დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 17.09.2026
საქმის ნომერი
ას-1106-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1106-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ას“, შპს „ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 56 394 ლარის გადახდა; სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს და კანცელარიას ჩაბარდა 2026 წლის 23 ივნისს (იხ.საფოსტო ბილი ტ.2, ს.ფ.167).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 21-დღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 24 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2026 წლის 14 ივლისს - სამშაბათს. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2026 წლის 23 ივლისს (იხ.საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახიოლველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 2819.70 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ას“ ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2026 წლის 14 ივლისის #14930 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 2819.70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი