დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 16.09.2026
საქმის ნომერი
ას-959-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-959-2026

16 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი'' (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს ,,ს.ბ–ის'' წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თ.ჯ–ძისა და გ.ჯ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე თ.ჯ–ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებით თ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ.ჯ–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 ივლისის განჩინებით თ.ჯ–ძეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 17 ივლისს.

2026 წლის 27 ივლისს (ფოსტაში წარდგენილია 23.07.2026 წელს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 15 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინებით თ.ჯ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ.ჯ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 07 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინებით თ.ჯ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 07 აგვისტოს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 08 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 17 აგვისტოს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ჯ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჯ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია