დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1519-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1519-2025

1 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ხ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ჟ.ჟ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ა–ის სარჩელი - თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით ხ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის გაჩინებით კასატორის მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხ.ა–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 2 577,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელის თანამშრომელს ჩაბარდა 2026 წლის 13 იანვარს.

2026 წლის 20 იანვარს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მიუთითა, რომ ხ.ა–ს არ გააჩნია შემოსავალი, საკუთარი საცხოვრებელი სახლი და იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულზე დაყრდნობით კასატორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. მძიმე ფინანასური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სს „ს.ბ–დან“ და სს „თ.ბ–ან“, რომლის თანახმადაც კასატორს 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, ასევე 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, შემოსავალი არ უფიქსირდება. წარმოდგენილი იქნა ასევე ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად ხ.ა–ს 2023 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება და კასატორს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა, სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ხ.ა–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 577,5 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 16 თებერვალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინებით ხ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2026 წლის 8 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა Nა-1751-26 შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით ხ.ა–ის წარმომადგენლის ლ.ს–ის Nა-1751-26 შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.

2026 წლის 21 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ.ა–ის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ხარვეზიანია და განმცხადებელს უნდა განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. წარმოდგენილ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის, რაც ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოადგინოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქვითრის დედანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284–ე, 285–ე, 401–ე , 425-ე, 427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.ა–ს დაევლოს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქვითრის დედანი. (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი).

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დატოვებულ იქნება განუხილველად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან ნემსაძე