შეწყდა

სამოქალაქო 08.09.2026
საქმის ნომერი
ას-683-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-683-2025

08 სექტემბერი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გადახდა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიმართ, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ააიპ „ს.ტ.უ. პროფესიულ კავშირს“ მოსარჩელე სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7308.34 ლარის გადახდა. მოპასუხე ააიპ „ს. ტ. უ. პ. კ–ს“ მოსარჩელე სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 520 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება. სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 697.34 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1452.43 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, კერძოდ 2026 წლის 03 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს ზეპირი მოსმენის გარეშე მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ს", ხოლო მეორე მხრივ, სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ს'' შორის, შემდეგი პირობებით:

1.1. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ი" და სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ი'' თანხმდებიან, რომ სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ი'' (ს/კ ......) თანახმაა, რომ ნაცვლად წინამდებარე მორიგების გაფორმებისთვის სადავო თანხისა ააიპ ,,ს.ტ.უ. პ. კ–მა" დამატებით გადაიხადოს ჯამში 3 623.67 ლარი, იმ პირობით, რომ თანხის გადახდა მოხდება შემდეგი გრაფიკის დაცვით.

1.2. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიერ ზემოთ აღნიშნული თანხიდან 3623.67 ლარიდან ნაწილის 2000 ლარის გადახდა უნდა მოხდეს შპს ,,,L & C''-ს (ს/კ ......), შემდეგ საბანკო ანგარიშზე, ანგარიშის ნომერი: GE54TB1100000107467464 თანხის ჩარიცხვის გზით შემდეგი გრაფიკით:

- არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა - 1000 ლარი.

- არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა - 1000 ლარი.

1.3. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიერ დარჩენილი 1623.67 ლარის გადახდა უნდა მოხდეს სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ის'' (ს/კ .........) საბანკო ანგარიშზე, ანგარიშის ნომერი:GE16TB7067136020100011 თანხის ჩარიცხვის გზით შემდეგი გრაფიკით:

- არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა - 800 ლარი

- არაუგვიანეს 2026 წლის 25 დეკემბრისა - 823.67 ლარი.

1.4. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნებისმიერი გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხვევაში ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ს" სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრება და ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიმართ სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ის'' სასარგებლოდ სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს სრული სადავო თანხის 13 750 ლარის დარჩენილ ნაწილზე, კერძოდ 13 750 ლარს გამოაკლდება ამ მორიგების საფუძველზე გადახდილი თანხები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

1.5. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული გრაფიკის და ვალდებულების დაცვის შემთხვევაში SMENR-0822/20 დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ის" დავალიანება სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ის'' მიმართ ჩაითვლება სრულად დაფარულად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია და მოთხოვნები არ ექნებათ.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება (№2/28628-23) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება (№2ბ/5946-24).

3. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-683-2025.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. ააიპ ,,ს.ტ.უ.პ.კ–ს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1110 ლარი (საგადასახადო დავალება №9294, გადახდის თარიღი: 03/06/2025) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე