დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
04 სექტემბერი, 2026 წელი,საქმე №ა-6213-შ-141-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „ს.ს.ფ.მ.მ.ჰ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი..“
განხილვის საგანი - რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე № M-120/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს (საქმე № M-120/2024) 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1.1. შპს „ს.ს.ფ.მ.მ.ჰ–ის“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
1.2. დადგინდა, რომ შპს „ი..–ს“ (მის: 01112, საქართველო, ქ.თბილისი, ........, ს/ნ ........., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან საზოგადოება) მოსარჩელის (127473, რუსეთის ფედერაცია, ქ.მოსკოვი, ........, ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი (ძსსნ): 1........) სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 1 იანვრის N IB 0120/12/20/EXP ხელშეკრულებით არსებული დავალიანების 35 039.10 (ოცდათხუთმეტი ათას ოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის, ასევე, 7 130.00 (შვიდი ათას ას ოცდაათი აშშ დოლარი) აშშ დოლარის ოდენობით სარეგისტრაციო და საარბიტრაჟო მოსაკრებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯის გადახდა.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა. გარდა ამისა, მოგვიანებით წარმოდგენილი განცხადებით შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა, რომ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
4. შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიცია წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც წინამდებარე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
5. 2026 წლის 23 ივლის სასამართლოს განცხადებით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც განცხადებაზე თანდართული მორიგების აქტის დამტკიცებაზე იშუამდგომლა. ხსენებულ მორიგების აქტს ხელს ორივე მხარე აწერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის მიხედვით, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისთვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ვინაიდან უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის საკითხის პროცესუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ანალოგიის წესის გამოყენებით შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) ნორმების დაცვით უნდა იქნეს განხილული.
9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ-ის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ: №ას-1406-2020, 22.03.2022; №ას-993-2021, 20.04.2022; №ას-715-2021, 27.12.2021; №ა-3952-შ-102-2024, 14.05.2024; №ა-194-შ-9-2025, 16.09.2025).
11. ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. სსსკ-ის 218.1 მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად ხელი უნდა შეუწყოს და კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღოს, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
12. წარმოდგენილ განცხადებაში შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ მხარეები მორიგდნენ, მორიგების აქტზე ხელმოწერა სანოტარო წესითაა დამოწმებული. საარბოტრაჟო მოსარჩელის მხრიდან აქტს ხელს აწერს წარმომადგენელი ი.ხ–ი, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხის სახელით - წარმომადგენელი გ.ჟ–ი, რომელთა უფლებამოსილება საქმეში არსებული მინდობილობებით არის დადასტურებული.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები კანონს არ ეწინააღმდეგება და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
14. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
15. სსსკ-ის 49.2 მუხლის ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
16. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, ვინაიდან მორიგების აქტი საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ არის წარმოდგენილი, მას მითითებული თანხის ნახევარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. მორიგების დამტკიცების თაობაზე შპს „ს.ს.ფ.მ.მ.ჰ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ერთი მხრივ, შპს სამეცნიერო საწარმო ფირმა „მ.მ.ჰ–ი“ (ს/ნ .......), წარმომადგენელ ი.ხ–ის (პ/ნ ..........) სახით და მეორე მხრივ შპს „ი....“ (ს/ნ .........), წარმომადგენელ გ.ჟ–ის (პ/ნ .........) სახით, მოვრიგდით მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე (შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა-აღსრულების შესახებ), რომელსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (შემადგენლობა: მომხსენებელი მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე, მოსამართლეები - ბადრი შონია და ლევან მიქაბერიძე, საქმე ა-6213-შ-141-2025), შემდეგ პირობებზე:
1. მოწინააღმდეგე - შპს „ი...“ აღიარებს და თანახმაა, რომ შპს სამეცნიერო საწარმო ფირმა „მ.მ.ჰ–ს“ გადაუხადოს 2024 წლის 9 დეკემბერს არბიტრაჟის „THE INTERNATIONAL COMMERCIAL ARBITRATION COURT AT THE CHAMBER OF COMMERCE AND INDUSTRY OF THE RUSSIAN FEDERATION“ გადაწყვეტილება საქმე № M-120/2024-ით შპს „ი...-ზე“ დაკისრებული თანხა 42 169.10 (ორმოცდაორი ათას ასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და ათი ცენტი) აშშ დოლარი, ასევე, შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯი - 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ჯამურად 45 169.10 (ორმოცდახუთი ათას ას სამოცდაცხრა აშშ დოლარი და ათი ცენტი) აშშ დოლარი, შემდეგი გრაფიკის თანახმად:
1.1. 2026 წლის 30 სექტემბრამდე - 13 550.73 (ცამეტი ათას ხუთას ორმოცდაათი აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი, რაც შეადგენს აღიარებული და გადასახდელი საერთო თანხის 30%-ს;
1.2. დარჩენილი თანხა - 31 618.37 (ოცდათერთმეტი ათას ექვსასთვრამეტი აშშ დოლარი და ოცდაჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარი - გადაიხდება მომდევნო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, თანაბარ ნაწილებად, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1.2.1. 2026 წლის 30 ოქტომბრამდე - 5 269.73 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2.2. 2026 წლის 30 ნოემბრამდე - 5 269.73 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2.3. 2026 წლის 30 დეკემბრამდე - 5 269.73 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2.4. 2027 წლის 30 იანვრამდე - 5 269.73 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2.5. 2027 წლის 28 თებერვლამდე - 5 269.73 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2.6. 2027 წლის 30 მარტამდე - 5 269.72 (ხუთი ათას ორასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდათორმეტი ცენტი) აშშ დოლარი.
2. ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გადარიცხვის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხა, 45 169.10 (ორმოცდახუთი ათას ასსამოცდაცხრა აშშ დოლარი და ათი ცენტი) ჩაირიცხება შპს სამეცნიერო საწარმო ფირმა „მ.მ.ჰ–ის“ (ს/ნ 102...) RAIFFEISENBANK-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
Beneficiary: (OOO) NAUCHNOPROIZVODSTVENNAYA FIRMA MARERIA MEDICA HOLDING
Address: PER. 3-I SAMOTECHNYI, 9 127473, MOSCOW, RF
PSRN: 1027739154893
TIN/FOIC: 7709272649;
Account: 40702840300000013148
Bank Name: AO RAIFFEISENBANK
SWIFT: RZBMRUMMXXX
Bank Adress (Head office): Russian Federation, 119002, Moscow, Smolenskaya-Sennaya sq., 28.
3. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ი...“ (ს/ნ .....) დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გადახდის გრაფიკს, მათ შორის, არ გადაიხდის რომელიმე გადასახდელ თანხას დადგენილ ვადაში, შპს სამეცნიერო საწარმო ფირმა „მ.მ.ჰ–ი“ (ს/ნ .......) უფლებამოსილია სასამართლოში წარადგინოს წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში გათვალისწინებული საბანკო ამონაწერი (ბანკი RAIFFEISENBANK, ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი: PSRN: 1027739154893; TIN/FOIC: 7709272649; Account: 40702840300000013148; SWIFT: RZBMRUMMXXX), რომლითაც დადასტურდება მორიგების პირობების დარღვევა და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თუ შპს „ი...“ (ს/ნ .........) არ ექნება განხორციელებული არცერთი გადახდა, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მთლიან თანხაზე, ხოლო, თუ შპს „ი...ს“ (ს/ნ ..........) ნაწილობრივ ექნება შესრულებული წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ფაქტობრივად დარჩენილ, გადაუხდელ თანხაზე, განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით.
4. მხარეები აქვე აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, საქმეზე №ა-6213-შ-141-2025, მორიგების გამო შეწყვეტის შესახებ ეთანხმებიან და არ ასაჩივრებენ.
5. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია 3 (სამ) ეგზემპლარად, საიდანაც ერთი გადაეცემა შუამდგომლობის ავტორს, ერთი - მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო, ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს მორიგების აქტის დასამტკიცებლად.
II. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ს.ს.ფ.მ.მ.ჰ–ის“ შუამდგომლობის გამო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე № M-120/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მხარეთა მორიგების გამო;
III. შპს „ს.ს.ფ.მ.მ.ჰ–ს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.კ–ას მიერ 2025 წლის 7 ნოემბერს #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) - 75 ლარი.
IV. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია