დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 20.02.2026
საქმის ნომერი
ას-186-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-186-2026

20 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.დ–ვა“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ.დ–ვის“ სარჩელი მ.შ–ის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.შ–ს (პ/ნ:……) სს „თ.დ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 15 674 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.შ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება; სს „თ.დ–ვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.შ–ს სს „თ.დ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.დ–ვამ“, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმებისა და და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სს „თ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება; სს „თ.დ–ვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.შ–ს სს „თ.დ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.შ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.შ–ის საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნას განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება (სუსგ Nას-1121-2023, 22.09.2023).

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, სს „თ.დ–ვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ.შ–ს სს „თ.დ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მხოლოდ სს „თ.დ–ვის“ მიერ, ხოლო მ.შ–ს, 3000 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სს „თ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა, კვალვ მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სს „თ.დ–ვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.შ–ს სს „თ.დ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხე მ.შ–ის მიერ 3 000 ლარის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა, ხოლო სს „თ.დ–ვის“ მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო 12 674 ლარის მოპასუხისათვის დაკირების ნაწილში და ამ ფარგლებში იმსჯელა საკასაციო სასამართლომ და შემდგომ საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად. შესაბამისად, მ.შ–ი არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტობრის განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით, რადგან 3 000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 399-ე და 264.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული) და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი კვლავ განხილვის საგნად ვეღარ იქცევა (იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლი: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპი (სსსკ-ის 409-ე მუხლი: საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო, მიუხედავად გადაწყვეტილების კანონიერებისა, თუკი მას წაგებული მხარე არ ედავება, არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მოგებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა. საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მხარის სასარგებლოდაა გამოტანილი, მის საზიანოდ არ შეიცვლება. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა, ხოლო მოპასუხეს არ გამოუყენებია გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა და მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა სადავოდ არ გაუხდია, საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები დაუშვებელია (იხ.: სუსგ №ას-691-2020, 14 თებერვალი, 2022 წელი), რაც მ.შ–ის წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396.4-ე, 264-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი