არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 31.07.2026
საქმის ნომერი
ას-414-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-414-2025 31 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე,მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ლ.ჩ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ჩ–ვის სარჩელი ქ.თბილისში, ........., იბა „ჭ–ძე ...“-ის სახელზე აღრიცხული ფართის (საკადასტრო კოდი: №........) მესაკუთრედ ცნობისა და აღნიშნული ფართის თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ–ძე ...-ის (......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავო ქონების მდებარე, ქალაქ თბილისში, ........., საკადასტრო კოდი: №........... რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება #A15025933).

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ვმა.

3. 2024 წლის 24 იანვარს, მოწინააღმდეგე მხარე ზ.ჭ–ძის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობით, რომელშიც მოსალოდნელი და დამდგარი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით ზ.ჭ–ძის წარმომადგენლის - ი.კ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ - დაკმაყოფილდა. აპელანტ ლ.ჩ–ვს (პ/ნ .........) დაევალა განჩინების ჩაბარებიდან - 30 დღის ვადაში განეხორციელებინა მოიწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ძის (პ/ნ ........) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (ს/ნ .........) სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: სს ''თ. ბ–ი'' ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის GE07TB7563236020100006 GEL) _ 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ოდენობით განთავსება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში მას სასამართლოში უნდა წარმოადგინა იმავე პუნქტში მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ–ძე ...-ის (..........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე, ქალაქ თბილისში, ი. ჭ–ძის ......-ში, საკადასტრო კოდი: №........., რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება #A15025933).

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ვის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გამოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების მართლზომიერება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

13. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდაცვის მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლო საკუთარი ინიციატივით აამოქმედებს აღნიშნულ მექანიზმს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხისათვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-958-923-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

17. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–ვის სარჩელი ქ.თბილისში, ........, იბა „ჭ–ძე ...“-ს სახელზე აღრიცხული ფართის (საკადასტრო კოდი: №..........) მესაკუთრედ ცნობისა და აღნიშნული ფართის თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ–ე ...-ის (..........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების მდებარე, ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი: №.........., რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება #A15025933). ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ვმა. 2024 წლის 24 იანვარს, მოწინააღმდეგე მხარე ზ.ჭ–ძის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც იგი მოსალოდნელი და დამდგარი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით ზ.ჭ–ძის წარმომადგენლის - ი.კ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ - დაკმაყოფილდა. აპელანტ ლ.ჩ–ვს (პ/ნ ......) დაევალა განჩინების ჩაბარებიდან - 30 დღის ვადაში განეხორციელებინა მოიწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ძის (პ/ნ ..........) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (ს/ნ .........2) სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: სს ''თიბისი ბანკი'' ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის GE07TB7563236020100006 GEL) _ 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ოდენობით განთავსება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში მას სასამართლოში უნდა წარმოადგინა იმავე პუნქტში მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება ლ.ჩ–ვის წარმომადგენელს ც.ც–ს ჩაბარდა 2024 წლის 02 ივლისს. ლ.ჩ–ვის მიერ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი განჩინებით დადგენილ ვადაში ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ–ძე ...-ის (.......) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების მდებარე, ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი: №............., რეალიზაცია (სააღსრულებო წარმოება #A15025933).

18. გარდა ამისა, განსახილველი საჩივრის დაუსაბუთებლობას მოწმობს, მასში მოხმობილი არგუმენტი მასზედ, რომ განცხადება არ შეიცავდა დასაბუთებას, დავის დამთავრებამდე რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებულიყო მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. ფართი, რომელსაც ედო ყადაღა მოპასუხის წინაშე მესამე პირის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრება, მას არც ჰქონდა (შესაბამისად, არ ერთმევა) ამ ფართის ფლობის უფლება. ეს ფართი მესამე პირის - ამხანაგობის საკუთრება იყო და მოსარჩელე ითხოვდა მის საკუთრებაში გადაცემას. ის, არგუმენტი რომ, თუ არა ყადაღა, იგი ფართს ამ ფართს აუქციონზე შეიძენდა და გააქირავებდა, დამაჯერობლობას მოკლებულია, რადგან აუქციონში მონაწილების უფლება სხვებსაც აქვთ (მათ შორის მოსარჩელეს) და არ არსებობს იმის გარანტია, რომ აუქციონზე ამ ნივთს აუცილებლად მოპასუხე ზ.ჭ–ძე შეიძენდა.

19. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან (იხ: ტ.1.ს.ფ.94), რომლითაც დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი: №................. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ჭ–ძე ....-ის (............) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების რეალური ფართი, შეადგენდა 126.98 კვ.მ. ხოლო მოსარჩელე ლ.ჩ–ვის მიერ მითითებული ფართი იყო 221.77 კვ/მ. აგრეთვე, საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივნისს აღსრულების ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა წარმოება ქალაქ თბილისში, ......., საკადასტრო კოდი: №..........-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს გაცემული N9232-06 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი იყო ზ.ჭ–ძე. რაც ცალსახად მოწმობს საჩივრის ავტორის არგუმენტების უსაფუძვლობას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პალატამ ამ მიმართებით, სწორად გაიზიარა ზ.ჭ–ძის განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც მართებულად გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ჩ–ვის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი