შეწყდა

სამოქალაქო 30.07.2026
საქმის ნომერი
ას-1459-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1459-2025

30 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ.ჭ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ვ–ნა’’, ბ.ქ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, საზოგადოების დირექტორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით კ.ჭ–ის სარჩელი, საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და საზოგადოების დირექტორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2026 წლის 21 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ კასატორი უარს ამბობს სარჩელზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კ.ჭ–ის სარჩელზე, შპს ,,ვ–ნას’’ და ბ.ქ–ის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საპროცესოსამართლებრივი წესით და საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან. თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. წარმოდგენილი განცხადება, სარჩელზე უარის თქმის შესახებ, ხელმოწერილია მოსარჩელის წარმომადგენლის უ.ქ–ას მიერ (იხ. მინდობილობა სარჩელზე უარის თქმის უფლებით, ტ. IV, ს.ფ.116-119). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია მხარის სახელით მომართოს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ჭ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე კ.ჭ–ის სარჩელისა გამო შპს ,,ვ–ნას’’ და ბ.ქ–ის მიმართ, საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის და საზოგადოების დირექტორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

5. კ.ჭ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე უ.ქ–ას (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება 30838547335, გადახდის თარიღი 11.12.2025).

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მიხეილ ჯინჯოლია