დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.09.2026
საქმის ნომერი
ა-4245-ა-21-2026
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
08.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4245-ა-21-2026 8 სექტემბერი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–მა (შემდგომ - განმცხადებელი), ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმება, რომლითაც, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება.

2. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1-ელი ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ლ–ის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 4 თებერვალს მხარეებს შორის ქ. თბილისში, ........... მდებარე №79 ბინის (ს/კ ..........) 1/2 ნაწილზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 421-427-ე მუხლებით.

5. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

6. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის კონკრეტულ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გადაწყვეტილების გასაჩივრება.

7. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

8. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომელმაც გადასასინჯი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა. ამასთან, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო აღნიშნულ განცხადებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას (განჩინებას) შეეხება.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 424-ე მუხლის მიზნებისთვის ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საქმის არსებითად დასრულება, საქმის პროცესუალური საფუძვლით დასრულება და ზემდგომი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა. საქმის არსებითად დასრულების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით წყდება დავა და საბოლოოდ დგინდება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, რაც უშუალოდ განსაზღვრავს დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს. ამგვარ შემთხვევაში საქმე სრულდება შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, რომლის შედეგადაც სასამართლო დავის საგანზე მსჯელობს და მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების საბოლოო შინაარსს ადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-278-2026, 31.03.2026წ.).

10. ამისგან განსხვავებით, პროცესუალური საფუძვლით საქმის დასრულებისას დავა შინაარსობრივად არ წყდება და სასამართლო დავის საგანთან დაკავშირებით მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი საპროცესო საფუძვლის არსებობა გამორიცხავს დავის საგანზე მსჯელობას და საქმის წარმოება სრულდება მხოლოდ საპროცესო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე, მათ შორის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის ან საჩივრის განუხილველად დატოვებისა და სხვა შემთხვევებში (იხ. სუსგ საქმე №ას-278-2026, 31.03.2026წ.).

11. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება როგორც საქმის არსებითად გადაწყვეტის, ისე იმ პროცესუალური საფუძვლით საქმის დასრულებისაგან, როდესაც სასამართლო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო გამორიცხავს დავის საგანზე მსჯელობას. ამ განსხვავების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ამოწმებს, არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული საფუძველი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნორმით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობას, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. შესაბამისად, ასეთი საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს დაუშვებლად ცნობს და განუხილველად ტოვებს. ამ დროს საკასაციო სასამართლო წყვეტს მხოლოდ მის წინაშე წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს და არ ახორციელებს საქმის შინაარსობრივ განხილვას. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიმართ საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა საკითხი გადაწყდა აღნიშნული საპროცესო აქტით და უკავშირდება თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება და მტკიცებულება ამ საკითხს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც დავა არსებითად წყდება, ისე სასამართლოს იმ აქტის მიმართ, რომლითაც საქმე პროცესუალურად საბოლოოდ სრულდება (მაგალითად, სარჩელის ან საჩივრის განუხილველად დატოვების, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება ან დაუსწრებელი გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ №ას-730-2020, 12.10.2020წ.; №ა-2175-ა-11-2023, 05.05.2023წ.; №ა-252-ა-7-2025, 09.12.2025წ.; №ას-278-2026, 31.03.2026წ.). შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განმხილველი სასამართლოს განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელი სასამართლოს აქტით გადაწყდა დავა ან რომელი სასამართლოს მიერ იქნა საქმის წარმოება დასრულებული ისეთი პროცესუალური საფუძვლით, რომელიც საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იძლევა.

13. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებლის მითითებით, სახლის დალაგებისას მან აღმოაჩინა ხელნაწერები, რომლებიც, მისი მოსაზრებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას ადასტურებს და რომელთა არსებობის შესახებაც მისთვის ცნობილი არ ყოფილა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე. აღნიშნული მტკიცებულებების საქმის განხილვის დროს სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებლის განმარტებით, შესაძლებელი იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა.

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ სამოქალაქო საქმეზე დავა არსებითად გადაწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1-ელი ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც რ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სწორედ მათი შეფასების საფუძველზე გადაწყვიტა დავა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით კი საკასაციო სასამართლოს საქმის შინაარსობრივი განხილვა არ განუხორციელებია და მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტა, რის შედეგადაც იგი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა. ამდენად, განმცხადებლის მიერ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული მტკიცებულებები შინაარსობრივად უკავშირდება იმ საკითხს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა განხილული და გადაწყვეტილი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, და არა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებას. მართალია, აღნიშნული განჩინების მიღებით, სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე წარმოება დასრულებულად მიიჩნევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი არ უკავშირდება საკასაციო სასამართლოს მიერ ამ განჩინებით გადაწყვეტილი საკითხის შინაარსს. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული განჩინების საბოლოო ხასიათი ვერ განაპირობებს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვას.

16. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, ხოლო განცხადების დასაშვებობის რომელიმე პირობის არარსებობის შემთხვევაში, იგი განუხილველად უნდა დატოვოს. მოცემულ შემთხვევაში, განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული 2024 წლის 26 ივლისის განჩინების მიმართ საქმის წარმოების განახლების წინაპირობა არ არსებობს და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს აღნიშნული განცხადება. ამის გამო, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს განცხადების დასაშვებობის სხვა წინაპირობებსა და მის საფუძვლიანობაზე, რის გამოც განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 424-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე