ........... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი (მშენებარე) 123,81 კვ.მ., ს/კ: ........., 21/02/2022 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა რ.კ–ძის საკუთრებაში (იხ: ს.ფ. 34- 37);
5.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, (გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის ხელშეკრულების დადებულად აღიარება და სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების დაბრუნება) გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილიდან; 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და 979.1 მუხლიდან; ხოლო მოთხოვნა 2022 წლის 21 თებერვალს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე კი, 56.1 მუხლიდან გამომდინარეობს.
5.4. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თავისებურებაზე.. სსკ-ის 509-ე მუხლის მიხედვით თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლით გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
5.5. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების საფუძვლად მოსარჩელე იმ გარემოებაზე უთითებს, რომ სადავო 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით, თვალთმაქცური ხასიათის იყო, რადგან რეალურად მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და არა ფორმალურად გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე მოითხოვს გაუქმდეს 2024 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის ბათილად იქნეს ცნობილი ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება გაფორმებული 2014 წლის 30 ივნისს, დამოწმებული ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 30.06.2014 - სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N140673122 დადებული ი.ბ.ა „დ.......“-ის თავმჯდომარის გ.გ–ძის წარმომადგენელ შ.კ–ძესა და ნ.კ–ძეს შორის, როგორც თვალთმაქცური გარიგება და აღდგეს მხარეთა შორის გაფორმებული რეალური ხელშეკრულება, ანუ სასესხო ურთიერთობა ნ.კ–ძესა და იბა „დ...“-ს შორის 45000 აშშ დოლარზე ექვსი თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი ..........., სადარბაზო 3, სართული მე-4, ბინა N89, ფართი 123,81 კვ,მ საკადასტრო კოდი N.......... ყოფილი (მისამართი ..........., ფართი 123,81 კვ,მ საკადასტრო კოდი N..........) ძველი მისამართი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში.
5.6. აღნიშნული ხელშეკრულებით შ.კ–ძე ( დაბ: 21.04.1978 წელს ვანში, მცხ. ვანი, სოფ. ........, პ/ნ .........), როგორც იბა „დ....“-ის თავმჯდომარის გ.გ–ძის ( დაბ.22.09.1959 წ. ვანში, მცხოვრები მცხეთა, .........., პ/ნ ...........) მინდობილი პირი, მინდობილობა №140142633, 19.02.2014, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „ფართის გამყიდველი.“ და ნ.კ–ძე (პ/ნ ........), რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „ფართის მყიდველი.“ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად: „ფართის გამყიდველი“ №110534800, 27/05/2011 წ. ხელშეკრულებით არსებული დავალიანების გაქვითვის სანაცვლოდ, „ფართის მყიდველს“ გადასცემს უფლებას, ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის მშენებარე კორპუსში (მდებარე: ქ. თბილისი, .........), III სადარბაზოს IV სართულზე, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ბინა №89-ზე, 123, 81 კვ.მ ფართით. ამავე ხელშეკრულების ს 3.1. პუნტის თანახმად: „ფართის გამყიდველი“ ვალდებულია ექვსი თვის ვადაში „ფართის მყიდველს“ დაუბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და გამოისყიდოს ფართი. 4.1. პუნქტის თანახმად, გარიგება მხარეების მიერ შეფასებულია 45000 ( ორმოცდახუთიათასი) ა.შ.შ დოლარად, ექვივალენტით ეროვნულვალუტაში. 4.2 პუნქტი: 45000 (ორმოცდახუთიათასი) ა.შ.შ. დოლარი „ფართის მყიდველმა“ ნ.კ–ძემ „ფართის გამყიდველს“ გადასცა №110534800, 27/05/2011 ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად: „ფართის მყიდველი“ ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, არ მოახდინოს ფართის რეალიზაცია ( გაყიდვა) ან სხვა პირზე გაფორმება მეორე მხარის ( იბა „დ....“) წერილობითი თანხმობის გარეშე გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში. 5.3 პუნქტის თანახმად, „ფართის გამყიდველს“ უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა „ფართის მყიდველს“ გადაუხადოს 3.2. და 3.3. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და დაიბრუნოს ფართი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში თანხის გადახდა, ნასყიდობის საგანი რჩება „ფართის მყიდველის“ საკუთრებაში, რომლისთვისაც საჭიროა საჯარო რეესტრს წარედგინოს დამატებითი წერილობითი დოკუმენტი, რომ გაუქმდეს ვალდებულება გამოსყიდვის შესახებ და მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მყიდველი.
5.7. საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( 03/07/2015), სადაც მითითებულია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.კ–ძე, პ/ნ ........, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით №140673122, დამოწმების თარიღი: 30/06/2014, ნოტარიუსი მ.ბ–ძე.
5.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2023 წლის 06 მარტს სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და მიუთითეს, რომ ნ.კ–ძესთან 2014 წლის 25 ივნისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, წინ უსწრებდა 2010 წლის 14 დეკემბერს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წილის უფლების დათმობის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც, ნ.კ–ძემ წილის უფლება შეიძინა 134 კვ.მ. ფართზე და შესაბამისად, ი.ბ.ა „დ....“- ის ამხანაგობის წევრი გახდა. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს აღდგეს სასესხო ურთიერთობა 45 000 აშშ დოლარზე, 6 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვის პირობით, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ 2014 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე დარღვეული იქნა მოსარჩელის მიერ, რის გამოც, ნ.კ–ძემ, როგორც ამხანაგობის წევრმა, 2010 წლიდან უფლება მიიღო საბაზრო ფასზე დაბალ ფასად შეეძინა უძრავი ქონება, იმ დროს არსებული ღირებულების პროპორციულად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. მოსარჩელე ითხოვს მიზერულ თანხად დაიბრუნოს სადავო ქონება, მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, რათა შემდეგ განმეორებით გაასხვისოს ნივთი არსებულ საბაზრო ფასში. (იხ. შესაგებელი).
5.9. აპელანტის მითითებით, რადგანაც გარიგება დაიდო სანოტარო წესით, ეს არ ნიშნავს, რომ ის დადებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმება დაუშვებელია. სასამართლომ სწორედ გარიგების დადების ყველა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გამოიკვლიოს, ასევე გამოიკვლიოს გარიგების დადების დროს იყო, თუ არა მხარეთა ნება აღნიშნული გარიგების დადების დროს და სწორედ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს გარიგების კანონიერების საკითხი.
5.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში განთავსებულ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 30 მარტის გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელზეც მხარეთა ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით.
5.11. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულების ( 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება, პ.1.1) საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას, შ.კ–ძე ( „ფართის გამყიდველი“) მოქმედებდა მარწმუნებლის - გ.გ–ძის, (როგორც იბა „დ....“-ის თავმჯდომარის) მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ( იხ.ს.ფ.24).
5.12. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 25 მაისის სანოტარო აქტზე, სადაც მითითებულია ის პირები, ვის მიმართაც გააჩნია გ.გ–ძეს სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩამონათვალში არ არის მითითებული არც ნ.კ–ძე და არც რ.კ–ძე. ( იხ. ს.ფ. 30).
5.13. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ნ.კ–ძემ და თ.ჯ–მა დადეს წილის უფლების დათმობის ხელშეკრულებას. ეს მოსარჩელესათვის ცნობილი არ ყოფილა და შესაბამისად, აღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულება არსად არაფრის საფუძვლად არ არის მითითებული, ამიტომაც, მოსარჩელესათვის სადავო გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულებაც.
5.14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში განთავსებულ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ წილის უფლების დათმობის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, 2010 წლის 14 დეკემბერს, თ.ჯ–სა და ნ.კ–ძეს შორის დაიდო წილის უფლების დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, თ.ჯ–მა თავისი კუთვნილი წილის უფლება ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის კუთვნილ, ქ. თბილისში, .......... მდებარე კორპუსში დაუთმო - ნ.კ–ძეს. ხელშეკრულების 1.1. ქვეპუნქტის თანახმად, წილის უფლების მიმღებმა მიიღო ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის კუთვნილ, ქ. თბილისში, .......... მდებარე კორპუსში საერთო ფართიდან - 150 კვ.მ.-დან 134 კვ.მ. ფართზე წილის უფლების დამთმობის კუთვნილი წილი, ხოლო, დარჩენილი ფართი - 16 კვ.მ. დარჩა თ.ჯ–ის საკუთრებაში. ხელშეკრულის 2.1. ქვეპუნქტის თანახმად, დასათმობი წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებულია 42 000 აშშ დოლარად, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 74 142,60 ლარს (იხ. სანოტარო აქტი წილის უფლების დათმობის შესახებ, ს.ფ. 199-202). შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში უდავოდ მიჩნეული გარემოების არსებობა.
5.15. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, თითქოსდა მოსარჩელის მიერ იქნა გაცხადებული, რომ ნ.კ–ძე ხელშეკრულებაში მითითებულია როგორც მესამე პირი. აღნიშნული ფრაზა მოსარჩელეს არასდროს განუცხადებია, რადგანაც ნ.კ–ძე გახლავთ ერთ-ერთი გამსესხებელთაგანი და რ.კ–ძემ, როგორც ამ საქმის წამყვანმა და რეჟისორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნასყიდობა მასზედ გაეფორმებინა.
5.16. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ „ნ.კ–ძესა და ი.ბ.ა „დ....“-ს შორის 2014 წლის 30 ივნისის ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება. ნ.კ–ძეს ი.ბ.ა „დ....“-გან არაფერი შეუძენია. გარიგება სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, ხოლო ნ.კ–ძე არის უბრალოდ საქმეში გამოყენებული როგორც მესამე პირი, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ნ.კ–ძესა და ი.ბ.ა „დ....“-ს შორის დადებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და მხარეთა შორის აღდგეს სასესხო ურთიერთობა, 45 000 აშშ დოლარის 6 თვის ვადაში დაბრუნების თაობაზე, ყოველთვიურად 3% სარგებლის დარიცხვის პირობით. ( იხ. ს.ფ. 11). „ ნ.კ–ძეს არასდროს არაფერი შეუძენია იბა „დ....“- საგან. გარიგება გამომდინარეობს სასესხო ურთიერთობიდან და ნ.კ–ძე არის უბრალოდ საქმეში გამოყენებული, როგორც მესამე პირი.“ იხ. სარჩელის დავის საგანი, ს.ფ. 7).
5.17. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა, რომ ნ.კ–ძემ თანხა გადაიხადა N110534800 27/05/2011 ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება რეალურად მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა მოძიებული. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან ხელშეკრულება ხელმოწერით არის დამოწმებული, იგი უნდა ინახებოდეს ან ნ.კ–ძესთან ან რ.კ–ძესთან, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, მითუმეტეს, რომ ის მათი სასარგებლო მტკიცებულებაა, მოპასუხეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. ამასთან, არც სასამართლო არ დაინტერესებულა, ამ ხელშეკრულებით და არც მისი სასამრთლოში წარმოუდგენლობით.
5.18. აპელანტის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს 2014 წლის 30 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით დადებული ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცურად დადებული გარიგების ბათილად ცნობა და არა მყიდველის მიერ თანხის გადახდის სადავოობა. ( თანხის ოდენობა - 45000 ა.შ.შ. დოლარი ( ექვივალენტი ლარი) და მისი მიღება მოსარჩელეს მიერ, სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი, სადავოა, მხოლოდ თანხის მიღების საფუძველი).
5.19. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, „ფართის გამყიდველი“ ვალდებულია ექვსი თვის ვადაში „ფართის მყიდველს“ დაუბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და გამოისყიდოს ფართი. ხელშეკრულების მე- 4.1. პუნქტის თანახმად, გარიგება მხარეების მიერ შეფასებულია 45000 ( ორმოცდახუთიათასი) ა.შ.შ დოლარად, ექვივალენტით ეროვნულვალუტაში; 5.2.-ე პუნქტის მიხედვით, „ფართის მყიდველი“ ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, არ მოახდინოს ფართის რეალიზაცია ( გაყიდვა) ან სხვა პირზე გაფორმება მეორე მხარის ( იბა „დ....“) წერილობითი თანხმობის გარეშე გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში, ხოლო პუნქტი 5.3. -ი თანახმად კი, „ფართის გამყიდველს“ უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა „ფართის მყიდველს“ გადაუხადოს 3.2. და 3.3. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და დაიბრუნოს ფართი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში თანხის გადახდა, ნასყიდობის საგანი რჩება „ფართის მყიდველის“ საკუთრებაში. რომლისთვისაც საჭიროა საჯარო რეესტრს წარედგინოს დამატებითი წერილობითი დოკუმენტი, რომ გაუქმდეს ვალდებულება გამოსყიდვის შესახებ და მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მყიდველი. ( იხ. ს.ფ. 24-26). საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( 03/07/2015), სადაც მითითებულია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.კ–ძე, პ/ნ ..........., ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით №140673122, დამოწმების თარიღი: 30/06/2014, ნოტარიუსი მ.ბ–ძე. ( იხ. ს.ფ. 314-315).
5.20. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო 2024 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოებების - როგორც თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
5.21. აპელანტის ( მოსარჩელე) ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, ბათილად იქნას ცნობილი ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის 2022 წლის 21 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი: 123,81 კვ.მ., ს/კ: ........., როგორც მოჩვენებითი გარიგება.
5.22. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა 2014 წლის 30 ივნისის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა, ხოლო საქმის მასალებში კი წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( 03/07/2015), სადაც მითითებულია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.კ–ძე, პ/ნ ........., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით №140673122, დამოწმების თარიღი: 30/06/2014, ნოტარიუსი მ.ბ–ძე. ( იხ. ს.ფ. 314-315), ამიტომაც, ნ.კ–ძეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, შეეძლო რ.კ–ძესთან 2022 წლის 21 თებერვალს დაედო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
5.23. შესაბამისად, რადგან განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა 2014 წლის 30 ივნისის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელეს აღარ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს 2022 წლის 21 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე.
5.24. აპელანტმა ასევე მოითხოვა 2024 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება შ.კ–ძის და ქ.ხ–ის მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე და სასამართლო პროცესზე დაკითხულები იქნენ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეები, რომლებიც დეტალურად აღწერენ და დაადასტურებენ, სადავო გარიგების დადებისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ქრონოლოგიურად.
5.25. აპელანტის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 377.3 მუხლზე, რომლის თანხმად სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
5.26. სააპელაციო პალატამ მიუთითა სარჩელის მტკიცებით შუამდგომლობებზე, სადაც მოსარჩელემ მოითხოვა მოწმის სახით შ.კ–ძის დაკითხვა იმ საფუძვლით, რომ იგი დაადასტურებს სარჩელში აღწერილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რადგანაც სწორედ მის მიერ იქნა დადებული სადავო გარიგება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოწმედ ქ.ხ–ის დაკითხვა იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელეს წარმომადგენელთან ჰქონდა რეგულარული ურთიერთობა და მან შესანიშნავად იცოდა, რომ მოსარჩელესა და ნ.კ–ძეს შორის უნდა გაფორმებულიყო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე და რა დამოკიდებულება ჰქონდა რ.კ–ძესა და ნ.კ–ძეს ერთმანეთთან და სადავო ხელშეკრულებებთან. ( იხ. სარჩელი, ს.ფ. 14).
5.27. სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის მოთხოვნა 2024 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ვინაიდან, მოსარჩელე (აპელანტი) მოწმის სახით შ.კ–ძის დაკითხვას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი დაადასტურებს სარჩელში აღწერილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რადგანაც სწორედ მის მიერ იქნა დადებული სადავო გარიგება. ( იხ.ს.ფ. 7). ასევე ყველა სადავო დეტალთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს სასამართლოს შ.კ–ძე, რომელიც არის სადავო გარიგების მხარე, ანუ წარმომადგენელი და თუ რატომ და რის სანაცვლოდ მოხდა აღნიშნული გარიგების დადება, სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას. ( იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 381-382).
5.28. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 30 მარტის გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელზეც მხარეთა ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით. საქმეზე დადგენლი იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო 2014 წლის 30 ივნისს ხელშეკრულების დადებისას, შ.კ–ძე მოქმედებდა, როგორც გამყიდველის წარმომადგენელი, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, მისი, როგორც მოწმის, დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე. რაც შეხება აპელანტის (მოსარჩელეს) მოთხოვნას ქ.ხ–ის მოწმედ დაკითხვის შესახებ, აღნიშნულიც არ დაკმაყოფილდა შემდეგ ვინაიდან, ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის 2022 წლის 21 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელეს აღარ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს 2022 წლის 21 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის შესახებ. შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობა ქ.ხ–ის მოწმედ დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამიტომაც პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეფასდა, როგორც ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ დადებული ხელშეკრულება და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების სათაურითა და შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
6.3. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის რეალურად არსებობდა სასესხო ურთიერთობა, შესაბამისად გარიგება იყო თვალთმაქცური, რის გამოც ის ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მხარეთა შორის აღდგენილიყო რეალური გარიგება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
6.4. კასატორი ასევე არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის განჩინების გაუქმებაზე უარის თქმას და განმარტავს, რომ სასამართლომ მოწმეთა გამოკითხვის გარეშე წინასწარ შეაფასა, რომ მათი ჩვენებები საჭირო არ იყო დავის გადაწყვეტისთვის.
6.5. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი, ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის 2022 წლის 21 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობაზე. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ვინაიდან პირველი გარიგების დადებისას არ დადგინდა თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი, მეორე გარიგების ბათილად ცნობის ინტერესი აღარ არსებობდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი და რეალურად მხარეთა შორის დადებული იყო თუ არა სესხის ხელშეკრულება, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნების მართლზომიერება.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 56-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება), 56.1 (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვება (მოჩვენებითი გარიგება) მუხლიდან; 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლიდან (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით);
12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
14. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს: N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1126-2023, 20.12.2023წ; N ას-1208-2023, 20.12.2023წ.).
15. სსსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის თანახმად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების საფუძველია, 2014 წლის 30 ივნისის ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათი. ვინაიდან, მხარეთა შორის რეალურად დაიდო სესხის ხელშეკრულება.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 56-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტებულია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით (სუსგ-ები: N ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015 წ; N ას-474-455-2016, 07.07.2016 წ; N ას-1043-2019, 17.10.2019 წ.; №ას-366-2023 25.05.2023წ.). განსხვავებით მოჩვენებითი გარიგებისაგან, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი, თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ №ას-694-665-2016, 31.03.2017 წ).
18. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლის არსებობა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რამდენადაც გარიგების ბათილობის გარემოებების დადასტურება ეკისრება იმ პირს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილობას ( შდრ: სუსგ - ები: №ას1311-2023, 25 იანვარი, 2024 წ; №ას-705-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1090-2021, 18 მაისი, 2022 წ; №ას-3-2020, 16 ივნისი, 2020 წ; №ას-1029-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.).
19. აქვე, საკასაციო სასამართლო, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვა არის გამყიდველის უფლება და არა ვალდებულება. გამოსყიდვის ხელშეკრულებით, გამყიდველი აღჭურვილია უფლებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი. პრაქტიკაში ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხარეთა მიზანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების დადება, ნასყიდობა-გამოსყიდვის სამართლებრივი კონსტრუქციით, რა დროსაც ნასყიდობის ფასს სესხის თანხა წარმოადგენს ხოლო უზრუნველმყოფი ობიექტი ნასყიდობის საგანია. როგორც წესი ე.წ გაყიდული ნივთი რჩება მყიდველის მფლობელობაში, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე (იხ. თამარ შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, თბილისი, 2011 წ, გვ.198.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ; №ას-1090-2021, 18 მაისი, 2022 წ.).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეებს შორის, 2014 წლის 30 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ორივე მხარის ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით. აღნიშნულ ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეები, არიან შ.კ–ძე, როგორც იბა „დ....“-ის თავმჯდომარის გ.გ–ძის მინდობილი პირი (რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „ფართის გამყიდველი.“) და ნ.კ–ძე (რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „ფართის მყიდველი.“). ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „ფართის გამყიდველი“ №110534800, 27/05/2011 წ. ხელშეკრულებით არსებული დავალიანების გაქვითვის სანაცვლოდ, „ფართის მყიდველს“ გადასცემს უფლებას, ინდმენაშენეთა ამხანაგობა „დ....“-ის მშენებარე კორპუსში (მდებარე: ქ. თბილისი, ..........), III სადარბაზოს IV სართულზე, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ბინა №89-ზე, 123, 81 კვ.მ ფართით.) 3.1. პუნქტის თანახმად, „ფართის გამყიდველი“ ვალდებულია ექვსი თვის ვადაში „ფართის მყიდველს“ დაუბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და გამოისყიდოს ფართი. 4.1. პუნქტის მიხედვით, გარიგება მხარეების მიერ შეფასებულია 45000 (ორმოცდახუთიათასი) ა.შ.შ დოლარად, ექვივალენტით ეროვნულვალუტაში. 4.2 პუნქტით: 45000 (ორმოცდახუთიათასი) ა.შ.შ. დოლარი „ფართის მყიდველმა“ ნ.კ–ძემ „ფართის გამყიდველს“ გადასცა №110534800, 27/05/2011 ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, „ფართის მყიდველი“ ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, არ მოახდინოს ფართის რეალიზაცია ( გაყიდვა) ან სხვა პირზე გაფორმება მეორე მხარის ( იბა „დ....“) წერილობითი თანხმობის გარეშე გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში. პუნქტი 5.3. ითვალისწინებს, რომ „ფართის გამყიდველს“ უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა „ფართის მყიდველს“ გადაუხადოს 3.2. და 3.3. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და დაიბრუნოს ფართი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში თანხის გადახდა, ნასყიდობის საგანი რჩება „ფართის მყიდველის“ საკუთრებაში, რომლისთვისაც საჭიროა საჯარო რეესტრს წარედგინოს დამატებითი წერილობითი დოკუმენტი, რომ გაუქმდეს ვალდებულება გამოსყიდვის შესახებ და მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მყიდველი. საქმეში ასევე წარმოდგენილია, 2015 წლის 3 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც მითითებულია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეა ნ.კ–ძე, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით N140673122. რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსი მ. ბ–ძის მიერ 2014 წლის 30 ივნისს.
22. კასატორის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების დადება რეალურად მიზნად არ ისახავდა იმ იურიდიული შედეგების დადგომას, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებას მოჰყვება, არამედ მისი დადების განზრახულობა უკავშირდებოდა მხარეთა შორის სასესხო სამართალურთიერთობის დაფარვას, სწორედ ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული უძრავი ქონება.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. ნებისმიერი გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ; №ას-1090-2021, 18.05.2022 წ.).
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსხვავებით მოჩვენებითი გარიგებისაგან, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი, თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედიწესები(იხ. სუსგ №ას-694-665-2016,31.03.2017წ).
25. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მოწმეთა ჩვენებებზე და წერილობით მტკიცებულებებზე, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.(შდრ: სუსგ. N ას-978-2021,08.02.2022წ.).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
27. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
28. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ მოპასუხისაგან სესხი აიღეს. მას უნდა წარედგინა მტკიცებულებები და დაემტკიცებინა, რომ ისესხა თანხა. ამ გარემოების დამტკიცება შესაძლებელი იყო ისეთი წერილობითი მტკიცებულებებით, როგორიცაა ხელშეკრულება, ხელწერილი, სარგებელის გადახდის საბუთი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი, ასევე, სხვა მტკიცებულებით, რომელიც სესხის მიღების ნათლად და უტყუარად ამსახველი იქნებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქმეში წარმოდგენილ 2011 წლის 25 მაისის სანოტარო აქტზე, სადაც მითითებულია პირები, ვის მიმართაც გ.გ–ძეს გააჩნდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულ დოკუმენტში ნ.კ–ძე და რ.კ–ძე არ არიან მითითებულები. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, რომ კასატორმა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით, ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობის არსებობა.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო პალატა დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოებების - როგორც თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა (შდრ: სუსგ-ები: №ას-1333-2022, 23 მარტი, 2023 წ.).
30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული თვალთმაქცური გარიგების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
31. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული სადავო ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ დადებული ხელშეკრულება. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის სამართლებრივი შეფასება განსხვავებულია და აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 105-ე პუნქტზე, სადაც სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, ვინაიდან არ დადგინდა 2014 წლის 30 ივნისის შეთანხმების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობები, ამიტომაც სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით იმსჯელოს სსკ-ის 428-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
32. კასატორის მორიგი პრეტენზია მიმართულია 2022 წლის 21 თებერვალს, ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............., სადარბაზო N3, სართული N4, ბინა N89, ფართი: 123,81 კვ.მ., ს/კ: ..........), რომელიც მისი შეფასებით წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.)
34. კასატორის ზემოთაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა მიუთითებს სასამართლოს სამართლებრივ დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ასეთ პირობებში, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( 03/07/2015), სადაც მითითებულია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.კ–ძე, პ/ნ .........., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით №140673122, დამოწმების თარიღი: 30/06/2014, ნოტარიუსი მ.ბ–ძე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ნ.კ–ძეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, შეეძლო რ.კ–ძესთან 2022 წლის 21 თებერვალს დაედო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, კერძოდ, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, აგრეთვე სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“. (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).
36. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის 43 განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუციით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).
37. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი - ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაასევე მოიცავს მატერიალური ინტერესის არსებობას, როგორც საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1983 წელს საქმეში: Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1983); იხ.აგრეთვე: შპს „J.A.Pye (Oxford) და შპს “J.A. Pye ( Oxford) Land” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადის N. 44302/02, §61, 30 აგვისტო, 2007). „მესაკუთრესა და ნივთს შორის არსებული ურთიერთობა ვერ განხორციელდება, თუ არ არსებობს ამ ურთიერთობისადმი ყველას პატივისცემა. საკუთრების სანივთო უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის დონეზე. პატივისცემას ექვემდებარება საკუთრების როგორც სუბსტანცია, ისე მისი შინაარსი“ (იხ. ბ.ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თბილისი, 2013, გვ.224).
38. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ასეთი სამართლებრივი მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის, 2021 წლის 21 თებერვალს დადებული, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობებზე.
39. საკასაციო სასამართლო, უპასუხებს ასევე კასატორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება შ.კ–ძის და ქ.ხ–ის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ზემოხსენებული პირების მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებივ მსჯელობას, საოქმო განჩინების კანონიერებასა და მართებულობის შესახებ. პალატა მოიხმობს სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის შესაბამისად, მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია არ გამოიძახოს მოწმე, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეებს, არა აქვთ მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისთვის.
40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის 2014 წლის 30 მარტის გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მხარეა, შ.კ–ძე, როგორც იბა „დ....“-ის თავმჯდომარის გ.გ–ძის მინდობილი პირი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „ფართის გამყიდველი.“ საქმეზე დადგენილი იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო 2014 წლის 30 ივნისს ხელშეკრულების დადებისას, შ.კ–ძე მოქმედებდა, როგორც გამყიდველის წარმომადგენელი, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, მისი, როგორც მოწმის, დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე.
41. საკასაციო სასამართლო, ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ.კ–ძესა და რ.კ–ძეს შორის 2022 წლის 21 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2022 წლის 21 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის შესახებ, ქ.ხ–ის მოწმედ დაკითხვის საფუძველიც არ არსებობს.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03).
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ.ა „დ....“-ის თავმჯდომარე გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი.ბ.ა „დ....“-ის თავმჯდომარე გ.გ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ.გ–ის (პ/ნ ..........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 1 ივლისს, საგადახდო მოთხოვნა N28083229627 გადახდილი 6126,08 ლარის 70 % - 4 288,25 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი